ქართული დინამიტი - წარმატება, რომელიც აქამდე საქართველოს არ ჰქონია

AutoSharing Option
ფოტოზე: სოფიადან დაბრუნებული ნაკრები
- საკუთარ თვალებს ვერ ვუჯერებ, ნუთუ ეს რეალობაა? ქართველი ვაჟები ისედაც ყველა ტურნირზე დომინირებენ და ახლა საქართველომ ქალთა ძიუდოც თუ წამოსწია, რაღა ვქნათ, მედლები როგორღა ავიღოთო? - 16 წლის ქართველის, მზია ბებოშვილის ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ გაკვირვებას და აღფრთოვანებას ვერ მალავდა ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ლუსი დეკოსი, ვისაც ახლა საფრანგეთის ქალთა ძიუდოს მომავლის აღზრდა ავალია და დიდი ყურადღებით აკვირდებოდა ევროპული ძიუდოს ახალი, პერსპექტიული თაობის გამოსვლას.

- კიდევ რომელ ნაღმს გვიმზადებენ ეს ამოუცნობი ქართველები? - ინტერესდებოდა ევროპის ძიუდოს
კავშირის ოფიციალური ვებგვერდი ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღის წინ და საქართველოს ქალთა ნაკრების მოსამზადებელი ოთახიდან ჩვენი გოგონების ფოტოებს აქვეყნებდა.

- პირველ დღეს მზია ბებოშვილი, პატარა ქართველი მონსტრი, ნამდვილი ქართული ძალის დემონსტრატორი, რომელმაც უმოწყალოდ გადათელა ყველა მოწინააღმდეგე ოქროსკენ მიმავალ გზაზე. ნუთუ მეორე დღესაც ეყოლებათ ახალი სენსაცია? - ამ კითხვას გამუდმებით იმეორებდა ტურნირის ინტერნეტტრანსლაციის კომენტატორი.


ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე კადეტ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე პირველი საშეჯიბრო დღის შემდეგ მთელი კონტინენტის ძიუდოს სამყარო შოკში თუ არა, დიდ გაურკვევლობაში იყო. დღის ბოლოს ვაჟთა და გოგონათა 4-4 წონითი კატეგორიის შედეგებით მედალთა საერთო ჩათვლაში საქართველო მეორე ადგილზე გახლდათ, ცალკე გოგონათა ცხრილში კი პირველი პოზიციიდან თავმომწონედ გვიცქერდა ჩვენი ხუთჯვრიანი დროშა.

სწორედ ქართველთათვის ეს ისტორიული მოვლენა იყო ევროპელთა განცვიფრების მიზეზი, ასეთი რამ აქამდე ხომ არასოდეს მომხდარა, საქართველოს ქალთა ნაკრები თუნდაც მხოლოდ პირველი დღის შემდეგ, მაგრამ მაინც მთელი ევროპის სათავეში აღმოჩნდა.

ან როგორ მოხდებოდა, როცა ადრე არათუ ქალთა ნაკრები, არამედ ქართველი ძიუდოისტი გოგონას არსებობაც კი სანატრელი გვქონდა.

მზია ბებოშვილი - 52 კგ
მთელი ამ აურზაურის მიზეზი ჩვენი ამომავალი ვარსკვლავი, 52 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე აწ უკვე კადეტთა შორის ევროპის ჩემპიონი მზია ბებოშვილი იყო.

Sportall.Ge
ფოტოზე: მზია ბებოშვილი (მარცხნიდან მეორე)

ბებოშვილი თავის წონაში ჩემპიონატამდეც ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრებოდა თურქ ირემ კორკმაზთან ერთად, ვინც ბოლო ერთი წელია სტაბილურად ასპარეზობდა და ტურნირს ტურნირზე იგებდა. თუმცა სოფიაში თურქს, ყველასათვის მოულოდნელად, პირველივე შეხვედრაში რუმინელ მეტოქესთან ხელი მოეცარა, რამაც ჩვენი მზიას გამარჯვების შანსები კიდევ უფრო გაზარდა.

ქართველი იმ დღეს ისეთ ფორმაში იყო, მას ალბათ მაინც ვერავინ შეაჩერებდა, მაგრამ თურქის მარცხი ფსიქოლოგიურად დამატებითი დადებითი მუხტის მომტანი აღმოჩნდა. ბებოშვილმა პირველი ორი მეტოქე - ისრაელის წარმომადგენელი კელერი და იტალიელი ლენტინი, ერთი ამოსუნთქვით გაიარა, სულ წამებში მოუმთავრა საქმე. შემდეგ კი მეოთხედფინალში ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, მეორე ნომრად განთესილ ხორვატ ტიეა ტოპოლევიჩს გადაეყარა.

ეს ხორვატი ბადეში მძლავრად მოდიოდა, რაც ოდნავი რიდის საფუძველს კი იძლეოდა, მაგრამ ქართველმა საოცარი შემართებით იჭიდავა. თავიდან ბოლომდე წნეხის ქვეშ ჰყავდა მეტოქე, რამაც საბოლოოდ ლოგიკური გამარჯვება მოუტანა.

ნახევარფინალში ბებოშვილს რუსი შრაინერი შეხვდა. ფაქტობრივად, ეს წინასწარი ფინალი იყო, რადგან ტურნირის მიმდინარეობისას გამოჩნდა - თურქის გავარდნის შემდეგ ოქროს ქართველი ან რუსი თუ ირგუნებდნენ.

ასეც მოხდა, მზიამ რუსს თავიდანვე ჩვეული შემართებით შეუტია. მისი ჭიდაობის შემხედვარე, ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ იმ დღეს ქართველს წინ ვერავინ დაუდგებოდა. ბებოშვილმა ქარიშხალივით გადაუარა შრაინერს, შემდეგ ფინალში გასულ ავსტრიელ ლიზა დენგსაც და ერთი წამითაც კი სათუო არ გაუხდია ჩემპიონობა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მზიამ გამარჯვება ადამ ოქრუაშვილის სტილში აღნიშნა: ამაყად მიუთითა კიმონოზე ამოტვიფრულ ქართულ დროშაზე, ყველას ანიშნა - მე ქართველი ვარ! - მე ჩემპიონი ვარ საქართველოდან! - და უმალ გულითადი მილოცვა მიიღო მისი დამრიგებლისგან, საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელისგან, გია თენაძისგან.

- თქვენ არ იცით, როგორი გახარებული და ბედნიერი ვარ ახლა, ღმერთის წყალობით, ჩემი შრომა დაფასდა. ფუჭად არ ჩაუვლია ამდენ ჯაფას, ოფლისღვრას და ტკივილს. დიდი მადლობა ყველას. თქვენ ძალიან ბევრნი ხართ და მე ეს უზომოდ მახარებს, - ასე მიმართა მზია ბებოშვილმა გულშემატკივრებს.

მწვრთნელები
გასული საუკუნის 80-იან წლებში დანიას საოცარი საფეხბურთო ნაკრები ჰყავდა. ისინი უცბად, თითქოს არსაიდან მოევლინნენ საფეხბურთო სამყაროს და მთავარ სენსაციად იქცნენ. ამ გუნდს მსოფლიომ "დანიური დინამიტი" უწოდა, რომლის მთავარი შემოქმედი გერმანელი მწვრთნელი ზეპ პიონტეკი გახლდათ.

საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრების შემხედვარე, ეს შედარება ნამდვილად გაგახსენდება ადამიანს. მწვრთნელების - გია თენაძისა და კახა მოცრაძის მუხლჩაუხრელმა შრომამ შედეგი გამოიღო და "ქართული დინამიტი" უკვე რეალობაა. ისეთი რეალობა, რომელსაც თუ არ უფრთხილდი, შეიძლება მძლავრად აფეთქდეს და ევროპელებს, და არა მარტო მათ, თითქოსდა მათთვის განკუთვნილი მედლები ცხვირწინ ააცალოს.

ეს წარმატება ჩვენი გოგონებისთვის პირველი არ ყოფილა. ორი წლის წინათ, 2013 წელს ანალოგიური ტიტული მოიგო და კადეტთა შორის პირველი ქართველი ევროპის ჩემპიონი გახდა 52 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მარიამ ჯანაშვილი.

იმ ტურნირზე მზია ბებოშვილმა მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი ირგუნა 48 კგ-ში. თან მაშინ მზია სულ რაღაც 14 (!) წლის იყო.

მარიამ ჭანტურია - 57 კგ
თუკი 2013 წელს გოგონათა ნაკრების ლიდერებად მხოლოდ მარიამ ჯანაშვილი და მზია ბებოშვილი ითვლებოდნენ, ორი წლის თავზე საქმე რადიკალურად შეიცვალა და "ქართული დინამიტის" კონტურებიც სწორედ ახლა გამოიკვეთა. გია თენაძის გუნდში წამოვიდა მთელი თანავარსკვლავედი უნიჭიერესი გოგონებისა, ვისაც 2-3 წელიწადში სერიოზული წარმატების მოტანა ძალუძს ქვეყნისთვის.

უპირველესად, ეს ეხება 57 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მარიამ ჭანტურიას. ეს პატარა მარგალიტი 2000 წელსაა დაბადებული და უკვე საქართველოს ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოუტანა!

Sportall.Ge
ფოტოზე: მარიამ ჭანტურია (მარჯვნიდან პირველი)

მარიამმა ამ უდიდესი წარმატებისკენ გზად 7 შეხვედრა გამართა და 6-ში გამარჯვება იზეიმა. თან ყველა მასზე უფროს მეტოქეებთან. ჭანტურიამ გმირულად იბრძოლა, მისი გამარჯვების ჟინი და ბრძოლისუნარიანობა ბევრად უფროს და გამოცდილ სპორტსმენებსაც კი შეშურდებოდათ.

ჩვენი აზრით, მარიამს ნამდვილად ეკუთვნის ამ ჩემპიონატზე ყველაზე მებრძოლი მონაწილის ტიტული.

ნინო მგელაძე - 52 კგ
ჩვენი გოგონათა ნაკრების კიდევ ერთი ამომავალი ვარსკვლავი 16 წლის ნინო მგელაძეა აჭარის რეგიონიდან.

ნინო ევროპის ჩემპიონატის ნამდვილ სენსაციად მოგვევლინა. 52 კგ წონით კატეგორიაში, მზია ბებოშვილის ფონზე, სხვებს ნაკლებად უყურებდნენ ალბათ, მაგრამ დაკვირვებულ თვალს არაფრით გამორჩებოდა ეს ღონიერი და იმავდროულად, ვერცხლისწყალივით მოძრავი უნიჭიერესი სპორტსმენი.

მგელაძე ბებოშვილს ტოლს არაფერში უდებდა, წყვილად იგებდნენ თავთავიანთ შეხვედრებს და რომ არა ერთით მეტი დასანანი გაფრთხილება ფრანგ მეტოქესთან, ისტორიული ქართული ფინალის მომსწრენი შევიქნებოდით. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა კი ემოციურად გადაღლილმა მგელაძემ რუს შრაინერთან დათმო.

მედლებისთვის ბრძოლა ამჯერად ვერ შეძლეს, მაგრამ უძლიერესი და უდიდესი პოტენციალის მოჭიდავეები არიან " ქართული დინამიტის" დანარჩენი წევრებიც: 57 კგ-ში მოასპარეზე ეთერ ლიპარტელიანი და მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი.

მთლიანობაში, საქართველოს ძიუდოისტ გოგონათა ნაკრების გამოსვლა კადეტთა ევროპის ჩემპიონატზე ცალსახად დადებითად უნდა შეფასდეს, რადგან აქამდე არც ასეთი წარმატება გვქონია და არც ასეთი პერსპექტივები გამოკვეთილა.

ირაკლი რანდელი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული