თარიღი: 11 წლის წინათ, 18 აგვისტოს - ზურაბ ზვიადაურის ისტორიული გამარჯვება

AutoSharing Option
დამოუკიდებელი საქართველოს სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება 2004 წლის 18 აგვისტო - ამ დღეს ქართველმა ძიუდოისტმა ზურაბ ზვიადაურმა ოლიმპიური თამაშების პირველი ოქროს მედალი მოუტანა ჩვენს ქვეყანას.

მქონდა ბედნიერება, თავად შევსწრებოდი ამ სასიამოვნო წუთებს ათენის "ანო ლიოსიას" დარბაზში. ალბათ, მკითხველისთვის უინტერესო არ იქნება კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურისკენ გაკვალული იმ გზის გახსენება.

ზურაბ ზვიადაურმა ბავშვობის წლები ახმეტაში გაატარა. ჭიდაობას ძმებმა აზიარეს, მერე გუგული აბრამიშვილი ავარჯიშებდა. საფრანგეთში კადეტთა ევროტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა, 15 წლისამ უფროსების საქართველოს პირველობაზე ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა და საქართველოს ნაკრების მთავარი
მწვრთნელის - შოთა ხაბარელის ინიციატივით, თბილისში გადმოიყვანეს.

წარმატებებმაც მას შემდეგ იმრავლა. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებთან ერთად გუნდურში ორჯერ (2002, 2003 წწ.) ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა, პირად პირველობაში კი 2002 წელს მესამე იყო. იმავე წელს გუნდურ ჩათვლაში მსოფლიოს პირველობაზე ვერცხლის მედალი ერგო. ახალგაზრდებში 2000 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა 2001 და 2003 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე მეორე ადგილები დაიკავა.

ასე რომ, ათენის ოლიმპიურ თამაშებზე გამოცდილ და ტიტულოვან ფალავნად ჩავიდა.

პირველ მეტოქედ ევროპის 2004 წლის ჩემპიონი იტალიელი ფრანჩესკო ლეპრე ერგო. აპენინელი ტატამზე საკმაოდ თავდაჯერებული გავიდა. ეტყობა, კონტინენტის პირველობაზე სახელოვანი მოჭიდავეების ძლევამ გაათამამა. არც ქართველს ეტყობოდა აღელვება. ორჯერ ჰყავდა დამარცხებული იტალიელი, მაგრამ ეს იყო ორი წლის წინათ. მას შემდეგ ლეპრე დაოსტატდა, უხერხული მოწინააღმდეგე შეიქნა ფავორიტებისთვის. ახლაც ორ-სამჯერ სარმის გამოდება სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. აი, ზვიადაურმა კი დრო იხელთა, კისრულით გადმოიღო ჩემპიონი და ისე დაახეთქა ტატამზე, რომ წამოდგომა გაუჭირდა.

ქართველმა ფალავანმა მხოლოდ 48 წამი მოანდომა ამ გამარჯვებას.

მეორე წრეში რუსეთის წარმომადგენელ ხასამბი ტაოვს დაუპირისპირდა. ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა 2013 წლის კონტინენტის პირველობაზე სძლია ზვიადაურს, ამიტომ ზურაბს მასთან ანგარიში ჰქონდა გასასწორებელი. ფრთხილობდნენ მეტოქეები, პასიური ჭიდაობისთვის მსაჯებისგან თითო შენიშვნაც მიიღეს. ბოლო წუთზე ზვიადაური გააქტიურდა და ორთაბრძოლის დამთავრებამდე 44 წამით ადრე ლამაზი გდებით წარმატებას მიაღწია.

ნახევარფინალისკენ მიმავალ გზაზე ზვიადაურს მსოფლიოს ექსჩემპიონი და სიდნეის ოლიმპიადის მესამეპრიზიორი ფრედერიკ დემონფოკო გადაეღობა, სწორედ ის ფრანგი, 2001 წელს მიუნხენის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ოქროს მედალი რომ "აართვა". ხუთწუთიანი პაექრობა უშედეგოდ დასრულდა (მეტოქეებმა თითო გაფრთხილება მიიღეს, თანაც ფრანგმა - შეხვედრის დამთავრებამდე 6 წამით ადრე). დამატებითი დროის მე-2 წუთზე ზვიადაურმა მომგებიანი ქულა მიითვალა და მომდევნო ეტაპზეც გავიდა.

ნახევარფინალში ინგლისელ ვინსტონ გორდონთან ზურაბმა 3 წუთსა და 55 წამში მოამთავრა საქმე. მეორე ნახევარფინალში იაპონელმა ჰიროში იზუმიმ 2003 წლის მსოფლიოს ჩემპიონ ჰი ტაე ჰვანგს (კორეა) სძლია.

გადამწყვეტი პაექრობა 3 წუთსა და 3 წამს გაგრძელდა. ქართველმა ფალავანმა ბეჭებით გააკრა მეტოქე ტატამს, წამით გაირინდა ზეამართული საჩვენებელი თითით და მზერა მოავლო გადატენილ ტრიბუნებს, თითქოს ვიღაცას ეძებსო.

- 2001 წელს მიუნხენში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ფრანგ ფრედერიკ დემონფოკოსთან წავაგე, 2003 წელს კი კორეელ ჰი-ტაე ჰვანგთან პაექრობაში დავთმე ოქროს მედალი. არადა, ორივე შეხვედრა მოსაგები მქონდა, - მითხრა დაჯილდოების შემდეგ ზურაბ ზვიადაურმა. - ორ ფინალში მარცხის შემდეგ მესამის დათმობის უფლება არ მქონდა.

ბედნიერი ვარ, რომ ათენის ტატამზე ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და ჩემპიონობა მოვიპოვე. ერთადერთი ლეპრესთან გამარჯვება არ გამჭირვებია, დანარჩენი შეხვედრები ძალიან დაძაბული იყო. დემონფოკო ჭიდაობის იმიტაციას ქმნიდა, თორემ სინამდვილეში ორთაბრძოლას გაურბოდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მსაჯებმა გამაფრთხილეს. კიდევ კარგი, რომ არბიტრები გონგამდე 6 წამით ადრე მიუხვდნენ და გააფრთხილეს.

- ფინალურ ორთაბრძოლასა და ზეაღმართულ საჩვენებელ თითზე რას იტყვი?
- 2002 წელს იაპონიაში იზუმისთან ძიგარო კანოს მემორიალზე დავმარცხდი, მაგრამ ის ჩვეულებრივი ტურნირი იყო, აქ კი - ოლიმპიური თამაშების ფინალი. უკვე გითხარით, რომ მესამე ფინალში დამარცხებას არ ვაპირებდი. იაპონელმა ერთ-ერთ მომენტში გარესარმა სცადა. ამ დროს საოცარი ძალა ვიგრძენი, დრო ვიხელთე, ფეხიდან ავიყვანე და ბეჭებით ტატამს გავაკარი.

რაც შეეხება ზეაწეულ საჩვენებელ თითს, ვინც იმ დღეს მიყურებდა, იმ ჟესტით მათ ვუთხარი - ეს ერთი და სხვა მრავალი-მეთქი. ეს იყო ჩემი ემოციის გამოხატვაც.

ბავშვობიდან მიმაჩვიეს საკუთარი თავის მოთოკვას - ჩემი მამიდაშვილი თემურ შეთეკაური, რომელიც ფინალის დღეს სპეციალურად ჩამოფრინდა ესპანეთიდან ათენში, ყოველთვის მეუბნებოდა, მოგების სიხარული ზედმეტად არ გამოხატო, ვინმემ ცუდად არ გაიგოსო.

ჰოდა, მეც მივეჩვიე. მართალია, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე მდგარს გარეგნულად არაფერი მემჩნეოდა, მაგრამ გენახათ, გულში რა ტრიალებდა. ოლიმპიური ჩემპიონობა ხომ უდიდესი ბედნიერებაა. ჩემი გამარჯვება მთელ საქართველოს ეკუთვნის, რადგან ზვიადაურის ჩემპიონობა ქართული გენის ძალის წარმოჩინებაა...

* * *
იმ დაუვიწყარი დღიდან 11 წელი მიილია, მაგრამ 2004 წლის აგვისტო და ზურაბ ზვიადაურის ის გამარჯვება, დარწმუნებული ვარ, ყველას გუშინდელივით ახსოვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
გამაგებინეთ თუ შეიძლება, 2004წ.18 აგისტოდან დღემდე 11 წელი როგორ არის გასული???????? ზურას რაც შეეხება ოლიმპიურ ჩემპიონობასთან ერთად ის მაგარი კაცია. გაიხარე ზურა ჩემო მეგობარო !!!
კარლო კოპალიანი
00:07 19-08-2016
0
ფინალი დიდებული იყო, მაგრამ მანამდე ბრიტანელთან აშკარად დაინდეს მსაჯებმა
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული