ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტებმა ათენში ევროპის თასი მოიპოვეს

AutoSharing Option
ფოტო: მარცხნიდან მეორე თორნიკე ნაგლიაშვილი

ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტებმა ათენში დასრულებულ ევროპის თანატოლთა თასზე დიდი წარმატებით იასპარეზეს, სადაც 11 მედალი მოიპოვეს - 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 5 ბრინჯაო.

ამათგან 1 ბრინჯაო გოგოების ნაკრების წილად მოდის - მას 44 კილოგრამში ოლიკო ალადოშვილი დაეუფლა. ბიჭებიდან ჩემპიონები ირაკლი კუპატაძე (55), თორნიკე ნაგლიაშვილი (60), კობა მჭედლიშვილი (81) და გიორგი ლაზუაშვილი (+100) გახდნენ.

მეორე ადგილზე ჯამბულ ქურდიანი (66) და ჯაბა მუმლაძე (+100) გავიდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი ბექა შავდათუაშვილი, ბექა უდესიანი (ორივე - 66), გიორგი გველესიანი
(90) და გიგა გელაშვილი (+100) დაეუფლნენ.

ჩვენებიდან მედალი ყველაზე ბოლოს მჭედლიშვილმა მოიპოვა, რითაც გუნდური პირველობაც გაგვინაღდა. ამ ფინალამდე ბიჭებში გუნდურს კი ვიგებდით, მაგრამ საერთოში თურქები გვისწრებდნენ.

თუმცა იყო სხვა ინტრიგაც - მჭედლიშვილი ფინალში რუს ისრაილ საგაიპოვს ხვდებოდა და თუ წააგებდა, მაშინ რუსებიც გვისწრებდნენ, რადგან იმ დროისთვის ორივეს 3-3 ოქრო გვქონდა.

საბედნიეროდ, მჭედლიშვილმა გამარჯვება გამოჭედა და რაც ყველაზე საინტერესოა, ეს ულამაზესი და რაღაც ახალი კომბინაციის ფანდით გააკეთა. მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რაოდენ დიდი ტალანტია და ტურნირს ლამაზი წერტილი დაუსვა.

საშაბათო წარმატება
თუმცა არ იფიქროთ, რომ ჩვენმა ნაკრებმა საფინალო სპურტი მოიწყო, რადგან ის ტურნირში თავიდანვე წარმატებით ჩაება და პირველ დღეს ოთხი წონიდან სამის ფინალში გავედით, საბოლოოდ კი ორში გავიმარჯვეთ - 55-სა და 60-ში. გადამწყვეტი შეხვედრა მხოლოდ 66-ში დავთმეთ, თუმცა რაოდენობრივად ყველაზე ხვავრიელი სწორედ ეს კატეგორია გამოდგა, სადაც კვარცხლბეკზე 3 ჩვენებური დადგა.

საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ სპორტსმენთა უმეტესობას უჭირს საზღვარგარეთ ჭიდაობა, თუმცა კუპატაძე საპირისპიროს ამტკიცებს - შიდა შეჯიბრებებში ჩემპიონი ვერასოდეს გახდა (შარშან საქართველოს პირველობაზე მესამე იყო, წლეულს კი სარეიტინგო შეჯიბრებაში ფინალი წააგო), მაგრამ შინაური დანაკლისი გარეთ აინაზღაურა და ათენში ოქროს მედალი მოიპოვა.

საამისოდ ფინალში თურქი იავუზ ბესელი "მოგუდა" (შებოჭა), როცა ორი გაფრთხილებით აგებდა.

თუმცა არ იფიქროთ, რომ ის პასიურობდა. პირიქით - ძალიან აქტიური იყო და მუდამ უტევდა, რამაც გამოიღო კიდეც შედეგი. საინტერესოა, რომ ჩვენებურმა ათენში ოთხივე შეხვედრა იპონით მოიგო - ბელგიელ ვლადისლავ ლიმთან, იტალიელ ანდრეა კარლინოსა და თურქ ოგუზან კარაჩასთან.

ამათგან ყველაზე ძნელი ლიმთან პაექრობა გამოდგა, სადაც ვაზარით ჩამორჩა, თუმცა ეყო შემართება და მაინც გაიმარჯვა.

ნაგლიაშვილი არ "ნაგლობს"
ნაგლიაშვილი ახალი გადმოსულია ამ წონაში და მისასალმებელია მისი გამოსვლა, თუმცა არა მხოლოდ შედეგის, არამედ ჭიდაობის ხარისხის გამოც.

საერთოდ, ის ლამის ყოველ სეზონში იცვლის წონით კატეგორიას, რაც სასურველი ნამდვილად არაა, მაგრამ გარდაუვალია - ასაკთან ერთად წონაც ემატება და სხვა გზა არაა. თუმცა მთავარია, შედეგიანობას არ კარგავს.

ამ წონაში არანაკლებ ყურადღებას იქცევდა ძველი ლიდერის, ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონ ივანე ჯავახიშვილის გამოსვლაც. ბედმა ჩვენი ნაკრების ამ ორი ლიდერის გზათა გადაკვეთა ნახევარფინალში ინება და ნაგლიაშვილმა ყველა ინტრიგა გააცამტვერა - წმინდად მოიგო.

ჯავახიშვილმა თავისი შანსი ბოლომდე ვერ გამოიყენა და მერე ბრინჯაოსთვის პაექრობაც დათმო ბრიტანელ სამუელ ჰალთან. თუმცა ამ წაგებების გამო ჯავახიშვილის ზედმეტად გაკრიტიკებაც არ ეგების - ჩვენ მისი გაცილებით უკეთესი ჭიდაობაც გვახსოვს და ამაზე ბევრად მეტი შეუძლია. ალბათ, ყველა სპორტსმენს აქვს ისეთი დღე, როცა განწყობას, მობილიზებას ვერ ახერხებს და არ მისდის ასპარეზობა.

სამაგიეროდ, ეს თვისებები კარგად გამოავლინა ნაგლიაშვილმა, ვინც ათენში ხუთივე ბრძოლა იპონით მოიგო - ჯავახიშვილისა და ჰალის გარდა, ჩეხი ვაცლაც კოვარი, ბერძენი იოანის მაკარიდისი, ბრიტანელი პეტერ მილესი და ფრანგი ვენდ-იამ რომარიკ ბოუდაც წმინდად დაამარცხა.

თუმცა ფრანგი თავიდან ცოტა ეუხეშა და ხელიც ატკინა - ჩვენებური დიდხანს ამუშავებდა მარცხენა ხელს, ვიდრე ჭიდაობას გააგრძელებდა. სამაგიეროდ, ისე გააგრძელა, ფრანგი ყოველმხრივ დაჩაგრა, ერთხელ იუკოზეც დააგდო, საბოლოოდ კი გაფრთხილებებით მოახსნევინა. ამით ფრანგს სანდრო ხუციანიძესთან გამარჯვებისთვის რევანშიც აუღო. სხვათა შორის, ხუციანიძე დამამშვიდებელში ზემოხსენებულ ჰალთან დამარცხდა.

ორომტრიალი 66-ში
ჩვენთვის საინტერესო დიდი ამბები დატრიალდა 66 კილოგრამში, სადაც მწვრთნელებმა - ირაკლი ცირეკიძემ და მინდია ბოდაველმა ორი ისეთი სპორტსმენი წაიყვანეს, რომლებიც სალიცენზიო შეჯიბრებაში უმედლოდ დარჩნენ - ქურდიანი და უდესიანი.

ბედის ირონიით, მათ იმ შეჯიბრების ფინალისტებზე - ჩემპიონ ზვიად ხუბულურსა და ვერცხლისმედალოსან გიორგი გუგულაშვილზე უკეთ იჭიდავეს. თან უდესიანმა დამამშვიდებელში ხუბულურს იპონით მოუგო, ბრინჯაოს მედლისთვის პაექრობაში კი სომეხი აშოტ მნაცაკანიანიც დააიპონა, ვინც ჯგუფში გუგულაშვილს მოუგო! მოდი და ამის შემდეგ თქვი, ჩვენებიდან ვინ ვისზე უკეთესია! არადა, შიდა შეჯიბრებაზე უდესიანი პირველივე წრეში დამარცხდა, ქურდიანმა კი გუგულაშვილთან წააგო.

სხვათა შორის, მნაცაკანიანს ქურდიანმაც მოუგო! ათენში ქართველთა შორის ერთი რევანშიც შედგა - ბექა შავდათუაშვილმა გუგულაშვილს აჯობა, ვისთანაც ყვარელში სარეიტინგოში დამარცხდა. ერთი სიტყვით, ამ შეჯიბრებამ მწვრთნელებს, გაიოლების ნაცვლად, საქმე გაურთულა, თუმცა მათთვის ეს კარგია, რადგან კონკურენციის ზრდის მაჩვენებელია.

თუმცა მოულოდნელი იყო თავად ოლიმპიური ჩემპიონის უმცროსი ძმის - შავდათუაშვილის წაგებაც იმავე მნაცაკანიანთან, რადგან ის უფროსთა შეჯიბრებებში სისტემატურად მონაწილეობს და შედარებით გამოცდილიცაა. მთლიანობაში, ურიგოდ არც შავდათუაშვილი გამოსულა - 6-დან 4 პაექრობა იპონით მოიგო.

ქვეჯგუფში ბეჭებზე ბერძენი ალექსიოს ცარმანტიდისი და ფრანგი დაიკი ბოუბა დადო, რასაც სომეხთან მარცხი და სანუგეშოში გადასვლა მოჰყვა. იქ გუგულაშვილს ვაზარით აჯობა, შვედი მუსტაფა აბუ რამადანი და ბრინჯაოსთვის პაექრობაში პორტუგალიელი დავიდ რეისი კი კვლავ იპონზე დააგდო.

უდესიანმა ათენში ბულგარელი მიროსლავ კალისტერსი ბეჭებით გააკრა ტატამს, ყირგიზ აპსამატ მატკასიმოვს იუკოთი აჯობა და მხოლოდ ერთი პაექრობა დათმო მეოთხედფინალში ბელორუსთა მომავალ ჩემპიონ დზმიტრი მინკოუსთან, სანუგეშოში კი ხუბულურამდე ბელგიელ სიმონ ჩოჰირსაც იპონით აჯობა. არადა, ჯერ 17 წლისაა.

თუმცა ამ წონაში ჩვენებიდან ყველაზე დიდი სიურპრიზი მაინც ქურდიანმა შემოგვთავაზა - იგივე შვედი აბუ რამადანი ვაზარით ჩამოიშორა, თურქმენი ხოშგელდი დანატაროვი, კვიპროსელი არისტოს მიხაელი და თურქი ოგუსკაან ტოპალი კი იპონით დაამარცხა.

ნახევარფინალში მნაცაკანიანსაც ასევე წმინდად მოუგო და თანაგუნდელების ჯავრი იყარა, თუმცა ფინალში მინკოუსთან ვერაფერს გახდა.

მძიმე კვარტეტი ნახევარფინალში
ქართველებმა ათენში კვირასაც არანაკლები ამბები დაატრიალეს, ამჯერად - მძიმე წონაში, სადაც ისევ 3 ჩვენებური დადგა კვარცხლბეკზე, თუმცა მათ რაოდენობრივად უკეთესი მონაგარი მოიპოვეს - ოქროც დაისაკუთრეს. ოღონდ ამ წონაში ოქრო რომ ნამდვილად ჩვენ დაგვრჩებოდა, ეს ფინალამდე კარგა ხნით ადრე გაირკვა - მას შემდეგ, რაც წინასწარი შეხვედრები დამთავრდა და მძიმე წონაში მოასპარეზე ოთხივე ქართველი ნახევარფინალში გავიდა! ოღონდ აქ ერთს კი შევნიშნავთ - ამ წონაში ბევრად ნაკლები, 10 კაცი გამოდიოდა, ვიდრე - 66-ში, სადაც 38 ათლეტი ჭიდაობდა.

წილისყრამ ოთხივე ჩვენებური სხვადასხვა ჯგუფში მოახვედრა, შიდა კონკურენცია კი აქაც ფრიად ჩაიხლართა: მუმლაძემ ისევ მოუგო გელაშვილს, ვინც ყვარელში სარეიტინგოზე ფინალში დაამარცხა.

სამაგიეროდ, წააგო ლაზუაშვილთან, ვისაც ყვარელში მოუგო. თავისთავად ლაზუაშვილის ჩემპიონობაც აღსანიშნავი ამბავია, რომელმაც ნახევარფინალში ამ კვარტეტიდან ერთადერთი უმედლოდ დარჩენილი - დავით რაზმაძე დაჯაბნა. ეს წონა კიდევ ერთი დასტურია, რომ ერთი შეჯიბრებით (ვგულისხმობთ შიდა სარეიტინგო შეჯიბრებას) დასკვნების გამოტანა ნაადრევია.

მჭედლიშვილი საოცრებებს ჭედავს
ამის დასტურად მჭედლიშვილიც გამოდგება, რომელიც ყვარელში ნახევარფინალამდეც კი მივიდა, მაგრამ ამის შემდეგ ორჯერ დამარცხდა და უმედლოდ დარჩა. მწვრთნელებმა ისიც დამატებით წაიყვანეს ათენში და არც შემცდარან - ახალგაზრდა ტალანტმა კიდევ ერთხელ გვასიამოვნა უაღრესად სანახაობრივი ჭიდაობით.

ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონმა და მსოფლიოს პრიზიორმა წონითი კატეგორია შეიცვალა და თავიდან ცოტა გაუჭირდა, მაგრამ უკვე შეიძლება თქმა, რომ ადაპტაციის პერიოდი დაასრულა.

ათენში მან ხუთი პაექრობა მოიგო წმინდად - თავიდან გერმანელ ლუკას რაუჩთან და ბერძენ მანუელ ემანუელ თეოდოროპულოსთან, მეოთხედფინალში თურქ მაგომედ ჩეჩენოღლუსთან რევანშიც აიღო თამაზ კირაკოზაშვილის მოულოდნელი მარცხის გამო, ნახევარფინალში ბელგიელი გრეგორი დერმაუტიც დააიპონა, ფინალში საგაიპოვს რაღაც უცნაური კისრულით დაახვია თავბრუ და გიორგი ქურდიანთან მოგება არ შეარჩინა.

ამავე წონაში ყურადღებას იქცევდნენ იგივე კირაკოზაშვილი და ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი ლევან გუგავაც.

სამწუხაროდ, ისინი უმედლოდ დარჩნენ, თუმცა კირაკოზაშვილი მესამე წრეში მაინც გავიდა, გუგავა კი პირველსავე პაექრობაში დამარცხდა. ბიჭების 38-კაციანი გუნდიდან მედლისკენ კიდევ რამდენიმემ გაიწია - იგივე ჯავახიშვილი, გიორგი კაციაშვილი (73), დავით რამაზაშვილი (90) და დავით რაზმაძე (+100) მეხუთეზე გავიდნენ, დავით გეჯაძე (55), არჩილ ქარელიშვილი (60), იგივე ხუბულური და ნიკა აბულაძე (100) - მეშვიდეზე, თუმცა კაციაშვილისა და რამაზაშვილისგან ბევრად მეტს ველოდით.

ალადოშვილი და გოგოები
გოგოებიდან ყველაზე უკეთ ალადოშვილი გამოვიდა, ვინც ანტალიაშიც მესამეზე გავიდა. ის ბულგარელ ცვეტელინა ცვეტანოვასთან წმინდად მოგების შემდეგ თურქ მელისა ცაკმაკლისთან ვაზარით დამარცხდა, ბრინჯაოსთვის პაექრობაში კი კვიპროსელ ვასილიკი კოურის აჯობა.

ბრინჯაოს მოპოვება სალომე აბაშიძესაც (57) შეეძლო, მაგრამ გადამწყვეტი პაექრობა 17-წლიანებში ბულგარელთა ევროჩემპიონ ბეტინა ტემელკოვასთან წააგო. სალომე მარგიანი (52) და ხატია ჯანაშვილი (63) მეშვიდეზე გავიდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვინც ყვარელში შეჯიბრებას ესწრებოდა ყველამ კარგად იცის თუ როგორ დატოვეს მჭედლიშვილი მედლის გარეშე მან თავისი წაგება არ გააპროტესტა მაგრამ უსამართლო ხაალხს დაანახა თუ რის გაკეთება შეუძლია...ხალხს თავისი სიძლიერე დაუმტკიცა
nikaa
16:49 06-04-2015
0
kidev kargi mchedlishvils aqauri msajebi ar gayvnen.torem arc ert gdebas ar chautvlidnen.yvarelshi waago mchedlishvilma ara.?tu gdebebi ar chautvales.yochag dzmao.xom daamtkice rom umagreci xar
judos uyvars simartle
16:49 06-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული