კრახისგან ბოლო დღემ გვიხსნა, თორემ თავიდან, განსაკუთრებით კი, პირველ დღეს საშინლად ცუდი რეალობა გამოჩნდა - 7-მა ქართველმა წინასწარ შეხვედრებში მხოლოდ ორი პაექრობა მოიგო!
ამ შეჯიბრებას ბოლო დღე რომ ჩამოვაშოროთ, თავად მიხვდებით, რაოდენ მუქი სურათია. 8 კაციდან საღამოს ორთაბრძოლებს, ანუ ფინალურ ბლოკს მხოლოდ ერთი, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი ამირან პაპინაშვილი (60) შემორჩა, თუმცა საბოლოოდ ისიც უმედლოდ დარჩა. მან ვერც ამჯერად გადალახა "აზიური
ვგონებთ, ამხელა შედეგების და გამოცდილების კაცი საკუთარ შეცდომებზე უფრო მეტად უნდა სწავლობდეს და ერთსა და იმავე კომპონენტში რამდენჯერმე არ უნდა ცდებოდეს.
ამ ტურნირმა ისევ დაგვანახვა რამდენიმე თვისობრივი ხარვეზი, რაც წლების განმავლობაში გრძელდება, გამოსწორებას კი არ ადგება საშველი. რატომღაც ისე გამოვიდა, რომ გუნდს საშინაო შეჯიბრებაში უფრო მეტი პრობლემა გამოაჩნდა, ვიდრე - დიუსელდორფში.
ეს განსაკუთრებით ლიდერებზე - იმავე პაპინაშვილზე, ავთანდილ ჭრიკიშვილსა (81) და ვალერი ლიპარტელიანზე (90) ითქმის, რომელთაგანაც მეტს ველოდით: პირველი ორისგან - შედეგს, მესამისგან - ჭიდაობის ხარისხს.
გასაგებია, რომ საკუთარი მაყურებლის თვალწინ ჭიდაობა ძნელია, მაგრამ ათლეტის მორალური თუ ფიზიკური სიძლიერე ზუსტად დაბრკოლებათა დაძლევაში გამოიხატება.
სამწუხაროდ, გუნდის ფიზიკური მომზადება ვერ იყო დამაკმაყოფილებელი, თუმცა სხვა კომპონენტებშიც ბევრი ხარვეზი გამოჩნდა.
მაგალითად, იგივე ზემოხსენებული ერთი და იმავე შეცდომების ფაქტორი, ბევრი ვერც ტაქტიკურად ჭიდაობას ახერხებდა... დროის გაყვანა ჭიდაობის, სპორტული შეჯიბრების განუყოფელი ნაწილია, თუმცა ეს ჭიდაობაზე საერთოდ უარის თქმას არ ნიშნავს.
ვფიქრობთ, სწორედ ეს იყო ფრიდონ გიგანის (73) წაგების ძირითადი მიზეზი აზერბაიჯანელ ჰუსეინ რაჰიმლისთან, როცა ვაზარით დაწინაურდა, თორემ უნგრელთა ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ მიკლოშ უნგვარის დამმარცხებელს მასთან ორი გდება არ უნდა გაეშვა. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ გიგანს არ ეხება.
ჭრიკიშვილის დრამა
ამ სამდღიანი ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ამბად ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონ ავთანდილ ჭრიკიშვილის (81) მარცხი იქცა, რაც მსოფლიოს ძიუდოსთვისაა განსაკუთრებული მოვლენა, იმდენად იშვიათად აგებს. თან წაგებასაც გააჩნია - წონის კი არადა, ზოგადად, მსოფლიოს ძიუდოს ფავორიტი იპონით დამარცხდა უტიტულო მონღოლ დაგვასურენ ნიამსურენთან. ცეცხლზე ნავთი იმანაც დაასხა, რომ ეს ყველაფერი მერვედფინალში მოხდა, ანუ არც სანუგეშოში გადასვლის და ბრინჯაოსთვის ბრძოლის შანსი მიეცა.
მისთვის ბრინჯაო ნამდვილად არ იქნებოდა წარმატება, თუმცა ამ ცივი შხაპის შემდეგ იქნებ ლამაზი ჭიდაობით გაეკეთებინა რეაბილიტაცია, ან, ბოლოს და ბოლოს, იმას მაინც ვნახავდით, როგორ ფორმაშია, ქომაგსა თუ მწვრთნელებს მეტი შანსი მიეცემოდათ ანალიზისთვის.
ყოველ შემთხვევაში, ახლანდელ რეალობას ბევრად აჯობებდა ბრინჯაოს მოპოვება, ახლა კი ქომაგსა თუ სპეციალისტებს ბელორუს ევროპის ვიცე-ჩემპიონ ალექსანდრ სტიაშენკასთან ერთი მოგებით მოუწიათ დაკმაყოფილება, რაც ძალის რეალურ საზომად არ გამოდგება, იმის მიუხედავად, რომ კარგად დაახეთქა. სხვათა შორის - მიღებული გაფრთხილების შემდეგ, ანუ ამან გააბრაზა, მსგავსი შემთხვევა კი ადრეც ჰქონდა.
ვფიქრობ, მონღოლთან მისი მარცხი უფრო ზედმეტი თავდაჯერების ბრალია - სათანადოდ არ შეაფასა მეტოქე. სულაც არ ვამართლებ მის წაგებას, პირიქით - მიმაჩნია, რომ ამ დონის სპორტსმენი ასე უბრალოდ არ უნდა ცდებოდეს (საამისოდ მას საკმარისზე მეტი გამოცდილება დაუგროვდა), თუმცა ეს უფრო შემთხვევითი წაგებების არიიდან მგონია და მონღოლს მომავალში აუცილებლად მოუგებს.
ვერ ვიტყვი, რომ მას ვარსკვლავური ავადმყოფობა შეეყარა - ისევ არ ატარებს მობილურ ტელეფონს, რათა ყურადღება არ გაეფანტოს და მხოლოდ ვარჯიშზე იყოს კონცენტრირებული; არც მწვრთნელებისგან მსმენია, რომ საწვრთნელი პროცესისადმი მიდგომა შეცვალა, მაგრამ მასში ქვეცნობიერად მაინც თუ არის "ამას ისედაც მოვუგებ" განწყობა, ეს წაგება ამასაც გაუქარწყლებს.
პრაგმატიზმი კარგია, ხოლო შედეგი - მთავარი - ეს ჩვენც კარგად გვესმის, მაგრამ მაინც მგონია, რომ შემტევ, ქართულ სტილზე ბოლომდე არ უნდა ავაღებინოთ ხელი. თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ვერ ვიტყვი, თითქოს მონღოლთან პრაგმატულად ჭიდაობდა და ილეთებს არ ცდილობდა, მაგრამ თავიდანვე უფრო აქტიურად რომ შეუტიოს მეტოქეს, მეტად მოაქცევს წნეხში და წარმატებისთვის მით მეტი შანსი ექნება.
ამაზე მწვრთნელებს თავიანთი პოზიცია აქვთ, ოღონდ ფაქტია - მან წააგო ბოლო სამივე ტურნირი: კანოზე - იაპონელ ტაკენორი ნაგასესთან, დიუსელდორფში ბელგიელ იოახიმ ბოტიესთან და ახლა მონღოლთან, თუმცა, დაგვეთანხმებით, ეს უკანასკნელი ყველაზე მწარე მარცხია.
არადა, კანომდე მთელი ორი, 2013-14 წლებში მას მხოლოდ ოთხიოდე პაექრობა დაეთმო: შარშან მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე, ხოლო 2013 წელს მასტერსზე, მსოფლიოს ფინალში და იმავე კანოზე. 2012 წლის შემდეგ ის პირველად დარჩა უმედლოდ.
თუმცა წაგებას თავისი დადებითი მხარეც შეიძლება ჰქონდეს და, ალბათ, უკეთესია, ეს ახლა რომ მოხდა - ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისია და მდგომარეობის გამოსწორება თავისუფლად შეიძლება.
თავკომბალას სინდრომი
ამ ტურნირის ყველაზე დადებითი მხარე ახალგაზრდების ერთი ჯგუფის კარგი გამოსვლაა: ზვიად კაპანაძე (73), უშანგი მარგიანი, გიორგი პაპუნაშვილი (ორივე - 81), ბექა ღვინიაშვილი (90), ლევან მატიაშვილი (+100), არა უშავდა გიგანსაც... ამათგან მარგიანს, ღვინიაშვილს და მატიაშვილს ახალი სახეები ნამდვილად არ ეთქმით - ისინი უკვე ეროვნული ნაკრების წევრები არიან. უბრალოდ, მათ შარშან, წლის ბოლოს ცოტა გადაღლა დაეტყოთ. ყოველ შემთხვევაში, ჩვეულ ფორმაში ვერ იყვნენ და სასიხარულოა, რომ წლეულს ისევ დაიბრუნეს ჩვეული სიძლიერე.
ჩანს, მოუხდათ დასვენება, კაპანაძეს და პაპუნაშვილს კი უნდა "დაეცვათ" საქართველოს ჩემპიონატზე გამოვლენილი დონე. ისინი ამჯერად უმედლოდ დარჩნენ და იქნებ ვინმემ წარუმატებლად შეაფასოს ეს გამოსვლა.
მედალი კარგია და აუცილებელი, მაგრამ მათ აჩვენეს ჭიდაობის ის ხარისხი, რაც სამომავლოდ გვაიმედებს და მთავარიც ესაა - სწორი მიდგომით, სწორი მუშაობით მათგან შეიძლება ნაკრების ლიდერთა გამოზრდა.
უბრალოდ, საკითხავია, რამდენად კარგად შევძლებთ ამას. ასევე საკითხავია, რატომ არ ჩანდა აქამდე კაპანაძე? ის 2007 წლის ევროპის ჩემპიონიცაა და - ახალგაზრდული ფესტივალისაც, მაგრამ 2012 წლის შემდეგ თითქმის არსად გამოჩენილა.
ერთ სეზონში, ფაქტობრივად, რამდენიმეკვირიანი ინტერვალით ორი ასეთი დონის ტურნირის ფინალში გასვლა იოლი არაა და ამას ყველა ვერც შეძლებს, თუმცა საკითხავია, რატომ ჰქონდა ასეთ სპორტსმენს წყვეტა აქამდე და რატომ შეჩერდა მისი ზრდა? ალბათ, იმიტომ, რომ ჩვენთან რეზერვის გამოზრდა არ დგას სათანადო დონეზე, ამ საკითხს არ ვუდგებით სწორად, არაა სათანადო პირობები და ყურადღების მიღმაც ვტოვებთ, რამაც არაერთი ტალანტი დაგვაკარგვინა, თუმცა ამ პრობლემაზე ცალკე ვისაუბრებთ.
სამწუხაროდ, საჭიდაო სახეობებში (თუმცა სხვებშიც და ზოგადად - ცხოვრების სხა სფეროებშიც ანალოგიური მიდგომაა) თავკომბალა წონებს შევყურებთ ამდენი წელიწადია - ოღონდ კი ერთი ლიდერი გამოვზარდოთ და სათადარიგოებზე არ ვზრუნავთ.
ამიტომაა ცა და დედამიწასავით განსხვავება მათსა და ფავორიტებს შორის, ამიტომ ჩამორჩებიან ასე ძალიან მათ.
სხვათა შორის, კაპანაძე წლეულს საქართველოს ჩემპიონატზე მედალოსანიც ვერ გახდა, ბრინჯაოსთვის შეხვედრა წააგო ზებედა რეხვიაშვილთან, თუმცა, რადგან მერე იმან 81-ში გადაინაცვლა, მწვრთნელებმა მისი გამოთავისუფლებული ადგილი კაპანაძეს დაუთმეს. არც შემცდარან და დებიუტანტმა ძალიან კარგად იჭიდავა - ბერძენ გეორგიოს აზოიდისთან და ბრიტანელ იან გოსიევსკისთან მოგებებს თავი რომ დავანებოთ, მონღოლთა ოლიმპიური პრიზიორი ნიმ-ოშირ საინჯარგალი მოახსნევინა გაფრთხილებებით.
ფიზიკურად ჩინებულად მომზადებულ, ჯაჯგურა და უხეში სტილის მონღოლებთან ჭიდაობა როგორია, მაგრამ ქართველმა გასაქანი არ მისცა ასეთ ძლიერ მეტოქეს. იმ გაფრთხილებებიდან მსაჯს მხოლოდ მესამეზე თუ მიედავები (სხვათა შორის, ამაზე ჭიდაობის ყადრის მცოდნე და ობიექტურობით განთქმულმა ქართველმა მაყურებელმა უსტვინა კიდეც არბიტრს), თორემ სხვები დამსახურებულად მიაღებინა.
კაპანაძე კარგი მაგალითია იმისი, რომ ერთი ტურნირით სპორტსმენის შესაძლებლობების განსაზღვრა არაა გამართლებული და მათ რაც შეიძლება ხშირი საშეჯიბრო პრაქტიკა უნდა მივცეთ.
ჩემპიონთა კომენტარები
ტურნირის დასრულების შემდეგ გამარჯვებულებმა მედიისთვის მცირე კომენტარები გააკეთეს:ბექა ღვინიაშვილი (90): "ბედნიერი ვარ ამ გამარჯვებით. საქართველოში "დიდი პრიზის" ტურნირში მეოთხედ ვიჭიდავე და პირველად გავხდი ჩემპიონი. მოგეხსენებათ, ფინალში ჩემს მეგობარ ვალერი ლიპარტელიანს მოვუგე, რომელიც სადღეისოდ მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესია. ნამდვილად მეამაყება ასეთ ძლიერ სპორტსმენთან გამარჯვება. ეს დასაწყისია ჩემი კარიერისთვის, ყველაფერი წინაა".
ლევან მატიაშვილი (+100): "ძალიან გახარებული ვარ ამ გამარჯვებით, რადგან ბავშვობიდან მინდოდა ამ ტურნირზე გამარჯვება. ადამ ოქრუაშვილს რაც შეეხება, ყველა ვიცნობთ და ვიცით, რამდენად ძლიერი სპორტსმენია, თუმცა დღეს, მსაჯების გადაწყვეტილებით, მე გავიმარჯვე. დღეს უფრო მეტად მე გამიმართლა, თუმცა ძალიან გამიჭირდა, ადამის დამარცხება ადვილი არაა, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. ახალი წლის შემდეგ წონა დავიკელი - ცოტა მქონდა მომატებული.
ახლა იაპონიაში მივდივართ შეკრებაზე და კიდევ დავიკლებ. ალბათ, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შევალ ოპტიმალურ ფორმაში. მანამდე ევროპის თამაშებია, თუმცა ჯერ იქ წამსვლელი გუნდი გადაწყვეტილი არაა. ვნახოთ, როგორ იქნება საქმე, მომავალი გვიჩვენებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"