ძიუდო. ახალგაზრდული ნაკრები: 20 მედალი ათენიდან!

AutoSharing Option
ფოტოზე: ონისე სანებლიძე
ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ამ უქმეებზე დიდი წარმატებით იასპარეზა ათენში ჩატარებულ "ევროპის ახალგაზრდულ თასზე", სადაც 20 მედალი და საერთო გუნდური პირველობა მოიპოვა.

აქედან მხოლოდ ერთი ბრინჯაოა გოგოების მონაგარი - პრიზიორი ელისო სისაური (70) გახდა, დანარჩენები კი ბიჭებმა მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ მძიმე წონაში კვარცხლბეკის ოთხივე საფეხურზე მხოლოდ ქართველები იდგნენ, ხოლო 81-სა და 100-ში სამ-სამი მედალოსნით ვიყავით წარმოდგენილნი, ზედა სამ წონაში კი - 90, 100 და +100-ში ქართული ფინალები გაიმართა.

ისიც საინტერესოა, რომ რვიდან არც ერთი წონა არ დაგვიტოვებია უმედლოდ.
არადა, არც ტურნირს ეთქმოდა სუსტი. მართალია, იაპონია-კორეის მსგავსი ლიდერები არა, მაგრამ 300-ზე მეტი სპორტსმენი გამოდიოდა მსოფლიოს 22 ქვეყნიდან.

ბიჭების 19 მედლიდან 4 ოქროა, 6 ვერცხლი და 9 ბრინჯაო. ჩემპიონები რობინზონ ბეგლარაშვილი (60), ონისე სანებლიძე (90), ჯაბა მუმლაძე (100) და ნიკოლოზ სისვაძე (+100) გახდნენ. ფინალურ შეხვედრებში ბექა უდესიანი (66), გიორგი ხმელიძე (73), კობა მჭედლიშვილი (81), იესო კვირიკაშვილი (90), დავით ოზბეთელაშვილი (100) და გურამ ქოსმენაშვილი (+100) დამარცხდნენ, კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე კი დავით გეჯაძე, ზურაბ კახნიაშვილი (ორივე - 55), ივერი წასიძე (66), ტატო ტატულაშვილი (73), გიორგი ქურდიანი, ტრისტან მოსახლიშვილი (ორივე - 81), ზაურ კენჭაძე (100), საბა გაბრიჩიძე და გელა ზაალიშვილი (ორივე - +100) ავიდნენ.

ბრინჯაოს მოპოვების შანსი კიდევ 6 ქართველს ჰქონდა, მაგრამ დამარცხდნენ და მეხუთეზე დარჩნენ, თუმცა 5 მათგანს ბრინჯაოსთვის შეხვედრა ისევ ქართველებმა მოუგეს. არადა, ჩვენს გუნდს ოთხი ლიდერი აკლდა - შარშანდელი ევროპისა და მსოფლიოს მედალოსნები, რომლებსაც მწვრთნელები საგანგებო გრაფიკით ამზადებენ და ოდნავ მოგვიანებით ჩართავენ შეჯიბრებებში.

მედალოსანთაგან რამდენიმე - კახნიაშვილი, ბეგლარაშვილი, სანებლიძე, გაბრიჩიძე, ზაალიშვილი - ჯერ ისევ ჭაბუკთა ნაკრების წევრია, რამდენიმე კი წლეულს გადმოვიდა ახალგაზრდებში, თუმცა მწვრთნელებმა გამოცდილების მისაღებად მაინც წაიყვანეს უფროსებში და მათაც გაამართლეს იმედები.

ირაკლი ცირეკიძისა და მინდია ბოდაველის სამწვრთნელო დუეტი ამ შეჯიბრებას ნაკრების დასაკომპლექტებლად ერთ-ერთ საკვანძო ეტაპად განიხილავდა - საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ მედალოსნებს აქაც უნდა დაემტკიცებინათ, რომ შემთხვევით არ მოუპოვებიათ წარმატება. ამიტომ საბერძნეთში ქვეყნის პირველობის ყველა მედალოსანი წაიყვანეს. იქ თავგამოჩენილ სპორტსმენებს მომავალ უქმეებზე სანკტ-პეტერბურგშიც გამოსცდიან, სადაც გუნდი საბოლოოდ გაიცხრილება და გამოკვეთილი ბირთვი გააგრძელებს მზადებას ევროპის ჩემპიონატისთვის.

ათენის ტურნირმა მწვრთნელთა ვარაუდი სრულად გაამართლა და რამდენიმე წონაში საქართველოს ჩემპიონატის შედეგები თავდაყირა დადგა, ანუ კონკურენცია გრძელდება, რაც ძალიან კარგია საბოლოო შედეგებისთვის. თანაც, მედალოსანთა შორის ისეთებიც არიან, რომლებიც ქვეყნის პრიზიორები ვერ გახდნენ, მაგრამ ათენში საკუთარი ხარჯით მაინც წავიდნენ - წასიძე, ტატულაშვილი...

81 კილოგრამში საინტერესო რევანშიც ვიხილეთ - მჭედლიშვილმა ქურდიანი დაამარცხა, ვისთანაც ქვეყნის პირველობის ნახევარფინალში წააგო და კონკურენცია კიდევ უფრო დაიძაბა. 73-ში ქვეყნის ჩემპიონი გიგა გიგაურია, თუმცა ის ათენში აზერბაიჯანელთა მომავალ ჩემპიონ ჰიდაიატ ჰეიდაროვთან დამარცხდა, ბრინჯაოსთვის შეხვედრა კი ტატულაშვილთან წააგო და მეხუთეზე დარჩა.

კონკურენტებიდან ყველაზე უკეთ ხმელიძე გამოვიდა, ვისთვისაც გადაულახავი ბარიერი ისევ ჰეიდაროვი აღმოჩნდა. აქვე გეტყვით, რომ აზერბაიჯანელმა ტურნირზე ზვიად ხუბულურიც დაგვიმარცხა. 66-ში ასეთივე დაუძლეველ მეტოქედ რუსი აიუბ ხაჟალიევი გვექცა - წასიძეს და უდესიანს მოუგო, 81-ში კი რუსმა ტურპალ ტეპკაევმაც ორი ფალავანი დაგვიჯაბნა - გოგა ქევხიშვილი და მჭედლიშვილი.

რამდენიმე სპორტსმენმა შიდა კონკურენციაში ისევ შეინარჩუნა ფავორიტის იმიჯი - გეჯაძემ, ბეგლარაშვილმა, უდესიანმა, სანებლიძემ, სისვაძემ. 100-ში საქართველოს პირველობაზე არ გამოსულა მუმლაძე, რადგან ეროვნულ ნაკრებთან ერთად ემზადებოდა. სამაგიეროდ, უფროსებში ქვეყნის პრიზიორი ახლა ჩაერთო ბრძოლაში და კონკურენცია კიდევ უფრო დაძაბა - ფინალში ქვეყნის ჩემპიონ ოზბეთელაშვილს წმინდად მოუგო.

ჩემპიონთაგან ყურადღებას საგანგებოდ შევაჩერებთ სისვაძეზე. ეს ბიჭი ფართო საზოგადოებამ ძიუდოში პირველად ქვეყნის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იხილა, რადგან მანამდე სპორტის სხვადასხვა სახეობაში ცდიდა ძალებს - რაგბი, კულტურიზმი, საბრძოლო ხელოვნების რამდენიმე ნაირსახეობა. ფიზიკურად შესანიშნავად მომზადებულმა მაშინვე დაიმსახურა წაუქცეველის მეტსახელი და ახლაც ძლიერად იჭიდავა - ფრანგ გაბრიელ იან კომბოსთან ერთად ზაალიშვილს, ქოსმენაშვილსა და შამილ გოგოჭურს მოუგო.

მხოლოდ დადებითად უნდა შევაფასოთ ბეგლარაშვილის, სანებლიძისა და ზაალიშვილის, ახალი თაობის სამი გამორჩეულად ნიჭიერი წარმომადგენლის გამოსვლა. ძალიან კარგია მჭედლიშვილის სტაბილურობაც - ისიც ერთ-ერთი უნიჭიერესია.

აშკარად მეტს ველოდით ჭაბუკებში მსოფლიოს პრიზიორ ვანო ხუბაშვილისგან (60), ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონ ლაშა დუდაშვილისა (73) და გიორგი გველესიანისგან (90), თუმცა, ვიმედოვნებთ, ისინიც მალევე დაძლევენ ჩავარდნას.

როგორც გითხარით, ბიჭები სანკტ-პეტერბურგის ტურნირისთვის ემზადებიან, საბუთების გაფორმებაში თუ არ შეექმნათ პრობლემა. თადარიგი ადრევე კი დაიჭირეს, მაგრამ ეს შეჯიბრება მეტისმეტად ახლოა, მწვრთნელები კი ათენის შედეგებს ელოდებოდნენ...

ათენში გოგონებში ოთხი მონაწილე გვყავდა, თუმცა წარმატებას მხოლოდ სისაურმა მიაღწია, ვინც ნახევარფინალში გავიდა - ბერძენ კონსტანტინა თეოდოროუს ვაზარით მოუგო, მისი თანაგუნდელი ანა ჩარა ტასაკოუ კი 3-ჯერ დააგდო იუკოზე, ნახევარფინალში კი იტალიელ ელეონორა ჯეტისთან გაფრთხილებებით წააგო. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ვაზარით ჩამორჩა ბერძენ ნიკოლეტა სარვანიდოუსთან, თუმცა შეხვედრის შუაწელში იპონზე დააგდო.

ჩვენი სხვა მონაწილენი - სალომე მარგიანი (48), ხატია ჯანაშვილი (57) და ნია ნატროშვილი (70) პირველსავე წრეში დამარცხდნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
gaixaret chveni gaxarebistvis da sul warmatebit gevlot,gparavdeg upali..magari shedegia zalian..bravo
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული