უნგრეთის "დიდი პრიზი": ესტერ სტამმა რეიტინგში 60 ქულა შეიმატა

AutoSharing Option
ამ უქმეებზე უნგრეთში "დიდი პრიზის" შეჯიბრება გაიმართა, რომელშიც საქართველოს 5 წარმომადგენელი გამოდიოდა - 4 ვაჟი და 1 ქალი. ჩვენგან სხვებზე უკეთ სწორედ მანდილოსანმა იასპარეზა - ესტერ სტამი (70) მეხუთეზე გავიდა.

მან პირველ შეხვედრაში ვენესუელელი ელვისმარ როდრიგესი იუკოთი დაამარცხა, ანგოლელი ანტონია მორეირა კი დააიპონა. მეოთხედფინალში სტამი ესპანელთა მომავალ ჩემპიონ მარია ბერნაბეუსთან უკვე თვითონ დავარდა იპონზე და სანუგეშოში გადაინაცვლა. იქ კუბელ ალდამა ონიქს კორტესს ჯერ ვაზარი აართვა, მერე კი ისიც ბეჭებზე დააწვინა და დამამშვიდებლის ფინალში გავიდა.

სამწუხაროდ, მეტის მოგება ვერ შეძლო -
მსოფლიოსა და ევროპის ვიცე-ჩემპიონ გერმანელ ლაურა ვარგას-კოჩთან გაფრთხილებებით წააგო. მეხუთეზე გასვლით სტამმა რეიტინგში 60 ქულა შეიმატა.

სამწუხაროდ, ჩვენი ბიჭები უფრო სუსტად გამოვიდნენ - მედალს ვინ დაეძებს, სანუგეშო წრესაც კი მხოლოდ ერთმა, ლუხუმ ჩხვიმიანმა უწია. ის ჯგუფში უნგრელ აკოშ ვარტასთან იპონით, ხოლო მაროკოელ მოჰამედ ჯაფისთან გამარჯვებების შემდეგ ჩვენთვის წლეულს ავბედითად ქცეულ უზბეკ შარაფუდინ ლუტფილაევთან ცხარე ბრძოლაში დამარცხდა - ორივეს თითო ვაზარი ჰქონდა, თუმცა ჩვენებურმა 3 გაფრთხილება მიიღო აზიელის 1-ის წილ...

საინტერესოა, რომ უზბეკმა წლეულს ოთხივე შეხვედრა მოუგო ჩვენებურებს - ჩხვიმიანსაც 2-ჯერ მოუგო და ამირან პაპინაშვილსაც.

ამჯერად ჩხვიმიანი სანუგეშოში კი გადავიდა, მაგრამ პირველივე პაექრობა დათმო ესპანელ ფრანსისკო გარიგოსთან.

სხვა ჩვენებურებიდან პირველი წრე ვაჟა მარგველაშვილმა (60) ალექსანდრე მსხალაძემ (100) დაძლიეს. მარგველაშვილმა მასპინძელი ფელიციან ორლი დააიპონა, მაგრამ წააგო ქვედა წონიდან ამონაცვლებულ რუსთა ოლიმპიურ ჩემპიონ არსენ გალსტიანთან. მსხალაძე ვენესუელელ ანტონ პენასთან მოგების შემდეგ შვედ მარტინ პაჩეკთან გაფრთხილებებით დამარცხდა.

ამავე წონაში ალექსანდრე ზაალიშვილმა პირველივე პაექრობა დათმო ესტონელ გრიგორი მინასკინთან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული