დიუსელდორფის ტურნირი: სასურველი კენჭისყრა გერმანიაში

AutoSharing Option
19 თებერვალს გაიმართა დიუსელდორფის "დიდი პრიზის" კენჭისყრა და გაირკვა, რა გზის გავლა მოუწევთ ჩვენს ძიუდოისტებს კვარცხლბეკამდე.

60 კგ
მსოფლიოს მესამე პრიზიორი ამირან პაპინაშვილი პირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი გერმანელ ფილიპ გრაფსა და ლუქსემბურგელ ტომ შმიტს შორის გამარჯვებულს შეხვდება. მერვედფინალში ერთ-ერთი სავარაუდო მეტოქე ებრაელი არტიომ არშანსკია.

ლაშა გიუნაშვილი ტურნირში პირველივე წრიდან ჩაებმება სომეხ ჰოვანეს დავთიანთან შეხვედრით.

66 კგ
რომის ტურნირის ფინალისტი თორნიკე თათარაშვილი თავდაპირველად სომეხ დავით გაზარიანს ხვდება, საქართველოს ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი - გერმანელ რენე შნაიდერს.

თათარაშვილთან ჯგუფში მოხვდა რომაულ ფინალში
მისი მძლეველი ებრაელი ტალ ფლიკერი.

73 კგ
ამ წონაში ქართული დუეტი პირველივე წრეში იჭიდავებს. ევროპისა და ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილს წილისყრამ გერმანელი კრისფტოფერ ვიოლეკი არგუნა, ევროპის ვიცე-ჩემპიონ ნუგზარ ტატალაშვილს - კუბელი მაგდიელ ესტრადა.

შავდათუაშვილთან ჯგუფში იაპონელი მსოფლიოს ჩემპიონი შოჰეი ონო და ბელგიელი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის მესამეპრიზიორი დირკ ვან ტიხელტი მოხვდნენ, ტატალაშვილის ქვეჯგუფში კი აღსანიშნავია არაბული საემიროების მოლდოველი მსოფლიოს პრიზიორი ვიქტორ სკვორტოვი.

81 კგ
ამ წონისა და ჩვენი ნაკრების უდავო ლიდერი, ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი პირველ წრეში ისვენებს, მისი მეტოქე კი იტალიელი ანტონიო ჩანოსა და ესტონელ კრისტიან ტონისტეს დაპირისპირებაში გამოვლინდება.

ქვეჯგუფის სხვა მეტოქეებიდან სიძლიერით გამოვარჩევთ ბერძენთა ქართველ რომან მასტოპულოსსა და მონღოლ უუგანბაატარ ოტგონბაატარს, თუმცა ტიტულებით ყურადღებას ბრაზილიელი ორგზის ოლიმპიური ბრინჯაოსმედალოსანი და მსოფლიოს ფინალისტი ლეანდრო გილეიროც იქცევს, თუმცა ის უკვე 31 წლისაა და თან ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ, სადაც მეშვიდეზე გავიდა, არ უჭიდავია.

ნახევარფინალში ჭრიკიშვილის სავარაუდო მეტოქეებად სხვებზე მეტად ეს სამეული მიგვაჩნია: ფრანგი მსოფლიოს პრიზიორი ალაინ შმიტი, იაპონელი კეიტა ნაგაშიმა და ქვედა წონიდან წლეულს ამონაცვლებული სამხრეთკორეელი მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიური ჩემპიონი კი-ჩუნ ვანგი, თუმცა ჩამოსაწერნი არც ამერიკელი ტრევის სტევენსი და გერმანელი ევროპის მესამეპრიზიორი სვენ მარეშია. ოღონდ ისინი ნამდვილად არ არიან ქართველის სადარი მეტოქეები, თავად ჭრიკიშვილი თუ ფორმაშია.

ჭრიკიშვილისგან განსხვავებით, უშანგი მარგიანი პირველივე წრეში იჭიდავებს - რუს სტანისლავ სემენოვთან.

90 კგ
პირველ წრეში ჩვენი ნაკრების და ამ წონის ფავორიტი ვალერი ლიპარტელიანიც ისვენებს, მისი მეტოქე კი მოლდოველი ვალერიუ ჩისკასა და ამერიკელი ტომას კაპრას პაექრობაში გამოვლინდება. ამ ჯგუფში მოხვდნენ იაპონელი აზიის ჩემპიონი იუია იოშიდა, ვისთანაც ლიპარტელიანს უარყოფითი ბალანსი აქვს, და შვედი ევროპის ჩემპიონი მარკუს ნიმანი, ვისთანაც 2010 წელს ევროპის პირველობის ფინალი წააგო.

პირველ წრეში ისვენებს ბექა ღვინიაშვილიც, ვინც წილისყრამ ბადის ამავე ნახევარში, ოღონდ მეზობელ ქვეჯგუფში მოახვედრა, რადგან განთესილებში უკვე აღარ შედის.

ანუ თეორიულად შესაძლებელია, ჩვენები ერთმანეთს ნახევარფინალში შეხვდნენ, თუმცა იქამდე ღვინიაშვილს ეგვიპტელი მოჰამად დარვიშის, კორეელი დონ ჰან გვაკისა და სხვათა წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევს. პირველ შეხვედრას ღვინიაშვილი ბრიტანელ გარი ჰალთან გამართავს.

100 კგ
ამ წონაში ერთადერთი მონაწილე გვყავს - დებიუტანტი ალექსანდრე ზაალიშვილი და პირველ წრეში ისიც ისვენებს, ხოლო მეორეში ბრაზილიელ რაფაელ ბუზაკარინის შეხვდება.

+100 კგ
ჩვენები ამ წონაშიც ბადის ერთ მხარეს მოხვდნენ, ანუ თეორიულად ქართული ნახევარფინალი გამორიცხული არაა, პირველ წრეში კი ორივე ქართველი ისვენებს. ადამ ოქრუაშვილი პირველ პაექრობას რუს მაგომედ ნაჟმუდტინოვსა და მაროკოელ ელ მეჰდი მალკის შორის მოგებულთან გამართავს, ლევან მატიაშვილის მეტოქე კი ახლავეა ცნობილი - ამერიკელი აკბარზან იმინოვი.

მატიაშვილის ქვეჯგუფში ებრაელი ორ სასონი მოხვდა, ვისაც ჩვენებურმა რომის ტურნირის ნახევარფინალში მოუგო, თუმცა იაპონელი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი რიუ შიჩინოეც იქვეა.

* * *
დასასრულ, შეგახსენებთ, რომ დიუსელდორფში ჩვენგან მხოლოდ ვაჟები გამოდიან, ქალთა ტურნირში მონაწილე არ გვეყოლება. 20 თებერვალს ვაჟთაგან 60-66-ის, ქალთაგან კი 48, 52 და 57-ის წარმომადგენლები იჭიდავებენ.

21-ში ვაჟებიდან 73-81-ის ფალავნები და 63-70 კილოგრამის ქალები იასპარეზებენ, დანარჩენი წონების წარმომადგენლები კი კვირას, 22 თებერვალს შეეცდებიან წარმატების მოპოვებას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული