კლუჟი. "ევროპის ღია თასი": ონისე ბუღაძემ გოლიათი მოცელა [VIDEO]

AutoSharing Option
ჩვენმა ძიუდოისტთა ნაკრებმა 2 მედალი - თითო ოქრო და ბრინჯაო მოიპოვა რუმინულ კლუჟში, "ევროპის ღია თასზე". ჩემპიონი მძიმეწონოსანი ონისე ბუღაძე გახდა, ბრინჯაო კი ვაჟა მარგველაშვილმა (66) დაიმსახურა.

მესამე საპრიზო ადგილზე გასვლის შანსი დაკარგეს ლაშა ტაველურმა და ალექსანდრე ზაალიშვილმა (ორივე - 100), რომლებიც მეხუთეზე დარჩნენ. მეშვიდე ადგილზე დაასრულეს გამოსვლა შალვა ქარდავამ და თორნიკე თათარაშვილმა (ორივე - 66).

ჩვენი ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში მეცხრეზე გავიდა, ვაჟთა შორის კი - მეხუთეზე.

თუმცა ჩვენები იქ არასრული გუნდით გამოდიოდნენ - მხოლოდ სამ წონაში გვყავდა წარმომადგენელი.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ აქცენტი იმ ორ წონაზე გააკეთა, სადაც ეროვნულ გუნდში ჩავარდნაა - 66 და 100 კილოგრამებზე. ამ წონებში კვოტა მაქსიმალურად გამოიყენა - 4-4 კაცი გააგზავნა, რომლებსაც ორი მძიმეწონოსანი დაამატა.

66-ში მარგველაშვილმა დაამტკიცა, რომ სადღეისოდ წონის პირველი ნომერია, რომელმაც წარმატებით ჩაანაცვლა აქამდელი ლიდერი ქარდავა. მართალია, მარგველაშვილი საქართველოს მოქმედი ჩემპიონია და რიგ ტურნირებში საკმაოდ დამაიმედებელი ჭიდაობაც აჩვენა, თუმცა ჯერ მაინც გამოუცდელია, აკლია სტაბილურობა, ჯერ კიდევ არაა მზად წონის ლიდერებთან ტოლ-სწორად საპაექროდ.

ამასთან, სხვა კონკურენტებიც აჩვენებდნენ იმ დონეს, რომ, მინიმუმ, შანსს მაინც იმსახურებდნენ, ახლა კი მარგველაშვილი უფრო გამოიკვეთა. რაც მთავარია, მან დამამშვიდებელში პირადი შეხვედრა მოუგო ქარდავას. არადა, წინა გვარდიის წარმომადგენელი ქარდავა ჯერ კიდევ გვირგვინივით ადგა თავზე ამ წონას, თუმცა ამჯერად მარგველაშვილმა პირწმინდად აჯობა ჭიდაობით, რისი დასტურიც ვაზარ-იპონია.

მან ქვეჯგუფშიც საკმაოდ დამაჯერებლად იასპარეზა და იქაც წმინდად მოიგო პაექრობები - ებრაელ დმიტრო რასკინთან და სერბ მარკო ვუკიჩევიჩთან. ჩვენებური მეოთხედფინალში, ძირითადად, გამოუცდელობის გამო, რაც მოდუნებაში, კონცენტრაციის დაკარგვაში გამოიხატა, დამარცხდა სლოვენიელ ადრიან გომბოცთან - ბოლო 12 წამში ვერ შეინარჩუნა უპირატესობა, ბრინჯაოსთვის პაექრობაში კი საიპონოდ გამოცერა ბრიტანელი ლევის კებლე.

ამ წონაში მეოთხედფინალში ოთხიდან სამმა ქართველმა იჭიდავა და სანუგეშოშიც ოთხიდან სამი ჩვენებური იყო - ქარდავა, მარგველაშვილი და თათარაშვილი. ნაადრევად მხოლოდ ტრისტან ფეიქრიშვილი დამარცხდა - თურქ სინან სანდალთან.

ქარდავამ კუბელ კარლოს ტონდიქისთან წმინდად, ესპანელ ადრიან ფერნანდეს ლაბრადოსთან ვაზარით მოგებების შემდეგ რუს იაკუბ შამილოვთან წააგო, თუმცა მისი ჭიდაობა მოგებულ პაექრობებშიც უკეთესის სურვილს ტოვებდა.

თათარაშვილმა მოლდოველი გეორგე ბლანარუ დააიპონა, საკმაოდ ძლიერი ფრანგი ჟულიენ ოტავიენი კი გაფრთხილებებით ჩამოიცილა გზიდან. ამის შემდეგ ჯერ კებლესთან დამარცხდა და დამამშვიდებელში გადაერთო, იქ კი ასევე გამოცდილ სლოვენიელ ანდრაზ იერებთან წააგო.

100 კილოგრამში ყველაზე საწყენი ოლიმპიური ლიცენზიისთვის მებრძოლი ალექსანდრე მსხალაძის მარცხი იყო პირველივე წრეში იტალიელთან, ვინმე ვინჩენცო დ'არკოსთან. ეტყობა, ამ წონაში ხელი უნდა ავიღოთ ლიცენზიაზე ფიქრისგან და მომავალზე ვიფიქროთ ან აქცენტი სხვაზე გავაკეთოთ, თუმცა დანარჩენებს ორმაგად გაუჭირდებათ მისი მოპოვება, რადგან ნულიდან უნდა დაიწყონ ქულების დაგროვება.

სამაგიეროდ, ზაალიშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ტრავმირებულ გურამ თუშიშვილთან ერთად ამ წონაში მომავლის ფალავანია. თუმცა მათ დავაში ტაველურსაც თავისუფლად შეუძლია ჩარევა, იმდენად დამაიმედებლად იასპარეზა.

ზაალიშვილ-ტაველურის დუეტიდან კლუჟში თავიდან უფრო შორს ზაალიშვილი წავიდა - ნახევარფინალში გავიდა, ტაველური კი მეოთხედფინალში ძლიერ უკრაინელ არტემ ბლოშენკოსთან დამარცხდა. მანამდე ხანგრძლივი პაუზის მერე დაბრუნებულმა ტაველურმა რუსი მაქსუდ იბრაგიმოვი დააიპონა, ხოლო უნგრელ გერგო ფოგასს იუკოთი აჯობა. დამამშვიდებელში მან ჩერნოგორიელი ნიკოლა ვულევიჩი ვაზარ-იპონით კი დაამარცხა, მაგრამ ფეხიც იტკინა და ჰოლანდიელ მიხაელ კორელთან ვერაფერს გახდა.

ზაალიშვილმა ჯგუფში ებრაელი პეტერ პალჩიკი და უკრაინელი დმიტრო ლუჩინი შემუსრა, ვულევიჩს კი იუკოთი მოუგო. ნახევარფინალში მანაც ბლოშენკოსთან წააგო, ვინც, რეალურად, ძლიერია ჩვენს ახალგაზრდებზე. ზაალიშვილს მოგება უფრო ფრანგ კლემენტ დელვერთან მართებდა ბრინჯაოსთვის შეხვედრაში, მაგრამ ოთხი გაფრთხილება მიიღო.

ბუღაძემ საოცარი ბრძოლა მოიგო ფინალში მასპინძელთა გიგანტ დანიელ ნატეასთან. რუმინელი ტანდაბალ ქართველზე იმდენად მაღალია, ეს პაექრობა დავითის და გოლიათის ბრძოლას ჰგავდა. რუმინელი პერიოდულად ხელებს რომ ასწევდა "დასაფერთხად", ისეთი სურათი იყო, დათვი გრიზლი კურდღლის წინაშე ყალყზე რომ დადგება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თუმცა ფიზიკურ უპირატესობას გამოყენება უნდა, რისი შნოც დონდლო ვლახს არ აქვს. მას თბილისში ლევან მატიაშვილმაც მოუგო, თუმცა მასტერსზე ადამ ოქრუაშვილი დაგვიმარცხა. ბუღაძემ მას გაფრთხილებაც მიაღებინა, მერე კი ვაზარზეც გამოცერა.

ბუღაძემ პირველივე შეხვედრაშიც დაამწუხრა მასპინძლები, როცა ვლადუტ სიმიონესკუ დააიპონა. ამას ფრანგ მესიე კატანგასთან იუკო-ვაზარ-იპონი მიაყოლა, ნახევარფინალში კი უკრაინელი ანტონ რუდნიკიც ვაზარის შემდეგ ბეჭებზე დადო.

ამ წონაში ვახტანგ ოქრუაშვილიც ჭიდაობდა, მაგრამ პირველივე წრეში უკრაინელ ანდრეი კოლესნიკთან წააგო.

კლუჟში ჩემპიონი კიდევ ერთი ქართველი გახდა - საქართველოდან წასული ბეთქილ შუკვანი (60), ოღონდ ის ახლა თურქეთის სახელით გამოდის ბეკირ ოზლუს გვარ-სახელით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებები ონისე შენ და საქართველოს ნაკრებს.
nozadze
20:36 04-06-2015
0
მაგარი ხარ
tako
00:38 02-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული