მორიგი ნოვაცია ქართულ ძიუდოში - პროექტი, რომელიც სამაგალითოდ შეიძლება გამოდგეს

AutoSharing Option
გუშინ, 21 დეკემბერს, საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან ერთად ახალი პროექტის წარდგინება გამართა, რომელიც საკლუბო სისტემის განვითარებას და მათ ახლებურ დაფინანსებას ითვალისწინებს, ეს ყველაფერი კი მიმართულია ძირითადად სათადარიგო სპორტსმენთა სოციალური დაცვისა და სატურნირო პრაქტიკით უზრუნველყოფისკენ.

თუმცა აქვე განვმარტავთ, რომ ეს არ ეხება უკვე მოქმედ დიდ კლუბებს, რომლებიც გაისად ევროპის პირველობის უმაღლეს, "ოქროს ლიგაში" გამოვლენ - "საგარეჯოს", "მებრძოლს", "შევარდენს" და მათ მსგავსებს. ისინი ისედაც იარსებებენ და მათთვის ცალკე მოდელის შემუშავებაზე ფიქრობენ.

ეს ერთწლიანი კლუბები იქნება, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატის
მიხედვით დაკომპლექტდება და, აქედან გამომდინარე, შემადგენლობა ყოველწლიურად შეიცვლება. მათში ნაკრების წევრებთან ერთად თავს მოიყრიან ისინიც, რომლებიც ვერ მოხვდებიან მთავარი გუნდის ძირითად შემადგენლობაში. არსებითად, ამ ახალი სისტემის შექმნის იდეა მათზე ზრუნვა იყო, რადგან ექნებათ გაცილებით მეტი მოტივაცია, საშეჯიბრებო პრაქტიკა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალებასაც მიიღებენ.

დავით ქევხიშვილი იმედოვნებს, რომ ისინი, ვისაც ხელფასი ვერ ენიშნება, წლის განმავლობაში სოლიდურ ანაზღაურებას გამოიმუშავებენ.

ამ პროექტით, უნდა შეიქმნას 7 ახალი კლუბი, რაც წონათა რაოდენობიდან გამომდინარეობს ანუ ყოველ მათგანში 7-7 მონაწილე იქნება, თუმცა ეყოლებათ 1 ან 2 სათადარიგო წევრიც იმ შემთხვევისთვის, ძირითადიდან ვინმე თუ ვერ შეძლებს კონკრეტულ შეხვედრაში ჭიდაობას.

როგორ იქმნება კლუბები
საინტერესოა ამ კლუბების შექმნის წესი: 7-დან ოთხი წევრი საქართველოს წლევანდელი ჩემპიონატის მედალოსანი იქნება. თან ადგილები განსაზღვრავს მათ ნომერს რეიტინგში, თუმცა ჩემპიონსა და ფინალისტს თუ იოლად ენიჭება პირველ-მეორე ნომერი, ბრინჯაოს მედალოსნები მესამე და მეოთხე ნომრებს შემთხვევითობის პრინციპით მიიღებენ.

ოღონდ მათი ნომერი არც იქნება არსებითად განმსაზღვრელი - ლოგიკურად, ორივე დაახლოებით ერთი დონის ფალავანი იქნება.

დანარჩენი 3 ძიუდოისტი 24 თებერვალს გასამართავ ეგრეთ წოდებულ წაგებულთა ჩემპიონატში შეირჩევა. შეგახსენებთ, რომ ესეც ახალი შეჯიბრებაა, რომელსაც ძიუდოს ფედერაცია გაისად პირველად ჩაატარებს იმათთვის, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატში უმედლოდ დარჩნენ (პრიზიორები მასში არ გამოვლენ).

ამ ტურნირის ჩემპიონი ისევ მიიღებს ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის შანსს და მიზანიც ესაა - მოტივაცია აუმაღლოს წაგებულებს, თორემ ქვეყნის ჩემპიონატში წაგების შემდეგ მათ მომდევნო პირველობამდე ლოდინის მეტი თითქმის არანაირი იმედი არ რჩებოდათ. თუმცა იქ სანუგეშო წრე არ იქნება, ხოლო ბრინჯაოს ორ მედალოსანს ერთმანეთში აჭიდავებენ და გამარჯვებული ახალი კლუბის ასე გამოავლენენ კლუბში ჩასართავ მეშვიდე მონაწილეს, ხოლო წაგებული წავა სათადარიგოდ.

კლუბების დაკომპლექტება
ზემოთ უკვე ვთქვით, როგორ ნაწილდებიან რეიტინგში საქართველოს ეროვნული პირველობის მედალოსნები, ხოლო წაგებულთა ტურნირის გამარჯვებული ხდება მეხუთე ნომერი, ვიცე-ჩემპიონი - მეექვსე, ხოლო საუკეთესო ბრინჯაოს მედალოსანი - მეშვიდე. ამდენად, ასე იქმნება საუკეთესო შვიდეული ყველა წონაში, რაც განსაზღვრავს ახალი კლუბების შემადგენლობას.

მაგალითად, პირველ კლუბში მოხვდებიან 60 კილოგრამის პირველი ნომერი, 66-ის - მეორე, 73-ის - მესამე, 81-ის - მეოთხე, 90-ის - მეხუთე, 100-ის - მეექვსე და +100-ის - მეშვიდე. მეორე გუნდში იქნებიან 60 კილოგრამის მეორე ნომერი, 66-ის მესამე, 73-ის - მეოთხე და შემდეგ.

ამ წესით ყველა გუნდს ეყოლება რეიტინგის თითო ლიდერი, თითო მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ნომერი. ამით ფალავნები თანაბრად გადანაწილდებიან გუნდებში ანუ არ მოხდება, რომ რომელიმეში ერთზე მეტი თუნდაც მესამე ან მეოთხე ნომერი მოხვდეს, არათუ ლიდერი და წამყვანი ფალავანი.

ამით ის დატაცებაც გამოირიცხება, რაც უკვე არსებულ კლუბებში ხდება, როცა ფულიანი ორგანიზაციები ისე იბირებენ სხვათა გაზრდილ სპორტსმენებს, მათ მწვრთნელებს არცკი ეკითხებიან რამეს.

მოკლედ, ასე დაკომპლექტდება ეს 7 ახალი კლუბი, ხოლო მწვრთნელები ლოტოტრონის პრინციპით 16-წლამდელთა ჩემპიონატის 7 საუკეთესო კლუბიდან შეირჩევიან. ახალ გუნდებს სახელიც იმის მიხედვით დაერქმევათ, რომლიდანაც მათთან მოხვედრილი თავკაცი იქნება. თუმცა ესენი უფრო მწვრთნელ-მენეჯერები იქნებიან, რომლებიც უზრუნველყოფენ არა მარტო სავარჯიშო პროცესს, არამედ მთლიანად კლუბის მუშაობას.

ამით ბავშვთა მწვრთნელებსაც ეძლევათ სტიმული.

საკლუბო - ორ ეტაპად
ეს საკლუბო ჩემპიონატი ორ ეტაპად ჩატარდება - საკვალიფიკაციო და ფინალური ეტაპი. საკვალიფიკაციო გაზაფხულზე გაიმართება, რადგან დებულებით, გუნდების შექმნიდან ანუ 24 თებერვლიდან 10 დღეში საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ კალენდარი უნდა გამოაქვეყნოს.

თითო კლუბს 6-6 შეხვედრის გამართვა მოუწევს, შესარჩევი ეტაპი გაზაფხულის სამ თვეზე გადანაწილდება ანუ ყოველ კლუბს თვეში 2-2 შეხვედრის გამართვა მოუწევს. ამით სპორტსმენებიც მუდამ ფორმაში იქნებიან, რადგან გარანტირებული ექნებათ ტურნირში მონაწილეობა, რასაც ახლა, ამ პირობებში თვიდან თვემდე ვერ ახერხებენ.

მით უფრო, ამისთვის ფულად ანაზღაურებასაც მიიღებენ, ოღონდ ამაზე ქვემოთ ვისაუბროთ, მანამ კი ქულათა დარიცხვაზე ვთქვათ - კლუბები მიიღებენ არა ტექნიკურ ქულას, არამედ მოგებათა რაოდენობის შესაბამისს. მაგალითად, ხშირად მოქმედებს წესი, რომ, პირობითად, შეხვედრა თუ 5:2 დასრულდა, მოგებულს ეწერება 1 ქულა, წაგებულს - ნული, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ორივე მოგების ოდენობათა შესაბამის ქულას მიიღებს. ამით წაგებული ქულებს არ კარგავს და ბოლო წუთამდე ინარჩუნებს მდგომარეობის გამოსწორების შანსს - იქნებ მომდევნო შეხვედრა მოიგოს, რასაც ეს ორი ქულაც დაემატება, რაც იმ მეორე წესით უკვალოდ ეკარგებოდა.

ფინალურ ეტაპზე ოთხი საუკეთესო გუნდი გადის, რომელიც შემოდგომაზე ჩატარდება. იქ ერთი მესამე ადგილი გათამაშდება.

ანაზღაურების პრინციპი
ძალიან საინტერესოა ფინანსური ანაზღაურების პრინციპი - ყველა მოგებათა რაოდენობის მიხედვით დაჯილდოვდება.

შესარჩევ ეტაპზე ყოველ შეხვედრაში კლუბი მიიღებს იმდენ 1000 ლარს, რამდენ ორთაბრძოლასაც მოიგებს (მაგალითად, კლუბმა რომც წააგოს, ვთქვათ, 2:5, 2 000 ლარს მაინც მიიღებს). ეს თანხა შემდეგნაირად ნაწილდება: საერთო თანხის 35%-ს იღებს უშუალოდ ის სპორტსმენი, ვინც კონკრეტული შეხვედრა მოიგო, 5% ეძლევა წარმომადგენელს, ნაშთი კი თანაბრად ნაწილდება კლუბის ყველა წევრზე. მათ შორის - წაგებულებზეც.

თუმცა, ვიმეორებთ - აქ ლაპარაკია საკვალიფიკაციო ეტაპზე, ხოლო ფინალურ ტურნირზე წარმატებისთვის ამას კიდევ დაემატება მსუყე პრემია - ჩემპიონი 70 000 ლარს მიიღებს, მეორეზე გასული - 50 000-ს, მესამე პრიზიორი - 30 000-ს, ხოლო მეხუთეზე დარჩენილი - 10 000 ლარს.

ქევხიშვილმა სამაგალითოდ სქემატურად წარმოგვიდგინა ამ საპრემიო თანხის განაწილების პრინციპი, თუმცა მან საშუალო მაჩვენებელი აიღო, რაც შეიძლება, შეიცვალოს. ოღონდ ამ გათვლებითაც წარმატებულ სპორტსმენს, რომელიც მედალოსნებში მოხვდება, წელიწადში 10-11 000 ლარის გამომუშავების საშუალება ეძლევა. თან ეს შეიძლება მიიღონ არა მარტო ნაკრების ლიდერებმა, არამედ იმათაც, ვინც ვერ ხვდება ეროვნულის ძირითადში.

ამასთან, მათ სრულად შეუნარჩუნდებათ ადგილობრივი თვითმმართველობების, ფედერაციებისა თუ სხვა წყაროებიდან არსებული ხელფასები.

ისიც სათქმელია, რომ ამისთვის განსაკუთრებულად არ დაიჯაფებიან - გაზაფხულზე სამ თვეში 6 შეხვედრის ჩატარება და შემოდგომაზე ოთხთა ტურნირში მონაწილეობა დასჭირდებათ. ასევე დამატებითი შემოსავალი გაუჩნდებათ მწვრთნელებსაც.

მკაცრად იქნება დაცული საკლუბო ჩემპიონატში გამოსვლა - არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში სპორტსმენი მთელი წლით მოიხსნება ტურნირიდან და სათადარიგო ჩაანაცვლებს, თვითონ კი დაკარგავს იმ ანაზღაურების მიღების შანსს. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ტრავმა, ეროვნულ ნაკრებში გამოძახება ან გაუთვალისწინებელი ექსტრემალური ვითარება - ვთქვათ, რაიონიდან მომავალი სპორტსმენს სტიქიური უბედურების, ავარიის, გზებზე შეფერხების ან სხვა მიზეზით დააგვიანდა.

რომ არა სამინისტრო...
აქვე გეტყვით, რომ ეს იქნება ერთწლიანი კლუბები, რომელიც ყოველწლიურად შეიცვლება საქართველოს ჩემპიონატიდან გამომდინარე. ამ პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა სპორტის სამინისტროს თანადგომით, რომელიც დაეთანხმა ფედერაციის წარდგენილ პროექტს, დათანხმდა ფინანსურ თანადგომას და გაუზარდა დაფინანსება. ოღონდ შეიძლება ითქვას, ესაა მიზნობრივი გრანტი, რომელიც ამ ახალი პროექტისთვის დაუმატეს.

იდეა ძალიან კარგია, რომელმაც მართლაც უნდა გამოასწოროს სათადარიგო ფალავნების მდგომარეობა და ისინი სტატისტებიდან ამინდის შემქმნელ სპორტსმენებად აქციოს. იმედია, შესრულებაც ასეთივე კარგი იქნება, თუმცა იდეა იმდენად საინტერესოა, შეიძლება, სხვა ფედერაციებმაც აიღონ მაგალითად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნეტა მარტლაც ასე იქნებოდეს ინტერესი ექნებატ დზიუდოს მიმარტ. და რაც მტავარია მსჰიერი არ ივლიან ვარჯისჰებზე.
fani
00:04 03-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული