ლარის კურსი, ინფლაცია, ხელისუფლება - ხელფას-პრემიები სპორტსმენთა მღელვარებისა

AutoSharing Option
პრობლემა, რომელიც ძიუდოისტებმა წამოჭრეს, მთლიანად ქართულ სპორტს აწუხებს. მეტიც - ეს ქვეყნის სატკივარია, რადგან საქმე ინფლაციას ეხება. ძიუდოისტების სურვილია, ხელისუფლებამ გადახედოს თავის განკარგულებას და საპრემიო თანხა ინფლაციის დონის შესაბამისად გაზარდოს.

როგორც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ გვითხრა, ეს საკითხი სპორტსმენთა სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს.

"ჩვენი სათხოვარია, თუ შეიძლება, პრემიების გამოყოფისას გაითვალისწინონ ლარის კურსის ცვალებადობა და დღევანდელი კურსის შესაბამისად გაიცეს კუთვნილი საპრემიო თანხა. ეს საკითხი დავაყენეთ წინა მინისტრის - ლევან ყიფიანის წინაშე, რომელიც დაგვპირდა, რომ მთავრობის სხდომაზე გაიტანდა ამ საკითხს.

იმედია, ახალი
მინისტრიც გაითვალისწინებს ჩვენს თხოვნას. მით უფრო, ეს არაა მარტო ძიუდოს სატკივარი, არამედ ყველა იმ სახეობას ეხება, რომელსაც წარმატება მოაქვს და უცხოეთში საქართველოს დროშას მაღლა სწევს" - გვითხრა უზნაძემ.

სპორტსმენთა სატკივარი გასაგებია - ინფლაციის გამო ისინი მართლაც ბევრს კარგავენ (როგორც ქვეყნის ყველა მოქალაქე), თუმცა ძნელი სათქმელია, რა გამოუვათ აქედან. არსებითად, ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილი "საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის N9-ე დადგენილების" შეცვლას ითხოვენ - სწორედ ეს დოკუმენტი განსაზღვრავს სახელმწიფო პრემიების ნიხრებს.

ცხადია, მასში ასანაზღაურებელ ვალუტად ეროვნული ლარია მითითებული და არსადაა ნახსენები დოლარი ან რომელიმე უცხოური ვალუტა. არადა, ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ ამ ნიხრის განსაზღვრისას ორიენტირად აღებულია იმ დროისთვის არსებული დოლარის ძველი კურსი - 1.7.

მაგალითად, ოლიმპიური ჩემპიონის ჯილდოდ დაწესებულია 170 000 ლარი. აშკარაა, რომ ორიენტირად აღებულია 100 000 დოლარი, რომელიც უნდა გაიცეს ლარის ეკვივალენტში. თუ არა ეს, მაშინ რატომ 170 ათასი და არა 150 ათასი ლარი? მაგრამ მარტივი არითმეტიკაა - 100 ათასი დოლარი იმ ხსენებული კურსით ზუსტად 170 000 ლარი გამოდის.

ვერ დავიჩემებთ, რომ მოსალოდნელი ინფლაცია გათვალა, მაგრამ თავი კი დაიზღვია ჭკვიანურად - თუ ადრე მსგავს დოკუმენტებში უმეტესად ეწერა, პრემია გაიცეს X-დოლარის ეკვივალენტი ლარში, ახლა N9-ე დადგენილებაში დოლარის ხსენებაც არაა, იქ პირდაპირ წერია:

"სპორტულ შეჯიბრებებზე მიღწეული შედეგების მიხედვით, დაწესდეს შემდეგი ფულადი პრიზები (ლარებში)". დიახ, სიტყვა "ლარებში" ასე ფრჩხილებშია ჩასმული, დოლარი კი ნახსენებიც არაა.

სწორედ ამიტომ გვეეჭვება, სპორტსმენების თხოვნა დააკმაყოფილონ, თუმცა ჩვენი სურვილიც ეს არის.

ნაკრების უხელფასო წევრები
თუმცა ეს ძიუდოისტების ერთადერთი პრობლემა არაა. პარადოქსია, მაგრამ ხელფასს არ იღებს ნაკრების სამი ისეთი წევრი, რომლებიც სტაბილურადაც შედიან ქვეყნის მთავარი გუნდის შემადგენლობაში და რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის საგზურებისთვისაც იბრძვიან - ლუხუმ ჩხვიმიანი (60), თორნიკე თათარაშვილი (66) და ალექსანდრე მსხალაძე (100).

ეს იმიტომ მოხდა, რომ საქართველოს ჩემპიონატზე სამეულში ვერ მოხვდნენ, სახელმწიფო კი ხელფასს მხოლოდ მედალოსნებს უნიშნავს.

ქვეყნის პირველობაზე ჩხვიმიანი და თათარაშვილი მეხუთეზე გავიდნენ, მსხალაძე კი პირველივე წრეში დამარცხდა. არადა, ამ სამეულიდან სწორედ მსხალაძე ინარჩუნებს რიო დე ჟანეიროს ლიცენზიის მოპოვების ყველაზე დიდ შანსს. პარადოქსია - განა შეიძლება, ოლიმპიური საგზურისთვის მოჭიდავე კაცს ხელფასი არ ჰქონდეს?

ეს საჩოთირო ვითარება მართლაც დიდი პრობლემაა, რომელმაც ქართული სპორტი არაერთხელ დააზარალა. მაგალითად, თავის დროზე სწორედ ამიტომ წავიდა საბერძნეთში თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი ემზარ ბედინეიშვილი - ნაავარიებმა ქვეყნის ჩემპიონატში ვერ იჭიდავა და ხელფასი მოუხსნეს. თავის დროზე საინტერესო ვითარებაში აღმოჩნდა ძიუდოისტი ლევან წიკლაურიც - როცა ევროპირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხელფასს არ იღებდა იმავე მიზეზით, რომ არ იყო ქვეყნის პრიზიორი.

სამწუხაროდ, მსგავსი მაგალითი ბევრია და, ვფიქრობთ, უნდა იყოს რაღაც სარეზერვო ფონდი გამონაკლისი შემთხვევებისთვის.

საქართველოს პრიზიორობაზე ჯერ ისეც რა თანხაა დაწესებული - მესამეპრიზიორი 150 ლარს იღებს! წლეულს ჭიდაობაში ეს თანხა გააორმაგეს (სხვებზე კი ვერაფერს გეტყვით, თავის დროზე ვერ დაგვიდასტურეს), თუმცა ესეც რა ხელფასია. 300 ლარი რიგით მოქალაქეს არ ეყოფა არაფერში, არათუ მაღალი მიზნებისთვის მებრძოლ სპორტსმენს, რომელსაც გაცილებით მაღალი დონის კვება და მოვლა სჭირდება.

ვფიქრობთ, სამინისტრო ასეთ შემთხვევაში ხელს ფედერაციებისკენ გაიშვერს - დამატებითი სახსრები მან მოიძიოსო. ალბათ, ამაშიც არის სიმართლის მარცვალი, მაგრამ ამ პირობებში, როცა ხელისუფლება ვერ ქმნის სათანადო ეკონომიკურ ფონს, როცა არაა პირობები სპონსორობის ინსტიტუტის განსავითარებლად, ფედერაციაც უძლურია.

სამაგიეროდ, ამასობაში სპორტსმენები ზარალდებიან. გამოსავალი ისევ ის არის, ხელისუფლებამ მოიკლოს ფუფუნება და ზემოხსენებული მიზერული ხელფასი გაიმეტოს თავისი მოქალაქეებისთვის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
საბონის, განსხვავება სხვა პროფესიის ხალხთან ისაა, რომ სპირტსმენს სხვანაირი კვება სჭირდება, თუ ყოვედღე ცილოვანი საკვები, თაფლი და ვიტამინები არ მიიღო, აზრი აქვს მის ვარჯიშს, გამოიფიტება და ვეღარაფერს გააკეთებს.
gulSematkivari
13:50 25-05-2015
0
თუ ყველა სპორტსმენს და სხვა უბრალო მოკვდავებს ხელფასები და პრემიები გაუზარდეს და თავის დროზე მისცენ,მაშინ თვითონ რა დარჩებათ?
მურთაზი
22:29 24-05-2015
0

სიახლეები პოპულარული