ვაჟა მარგველაშვილი: მინდა, ოლიმპიადაზე სიურპრიზი შემოგთავაზოთ

AutoSharing Option
გორელი ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ახლახან დასრულებულ თბილისის გრან პრიზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. წლეულს ვაჟამ კიდევ რამდენიმე გრან პრიზე შეძლო კვარცხლბეკზე დადგომა, ხოლო თბილისში გამარჯვებით უკვე ფაქტობრივად დაიმკვიდრა ადგილი რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის სალიცენზიო ზონაში.

22 წლის მარგველაშვილი მსოფლიოს ძიუდოსთვის ახალი სახეა.

საქართველოს რამდენიმეგზის ჩემპიონს და ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორს თბილისის გრან პრიზე, სხვა განვლილ შეჯიბრებებსა და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.

- თბილისის გრან პრისთვის განსაკუთრებით მოვემზადე, რადგან აქ გამარჯვება ორმაგად სასიხარულო იქნებოდა ჩემთვის. ამასთან ერთად, ამ
შეჯიბრების ყველა მონაწილე რეიტინგში ქულების დამატებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდით.

ტურნირზე ბევრი ძლიერი ძიუდოისტი შეიკრიბა, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ რვა განთესილ ძიუდოისტს შორის ვერ მოვხვდი. თბილისში მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობდი, მაგრამ გიორგი ზანთარაიას (უკრაინა) დამარცხების შემდეგ ვირწმუნე, რომ ამას აუცილებლად შევძლებდი.

- ზანთარაიასთან პაექრობაში აგრესიული, შემტევი ჭიდაობა აირჩიეთ. საშუალებას არ აძლევდით, გაეტეხე და იქით გატეხეთ კიდეც ტიტულოვანი მეტოქე. შესაძლოა, ეს თქვენი კარიერის საუკეთესო დაპირისპირებაც იყო...
- ზანთარაიას აქამდე ორჯერ ვეჭიდავე და ორივეჯერ დასანანი მარცხი ვიწვნიე. პირველად შარშან სწორედ თბილისის გრან პრიზე დავმარცხდი, მეორედ ავსტრიაში საკლუბო "ოქროს ლიგაზე", სადაც ვაზარით ვუგებდი, მაგრამ მაინც წავაგე.

მაშინ ვთქვი, რომ მესამედ ნამდვილად აღარ მოვაგებინებდი. ზანთარაია ყოველთვის ავლენს თავის მაქსიმუმს, მაგრამ ამის საშუალება არ მივეცი და მგონი ეფექტურადაც დავამარცხე.

- მომდევნო პაექრობა თურქ სანდალთანაც რთული აღმოჩნდა. თურქი ფიზიკურად ძლიერი ჩანდა...
- სანდალთან რამდენჯერმე ერთობლივი წვრთნების დროს მიჭიდავია და მიჭირდა მოგება. მას უხერხულ მეტოქედ მივიჩნევ, მაგრამ თბილისში მჯეროდა, რომ უთუოდ მოვიგებდი. ორივე დაკარგული ქულისას კონტრილეთზე წამოვეგე, თუმცა შემდეგ კარგად გამოვიჭირე და იპონი ავართვი.

კარგი ფალავანია ფლიკერიც, რომელსაც ნახევარფინალში შევხვდი, ოღონდ სწორად შევურჩიე ტაქტიკა და დამაჯერებლად მოვუგე. ნახავდით, მასთან მსაჯებმა ერთი იპონიც გამიუქმეს, თუმცა ცოტა ხანში მაინც გავაკარი ტატამს.

- ფინალისტ ალფიო ბასილესთან (იტალია) ადრეც გქონდათ მოგებული...
- მას წლეულს დიუსელდორფის გრან პრის პირველივე ეტაპზე მოვუგე, მაგრამ ახლა უფრო მოძლიერებული ჩანდა. ამასთან ერთად, ფინალური შეხვედრა ყოველთვის ძალიან ძნელია, მაგრამ იტალიელს ვაზარით ვაჯობე.

- და ჩვენი ქვეყნის დროშაც აღამართვინეთ...
- სპორტსმენისთვის დიდი სიამოვნებაა მშობლიური ქვეყნის დროშის აღმართვა, კვარცხლბეკზე დგომა და ჰიმნის მოსმენა. ყოველთვის მსიამოვნებს იმის წარმოდგენაც, თუ როგორ შევძელი გამარჯვებით ახლობლების, გულშემატკივრების გახარება - მათი ხომ მუდამ დიდად მადლიერი ვარ!

- თბილისის გრან პრიზე გორის დარბაზის წარმომადგენლებმა 2-2 ოქროს და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეთ. თუმცა თქვენს წარმატებას ყოველთვის ველით...
- გორელ მოჭიდავეებს გამარჯვებებს მოგვაპოვებინებს დიდი შემართება, მწვრთნელთა ნაყოფიერი ვარჯიშები, საქმისადმი სწორი მიდგომა და ის დიდი ტრადიცია, რაც ამ ქალაქს ჭიდაობაში გააჩნია.

- წლეულს ყველა განვლილ შეჯიბრებაში კარგად გამოხვედით, პროგრესი აშკარაა.
- უდავოდ კარგი წელიწადია ჩემთვის, რადგან ხუთ შეჯიბრებაზე ვიჭიდავე და თბილისში მოპოვებული ოქროს მედლის გარდა, დიუსელდორფის, ტუნისის და ჰავანის გრან პრიზე ბრინჯაოს მედლები ავიღე. მხოლოდ პარიზის "გრან სლემზე" დავრჩი უმედლოდ, თუმცა იქ ფერდინანდ კარაპეტიანთან (რუსეთი) მსაჯების გადაწყვეტილებები ბევრ კითხვის ნიშანს აჩენდა. ამ შეხვედრაში ორჯერ ჩემთვის იპონის მოცემა შეიძლებოდა, მაგრამ არბიტრებმა სხვაგვარად განსაჯეს.

- შარშან ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვება თითქმის შეუძლებელი ჩანდა, მაგრამ ეს შეძელით...
- უზომო შემართებამ, დიდმა მონდომებამ და ჩემთან მიმართებაში მწვრთნელების სწორმა მუშაობამ ნაყოფი გამოიღო.

- ლონდონის ოლიმპიადის წინ ნაკრებს ყველაზე მეტად 66 კგ-ში უჭირდა ლიცენზიის მოპოვება. მაშინ საგზური აგრეთვე გორელმა, ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა. მერე, ოლიმპიადაზე მისგან არ ელოდნენ მედალს, მაგრამ დიდი სიურპრიზი შემოგვთავაზა...
- იმედი მაქვს, რომ ლაშას მსგავსად ოლიმპიადაზე მეც შესაძლებლობათა მაქსიმუმს გაჩვენებთ და სასიამოვნო სიურპრიზს შემოგთავაზებთ.

- თქვენს არსენალში მრავლად არის ქართული ჭიდაობის ფანდები. ნახერხმოყრილ არენაზეც ხშირად გიხილეთ ასპარეზობისას....
- შარშანწინ, საქართველოს ჩემპიონატზე ძიუდოში კვარცხლბეკის მიღმა დავრჩი და საშეჯიბრო პრაქტიკის გამო, ქართული ჭიდაობის შეჯიბრებებზე აქტიურად ჩავერთე. მახსოვს, 15-დან 13 შეჯიბრებაზე პირველი ადგილი დავიკავე.

ჩვენმა ეროვნულმა საჭიდაო სახეობამ ბევრი მომცა გამოცდილების, ტექნიკური და ტაქტიკური თვალსაზრისით განვითარების გზაზე.

- ახლა წინ ევროპის ჩემპიონატი გელით...
- წლეულს საკმაოდ ბევრ შეჯიბრებაში მივიღე მონაწილეობა. ამიტომ თბილისის შემდეგ გამოვტოვე სამსუნის გრან პრი და მთლიანად ყაზანში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ვარ კონცენტრირებული. ძალიან მინდა, რომ უმედლოდ არ დავრჩე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვაჟა გულით გბალეშიკობთ!!!
tatia
23:13 09-04-2016
0
ვაჟი, წარმატებებს გისურვებ! ბევრს მიაღწევ თავდაუზოგავი ვარჯიშით და რეჟიმით!!!
წარმატებები რიოში!!!!!!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული