ირაკლი უზნაძე: მასტერსის ტურნირს მოსამზადებელ ეტაპად განვიხილავთ

AutoSharing Option
ძიუდოისტთა ნაკრები უკვე მაროკოშია, სადაც შაბათ-კვირას მასტერსის სერიის ტურნირში გამოვა. აფრიკაში ამირან პაპინაშვილი (60), ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე - 73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი (ორივე - 90), ლევან მატიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი (+100) იჭიდავებენ.

უშანგი მარგიანი (81) გუნდს ტრავმის გამო ჩამოსცილდა, სხვებმა კი მასტერსზე მოსახვედრად საჭირო ქულები ვერ დააგროვეს. იქ წასვლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელ ირაკლი უზნაძეს წინამდებარე თუ უკვე ჩატარებულ შეჯიბრებებზე ვესაუბრეთ.

- როგორია თქვენი მოსამზადებელი გეგმა ევროპული თამაშებისთვის?
- მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის გაუქმებამ გეგმები აგვირია.
ევროპული თამაშებისთვის მოსამზადებლად ერთთვიანი შეკრება კორეაში გავიარეთ, სადაც 3 სპორტსმენი დარჩა და მწვრთნელ დავით ასუმბანის მეთვალყურეობით ახლაც აგრძელებენ ვარჯიშს - ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვალერი ლიპარტელიანი და ბექა ღვინიაშვილი. ვიასპარეზეთ ზაგრებისა და ბაქოს ტურნირებში, რამაც გამოავლინა გუნდის როგორც დადებითი, ასევე - უარყოფითი მხარეები.

ხორვატიაში დადებითი იყო ლაშა შავდათუაშვილის კარგი ჭიდაობა, დანარჩენებზე კი რა გითხრათ.

ბაქოში სასიამოვნო გახლდათ ახალგაზრდების - ჩხვიმიანის, მარგიანის, მატიაშვილის დადებითი ასპარეზობა... ახლა დაგვრჩა ერთ-ერთი სერიოზული შეჯიბრება - მასტერსის ტურნირი. მას არ განვიხილავთ გადამწყვეტ შეჯიბრებად და მისთვის საგანგებოდ არ ვემზადებით, რომ მთავარი შედეგი იყოს.

ჩვენთვის ეს ევროპული თამაშებისთვის მოსამზადებელი ეტაპია, ბოლო სტარტი, სადაც ევროპულ თამაშებზე დაყენებული ყველა ლიდერი იასპარეზებს, ტრავმირებული მარგიანის გარდა. მასტერსის შემდეგ დასკვნითი შეკრება გვექნება - 16-დღიანი, რომელსაც ყვარელში გავივლით დაახლოებით 35 სპორტსმენით. 23 ივნისს ბაქოში გავემგზავრებით.

- ზაგრებში ნანახით შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ შავდათუაშვილმა დაამთავრა ახალ წონაში ადაპტაცია?
- ის ძალიან მიზანმიმართული სპორტსმენია და მართლაც შეიძლება ითქვას, რომ ადაპტაცია დაასრულა. უკვე წონაც შეივსო, მოღონიერდა და ფიზიკური ძალაც მოემატა. მისი წონა 75 კილომდე ავიდა და უმნიშვნელოდ იკლებს, რაც ძალიან კარგია. ზაგრებში მართლაც კარგი ჭიდაობა აჩვენა და კარგ მეტოქეებსაც მოუგო.

ტექნიკურად გამართულად, დამაჯერებლად იჭიდავა, თუმცა, იმედია, ევროპულ თამაშებამდე კიდევ მოუმატებს. რაც შეეხება ბაქოს "დიდ მუზარადს", იქ არც ვუპირებდით წაყვანას, მაგრამ მასტერსისთვის საჭირო ქულების გამო ვაჭიდავეთ. 3-4 სპორტსმენი ინარჩუნებდა მისი გასწრების შანსს, თუმცა პირველივე წრეში გამოჩნდა, რომ ისინი ამას ვერ შეძლებდნენ. ამიტომ მოტივაციაც ნაკლები ჰქონდა და გადაღლასაც მოვერიდეთ.

- საკმაო საფიქრალს გვიჩენს ქვედა წონების კიდევ ერთი ლიდერი ამირან პაპინაშვილი...
- მოგეხსენებათ, მან შემოდგომაზე ოპერაცია გაიკეთა. მერე იაპონიის შეკრებაზე კი ჩაერთო, მაგრამ იქ კანოს ტურნირზე არ ვაჭიდავეთ, რადგან მაინც არ იყო საამისოდ საჭირო ფორმაში. მჩატე წონებში გამოტოვებული პერიოდის აღდგენა უფრო რთულია და ამან გამოიწვია, რომ წლის დასაწყისში ფორმაში არ იყო, თუმცა ნელ-ნელა, ეტაპობრივად უმატებს.

იმედია, ბაქოს თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ფორმაში იქნება. თუ ფორმაში არ ხარ, ვერც ფსიქოლოგიურად განეწყობი სათანადოდ. ვფიქრობ, ესაა მისი წაგებების მიზეზი, თორემ კარგად ვარჯიშობს და უმატებს. რომის ტურნირის შემდეგ აშკარად უკეთეს ფორმაშია.

- ამასობაში კი ლუხუმ ჩხვიმიანი ძლიერ კონკურენტად ექცა, რომელმაც ბევრად მოუმატა...
- ჩხვიმიანი, ძირითადად, შემართების ხარჯზე ჭიდაობდა, რასაც წლეულს ტაქტიკური მოქმედებებიც მივაყოლეთ და მთელი წლის განმავლობაში სტაბილურად, დამაჯერებლად იჭიდავა. უშიშარი ხასიათი არა მარტო მისი, არამედ მთლიანად ნაკრების დადებითი თვისებაა, ჩხვიმიანი კი ბოლომდე ჭიდაობა და რამდენიმე პაექრობა ასე ბოლო წამებზეც მოიგო. სუნთქვაც კარგი აქვს, მაგრამ ტექნიკური არსენალი უნდა გაამრავალფეროვნოს. თუმცა შარშანდელთან შედარებით, მომატებული აქაც აქვს.

- ისე მოხდა, რომ ჭრიკიშვილმა წააგო ბოლო სამი ტურნირი, სადაც იჭიდავა. მასზე რას იტყვით და ხომ არაა საშიში კორეაში მიღებული ტრავმა?
- ჩავარდნა სპორტის შემადგენელი ნაწილია და ყველა შეჯიბრებაზე ჩემპიონი ვერ გახდები. მთავარია, ფორმის პიკს იქ მიაღწიო, სადაც საჭიროა. მსოფლიოს პირველობის შემდეგ ჭრიკიშვილი დავასვენეთ და აქედან გამომდინარე, ოპტიმალურ ფორმაში არ იყო. ამ ეტაპზე საგანგაშო არაფერია, შემართებით ემზადება და ვიმედოვნებთ, სეზონის მთავარ შეჯიბრებებზე იმ შედეგს აჩვენებს, რასაც მისგან ველოდებით. კორეაში მიღებული ტრავმა კი საშიში არაა. ტკივილები მაინც აქვს, მაგრამ იქაურმა ექიმებმა საშიში ვერაფერი დაინახეს. ჩვეულებრივად ვარჯიშობს.

- იჭიდავებს თუ არა ის კვლავაც ტექნიკურად, შემტევ სტილში?
- საჭიდაო ტაქტიკას მეტოქის ფაქტორიდან გამომდინარე ვარჩევთ. მისგან უპირველესად ხომ ის გვინდა, შედეგი დადოს. თან ოფიციალურ შეჯიბრებებზე ვამჯობინებთ, სანახაობაზე მეტად შედეგზე იყოს ორიენტირებული, რასაც ევროპისა და მსოფლიოს ბოლო ორ-ორ შეჯიბრებაზე წარმატებით აკეთებს.

- მარგიანის ჭიდაობაში რა შეცვალეთ, წლეულს რომ ასე მომატებულია?
- ის წინა წლებშიც კარგად ჭიდაობდა, მაგრამ ასეთი დონე არ უჩვენებია. ტექნიკურად აშკარად მოუმატა, ილეთებს აკეთებს და თან ზუსტად საჭირო დროს... კარგადაც ვარჯიშობს, ფიზიკურადაც კარგადაა მომზადებული, ხასიათიც კარგი აქვს და, იმედია, კიდევ მოუმატებს.

- 90 კილოგრამში მასტერსისგან რას ელოდებით?
- როგორც გითხარით, შედეგი არაა მთავარი და უფრო ევროთამაშებისთვის სარეპეტიციოდ განვიხილავთ. ამ წონის ორივე ლიდერი - ლიპარტელიანიც და ღვინიაშვილიც საკმაოდ კარგ ფორმაშია. ლიპარტელიანი წონის ლიდერია და არაერთხელ იტყვის თავის სიტყვას; ღვინიაშვილი კი მზარდი სპორტსმენია, ვისაც ჭიდაობის საინტერესო სტილი აქვს. იმედია, ეს კონკურენცია ორივეს წაადგება.

- მძიმე წონაში ლიდერებად კი ვრჩებით, მაგრამ ადამ ოქრუაშვილმა ვერაფრით დაძლია კრიზისი, ლევან მატიაშვილი კი ცოტა არათანაბრად ჭიდაობს...
- მატიაშვილს რაც შეეხება, არაა აუცილებელი, ყველა ტურნირზე შედეგი აჩვენო. რეიტინგიდან გამომდინარე, დღეს აუცილებელია ყველგან ჭიდაობა, რომ არ ჩამორჩე, თორემ იმიტომ არ დავდივართ, რომ ყველგან ოპტიმალურ ფორმაში ვიყოთ და ყველგან შედეგი ვაჩვენოთ. ის ბაქოში ფორმაში ახლა რომ ყოფილიყო, მაშინ ვერ იქნებოდა ევროთამაშებზე. არადა, გათვლას იმ შეჯიბრებაზე ვაკეთებთ. მან თბილისში უფრო მაღალი დონის ჭიდაობა თუ აჩვენა, მაშინ ევროპის ჩემპიონატისთვის ვემზადებოდით და პიკზე გადიოდა, ახლა კი მზადების სხვა ეტაპზე იყო. მისი თითქოს არასტაბილურობის მიზეზიც ესაა.

ოქრუაშვილისგან ნამდვილად უკეთეს ჭიდაობას ველოდით. მას 10 კილო დაკლებული ჰქონდა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი უნდა დაიკლოს. მისი წონაც ესაა, თორემ კორეაში კარგად ვარჯიშობდა.

- 66-სა და 100 კილოგრამებში კვლავ რჩება საკადრო პრობლემები. რატომ ვერ მოხერხდა მათი აღმოფხვრა და ახალი თაობა რატომ ვერ უწევს ლიდერებს სათანადო კონკურენციას?
- 66-ში ყველა კანდიდატმა თითო მედალი მაინც დადო. ამ წონაში მაინც ვაჟა მარგველაშვილს ვეყრდნობით, რომელიც ლიცენზიის მოპოვების კარგ შანსს ინარჩუნებს, 100-ში კი კანდიდატებად ალექსანდრე მსხალაძე და ალექსანდრე ზაალიშვილი რჩებიან, რომელმაც რამდენჯერმე კარგად წარმოაჩინა თავი. ვფიქრობ, ახალგაზრდებს ჯერ დრო, გამოცდილება და უფრო მეტი ვარჯიში სჭირდებათ ლიდერებში დასამკვიდრებლად.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული