ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი. III დღე: მწარე ალიყურები

AutoSharing Option
ფოტოზე: ლაშა შავდათუაშვილი
ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე დღე მიილია, თუმცა ჩვენი ნაკრები ისევ უმედლოდ რჩება, თან ჯერჯერობით ვერც დამაჯერებელ ჭიდაობას აჩვენებს. თავს იმითღა თუ დავიმშვიდებთ, რომ ჩვენი "მძიმე არტილერია" ჯერ არ ჩაბმულა ბრძოლაში.


გუშინ, 26 აგვისტოს, გაიმართა შეხვედრები 73 კილოგრამში, სადაც ორი ჩვენებური გამოდიოდა და მწარე ალიყურებიც მივიღეთ - ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი პირველივე
წრეში მოხსნეს; ევროპისა და კონტინენტის თამაშების ვიცე-ჩემპიონმა ნუგზარ ტატალაშვილმა ორი წრე კი გაიარა, მაგრამ ისიც უმედლოდ დარჩა.

შავდათუაშვილის დრამა
შავდათუაშვილი პირველივე წრეში ფრანგ ევროპის პრიზიორ პიერ დუპრატს ხვდებოდა, რომელიც უხერხულ მეტოქედ ექცა - ბაქოშიც მასთან დამარცხდა ასევე პირველ წრეში, პირველ ევროპულ თამაშებზე, თუმცა ამჯერად თავისუფლად შეიძლებოდა, საქმე მოგებამდე მიეყვანა და ურთიერშეხვედრებში უპირატესობა კიდევ უფრო, 3:1-მდე გაეზარდა: დასრულებამდე 56 წამით ადრე გაფრთხილებებით 2:1-ს უგებდა, მაგრამ ფეხის სახიფათო მანევრისთვის მოხსნეს.

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ორივე ხელით ჩავლებააღებულ ფრანგს საყრდენ ფეხზე გამოჰკრა, ეს კი ძიუდოში ისჯება, რადგან სერიოზული ტრავმის გამოწვევა შეუძლია. თან ფრანგმაც გააფორმა ეპიზოდი - წაქცევისთანავე მუხლზე ისე იტაცა ხელი, თითქოს შავდათუაშვილმა დანა დაჰკრა ზედ. სამაგიეროდ, მერე წამოხტა მკვირცხლად და გადაეხვია ჩვენებურს, ტკივილის არაფერი ეტყობოდა.

არადა, როგორც გითხარით, ეს ამბავი შეხვედრის დასრულებამდე 56 წამით ადრე მოხდა, ჩვენებური კი გაფრთხილებებითაც იგებდა და ჭიდაობითაც სჯობდა მეტოქეს. გვარიანად დაღლილი ფრანგი რაიმეს გამკეთებელი არ ჩანდა.

ტატალაშვილი და მონღოლი
ტატალაშვილი ბევრად უფრო შედეგიანად ჩაერთო ტურნირში, თუმცა მთლიანობაში, მაინც ვერ აჩვენა მისთვის ჩვეული დამაჯერებელი ჭიდაობა. ის პირველ წრეში ისვენებდა, მერე კი გაფრთხილებებით მოუგო (3:1) უკრაინელ დმიტრო კანივეცს. ოღონდ მთელი შეხვედრა ინიციატივას თავად ფლობდა და მეტოქეს გვარიანად აღემატებოდა.

Sportall.Ge
ფოტოზე: ნუგზარ ტატალაშვილი
ჩინელ შუაი სუნთან პაექრობა იყო ერთადერთი, სადაც ტატალაშვილმა გდებები გააკეთა, თუმცა იქვე გარკვეული ტაქტიკური ხარვეზებიც გამოავლინა. ჩინელები ამ ტურნირზე საკმაოდ კარგად გამოდიან, ეტყობათ კორეელი მწვრთნელის ხელი, თუმცა სუნი მაინც ვერაა ქართველის დონის მეტოქე. ამანაც იოლად აუღო ჯერ იუკო, როცა ტატამიდან ორივე ხელით ატატებული გვერდზე გადააგდო, მერე კი მოგვერდით ვაზარზე დასცა. ამ დროს ბოლო წუთიც დაიწყო და აქტიურობა არაფერში სჭირდებოდა.

მოსალოდნელი იყო, რომ ტატალაშვილი ჭიდაობას "გააჩერებდა", ანუ დროის გაყვანაზე იმუშავებდა, რაც ეხერხება კიდეც, თუმცა ასე არ მოხდა და კინაღამ მწარედ დაისაჯა - მეტოქემ მოძრაობაზე დაიჭირა და შიგნიდან ფეხის ჩახვევით ვაზარზე გადააგდო. არადა, იმ მომენტში ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე უყვიროდა კიდეც, დროის გაყვანაზე იმუშავეო.

საბედნიეროდ, იმ მომენტში ტატალაშვილი იპონს გადარჩა, თუმცა ბედისწერად მონღოლი ოდბაიარ განბაატარი ექცა. ამ შეხვედრაში გდება არ გაკეთებულა. მეტიც - ამის რეალური შანსიც არ იყო და არც რომელიმეს ჰქონია გადამწყვეტი უპირატესობა. მსაჯმა ერთადერთი გაფრთხილება გაიმეტა და ისიც ტატალაშვილს მისცა, თუმცა მონღოლის დასჯაც თავისუფლად შეიძლებოდა. განსაკუთრებით - შეხვედრის მეორე ნახევარში.

ასე დასანანად წააგო ჩვენებურმა მერვედფინალში და ტურნირსაც დაემშვიდობა.

განბაატარი ნუცუბიძეს უმადლოდეს
არადა, მონღოლი იქამდე მისვლას მთლიანად ქართველ მსაჯ ვლადიმერ ნუცუბიძეს უნდა უმადლოდეს, რომელმაც წინა წრეში დამატებით დროში ბელგიელი სამირ ჩოუჩი მეოთხე გაფრთხილებით მოუხსნა.

განბაატარი დიდი ვერაფერი მოჭიდავეა, თუმცა მათი გუნდი კარგი ფიზიკური მომზადებით გამოირჩევა. თან უხეში სტილი ახასიათებთ, ბელგიელი კი არაა ძლიერი და ტატალაშვილისთვის მეტოქედ ის გვერჩივნა.

ძირითად დროში ორივემ 3-3 გაფრთხილება მიიღო, დამატებითში კი ნუცუბიძემ ჩოუჩი დასაჯა. ისიც გარბოდა, თუმცა იმ მომენტში შეიძლებოდა თვალის დახუჭვა. თან მანამდე მონღოლიც ჩავარდა რამდენჯერმე და არც ისე საგრძნობი უპირატესობა ჰქონდა. თუმცა უფრო შედეგიანად შედიოდა და ნუცუბიძემაც ეს გაითვალისწინა. მით უფრო, ოლიმპიადაზე მოსახვედრად ქულები მასაც სჭირდება რეიტინგში.

იაპონელთა ტრიუმფი
მსოფლიოს ჩემპიონატის გუშინდელი დღე იაპონელთა ტრიუმფით წარიმართა - ვაჟებში იაპონური ფინალი გაიმართა, ქალებში კი იქაურმა გაიმარჯვა.

ვაჟთა შორის აშკარად გამოირჩეოდა 23 წლის ტალანტი შოჰეი ონო, რომელიც მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. მან მთელი ტურნირი დამაჯერებლად ჩაატარა და 6-დან 4 შეხვედრა იპონით მოიგო, ფინალში კი ასევე ორგზის მსოფლიოს ჩემპიონსა და ოლიმპიადის ფინალისტ თანაგუნდელ რიკი ნაკაიას სძლია ვაზარით.

სხვათა შორის, ნაკაია ზედიზედ მეორედ გავიდა მსოფლიოს ფინალში, თუმცა ტიტულის შენარჩუნება ვერ შეძლო.

ამ ჩემპიონატზე აზია აშკარად ლიდერობს მედლების რაოდენობით და გუშინაც კვარცხლბეკი მთლიანად მათ შეავსეს. ორივე მათგანმა მსოფლიოზე პირველად მოიპოვა მედალი, თუმცა 21 წლის კორეელ ტალანტ ჩანგრიმ ანისგან განსხვავებით, მონღოლი ნიამ-ოშირ საინჯარგალი ლონდონის ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანია.

ქალებში პირველობა არავის დაუთმო იაპონელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა კაორი მაცუმოტომ, რომელიც მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ეს იაპონელი ქალებისთვის მეორე ოქროა, თუმცა სამივე ფინალში ჰყავდათ მონაწილე, მაგრამ პირველ დღეს, 48 კილოგრამში არგენტინელმა პაულა პარეტომ ჰარუნა ასამი დაჯაბნა.

კვარცხლბეკი
ვაჟები
73 კგ
1. შოჰეი ონო (იაპონია)
2. რიკი ნაკაია (იაპონია)
3. ნიამ-ოშირ საინჯარგალი (მონღოლეთი),
ჩანგრიმ ანი (სამხრეთი კორეა).

ქალები
57 კგ
1. კაორი მაცუმოტო (იაპონია)
2. კორინა კაპრიორიუ (რუმინეთი)
3. აუტომნე პავია (საფრანგეთი),
სუმია დორჯსურენი (მონღოლეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული