ისტორიული მედალი ქალებში და ბექა ღვინიაშვილის დუბლი [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტოზე: მარცხნიდან პირველი მარიამ ჯანაშვილი
1 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო და მესამე ადგილი გუნდურ ჩათვლაში - ჯერჯერობით ასეთია ჩვენი ახალგაზრდა ძიუდოისტების მონაგარი აბუ დაბიში მიმდინარე 21-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე.

მსოფლიოს ჩემპიონი ბექა ღვინიაშვილი (90) გახდა, თამაზ კირაკოზაშვილმა და მარიამ ჯანაშვილმა მხოლოდ ფინალური ორთაბრძოლები დათმეს, ბრინჯაო კი ირაკლი კუპატაძემ მოინადავლა.

შედეგი მშვენიერია, ტურნირი კი ჯერ არ დასრულებულა - დღეს, 26 ოქტომბერს, პირად პირველობაში 100 და +100 კატეგორიების ფალავნები იჭიდავებენ, ხვალ კი გუნდური ასპარეზობაა. ჩვენ მედლის მოპოვების რეალური შანსი გვაქვს ორივეში.

ღვინიაშვილის დუბლი და იუბილე
ბექა ღვინიაშვილმა დუბლი შეასრულა - სექტემბერში ავსტრიაში ევროპის ჩემპიონიც გახდა, რასაც ახლა ჩაროზად მსოფლიოს მოგება დააყოლა. ახლა მის კარიერაში ახალგაზრდული მსოფლიოს 2 ოქრო და ამდენივე ბრინჯაოა.

შეიძლება ითქვას, ევროპის ჩემპიონატთან შედარებით, აბუ დაბიში ის გაცილებით მობილიზებული, მომართული და ძლიერი იყო. ჩვენი ფალავანი მეტოქეებზე რამდენიმე თავით მაღლა იდგა და ხუთივე შეხვედრა დაუძაბავად მოიგო იპონით. ამჯერად არც დაღლა ეტყობოდა, ბევრად თავისუფლადაც სუნთქავდა, მოძრაობდა და ტაქტიკურ-ტექნიკურადაც გვარიანი სიახლეები გვაჩვენა.

მან ხუთივე ბრძოლის მოგებას დაახლოებით ერთი შეხვედრისთვის საჭირო დრო მოანდომა. მას ახლაც ადრინდელივით სწრაფად ჩაჰყავდა მეტოქეები დაბლაჭიდში და იქ ბოჭავდა, თუმცა დგომში რამდენიმე ილეთი გააკეთა.

თავდაპირველად მოგვერდით სამხრეთკორეელი ტაე ჰო კიმი დააიპონა, ვისაც ირანელი ჰამედ რაშიდიც ზედ დააყოლა. პოლონელ რაფალ კოზლოვსკის ჯერ იუკოზე ამოუსვა, მერე კი გამოცერვით დააგდო და შებოჭა. ნახევარფინალში ისევ გაასაცოდავა მშვენივრად მოჭიდავე გერმანელი დავიდ ტეკიჩი.

ნიკოლოზ შერაზადაშვილი ცოტა კიდეც შეგეცოდებოდათ, რადგან ზედიზედ მეორედ წააგო ამ შეჯიბრების ფინალი, ღვინიაშვილზე კი ქების მეტი რა უნდა ვთქვათ - ნამდვილი ტალანტია და პერსონალური მუშაობით, ინდივიდუალური ვარჯიშით ძალიან ბევრს მიაღწევს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
საინტერესოა, რომ ის დღეს იუბილარია - 20 წლის ხდება და საუკეთესო საჩუქარი უძღვნა საკუთარ თავს.

კირაკოზაშვილის პროგრესი
კიდევ ერთი სპორტსმენი, ვინც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დიდი პროგრესი გვაჩვენა, კირაკოზაშვილია. არადა, ის ევროპაზე ჩემპიონი გახდა, აქ კი ფინალი წააგო. თუმცა ტექნიკურად ბევრად წინაა წასული - კომბინაციურადაც ჭიდაობდა და თუ რაღაც ფანდი არ გამოსდიოდა, სწრაფად გადადიოდა სხვაზე, დაბლაჭიდშიც ნორმალურად ირჯებოდა და დგომშიც.

ამ კომბინაციურ გადასვლაში რუს ურუსხან ბეკ ბალაევთან ერთი უცნაური ილეთიც შეასრულა, თუმცა ვაზარი ამოუქაჩა. პაკისტანელი ნადეემ აკრამი ვერაა მისი შესადარი და მაჯებიდან ჩავლებულზე იოლად გადაჩეხა ვაზარზე. ვერც თურქი მურატ ბეკტაშია საპირწონე და ჩახვეული ფეხით ესეც იოლად გადააგდო ვაზარზე, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელი ჰუსეინ რაჰიმლი თავიდანვე შეშინებული გავიდა მასთან საჭიდაოდ - ვაზარ-იპონი.

სამაგიეროდ, ფინალში ვერაფერს გახდა კორეელი ჰეონჩეოლ კანგის ჩახტომით კისრულებთან, რასაც კორეელები მართლაც კარგად ასრულებენ.

ოქროს სადარი ვერცხლი
ვროპის ჩემპიონატზე ჯანაშვილმა წააგო, თუმცა, ეტყობა, "სისხლის სუნიც" იგრძნო, ანუ იმ შეჯიბრებამ თავისი დანიშნულება მაინც შეასრულა. იქიდან დაბრუნებული სპორტსმენი არასაკმარის ფიზიკურ მომზადებას უჩიოდა, დრო არ მეყოო, მას შემდეგ კი შეკრებებიც გაიარა და ერთობლივი კემპიც რომში. ეს ყველაფერი წაადგა კიდეც. ჟინი და შეტევის დაუოკებელი სურვილი, აქტიური და ტექნიკური ჭიდაობა, ბოლომდე ბრძოლა და თითქოს წაგებული შეხვედრის შემოტრიალება - ეს ყველაფერი ბლომად იყო ჯანაშვილის ჭიდაობაში.

ამ ტურნირს თუ რამე უნდა დაემტკიცებინა, ერთ-ერთი ისიც გახლდათ, რამდენად იყო მზად ჯანაშვილი სალიცენზიო შეჯიბრებებში ჩასართავად. როგორ ფიქრობთ, ამის შემდეგ ვინმეს უარყოფითი პასუხი ექნება ამ კითხვაზე?

ერთი სიტყვით, ამ შემოდგომიდან ესტერ სტამთან (70) ერთად სალიცენზიო მარათონში ჯანაშვილსაც უნდა ვუქომაგოთ.

მთლიანობაში, აბუ დაბიში მან კარგი ჭიდაობა აჩვენა, მაგრამ "ფიზიკური" პრობლემები მაინც ეტყობოდა. მაგალითად, ბოლომდე ვერ ასრულებდა ბრუნებს, არადა, ეს მისი კოზირი გამოდგა, მან მოაგებინა ნახევარფინალში ბრიტანელ ჩელსი გილესთან, ხოლო დასაწყისში ავსტრალიელი ტინკა ეშტონი ქრესტომათიული ბრუნით დაახეთქა ტატამს, თუმცა ბევრ შემთხვევაში გაუჭირდა ამ ილეთის დასრულება და ვერც ჩახვეულ ფეხს იყენებდა ბოლომდე შედეგიანად.

სამწუხაროდ, ფინალში ჯანაშვილი ვერაფერს გახდა კოსოვოელ დისტრია კრასნიჩთან, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს შეხვედრა ჩააგდო.

კუპატაძე და დანარჩენები
ევროპის ჩემპიონატზე განცდილი მარცხის შემდეგ კუპატაძის ასეთ სახეცვლილებასაც ძნელად თუ ვიფიქრებდით, მაგრამ ტურნირსაც კარგად გაუძლო, ფიზიკურადაც უკეთ იყო, სისწრაფეც შესაშური ჰქონდა და დამაჯერებლად ავიდა კვარცხლბეკზე, პირველივე წრეში კი ევროპირველობაზე მარცხისთვის მწარედ იძია შური ბელგიელ ვლადისლავ ლიმზე.

მან ქვეჯგუფი დამაჯერებლად მოიგო - ტუნისელ მოჰამედ ანიმე აიარის ვაზარით, იტალიელ ანდრეა კარლინოს კი იუკოთი მოუგო. ერთადერთი ბრძოლა მხოლოდ ამის შემდეგ წააგო ნახევარფინალში ყაზახთა მომავალ ჩემპიონ მაგზან შამშადისთან - აზიელმა სწრაფი ტემპით თავბრუ დაახვია. სამაგიეროდ, აბულაძეს უკვე თვითონ აჯობა სისწრაფეში და ძირითადად, ამის ხარჯზე დააიპონა.

ჩვენი წაგებული ფალავნებიდან ყველაზე მეტად ამ ასაკში მსოფლიოს შარშანდელ ბრინჯაოსმედალოსანი კობა მჭედლიშვილის მარცხი გაგვიკვირდა - ალჟირელი უსამა ჰაბრის დაიპონების შემდეგ მონღოლ ბატერდენე ბანდიკჰუუსთან ვაზარი გაუშვა და გამოვარდა.

მეტს ველოდით ევროპის წლევანდელი მესამეპრიზიორებისგან - თორნიკე ნაგლიაშვილისა (60) და გიორგი კაციაშვილისგან (73).

ნაგლიაშვილმა თავი მხოლოდ დაბლაჭიდში კარგი ჭიდაობით დაგვამახსოვრა - ბულგარელ ბოჟიდარ ტემელკოვს არ მოეშვა და თითქოს გაქცეული მაინც შებოჭა, მაგრამ მონღოლთა მომავალ ფინალისტ ჩოგტბაატარ ცენდოჩირთან დამარცხდა. არადა, ვაზარს იგებდა.

კაციაშვილმა მოლდოველი იური მოკანუ ვაზარზე გამოცერა და ბელგიელი მატეას გასეც გააფრთხილებინა, მაგრამ მეტოქემ მტკივნეულზე დაიჭირა.

ევროპის ჩემპიონატის დარად, 81-ში ახლაც უმედლოდ დავრჩით - ევროპისა და მსოფლიოს შარშანდელმა ჩემპიონმა ლევან გუგავამ პირველივე შეხვედრაში ტაჯიკ აკმალ მუროდოვს გაფრთხილებებით მოუგო, კუბელ ივან ფელიპე მორალეს სილვას იუკო აუღო, მაგრამ პასიურობაზე გადავიდა და მესამე გაფრთხილება მიიღო. თუმცა ეს კიდევ არაფერი, ბოლო ნახევარ წუთში იუკო რომ არ დაეკარგა სრულიად უწყინარ სიტუაციაში - სამწუხაროდ, ჩვენებს ისევ უჭირთ ანგარიშის შენარჩუნებაზე ჭიდაობა.

გიორგი გუგულაშვილი (66) ვერაფერს გახდა კიდევ ერთ მონღოლთან - მუნკბაიარ ნერგუი ფიზიკურად სჯობდა ჩვენებურს და დამსახურებულად მოუგო.

ახალგაზრდები. მსოფლიოს ჩემპიონატი. კვარცხლბეკი
ბიჭები
55 კგ
1. მაგჟან შამშადინი (ყაზახეთი), 2. ჰარიმ ლეე (სამხრეთი კორეა), 3. ირაკლი კუპატაძე (საქართველო), ამარტუვშინ ბაიარაა (მონღოლეთი).

60 კგ
1. რიუიუ ნაგაიამა (იაპონია), 2. ჩოგბაატარ ცენდოჩირი (მონღოლეთი), 3. ვალიდე ხიარი (საფრანგეთი), ჩანიეეონ კიმი (სამხრეთი კორეა).

66 კგ
1. მასაია ასარი (იაპონია), 2. ალბერტო მარტინ გაიტერო (ესპანეთი), 3. დანიელ კარგნინი (ბრაზილია), ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი).

73 კგ
1. ჰეონჩეოლ კანგი (სამხრეთი კორეა), 2. თამაზ კირაკოზაშვილი (საქართველო), 3. მარტინ ჰოჯაკი (სლოვენია), ლინკოლნ ნევესი (ბრაზილია).

81 კგ
1. ფრანკ დე უაიტი (ჰოლანდია), 2. სოტარო ფუჯივარა (იაპონია), 3. ვიქტორ მაკუჰა (უკრაინა), ივან ჰელიპე მორალეს სილვა (კუბა).

90 კგ
1. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო), 2. ნიკოლოზ შერაზადაშვილი (ესპანეთი), 3. ფირუდინ დადაშოვი (აზერბაიჯანი), პიოტრ კუჩერა (პოლონეთი).

გოგონები
44 კგ
1. ჰიეკიეონგ ლეე (სამხრეთი კორეა), 2. რიკო იგარაში (იაპონია), 3. ნარანცეცეგ განბაატარი (მონღოლეთი), რიტა რეისი (ბრაზილია).

48 კგ
1. ფუნა ტონაკი (იაპონია), 2. მარუსა სტანგარი (სლოვენია), 3. სეფორა კორჩერი (საფრანგეთი), მიკოტა ცუნემი (იაპონია).

52 კგ
1. დისტრია კრასნიჩი (კოსოვო), 2. მარიამ ჯანაშვილი (საქართველო), 3. მარიანა ესტევესი (პორტუგალია), ასტრიდე გნეტო (საფრანგეთი).

57 კგ
1. ჰარუკა ფუნაკუბო (იაპონია), 2. ადელინა სტეფანია დობრე (რუმინეთი), 3. სარა ჰარაჩი (საფრანგეთი), ანდრეია ლესკი (სლოვენია).

63 კგ
1. ნამი ნაბეკურა (იაპონია), 2. დიანა ჯიგაროსი (რუსეთი), 3. ლარა რაიმანი (გერმანია), ლუსი რენშალი (ბრიტანეთი).

70 კგ
1. საბინა გერჩაკი (უნგრეთი), 2. რემი აოიაგი (იაპონია), 3. ნატაშა აუსმა (ჰოლანდია), ლისა დოლინგერი (გერმანია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამდენი არასასურველი ვიდეოები დევს და ამ კარგი ქართველის (ბექასი) და არამარტო ბექასი, ვიდეოები იქნებ დადოთ ხოლმე. ღმერთმა ბევრი მოგვცეს ქართველებს ასეთი კარგი ქართველები. არა აქვს მნიშვნელობა მოიგო თუ წააგო რომელიმემ, ყველანი მაგრები არიან. გენაცვალეთ ქართველებო და არაქართველებო რომლებიც საქართველოს ღირსებას იცავთ სპორტშიც და ყველა საქმეშიც.
d-vito
09:10 27-10-2015
0
იქნებ ღვინიაშვილის სხვა ორთაბრძოლების ვიდეოებიც დადოთ.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული