ტურნირის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), მესამეზე კი ვალერი ლიპარტელიანი (90) გავიდა. ამასთან, ჩვენი ნაკრების აქტივში კიდევ ორი მეხუთე ადგილია - ნუგზარ ტატალაშვილი (73) და ლევან მატიაშვილი (+100), რამაც საერთო-გუნდურ ჩათვლაში მეხუთეზე გაგვიყვანა, მხოლოდ ვაჟთა შორის კი მეოთხე ადგილზე ვართ.
ჭრიკიშვილი ლიპარტელიანის შემდეგ მეორე ქართველი გახდა, ვინც ორჯერ მოიგო ეს პრესტიჟული შეჯიბრება, ხოლო ზედიზედ იგი ქართველთაგან აქამდე ჯერ არავის მოუგია. არადა, ტურნირი წლეულსაც
ჭრიკიშვილმა პირველ ორ შეხვედრაში მასპინძელი ალაინ შმიტი და ჰოლანდიელი ნაელ ვან დე კამერი დააიპონა, მერე კი ვაზარი ამოუქაჩა უნგრელ ლასლო ჩოკნიაის - მესამე იპონი. აღსანიშნავია, რომ უნგრელს მეექვსე შეხვედრიდან ზედიზედ მეხუთედ მოუგო. ნახევარფინალში გაფრთხილებებით გასცდა რუს ალან ხუბეცოვს, ფინალში კი ვაზარით დაჯაბნა ბულგარელი ივაილო ივანოვი, როცა ახალი ილეთიც შემოგვთავაზა.
პარიზული ანგარიში ლიპარტელიანმაც იპონით გახსნა - უკრაინელ ქუანჯაუ ნჰაბალისთან, მეორე შეხვედრაში კი უზბეკ შერალი იურაევს გაფრთხილებებით მოუგო. ამის შემდეგ ქართველი ფალავანი ფრანგ ალექსანდრ იდირთან დამარცხდა, ვისაც შარშან ამავე ტურნირის ფინალში მოუგო. არადა, ლიპარტელიანი ახლაც იგებდა, მაგრამ ბოლო წამებზე გაუშვა გდება.
სამაგიეროდ, ფრანგების ჯავრი სანუგეშო წრეში იყარა - ჯერ რომაინ ბუფეს აჯობა, ხოლო ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ლუდოვიკ გობერტი დააგდო ვაზარზე.
ძალიან დასანანია ტატალაშვილის წაგება მეოთხედფინალში რუს დენის იარცევთან, რადგან ჩვენებური მეორედ დამთავრებამდე ნახევარი წუთით ადრე გააფრთხილეს, რაც საბედისწერო აღმოჩნდა. არადა, აქტიურიც იყო და არც ყრუ დაცვაში ჩამდგარა. თან, რუსიც არ იყო მასზე აქტიური, თუმცა მსაჯებმა მაინც ასე გადაწყვიტეს.
მანამდე ტატალაშვილმა ჩერნოგორიელი ნიკოლა გუზიჩი დააიპონა, ჩინელ შუალ სუნს ვაზარით აჯობა, დამამშვიდებლის პირველ წრეში კი მონღოლთა ოლიმპიური და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი ნიამ-ოშირ საინჯარგალი დაამარცხა წმინდად. ბრინჯაოსთვის შეხვედრა ჩვენებურმა დაახლოებით თანაბარ ტაქტიკურ ჭიდილში დათმო და ისევ ერთი გაფრთხილებით იაპონელ მსოფლიოს ჩემპიონ ჰიორიუკი აკიმოტოსთან.
აკიმოტომ მანამ ლაშა შავდათუაშვილიც დაგვიმარცხა და ისიც საკამათო პაექრობა იყო - არა გვგონია, იაპონელი იმდენად აქტიური ყოფილიყო, შავდათუაშვილი უცილობლად იმსახურებდა გაფრთხილებას. მანამ ჩვენმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ახალზელანდიელი ადრიან ლეატი ვაზარ-იუკოთი გამოაგდო და თან 3-ჯერაც გააფრთხილებინა, ესპანელი ხავიერ რამირესი კი გაფრთხილებებით მოახსნევინა. სამწუხაროდ, ქართველი ფალავანი სანუგეშო წრემდე ვერ მივიდა.
მატიაშვილი ნახევარფინალამდე გაფრთხილებებით მივიდა - უილეთოდ მოუგო ბრაზილიელ ოლიმპიურ პრიზიორსა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ რაფაელ სილვას, გერმანელ ევროპის მედალოსან ანდრე ბრაიტბარტს და აზერბაიჯანში გადასულ უშანგი კოკაურს. თუმცა დამამშვიდებლის ფინალში თავადაც გაფრთხილებებით დამარცხდა ბრაზილიელ დავიდ მოურასთან (მოხსნეს), მანამ კი ნახევარფინალში ვაზარით წააგო მომავალ ჩემპიონთან, იაპონელ ჰისაიოში ჰარასავასთან, ვინც შარშანდელი ზაფხულიდან მოყოლებული, ზედიზედ მეოთხედ იმარჯვა "დიდ მუზარადზე", მათ შორის - კანოს მემორიალზეც დეკემბერში, სადაც ფინალში ამ წონაში იაპონელთა აქამდელ ლიდერ რიუ სიჩინოეს აჯობა.
სხვათა შორის, სიჩინოე პარიზშიც გამოდიოდა, მაგრამ ნახევარფინალში ებრაელ ორ სასონთან დამარცხდა, ვისაც მერე ფინალში ჰარასავამ აჯობა ულაპარაკოდ.
ჩვენი ნაკრებიდან ვაჟა მარგველაშვილმაც (66) დასანანად წააგო - მისთვის პირველ შეხვედრაში სომეხ ფერდინანდ კარაპეტიანთან ორჯერ გააკეთა გდება, მაგრამ მსაჯებმა არასწორი ჩავლებისთვის ორივე გაუუქმეს. მარგველაშვილი აქტიურიც იყო, მაგრამ ამდენი ჩაუთვლელი გდებების შემდეგ დაუწერელი ლოგიკა ამოქმედდა და საბოლოოდ თვითონ წააგო. მას რეიტინგში ბევრი არაფერი ემატება, თუმცა მაინც რჩება სალიცენზიო ზონაში.
სამწუხაროდ, პარიზულმა ტურნირმა დამაიმედებელი ვერაფერი გვაჩვენა 100 კილოგრამში, სადაც ისევ გამალებით ვეძებთ ლიცენზიას - ორივე ქართველი პირველივე წრეში დამარცხდა: გურამ თუშიშვილმა უზბეკ რამზიდინ საიდოვთან წააგო, ბექა ღვინიაშვილმა - ბრიტანელ ფილიპ ავიტალარაზთან.
პირველივე შეხვედრა დათმო ჩვენი გუნდის დარჩენილმა სამმა წევრმაც - ამირან პაპინაშვილმა (60) ყაზახ აირბეკ იმაშევთან გაუშვა იპონი, ლუხუმ ჩხვიმიანმა სომეხ ჰოვანეს დავითიანთან, ადამ ოქრუაშვილმა (+100) - ფრანგ ჰამზა ოუჩანისთან.
პარიზის გრანდ-სლემი. კვარცხლბეკი
60 კგ.
1. ტორუ შიშიმე (იაპონია), 2. ილგარ მუშკიევი (აზერბაიჯანი), 3. ვალიდე ხიარი (საფრანგეთი), ვონ ჯინ კიმი (კორეა)
66 კგ.
1. მასაში ებინუმა (იაპონია), 2. ტუმურკულეგ დავაადორჯი (მონღოლეთი), 3. ბაულ ანი (კორეა), კილიან ლე ბლუში (საფრანგეთი)
73 კგ.
1. ჩანგრიმ ანი (კორეა), 2. დენის იარცევი (რუსეთი), 3. საგი მუკი (ისრაელი), ჰიროუკი აკიმოტო (იაპონია), 5. ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)
81 კგ.
1. ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო), 2. ივაილო ივანოვი (ბულგარეთი), 3. ვიქტორ პენალბერი (ბრაზილია), კი-ჩუნ ვანი (კორეა)
90 კგ.
1. დაიკი ნიშიამა (იაპონია), 2. ალექსანდრ იდირი (საფრანგეთი), 3. ვალერი ლიპარტელიანი (საქართველო), დონ ჰან გვაკი (კორეა)
100 კგ.
1. სირილ მარე (საფრანგეთი), 2. კაილ რეიესი (კანადა), 3. კარლ-რიხარდ ფრეი (გერმანია), აარონ ვოლფი (იაპონია)
+100 კგ.
1. ჰისაიოში ჰარასავა (იაპონია), 2. ორ სასონი (ისრაელი), 3. როი მაიერი (ჰოლანდია), დავიდ მოურა (ბრაზილია), 5. ლევან მატიაშვილი (საქართველო)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"