ქართველი ძიუდოისტები ფუძეს ითხოვენ - ინტერვიუ დავით ქევხიშვილთან

AutoSharing Option
ძიუდოს ფედერაცია ისევ საკუთარ კერას ითხოვს, ანუ კვლავ აგრძელებს მოლაპარაკებას სახელმწიფოსთან ფედერაციის შენობის მათთვის გადაცემაზე.

როგორც ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი ამბობს, ამ შენობის გადაცემა თუნდაც ხანგრძლივი პერიოდით და არა სამუდამოდ, ბევრად წაადგება ძიუდოს განვითარებას, რადგან ასაკობრივ თუ ეროვნულ ნაკრებებს, ზოგადად - ქართველ ძიუდოისტებს ექნებათ საკუთარი ბაზა, სადაც ერთობლივ შეკრებებსაც გამართავენ, იმუშავებს აკადემია და თვითონ შეინახავენ საკუთარ თავს, სახელმწიფოს გამოათავისუფლებენ ბევრი ფინანსური ვალდებულებისგან.

ან კი ვისი მტკიცება სჭირდება იმ მარტივ ამბავს, რომ საკუთარი ფუძე ყველას და ყველაფერს სჭირდება. ქევხიშვილს დიდ იმედს
აძლევს სპორტის ახალი მინისტრის დამოკიდებულება საკითხისადმი, რომელიც თურმე ეთანხმება მათ პოზიციას.

თუმცა ქვემორე ინტერვიუში ფედერაციის პრეზიდენტი სხვა საინტერესო საკითხებზეც ამახვილებს ყურადღებას, იდეები კი, იცოცხლეთ, ნოვატორ კაცს ბევრი აქვს. რაც მთავარია, მისი ყველა ჩანაფიქრი პრინციპულად განსხვავდება ქართულ სპორტულ წრეებში დღეს გაბატონებული მოსაზრებისგან.

ვნახოთ, რამდენად აღმოჩნდება ქვეყანა მზად მათ მისაღებად.

- როგორც ვიცით, დარბაზის გადმოცემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებთ ხელისუფლებასთან. რა ვითარებაა ამ მხრივ?
- ისევ ისეთივე ვითარებაა - მაქსიმალურად ვცდილობთ, დავასაბუთოთ, რატომაა ეს აუცილებელი ჩვენთვის, ამას თუ კიდევ დასაბუთება სჭირდება. შენობა მერიის ბალანსზეა და პირად საუბრებში არ ამბობენ ამას, მაგრამ რასაც ვუყურებ, რაც მესმის და როგორი ინფორმაციებიც მოდის, ზოგს უჩნდება სურვილი, რომ მათ ბალანსზე იყოს და ისევ მათ მართონ.

ეს მიუღებელია ჩვენთვის - ასეთი მოდელი ხომ არსებობდა აქამდე და ჩვენი ხედვები ხელს უშლის ერთმანეთს, ცუდია ობიექტის განვითარების კუთხითაც. შეიძლება მათი გეგმები არ ემთხვეოდეს ჩვენსას. ფედერაციამ შეიმუშავა ძიუდოს განვითარების გეგმა, სადაც ლაპარაკია სხვადასხვა პროექტზე, რისი ამუშავებაც გვინდა. მათი ნაწილი უკვე დავიწყეთ, მაგალითად - ძიუდოს აკადემია, ნაწილიც დასაწყებია, ამ გეგმებში კი ვერანაირად ვერ ჯდება მმართველობის ასეთი ფორმა.

მნიშვნელოვანია, რომ ეს შენობა საკუთრებაში თუ არა, 50-წლიანი უზურფრუქტით მაინც გადმოგვეცეს.

- მოდით, უფრო დავაკონკრეტოთ, რატომ უშლის ხელს მმართველობის ასეთი ფორმა ძიუდოს განვითარებას?
- მაგალითად, აქამდე ასე იყო: თითქოს ეს ბაზა გადმოსცეს ფედერაციას, რეალურად კი სპორტსმენთა მოსამზადებლად და ტურნირებზე წასასვლელად გამოყოფილი ბიუჯეტიდან 70 ათას ლარს ისევ მერიას ვუხდიდით იჯარის ქირას. ფაქტობრივად, ჩვენ ვინახავდით ყველაფერს, ისინი კი განაგებდნენ. თან როგორ: მერიას როცა დასჭირდებოდა, ჩაატარებდა ნებისმიერ ღონისძიებას, მათ შორის - არასპორტულსაც. მაგალითად - კონცერტს, რითიც ჩვენც გვეშლებოდა ხელი - ნაკრები ვერ ვარჯიშობდა იქ, როცა სჭირდებოდა; ფუჭდებოდა ტატამი, რომელზეც ფეხით გადადიოდნენ; ნადგურდებოდა ჩვენი ინფრასტრუქტურა...

როცა ფედერაციის პრეზიდენტი გავხდი, შეგნებულად არ გავუფორმე იჯარა და არ გადავუხადე ეს 70 000 ლარი, რომელიც სპორტსმენებს მოვახმარე. ჩვენ ვიხდით კომუნალურ გადასახადს, რაც მიზერულია ამ თანხასთან შედარებით. მერია აქირავებდა ამ დარბაზებს და აქედანაც შემოსავალი ჰქონდა. შენობის ნაწილი ახლაცაა გაქირავებული ტრენაჟორებისთვის. თან ბავშვებს 35 ლარს რომ ახდევინებდნენ ვარჯიშის ქირას, იქიდან მხოლოდ 15 ლარი რჩებოდა მწვრთნელს, დანარჩენი კი ამ აიპ-ს მიჰქონდა, ანუ კომერციული ობიექტი გამოდიოდა.

ფაქტობრივად, ბავშვების მიერ გადახდილი ფული ძიუდოს კი არ ხმარდებოდა, მათ ხელფას-პრემიებში მიდიოდა.

მოკლედ, რამდენად ვზარალდებით მმართველობის ასეთი ფორმით: ვკარგავდით 70 000 ლარს; ხელი გვეშლებოდა ვარჯიშში და ზიანდებოდა ჩვენი ინფრასტრუქტურა; ფაქტობრივად, ყვლეფდნენ ბავშვებს, რადგან მუშაობდნენ მწვრთნელები და ფული სხვას მიჰქონდა.

რეალურად, ამ ყველაფერს ჩვენ ბევრად უკეთ გავაკეთებთ და ძიუდოს განვითარების გეგმაშიც ამას ვამტკიცებთ. თან ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ მარიუს ვიზერისგანაც მოგვივიდა წერილი, რომ თუ ეს ბაზა ჩვენი იქნება, მზადაა, ბევრი პროექტის განხორციელებაში დაგვეხმაროს, რათა თბილისი გახდეს ერთ-ერთი ისეთივე დიდი ცენტრი, როგორიცაა, მაგალითად, პარიზი.

ერთი სიტყვით, ძალიან ბევრი არგუმენტია, რომ ამის გაკეთება ხელსაყრელი იქნება არამარტო ძიუდოსთვის. ამით მერიას, პირიქით, ვათავისუფლებთ იმ 70 ათასი ლარისგან და მას შეუძლია, ეს თანხა სოციალური სფეროსკენ მიმართოს, თორემ მისი ფუნქცია სულაც არაა დარბაზების შენახვა.

რემონტის შემდეგ აქ ახალი აგრეგატები დააყენეს და სრული დატვირთვით თუ იმუშავებს, შეიძლება კომუნალური ხარჯები კი ავიდეს 70 ათასზე, მაგრამ არც ამის გადახდა იქნება პრობლემა.

ჩვენ თავად შევინახავთ საკუთარ თავს და სპორტსმენებისთვის უკეთეს პირობებს შევქმნით. ეს დარბაზი, გარკვეულწილად, აქეთ შეგვინახავს, სახელმწიფომ თუ შეძლო დასახული პროექტის განხორციელება და აქ ჩასახლებული დევნილები მართლაც დააკმაყოფილა თბილისის ზღვაზე, ოლიმპიურ სოფელში მშენებარე ბინებით. მაშინ შენობის იმ ნაწილში სასტუმრო გაკეთდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

- მთავარი მაინც ისაა, რომ ნაკრებისთვის გაშენდება ბაზა, შესაძლებელი გახდება საერთაშორისო ცენტრის შექმნა...
- ნაკრების ბაზა ყველაზე მნიშვნელოვანია, ცენტრის შესაქმნელად კი აუცილებელია სასტუმრო. აქედან დევნილებს თუ გაიყვანენ, არ გაგვიჭირდება კერძო ინვესტორის მოძებნა, როგორც საერთაშორისო ფედერაცია გამოთქვამს ამისთვის მზადყოფნას. ამას მარტივად შევძლებთ, ხოლო ქართველებთან ვარჯიშზე რა მოთხოვნაცაა, ეს ყველამ კარგად იცის.

თუმცა ეს არ იქნება მხოლოდ საერთაშორისო ცენტრი, ვგეგმავთ ადგილობრივი კემპის შექმნასაც, როცა ყოველ კვირას რაიონებიდან ჩამოვიყვანთ მოზარდებს სავარჯიშოდ.

თავისუფალ დროს იმავე ბიზნესისთვის ჩვენ გამოვიყენებთ, რაც ფედერაციისთვის შემოსავლის დამატებითი წყარო იქნება. თავის მხრივ, ეს საშუალებას მოგვცემს, გადავჭრათ ის პრობლემები, რაშიც სამინისტრო ვერ გვეხმარება. მაგალითად, ნიჭიერი ახალგაზრდების შემწეობა, რომლებიც ვერ ხვდებიან სახელფასო ნუსხაში, ვეტერანები, სოციალური პროექტები და სხვა.

- სამინისტროსა და მერიასთანაც გექნებოდათ ამაზე საუბარი. საინტერესოა მათი პოზიცია...
- სამინისტრო გვეთანხმება, მინისტრი იზიარებს ჩვენს პოზიციას, რომ ასეთი გარანტიების შემდეგ ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა ზემოჩამოთვლილს, რაც კარგი პრეცედენტი იქნება. მისი ხედვითაც ბიუჯეტს - ადგილობრივსაც და ცენტრალურსაც რაც შეიძლება მეტად უნდა ჩამოშორდეს ხარჯები.

სამინისტროდან ყველანაირ მხარდაჭერას ვგრძნობთ, მერიასთან ურთიერთობა კი ცოტა რთულია. სამინისტროში შეხვედრა, დალაპარაკება არანაირი სირთულე არაა, მერიასთან კონტაქტი კი ძალიან გვიჭირს.

თუმცა არამარტო ამ საკითხზე. მაგალითად, ახლა რამდენიმე ადგილობრივ მწვრთნელს გაუუქმეს 500-ლარიანი ხელფასი, რაზეც ფედერაციამ წერილიც მისწერა, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია.

- ცოტა ხნის წინათ ტელევიზიაში განაცხადეთ, რომ ახალ სახელფასო სისტემაზე ფიქრობთ, რაც რეიტინგიდან იქნება გამომდინარე…
- ამაზე ნაკრების მთავარ მწვრთნელ ირაკლი უზნაძესაც ვესაუბრე, რომელიც ცალსახად მხოლოდ რეიტინგებიდან გამომდინარე ანაზღაურების მომხრე არაა. უბრალოდ, მითხრა, რომ ამის ზევით დანამატი თუ იქნება, აჯობებსო. მაგრამ მთავარია, ამაზე სამინისტრო რას გვეტყვის. მათთანაც გავივლით კონსულტაციებს და მერე ჩამოვყალიბდებით.

სამინისტრო თუ არ დაგვეთანხმა, მაშინ საქართველოს პირველობის მედალოსნებისთვის ანაზღაურება უნდა გაიზარდოს, მაგრამ საკითხავია, ეს რამდენად უშველის ამ პრობლემას.

ამ წუთას გამოკვეთილი კონკრეტული ხედვა არც მე მაქვს, მაგრამ მსურს, ეს საკითხი იყოს დღევანდელზე უფრო კარგად მოგვარებული. ლაპარაკია წამყვანი სპორტსმენების სოციალური ფონის გაუმჯობესებაზე. აგრეთვე, იმათზე, ვისაც სულ ერთი ნაბიჯი აკლია ეროვნულ ნაკრებში მოხვედრამდე.

არადა, ძირითადი პრობლემა მათთან მიმართებაშია, თორემ ვინც გუნდში ხვდება და ევროპა-მსოფლიოზე შედეგსაც აღწევს, მათ საქართველოს პირობებიდან გამომდინარე, ნორმალური ანაზღაურება აქვთ. თუმცა არის კატეგორია, რომელიც ჯერ ვერ ხვდება იქ, მაგრამ ამის შესაძლებლობა გააჩნია.

ერთ-ერთ მეთოდად მიმაჩნია, რომ საერთაშორისო რეიტინგში წინსვლა აისახოს მათ ანაზღაურებაზე, თუმცა ეს მაინც საერთო განხილვის საგანია. შეიძლება, ეს მიდგომა სხვა სახეობებს არ გამოადგეთ, რადგან იქ არაა რეიტინგები. საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს ეს ალტერნატივა, თუმცა ეს მსჯელობის საგანი უნდა იყოს.

- დიდწილად, ეს რეზერვის აღზრდის პრობლემასაც გამოასწორებს, თორემ საერთაშორისო რეიტინგს თუ გადავხედავთ, იმ ერთი-ორი ლიდერის გარდა, ასეულში ან საერთოდ არ გვყავს არავინ, ან - ძალიან უკან არიან...
- ამ კუთხით მართლაც ბევრია სამუშაო და ეს მიდგომა მართლაც დიდწილად გამოასწორებს პრობლემას, თუმცა დღეს ბევრ წონაში უკვე გვყავს 2, ზოგჯერ კი 3 ხეირიანი ფალავანი. თუმცა, ბუნებრივია, არაა საკმარისი, ეს მიდგომა კი მართლაც დაეხმარება პრობლემის მოგვარებას. ასევე დაეხმარება ძიუდოს აკადემიის საკითხიც - აქედან მიღებულ შემოსავალსაც მივახმართ ამ საქმეს.

- ქალთა ძიუდოში თუ იგეგმება ახალი რეფორმები?
- სამწუხაროდ, დიდი პროექტებით ვერ დავიკვეხნით. ერთადერთი, რასაც ვაკეთებთ, არსებული შევინარჩუნეთ, თუმცა ცოტა წინაც წავედით - შეჯიბრებებზე გამოსვლის უფრო მეტ შესაძლებლობას ვაძლევთ. სამწუხაროდ, ეს არ ზრდის მათ კონტინგენტს... ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, მასობრიობის გაზრდა ძნელიცაა.

- რამდენჯერმე ახსენეთ ძიუდოს აკადემია... შეუდგა ის სრული დატვირთვით მუშაობას?
- კი, უკვე მუშაობს და 20 მწვრთნელიც გადის მომზადებას. ყველამ ჩააბარა გამოცდების პირველი ეტაპი, თუმცა მთავარი წინ ელოდებათ - ოლიმპიური ფესტივალის შემდეგ ბუდაპეშტის აკადემიიდან კომისრები ჩამოვლენ, რომლებიც საბოლოო გამოცდას ჩაუტარებენ. ვინც ჩააბარებს, შესაბამის სერტიფიკატსაც მიიღებს; ვინც ვერ ჩააბარებს, მას მეორედ მოუწევს მომზადება. ეს დიპლომი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

ჩვენ თავიდანვე გვინდოდა, რომ ეს ყოფილიყო, პრაქტიკულად, მუშა აკადემია და არა მხოლოდ ტრაფარეტზე დაწერილი სახელწოდება. ამას ვუკავშირებთ ფსიქოლოგიური მზადების ცენტრის შექმნას, რაც უკვე დავიწყეთ და ისტორიაში პირველად, ჭაბუკთა ნაკრებს ხვალ ტურნირზე ფსიქოლოგიც გაჰყვება პოლონეთში - სოფო ტაბაღუა. მან ჯერ ჭაბუკებში დაიწყო მუშაობა, რადგან მიგვაჩნია, რომ ამ საფეხურიდან უფრო იოლია დაწყება, ვიდრე - უფროსებიდან.

ფედერაციაში ფსიქოლოგის კაბინეტი იქნება, სადაც ნებისმიერ სპორტსმენს, მწვრთნელს შეეძლება მოსვლა და კონსულტაციების მიღება. მას ჩვენ ვუხდით ხელფასს და გვინდა, სპორტულ ფსიქოლოგიაში ჩვენც გავიზარდოთ. ამიტომ დავიწყეთ ეს ჭაბუკებიდან და გვინდა, მწვრთნელებსაც ვასწავლოთ. ეს მათთვისაც უცხო ხილი იყო, მაგრამ ახლა თავადაც ნახეს, რაოდენ მნიშვნელოვანია.

ასევე აღსანიშნავია სასწავლო ცენტრის გახსნა აკადემიაში. ერთ კვირაში მივფრინავ ბუდაპეშტში, სადაც იქაურ აკადემიაში მეორე კურსს ვხურავ და მერე იმ მეორე კურსის პროგრამის გადმოქართულებასაც დავიწყებთ. აქვე გეტყვით, რომ მეორე კურსზე ისწავლება ისეთი სპეციფიკური თემები, როგორიცაა ერთწლიანი, ოთხწლიანი ან თუნდაც ერთთვიანი საწვრთნელი ციკლის დაგეგმვა.

გვინდა, აკადემიაში იყოს სათანადო აპარატურით აღჭურვილი აუდიტორია, სადაც მოხდება ორთაბრძოლების, ცალკეული მომენტების გარჩევა, გამოცდილების გაზიარება და ასე შემდეგ. გვსურს, ერთი დარბაზი გამოვყოთ ძიუდოს ფიზიკური მომზადების სპეციფიკური ცენტრის მოსაწყობად, სადაც შტანგების გარდა, სხვა სპეციალური მრავალფეროვანი ინვენტარიც იქნება. ვაპირებთ მუზეუმის შექმნასაც.

გვინდა ისეთი სივრცე, სადაც მომავალი თაობა დაინახავს, რამხელა სულს, რამხელა ისტორიას იტევს, რაც მათ სამომავლოდ გაუადვილებს მედლებისთვის ბრძოლას. ვაპირებთ ვიდეოთეკის შექმნასაც, ოღონდ ცოტა განსხვავებულის - გვინდა, იყოს კაფეც, სადაც სათანადო სერვისსაც და ძიუდოსთვის აუცილებელ ინფორმაციასაც მიიღებ. ამისთვის კი აუცილებელია, ეს ყველაფერი სამართლებრივად მოწესრიგდეს და ამიტომ გვინდა ამ ბაზის გადმოცემა, თორემ დღეს ამ კაბინეტში მეც ვზივარ და მეორეში სხვასაც დავსვამ. თუმცა ეს არაა ყველაფერი.

- ხომ არ აპირებთ სპორტსმენთა რანგირებას და მათთვის გადასახადის დაწესებას, როგორც ეს უცხოეთშია მიღებული? ეს ხომ ფედერაციისთვის შემოსავლის წყაროა...
- 2016 წლის შემდეგ ისევ თუ გავაგრძელებთ მუშაობას ფედერაციის ხელმძღვანელად, ამ მოდელზე აუცილებლად გადავალთ. საწევრო შენატანები ფედერაციის შემოსავლის წყარო იქნება. ყველა ტურნირი, რომელსაც რაიონები თუ ცალკეული დარბაზები ატარებენ და ფინანსების არქონის გამო ჩვენ ვერ ვერევით მათ საქმიანობაში, მხოლოდ მსაჯებს ვახმართ ხანდახან, გვინდა, მოვაქციოთ ფედერაციის კონტროლში. ისინი ისედაც კომერციული შეჯიბრებებია, რადგან ბავშვებს საწევროს ახდევინებენ, ამ თანხას კი მსაჯების ანაზღაურებას მოვახმართ.

ეს არ იქნება მოგებაზე გათვლილი. ამასთან, გადავიღებთ ყველა შეჯიბრებას და გვინდა, ეს ყველაფერი ინტერნეტტელევიზიებით პირდაპირ ეთერში გავუშვათ, როგორც ამას აკეთებს, მაგალითად, ippon.tv. ერთხელ ვცადეთ ეს, მაგრამ ახლა დავხვეწთ და ბევრად უკეთესი ხარისხი იქნება. ეს საშუალებას მისცემს მშობელს, სახლიდან უყუროს თავისი შვილის ჭიდაობას და არ გაჰყვეს მას შეჯიბრებაზე სხვა ქალაქში. ამით ძიუდოს ბიზნესკუთხითაც განვავითარებთ, რაც მერე ისევ ძიუდოს დაუბრუნდება და მასობრიობის გაზრდასაც შევუწყობთ ხელს.

ძალიან ბევრი პროექტია და ეტაპობრივად გვინდა ყველას განხორციელება, თუმცა მთავარი ამ ბაზის საკითხია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული