საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები: ანტალიური გამოცდა ჩაბარებულია

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე ანტალიამ "ევროპის თასს" უმასპინძლა ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის, რომელშიც
საქართველოდან ბიჭებიც ჭიდაობდნენ და გოგოებიც.

ჩვენებისთვის ეს პირველი უცხოური შეჯიბრება იყო და ამიტომ მწვრთნელებმა ყველას მისცეს შანსი, გაფართოებული შემადგენლობით იჭიდავეს. განსაკუთრებით - ბიჭებმა, სადაც ირაკლი ცირეკიძისა და მინდია ბოდაველის სამწვრთნელო დუეტმა 53 მოზარდი გამოსცადა - საქართველოს უკლებლივ ყველა მედალოსანი, რომლებსაც საკუთარი ხარჯით წასულებიც დაემატნენ.

მასპინძლების შემდეგ (71 სპორტსმენი) ყველაზე მეტი მონაწილე ჩვენ გვყავდა, შემდეგ კი 52-კაციანი აზერბაიჯანი მოდიოდა. ცხადია, ჩვენი გოგოები ამხელა ფუფუნების უფლებას ვერ მისცემდნენ თავს, რადგან ამდენი ძიუდოისტი
იქნებ ფიზიკურად არც გვყავდეს. თუმცა ახალი სახეები მათმა დამრიგებელმა გია თენაძემაც გამოსცადა და წარმატებითაც. აღსანიშნავია, რომ გოგოებმა ტურნირამდე ერთობლივი შეკრება გაიარეს მასპინძლებთან.

თავად ტურნირი ასაკის კვალობაზე, ტრადიციულად, ფრიად ძლიერი და წარმომადგენლობითი გამოდგა - ბიჭებსა და გოგოებში 21 ქვეყნის 462 ძიუდოისტი ასპარეზობდა. მისასალმებელია, რომ ასეთ ძლიერ შეჯიბრებაში ჩვენები წარმატებით გამოვიდნენ - ქართული გუნდის მონაგარი 10 მედალია: თითო ოქრო-ვერცხლი და 8 ბრინჯაო.

ცხადია, ჯილდოების უმეტესობა ბიჭებს ეკუთვნით, თუმცა საერთო მონაგარს ორი ბრინჯაოთი გოგოებიც შეეწივნენ - ნინო მგელაძე (52) და სოფიო სომხიშვილი (+70). ბიჭებიდან ჩემპიონი რობინზონ ბეგლარაშვილი (60) გახდა, ელდარ ჯიქიძე (81) მეორეზე გავიდა, ზურაბ კახნიაშვილი (50), ბაგრატ ნინიაშვილი (66), ლაშა დუდაშვილი (73), ლუკა მაისურაძე (81), ავთანდილ ტაბატაძე და ონისე სანებლიძე (ორივე - 90) - მესამეზე.

ბრინჯაოს მოპოვების ბოლო შანსი ხელიდან გაუშვეს გიორგი ნიაზაშვილმა (50), საბა გრიგალაშვილმა, თემურ ნოზაძემ (ორივე - 55), ნიკა ლაბაძემ (73), გოგა ქევხიშვილმა (81) და ზაურ კენჭაძემ (90), რომლებიც საბოლოოდ მეხუთეზე დარჩნენ. ოღონდ ნიაზაშვილმა კახნიაშვილთან წააგო, ლაბაძემ - დუდაშვილთან, კენჭაძემ - სანებლიძესთან. საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენი ნაკრები მეხუთეზე გავიდა, ცალკე ბიჭები კი - მეორეზე, მხოლოდ რუსებს ჩამორჩნენ.

ახალი შანსი და პროგნოზები - თავდაყირა
ამ ასაკის ბიჭებმა საქართველოს ჩემპიონატი თებერვალში მოილიეს, ანტალიაში კი მწვრთნელებმა გაფართოებული შემადგენლობა შეგირდთა კიდევ ერთხელ დასაზვერად წაიყვანეს. ბევრ წონაში მოლოდინიც გაუმართლდათ, ისეთი შედეგები მიიღეს.

მაგალითად, დუდაშვილმა რევანში აუღო ლაბაძეს ქვეყნის პირველობის ფინალში მარცხისთვის და ამ წონაში კონკურენცია კიდევ უფრო ჩაიხლართა. საინტერესოა, რომ 90-ში ორივე პრიზიორი ქვეყნის ფინალისტია, თუმცა მაშინ მათ პაექრობაში სანებლიძემ იმარჯვა. კახნიაშვილმა საქართველოს ჩემპიონატზეც მოუგო ნიაზაშვილს და მერე ჩემპიონიც გახდა, ახლანდელი მედლით კი ფავორიტის იმიჯი განიმტკიცა.

ყველაზე დიდი მოულოდნელობა მაინც ჯიქიძემ შემოგვთავაზა - ის შიდა ჩემპიონატის ნახევარფინალში მომავალ გამარჯვებულ ქევხიშვილთან დამარცხდა, ახლა კი შედეგით მასაც აჯობა და დანარჩენ კონკურენტებსაც. ანტალიაში მოპოვებული მედალი მწვრთნელებს მორიგ ექსპერიმენტს აიძულებს და მას შანსს კვლავ მისცემენ.

ამავე წონაში საინტერესოა ლუკა მაისურაძის ფაქტორიც - საქართველოს ჩემპიონატში ის 73-ში გამოვიდა და ბრინჯაოც მოიპოვა, ახლა კი ახალ წონაშიც წარმატებული დებიუტი მოიწყო. მაისურაძე ნახევარფინალში ჯიქიძესთან დამარცხდა - გაფრთხილებებით მოხსნეს, თუმცა ვაზარს იგებდა; ქევხიშვილმა კი იმავე ეტაპზე რუს პაველ ბერლინთან იპონით წააგო. სამწუხაროდ, ამ ბერლინმა მერე ფინალში ჯიქიძეც დააიპონა.

ვფიქრობ, ჩვენებმა ყველაზე მეტი წარმატებით სწორედ 81-ში იჭიდავეს, სადაც ნახევარფინალში 3 კაცი გვყავდა! ბარემ აქვე გეტყვით, რომ 2 მონაწილით წარვდექით 90-ის ნახევარფინალში, სულ კი 8-დან 7 წონის ნახევარფინალში გვყავდა მონაწილე! ერთადერთი წონა, რომელიც სხვათა ფონზე სუსტი გამოჩნდა, +90-ია - იქ ჩვენი საუკეთესო მაჩვენებელი ამირან წიქორიძის მეშვიდე ადგილია.

ბეგლარაშვილის პროგრესი
ძალიან კარგად, დამაჯერებლად იჭიდავა ბეგლარაშვილმაც, ვისაც გამორჩეული ყურადღება ექცევა, როგორც ამ თაობაში ერთ-ერთ უნიჭიერესს. ისიც ყოველ ტურნირზე ამტკიცებს, რომ ნამდვილი ტალანტია. თან ყოველწლიურად იცვლის წონით კატეგორიას და წლეულს უკვე 60-ში მოგვევლინა, მაგრამ ეს ხელს არ უშლის არც წარმატებების მოპოვებაში და არც ლამაზად, ზეტექნიკურად ჭიდაობაში.

ანტალიაში მან 6 შეხვედრა ჩაატარა და აქედან 5 წმინდად მოიგო. ერთადერთი, მხოლოდ თანაგუნდელი თენგიზ ჩიტაური დაინდო და 2 იუკოთი აჯობა, თორემ გერმანელი ნიკ აგენშტაინი, აზერბაიჯანელი იბრაჰიმ ალიევი, თურქები - აჰმეტ საცანი, მუჰამედ ილდირიმი და კასიმ ერკანი ბეჭებით გააკრა ტატამს.

ფინალში ერკანს იუკოც აართვა, ვაზარიც, ორი გაფრთხილებაც მიაღებინა და ბოლოს იპონზეც დააგდო - როცა ფინალს ამხელა უპირატესობით იგებ, იქ რაღაა სალაპარაკო! მისასალმებელია მისი ასეთი სტაბილურობა. მასში კარგადაა შეზავებული ქართული ჭიდაობის მადლი და ტექნიკურად ჭიდაობს, საკმაოდ თავისუფლად აკეთებს ილეთებს. იმედია, წონა მეტად აღარ გაექცევა და უკვე მომდევნო ოლიმპიურ ციკლში 60 კილოგრამში დიდი კონკურენცია გვექნება.

არც გოგოები ხუმრობენ
მისასალმებელია გოგოების ნაკრების გამოსვლაც. თანდათან უკვე წარსულს ბარდება ის დრო, როცა მათ პირველი ნაბიჯის გადადგმა უჭირდათ და სულ უფრო მეტად ყალიბდებიან ნაკრებად. რაც დრო გადის, მათგან წარმატების მოპოვება სულ უფრო რეალური ხდება. ამის დასტურად ანტალიაში მოპოვებული ეს ორი მედალიც გამოდგება, თუმცა ამ ტურნირში ჩვენი გოგოები გაცილებით უკეთაც გამოსულან.

უბრალოდ, ამ შემთხვევში ძალიან სასიხარულოა, რომ წარმატებას ახალმა კადრებმა მიაღწიეს. თუმცა მგელაძე შედარებით გამოცდილია, სომხიშვილი კი ამ მხრივ ვერ დაიკვეხნის. თავის დროზე "ლელოსთან" ინტერვიუში მას ძალიან აქებდა გია თენაძე, როგორც ამ თაობაში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულს. ეტყობა, სამართლიანადაც.

ანტალიაში სომხიშვილი მხოლოდ ნახევარფინალში ვაზარით დამარცხდა შვედთა მომავალ ჩემპიონ კატერინა კალპაკიდოუსთან, დანარჩენებში კი იმარჯვა - ქვეჯგუფში მელიკე ტუზოღლუ ვაზარით დაჯაბნა, მეორე მასპინძელი კუბრანურ ესირი დააიპონა, დამამშვიდებლის ფინალში კი გერმანელ ჰანა როლვაგეს გაფრთხილებებით მოუგო.

მგელაძე ოქროსთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გამოეთიშა თურქთა მომავალ ჩემპიონ ირემ კორკმაზთან მარცხით, მანამდე კი რუს ლილია ფომენკოვას გაფრთხილებებით მოუგო, თურქი დონუს დედე კი ბეჭებით გააკრა ტატამს.

მგელაძემ დამამშვიდებელშიც მგელივით გააფთრებით იომა, რამაც კიდევ ერთ რუს ნასიბა იბრაგიმოვასთან ვაზარი, ხოლო მესამე მესპინძელ მელდა პინართან იპონი მოუტანა. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ჩვენებურმა სლოვენიელ ლაურა ბოზიჩს მოუგო.

ჩვენი გუნდის ყველაზე დიდ მოულოდნელობად ჭაბუკებში ევროპის პრიზიორ მზია ბებოშვილის მარცხი უნდა მივიჩნიოთ, ვინც ისევ განაგრძობს ექსპერიმენტებს და ამჯერად 57 კილოგრამში მოგვევლინა. შესაძლოა, ახალ წონასთან ადაპტაციის პრობლემაც იყოს მისი წაგების მიზეზი გერმანელებთან ტურნირის ბოლოს.

მან შეჯიბრება კარგად დაიწყო და ქვეჯგუფში ორი შეხვედრა მოიგო - აზერბაიჯანელი ბასტი საფაროვა ორი იუკოს მერე დააიპონა, თურქი სეიმა ოზერლერი კი სუფთად დაამარცხა.

მეოთხედფინალში ჩვენებურმა გერმანელ ჰანე ნოიენთან გაფრთხილებებით წააგო და დამამშვიდებელში გადავიდა, სადაც ჯერ რუსი დარია ზიმარინა გაფრთხილებებით მოახსნევინა, მაგრამ მეორე გერმანელ ანა დელიუსთან ვერაფერს გახდა, პირწმინდად წააგო (სამივე სინჯის გდება დაკარგა) და მეშვიდეზე დარჩა. აღსანიშნავია, რომ ის ანტალიაში შარშანაც მეშვიდე იყო, ოღონდ მაშინ 52-ში სცდიდა ძალებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული