ბაქოს გრანდ სლემი: წარმატება ყველაზე მეტად ბექა ღვინიაშვილს სჭირდება

AutoSharing Option
დღეს, 6 მაისს, ბაქოში სეზონის მორიგი მნიშვნელოვანი ტურნირი - "დიდი მუზარადი" იწყება, რომელშიც საქართველოს ვაჟთა ნაკრები ასეთი შემადგენლობით გამოვა: ლუხუმ ჩხვიმიანი (60), ვაჟა მარგველაშვილი, გელა კელიხაშვილი (ორივე - 66), ფრიდონ გიგანი, ანზორ ხმიადაშვილი (73), კობა მჭედლიშვილი, ამბაკო ავალიანი (81), თორნიკე ჯუღელი, უშანგი მარგიანი (90), ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ტაველური (100), ლევან მატიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი (+100).

ერთი მონაწილე გვეყოლება ქალთა ტურნირშიც - მარიამ ჯანაშვილი, რომელიც ამჯერად ზედა წონაში, 57 კილოგრამში გამოვა.

წინასწარი განაცხადის მიუხედავად, არ ჭიდაობენ ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს მესამეპრიზიორი ამირან პაპინაშვილი
(60) და ევროპის წლევანდელი ფინალისტი ესტერ სტამი (70).

100 კგ
ღვინიაშვილი პეტერსის ჯგუფში
ჩვენი სპორტსმენებიდან ამ ტურნირზე წარმატება ყველაზე მეტად ღვინიაშვილს სჭირდება, ვისაც ჯერ საბოლოოდ არ გაუნაღდებია ოლიმპიადის საგზური. ამიტომ თავდაპირველად ამ წონაზე ვისაუბროთ. მით უფრო, წილისყრამ ჩვენებურს დიდად ისევ არ გაუმართლა - პირველ წრეში მოლდოვიდან არაბულ საემიროებში გადასულ მსოფლიოს პრიზიორ ივან რემარენკოს შეხვდება.

ჩვენებურმა მას წლეულს სამსუნში მოუგო ნახევარფინალში და ვინძლო, არც ახლა დაუთმოს რამე, გამარჯვების შემთხვევაში კი აზერბაიჯანელ მსოფლიოს ჩემპიონ ელხან მამადოვს შეხვდება.

მესამე წრეში გასვლისას ერთ-ერთი სავარაუდო მეტოქე ირანელი, აზიის ჩემპიონი ჯავად მაჰჯოუბია, ამ ჯგუფის ლიდერი კი გერმანელი ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ბრინჯაოსმედალოსანი დმიტრი პეტერსია. საინტერესო იქნება ღვინიაშვილის გერმანელთან შეხვედრა, როგორც ძალის საზომი.

ბუნებრივია, ამაზე უფრო ძლიერი ჯგუფიც შეიძლებოდა შემდგარიყო, თუმცა ჩვენებურს აქაც დიდი ბრძოლა მართებს. თან მის მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ დარჩენილ სალიცენზიო ტურნირებში, მინიმუმ, მესამეზე მაინც უნდა გავიდეს, საუკეთესო ხუთ შედეგში ქულები რომ დაემატოს.

ნახევარფინალში ამ ჯგუფის გამარჯვებულის სავარაუდო მეტოქეთა შორის შვედი მარტინ პაცეკი, იაპონელი აარონ ვულფი და ესტონელი ევროპის პრიზიორი გრიგორი მინასკინი არიან.

100 კილოგრამზე საუბარს ტაველურის წილისყრით დავამთავრებთ, რომელიც ტურნირში მეორე წრიდან ჩაებმება, სადაც შვეიცარიელ ფლავიო ორლიკს დაეჭიდება.

ამ წყვილში გამარჯვებულს მომდევნო წრეში რუს ადლან ბისულთანოვსა და იტალიელ დომენიკო დე გუიდას შორის უმჯობესი შეხვდება.

66 კგ
მარგველაშვილი განთესვისთვის იბრძვის
სალიცენზიო ქულები მარგველაშვილსაც სჭირდება, ოღონდ - განთესვის 8-კაციან ზონაში შესასვლელად (ამჟამად მე-11 ადგილზეა).

ევროპის ახალი ჩემპიონი პირველ წრეში ისვენებს, თან ყაზახი აზამატ მუკანოვისა და აზერბაიჯანელი ორხან ასკარზადეს შეხვედრას დაელოდება. მარგველაშვილი მესამე წრეში თუ გავა (რაც სულაც არაა ფანტასტიკის სფერო), არც ისე ძლიერი მეტოქე ეყოლება - ალჟირელ ჰოუდ ზოურდანისა და საუდელ არაბს სულაიმან ჰამადს შორის უმჯობესი.

ზოგადად, მარგველაშვილს განსაკუთრებით ძლიერი მეტოქე არც მეოთხედფინალში ელოდება: პორტუგალიელი სერგეი ოლეინიჩის, იტალიელი ფაბიო ბაზილეს, თურქი სინან სანდალისა და ბელორუსი დმიტრი მინკოუს კვარტეტიდან ერთ-ერთი.

ნახევარფინალში ამ ჯგუფიდან გასულს, შესაძლოა, ბრიტანელი ევროპის ვერცხლ-ბრინჯაოსმედალოსანი კოლინ ოუტსი შეხვდეს.

კელიხაშვილი პირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი ყაზახი იელდოშ ჟუმაკანოვისა და მადაგასკარელი ჟანეირო ჩან ლინის დუეტიდან ერთ-ერთს გაეჯიბრება.

ამ წონაში ისევ ჭიდაობს რუსთა მსოფლიოს ორგზის ფინალისტი მიხაილ პულიაევი, ვისაც მილდრონატის მიღების გამო დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა, თუმცა რეგულაციების შემსუბუქების წყალობით გადარჩა.

+100 კგ
მატიაშვილი VS ოქრუაშვილი
ჩვენი ლიდერების კონკურენცია ოლიმპიურ გუნდში მოსახვედრად ბაქოშიც გაგრძელდება. ისინი ბადის სხვადასხვა მხარეს მოხვდნენ, ანუ ფინალამდე არ ხვდებიან ერთმანეთს.

წილისყრამ უფრო ოქრუაშვილს არ გაუმართლა, რადგან ჯგუფში უკრაინელი ევროპისა და მსოფლიოს მესამეპრიზიორი იაკივ ხამო "ჩაუჯდა". მას მეოთხედფინალამდე არ ხვდება, მაგრამ არც იქამდე მისვლა იქნება იოლი: პირველივე წრეში ლიტველი მსოფლიოსა და ევროპის მედალოსანი მარიუს პასკევიჩიუსი ელის, მერე კი, სავარაუდოდ, ბრაზილიელი მსოფლიოს ფინალისტი, ოლიმპიური პრიზიორი რაფაელ სილვა.

მატიაშვილს პირველ წრეში ვენესუელელი პედრო პინედა ერგო, მეორე წრეში გასვლისას კი უზბეკ მსოფლიოსა და ოლიმპიურ პრიზიორ აბდულო ტანგრიევსა და ესტონელ იუჰან მეტისს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ამავე ჯგუფშია ტუნისელი მსოფლიოს პრიზიორი ფაისელ ჯაბალა.

60 კგ
ჩხვიმიანი მეორე წრეში იჭიდავებს მონღოლთა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ამარტუვშინ დაშდავაასთან, ვისთანაც დადებითი ბალანსი კი აქვს - 3-დან ორი შეხვედრა მოუგო, მაგრამ მონღოლმა იმარჯვა ბოლო პაექრობაში - მარტში, თბილისის "დიდ პრიზზე". საინტერესოა, რომ ჩხვიმიანმა მას ბაქოში შარშან მოუგო.

73 კგ
გიგანი მონღოლთა მსოფლიოსა და ოლიმპიურ პრიზიორ ნიამ-ოშირ საინჯარგალთან მოხვდა ჯგუფში, თუმცა მას მეორე წრეში ხვდება, პირველში კი აზერბაიჯანელ ისმაილ პირიევს დაეჭიდება. ამავე ჯგუფშია ჰოლანდიელი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ორგზის ფინალისტი დექს ელმონტიც.

ხმიადაშვილი პირველ პაექრობას სლოვენიელ მარტინ ჰოჯაკთან გამართავს, ხოლო თუ მოუგებს, მერე რუს უალი კურცევს დაეჭიდება.

81
81 კილოგრამში იასპარეზებს მსოფლიოს ჩემპიონი, იაპონელი ტაკანორი ნაგასე, თუმცა ჩვენები, რომლებიც პირველ წრეში ისვენებენ, მას ჯგუფში ასცდნენ. მჭედლიშვილი პირველ შეხვედრას ავსტრიელ მარსელ ოტთან გამართავს, ავალიანი - ბრიტანელ ოუენ ლივესეისთან.

90 კგ
ჯუღელს არ გაუმართლა - პირველ წრეში ლიბანელ ფრანკოის საადეს კი ხვდება, მაგრამ მეორეში ცბიერი რუსი კირილ დენისოვი ელოდება. მარგიანი, ვინც საბოლოოდ გადავიდა 90-ში, პირველივე წრეში ესპანელთა ქართველ ნიკოლოზ შერაზადაშვილს ხვდება.

57 კგ, ქალები
ჯანაშვილის ახალი ამპლუა
ეტყობა, მწვრთნელებმა საბოლოოდ ჩაიქნიეს ხელი მარიამ ჯანაშვილის ოლიმპიურ ამბიციებზე და სამომავლო გეგმაზე გადაერთნენ. ალბათ, ამიტომ აჭიდავებენ მას ახალ წონაში, თორემ აქ ქულები რომც მოიპოვოს, ეს 52-ის რეიტინგში ვერ წაადგება.

ჯანაშვილის პირველი მეტოქე ბულგარელი ეველინა ილიევაა, ამათში მოგებულს კი ავსტრიელი ევროპის ფინალისტი საბრინა ფილცმოზერი ელოდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
სალიცენზიო რამდეენ ქულას იგებს პირველადგილოსანი ?
თორნიკე
14:46 06-05-2016
0
მადლობტ ირაკლი. კაკულა
irakli apkhaidzes
12:49 06-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული