"რუსებს დღესაც მიაჩნიათ, რომ ქართველი მსაჯი მოვალეა, მათ დაეხმაროს..."

AutoSharing Option
დღეს "ლელოს" სტუმარია ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული მსაჯი ძიუდოში ვლადიმერ ნუცუბიძე, რომელიც ძალზე ახლოსაა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე გამგზავრებასთან.

ცხადია, მასთან, უპირველესად, ის გვაინტერესებდა, კიდევ რა ეტაპები დარჩა გასავლელი იქ მოსახვედრად, თუმცა რესპონდენტმა არაერთ საინტერესო თემაზე ილაპარაკა.

- საბოლოოდ როდის გამოცხადდება ოლიმპიადაზე წამსვლელი მსაჯების სია და შემოწმების რა ეტაპები დაგრჩათ გასავლელი?
- სია ოფიციალურად თებერვლის დასაწყისში გამოქვეყნდება. მანამდე დარჩენილია მხოლოდ ერთი ტურნირი - პარიზის "დიდი მუზარადი", თუმცა საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგში დღეისათვის მეცხრე ვარ, ოლიმპიადაზე კი ამ სიიდან 12 მიდის. პირველ ჯგუფში
18 მსაჯი ვართ. აქედან 12 რეიტინგით წავა ოლიმპიადაზე, 4 არბიტრი კი სარეზერვო იქნება. რიო დე ჟანეიროში ისინიც წავლენ, ფორმები მათთვისაც შეიკერება, თუმცა რეზერვში იქნებიან. 2 ადგილს კვოტით აძლევენ აფრიკას და ოკეანიას მათი განვითარებისთვის, თორემ იქ იმდენი შეჯიბრებები არ ტარდება და იმდენად განსხვავებული დონეა, 30-ეულშიც ვერ შევლენ.

რეიტინგში მე-13 ადგილზე რომ გადავიდე, პარიზში იმდენად დაბალი შეფასება უნდა მივიღო, როგორიც ამ პირველი, ანუ ოლიმპიური ჯგუფის მსაჯებიდან ჯერ არც ერთს არ მიუღია. შეიძლება ბოლო ორი ადგილი გაიცვალოს, ანუ ეს სია, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია.

ის ტენდენციაც გამოკვეთილია, ამ ბოლოს ვინ იღებს მაღალ ქულებს და ვინ - დაბალს, რაც გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა. არაოფიციალურად ოლიმპიადაზე წამსვლელთა სია უკვე გარკვეულია, მაგრამ სხვებმა მოტივაცია რომ არ დაკარგონ და გარიგებებზე არ წავიდნენ, ჯერ არ აქვეყნებენ.

პირველი ჯგუფის მსაჯებს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციასთან ხელშეკრულება გაისად ივლისამდე გვაქვს. ბოლო შეჯიბრება, რომელსაც ჩვენ მოვემსახურებით სარეზერვო ოთხეულთან ერთად, ტიუმენის "დიდი მუზარადი" იქნება.

შეიძლება მსაჯთა სია ოფიციალურად არც თებერვალში გაახმოვანონ, მაგრამ როგორც კომისრებისგან ვიცი, მოგვივა სპეციალური ანკეტები შესავსებად ვიზაზე, ეკიპირებაზე და ასე შემდეგ. ქულები პარიზის შემდგომ შეჯიბრებებზეც დაგვეწერება, მაგრამ ეს ოლიმპიურ რეიტინგზე არ იმოქმედებს.

- წლეულს მსაჯობა აშკარად გაუარესებული იყო. რას უკავშირებენ ამას და ოლიმპიადაზე პრევენციის მექანიზმი რამდენად ეფექტურია?
- წლეულს ნამდვილად ბევრი იყო სადავო საკითხები, პირველი საკონფლიქტო კი ბაქოში გამართული ევროპული თამაშები გახდა. ის თავიდან არ განიხილებოდა ევროპის ჩემპიონატად, საფესტივალე სახე უნდა ჰქონოდა და ამიტომ ნაკლებად კვალიფიციური მსაჯები შეარჩიეს. შემდეგში, როდესაც ევროპის ჩემპიონატთან გაიგივდა, მათ დაამატეს უფრო კვალიფიციური არბიტრების მცირერიცხოვანი ჯგუფი, მათ შორის - მეც. კატეგორიებს შორის ისეთი განსხვავება იყო, როგორიც ცასა და დედამიწას შორისაა.

სხვათა შორის, მოგვიანებით მსაჯთა კოლეგიამაც აღიარა, რომ ამ დონეების გასათანაბრებლად რაღაც სისტემის მოფიქრება სჭირდება, რათა მეორე და მესამე ჯგუფის დონემაც აიწიოს.

ამას დაემატა ცვლილებები თავად მსაჯთა კომისიაში - შარშან შემოდგომაზე, ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მომხდარი სკანდალის შემდეგ საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომიტეტის ესპანელ თავმჯდომარე ხუან ბარკოსს, რომელიც პარალელურად ესპანეთის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტია, თავისი ფალავნებისადმი მიკერძოებაში დასდეს ბრალი. იგი ჩამოშორებული იყო ამ კომიტეტს. სხვათა შორის, ეს სკანდალი იქ მოჭიდავე ქართველებს უკავშირდებოდა. განსაკუთრებით - შალვა ყალაბეგაშვილს, თორემ ნიკოლოზ შერაზადაშვილზე იმდენად არ ყოფილა პრეტენზიები. მაშინ ბარკოსი აშკარად ჩაერია ყალაბეგაშვილის ერთ-ერთ შეხვედრაში, რაც უყურადღებოდ არ დარჩენია მსოფლიოს ფედერაციის პრეზიდენტ მარიუს ვიზერს, რომელიც სწორედ იმ მომენტში შევიდა დარბაზში.

ამიტომ ბარკოსი დროებით ჩამოაშორეს ხელმძღვანელობას, მაგრამ ზუსტად ევროპული თამაშების წინ ის მოულოდნელად ისევ დაბრუნდა. სავარაუდოდ, ეს საოლიმპიადოდ ურთიერთკონტროლისთვის გაკეთდა, რადგან იქ ორი თანაბარი დონის სპორტული დირექტორია - ბარკოსი და ჰოლანდიელი იან სნაიდერსი. ისეთი დარღვევები აღარ ხდება, მაგრამ მათი ქიშპობა ისევ გრძელდება და ხშირად გაურკვეველ სიტუაციებშიც ვვარდებით.

რაც შეეხება პრევენციას ოლიმპიადაზე, ეს საკითხები მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დალაგდა, რაც იგრძნობოდა იმის შემდგომ შეჯიბრებებზე. მათ შორის - ტოკიოს "დიდ მუზარადზეც", სადაც ტრადიციულად იყო მიდგომა იაპონელებისადმი. მათთვის ის წმინდა შეჯიბრებაა და ვერ წარმოუდგენიათ, სხვამაც რომ შეიძლება მოიგოს, ათი თავით მაღლა თუ არ დგას მასპინძელზე, მაგრამ ჭრიკიშვილზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, სამართლიანად გაიმარჯვა. თან გავიხსენოთ ნახევარფინალში ნაგასეს მოხსნა კორეელთან. მაგ შეხვედრას 32 კამერა იღებდა, იმდენად დიდი იყო ინტერესი, ეს კამერები კი ზეთანამედროვეა, მილიმეტრებს აფიქსირებს. ამის მიუხედავად, აზრები გაყოფილია.

თავდაპირველად ყველა ფიქრობდა, რომ იყო ხელით შესვლა და სამართლიანად მოხსნეს, თუმცა გამეორებებზე ჩანს, სადავო საკითხია, ნაგასეს ჩავლება გაშვებული არ აქვს. რაღაც მომენტში თითქოს უშვებს, თუმცა ისევ იმავე ჩავლებას იღებს. კოდოკანის სემინარზე ეს საკითხიც განიხილება.

- არის მსაჯთა კატეგორია, რომლებიც ძალიან ხშირად ცდებიან ან საჭოჭმანო გადაწყვეტილებებს იღებენ ქართველთა საწინააღმდეგოდ. მაგალითად, ესპანელი მანუელ კორტესი, მექსიკელი ევერადო გარსია, რუმინელი იოანა ბაბუიჩი... ეს რამე პიროვნული ფაქტორიდან გამომდინარეობს თუ უბრალო დამთხვევაა?
- კორტესი ამჟამად რეიტინგის ლიდერია და ის იქნება პირველი მსაჯი, ვინც სამ ოლიმპიადას მოემსახურება. ის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი არბიტრია. ბაბუიჩმა ბოლო ორ წელიწადში მართლაც მოუკლო და ამჟამად რეიტინგში ევროპელებში ბოლო ადგილზეა. ის სარეზერვოებშიც კი ერთ-ერთი ბოლოა და ოლიმპიადაზე მოხვედრის ნაკლები შანსი აქვს.

არაოფიციალურად მართლაც არის ენობრივი დაჯგუფებები - ესპანურენოვანი, ფრანგულენოვანი, ინგლისურენოვანი მსაჯები. ადრე იყო რუსულენოვანიც, მაგრამ ახლა ამ 18 კაცში ყოფილი საბჭოთა კავშირიდან მხოლოდ მე და რუსი ვლადიმერ ვოსტრიკოვი ვართ, ძალიან კვალიფიციური მსაჯი. თუმცა მე რუსულენოვანს არავინ მიმაკუთვნებს, რადგან რუსეთის დელეგაციას ყოველთვის აქვს კითხვები ჩემ მიმართ, მათ სასარგებლოდ რატომ არ მივიღე ესა თუ ის გადაწყვეტილება. რუსებს დღესაც მიაჩნიათ, რომ რადგან ერთ დროს საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო, ქართველი მსაჯი მოვალეა, მათ დაეხმაროს, რასაც ვერანაირად ვერ დავეთანხმები. თუმცა ჩემდამი მათი ხშირი პროტესტი კარგ სამსახურსაც მიწევს, ეჭვი არავის რჩება ჩემ მიმართ.

თქვენ მიერ ჩამოთვლილი მსაჯები ესპანურენოვან ჯგუფს მიეკუთვნებიან. ადრე ამავე ჯგუფში კიდევ ერთი პორტუგალიელი არბიტრი იყო, თუმცა ახლა იმანაც სარეზერვოებში გადაინაცვლა. ჩვენთან დაკავშირებით მართლაც იყო რამდენიმე საკამათო ეპიზოდი, რაზეც ვესაუბრე მწვრთნელებსაც და სპორტსმენებსაც, თუმცა კარგი იქნება, ისინი ასე სადავო მომენტამდე თუ არ მიიყვანენ საქმეს. მით უფრო, როცა მეტოქე არაა იმ დონის, ასე გაგიჭირდეს მათთან. მეორე მხრივ, ცალკე სამუშაოა მსაჯებთან და კომისრებთან, რათა სადავო ეპიზოდებში არ დავიჩაგროთ.

- ვინ უნდა იმუშაოს ამაზე?
- ოლიმპიური წელიწადია და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რაღაც ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ამ პრობლემაზე იმუშავებს. ეს ყოველთვის ასე იყო, ნებისმიერი მთავრობის პირობებში, როცა იქმნებოდა ოლიმპიური მზადების ჯგუფი, რომელშიც ხელმძღვანელი პირები შედიოდნენ და ნებისმიერი პრობლემა იქ განიხილებოდა. ჩემთვის არაა ცნობილი, დღეს არსებობს თუ არა ასეთი კომისია. იმედია, ამ ჯგუფში ოლიმპიადის მომსახურე მსაჯებიც იქნებიან თუნდაც კონსულტანტებად.

- ჩვენს სპორტსმენებთან და მწვრთნელებთან თუ მუშაობთ წესების ადაპტაციაზე?
- მათთან ყოველთვის ჩავდივარ შეკრებებზე და ლიდერებთან, ვინც უშუალოდ შეჯიბრებისთვის ემზადება, კონკრეტულად გავდივართ ცალკეული მსაჯის თემას ამ პირველი ჯგუფიდან. რაკი ვიცით მათი ვინაობა, თითოეულ მათგანზე ვმუშაობთ. ზოგი არბიტრი პოლიციური მიდგომების, სიმკაცრისა და დასჯის მოყვარულია. იაპონელები, პირიქით, პასიურობაზე ნაკლებად აფრთხილებენ, ჭიდაობის საშუალებას აძლევენ და არ აჩერებენ შეხვედრას. ზუსტად ისეა, როგორც, მაგალითად, ფეხბურთში: ზოგი მსაჯი პირველივე შეხებაზე დაუსტვენს, ზოგი კი აცლის, ვიდრე აშკარა უხეშობაში არ გადავა თამაში.

ესეც ერთგვარი დახმარებაა სპორტსმენებისთვის, როცა ილეთების გარდა, არბიტრთა ხასიათის ასეთ ნიუანსებს ვუხსნით. ძალიან მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრაც, შეხვედრის რომელ მონაკვეთში როგორი აქტივობით უნდა იჭიდაოს; თავდაცვისას, როცა დროა გასაყვანი, რაზე შეიძლება გაფრთხილების მიღება და რაზე - არა; ტაქტიკა როგორ უნდა დაალაგოს ისე, რომ ზედიზედ არ გააფრთხილონ; შეტევები როგორ უნდა ააწყოს, რომ მეტოქე გაუფრთხილონ, თუმცა ამ შემთხვევაშიც გარანტირებულად მინიმუმ, 30-40 წამი მას არავინ გააფრთხილებს, რადგან ფიზიკურად ვერ მოასწრებ ამდენ შეტევას. ამიტომ თუ დრო ისეც იწურება, ძალები უნდა დაზოგო, განსაკუთრებით იმათ, ვინც ფიზიკურად არაა მზად 5-წუთიანი ბრძოლისთვის. ამიტომ ჯობია, ამ ვითარებაში დრო გაწელონ, პოზიციურ ბრძოლაზე გადავიდნენ და შემდეგ დაიწყონ შეტევა.

ასევე, ჩავლება თუ კარგი გაქვს, მეტოქე კი აკრძალული ჩავლებით გიდგას, გდებას კარგად თუ არ მოამზადებ, ჩავლებას მყარად არ აიღებ და შეტევას გააკეთებ მხოლოდ შეტევისთვის, რათა აქტიურობა დააფიქსირო, ამით მსაჯს ართმევ საშუალებას, მეტოქე გაგიფრთხილოს დარღვევით ჩავლებაზე. ამიტომ ასეთ შეტევას აჯობებს, საერთოდ დადგე და მსაჯს მისცე მოქმედების საშუალება.

მწვრთნელებთან შეხვედრის კონკრეტული პერიოდების დაგეგმვაზეც მიდის მუშაობა, რასაც მერე შეგირდებს გადასცემენ.

- თუ გაქვთ ინფორმაცია, აპირებენ თუ არა ოლიმპიადის შემდეგ წესებში ცვლილებების შეტანას?
- კიდევ უფრო გამკაცრდება გაფრთხილებები. მაგალითად, ორი ხელით წელში შესვლაზე - დღეს ამაზე მხოლოდ გაჩერების დროს თუ გაფრთხილებენ, მერე საერთოდ აიკრძალება. ჩავლების გარეშე ორი ხელით არ უნდა შეხვიდე წელში, თუმცა მომავალში ესეც აიკრძალება, ანუ ჩავლებაც ვეღარ გიშველის, მოხსნა იქნება ამაზეც. ეს პროექტი ჯერ განიხილება და იანვრის ბოლოს კოდოკანში სემინარზე ამაზე იქნება ლაპარაკი.

ასევე გამკაცრდება ცალმხრივი გადავლებული ჩავლება, რასაც ჯვარედინ ჩავლებას ეძახიან. როგორც ამბობენ, პირველ ცდაზე შიდო იქნება, მერე კი მოხსნიან, რადგან მეტოქე რჩება უსუსურ მდგომარეობაში, კონტრილეთის ჩატარების საშუალება არ ექნება. ესაა უპირატესობა, რომელსაც არც ერთი მხარე მხოლოდ ჩავლებით არ უნდა იღებდეს. ამით ძიუდო ილეთების გარკვეულ ნაწილს დაკარგავს, როგორც თავის დროზე ფეხში შესვლაზე იყო, მაგრამ მოჭიდავეები თანაბარი დონის ორ ჩავლებას იღებენ და ორივე თანაბარ მდგომარეობაშია. უპირატესობა უნდა განსაზღვროს ილეთების შესრულების ხარისხმა. ასევე სადავოა ფეხში შესვლაც, რომელიც ოლიმპიადის შემდეგ, არჩევნების მოახლოებისას უფრო მომწიფდება და სავაჭრო თემაც გახდება. ახლანდელი წესებით, ის მოხსნით ისჯება, თუმცა ხელმძღვანელობის ამბიციის მქონე ზოგიერთი ჯგუფი უკვე ცდილობს მხარდამჭერთა შემოკრებას იმით, რომ ჰპირდება ამ წესის გაუქმებას.

მსოფლიოს ფედერაციის არჩევნები 2017 წელს ბუდაპეშტში გასამართავ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩატარდება. ძირითადი ცვლილებები და ინტრიგები მანამდე არ მოხდება. მანამდე მხოლოდ რეგიონული ექსპერიმენტებია მოსალოდნელი. მით უფრო, ერთი წლით ადრე ევროპული ფედერაციის არჩევნები გაიმართება.

მოსალოდნელია, ოლიმპიადის შემდეგ პარალიმპური ძიუდო საერთაშორისო ფედერაციის წევრი გახდეს, ახლა კი მსოფლიო პარალიმპურ კომიტეტშია გაწევრიანებული. არაა გამორიცხული, "დიდი პრიზებისა" და "დიდი მუზარადების" პროგრამაში პარაძიუდოც ჩაჯდეს. ჯერ ესეც პროექტია და არც ისაა გარკვეული, ისეთივე ინტენსივობით იქნება წარმოდგენილი, თუ ჯერ საცდელად რამდენიმე ტურნირს დაუშვებენ, მერე კი ორგანიზატორს მათ მიმართაც იგივე ვალდებულებები ექნება.

ეს ზუსტად იგივე მიდგომაა, როგორიც თავის დროზე ქალთა ძიუდოს მიმართ იყო - ისიც ასე ექსპერიმენტულად იწყებდა, დღეს კი ვაჟებზე არანაკლები აუდიტორია ჰყავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ვლადიმერს. ნამდვილად საამაყოა, რომ ასეთი მაღალი რანგის პროფესიონალია ჩვენი თანამემამულე და ვისურვებდი, რომ სხვა პროფესიონალი მსაჯებიც გვყავდეს. ჩვენი ძიუდოს სკოლის პატრონებს, ნამდვილად არ გვეპატიება ერთი ადამიანის ყოლა მსაჯთა კორპუსში...
franio
17:56 30-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული