ეს შეჯიბრება ჩვენებისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგან ახლო მანძილზეა, სადაც ბევრი კანდიდატის გამოცდას ახერხებენ და არ არიან მონაწილეთა ოდენობით შეზღუდულები. თან მწვრთნელებს მეზობელ კოლეგებთან ტრადიციულად კარგი ურთიერთობა აქვთ და იქ ხშირად მართავენ ერთობლივ შეკრებებს. განსაკუთრებით - გოგოები, რადგან აქ სპარინგები ძალიან აკლიათ, თურქეთში კი ქალთა ძიუდო მაღალ დონეზეა და ეს პრობლემა გამორიცხულია.
ჩვენი ნაკრებების ხელმძღვანელებმა ახლაც გამოიყენეს შანსი და ორივე გუნდი იქ გაფართოებული შემადგენლობით წავიდა.
გოგოებს ამჯერად კახა მოცრაძე გაჰყვა, მის განკარგულებაში კი 14 სპორტსმენია.
ეს მოზარდები თურქეთში მორიგ დათვალიერებას გაივლიან და იქ უკვე საბოლოოდ გამოიკვეთება ის ბირთვი, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის გააგრძელებს მზადებას. შესაბამისად, მზადების მომდევნო ეტაპებზე გუნდები უფრო დაიხვეწებიან და მომზადებაც უფრო მიზანმიმართული გახდება.
დასასრულ, კიდევ ერთი ცნობა, რომელიც არც ამ ტურნირს ეხება და არც - ჭაბუკთა ასაკს, მაგრამ მაინც საინტერესო უნდა იყოს ძიუდოს ქომაგებისთვის: მუხლის ოპერაცია გაიკეთა ქალთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ჭაბუკებში ევროპის შარშანდელმა ჩემპიონმა და ევროპული თამაშების გამარჯვებულმა მზია ბებოშვილმა (52). ის უკვე გადავიდა ახალგაზრდებში, თუმცა ტრავმამაც შეაწუხა.
ოპერაციამ კარგად ჩაიარა და სარეაბილიტაციო პერიოდიც გეგმის მიხედვით მიდის. სპორტსმენმა უკვე დაიწყო სიარული, თუმცა ჯერ მხოლოდ ყავარჯნებით და თან ფეხსაც ვერ ატანს ძალას, მაგრამ პრობლემებიც აღარაა. ახლა საბოლოო აღდგენას დრო სჭირდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"