ძიუდო. ახალგაზრდული ნაკრები: ჰოლანდიური აჯობებს თუ ამერიკული?

AutoSharing Option
ფოტოზე: ონისე სანებლიძე
ამ დილით ახალგაზრდა ძიუდოისტთა 10-კაციანი ჯგუფი ამსტერდამში გაფრინდა, სადაც 22-დღიან შეკრებას გაივლის.

გუნდს ასაკობრივი ნაკრებების ერთ-ერთი მწვრთნელი, მინდია ბოდაველი გაჰყვა, რომელმაც თან 10 შეგირდი იახლა: ირაკლი კუპატაძე, დავით გეჯაძე (ორივე - 55), რობინზონ ბეგლარაშვილი (60), თორნიკე ნაგლიაშვილი, ბექა უდესიანი (ორივე - 66), თამაზ კირაკოზაშვილი, გიორგი კაციაშვილი (73), გიორგი ქურდიანი (81), ონისე სანებლიძე (90), გურამ ქოსმენაშვილი (+100).

თუმცა ამათგან ბეგლარაშვილი მხოლოდ 4 დღის შემდეგ შეუერთდება გუნდს, რადგან სკოლაში ეროვნული გამოცდები აქვს, მოქმედი კანონმდებლობა კი მოსწავლე სპორტსმენებს, სამწუხ
აროდ, შეღავათს არ აძლევს.

ამჯერად შეკრებაზე იქნება შარშანდელი სეზონის ტრიუმფატორი ოთხეული, რომლებმაც ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე მედლები მოიპოვეს (კუპატაძე, ნაგლიაშვილი, კაციაშვილი, კირაკოზაშვილი). თან ნაგლიაშვილი ზედა წონაში იჭიდავებს, თუმცა ამ ასპექტში ცოტა გაურკვეველია კირაკოზაშვილის საკითხიც - ის ახლაც 73 კილოგრამში მიჰყავთ, თუმცა მწვრთნელები მის მომავალს უფრო 81-ში ხედავენ. სავარაუდოდ, ევროპის პირველობაზეც იქ დააყენებენ.

როგორც ვხედავთ, არავინ მიჰყავთ 100 კილოგრამში, რასაც ფრიად საყურადღებო მიზეზი აქვს - აქ საქართველოს ჩემპიონ ჯაბა მუმლაძის წაყვანა იგეგმებოდა, მაგრამ დისციპლინის დარღვევისთვის დაისაჯა. დარღვევა კი ბოლოდროინდელი ქართული ძიუდოსთვის სიმპტომატურია - თურმე ერთ ღამეს შეკრებიდან გაიპარა და დილით დაბრუნდა...

ჰოლანდიური შეკრების გამოტოვების გარდა, ის ხელფასის დაქვითვითაც დაისაჯა და არც მწვრთნელებმა დააკლეს მკაცრი საუბარი. ის ძალიან ნიჭიერი სპორტსმენია და უფროსებში საქართველოს ვიცე-ჩემპიონიცაა. იმედია, ეს მისთვის კარგი მაგალითი იქნება და ჭკუის სასწავლებლად გამოადგება.

ჰოლანდიაში ჩვენები იმ კურსის გასაგრძელებლად მიდიან, რაც ფიზიკური მომზადების კუთხით წამოიწყეს. მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ ბოდაველი ნაგლიაშვილთან და კირაკოზაშვილთან ერთად ამერიკაშიც იყო წასული სავარჯიშოდ, სადაც სპეციალური კურსი გაიარეს. ახლა ევროპული ვარიანტის მოსინჯვას აპირებენ, რომელიც ბევრ რამეში განსხვავდება ამერიკულისგან. სწორედ ამ თავისებურებების, ამ განსხვავებების გასაცნობად წინა კვირაში ბოდაველი 2 დღით ამსტერდამშიც ჩავიდა და ადგილზე გაეცნო შემოთავაზებულ ვარიანტს.

ჩვენები თავიდან მხოლოდ ფიზიკურ მომზადებას გეგმავდნენ, მაგრამ საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ იქ ლეიბზეც ივარჯიშებენ, მათთან ერთად კი ჰოლანდიის ახალგაზრდული ნაკრებიც იქნება. ტექნიკურ წვრთნებს ჩვენები ამსტერდამში გაივლიან, საღამოს სავარჯიშოდ კი ჰაარლემში გაემგზავრებიან, ხოლო სატრანსპორტო უზრუნველყოფას მასპინძლები განაპირობებენ.

ამერიკული შეკრება ჩვენებს ფრიად წაადგათ. ვნახოთ, რამდენად ნაყოფიერი აღმოჩნდება ჰოლანდიაში ვარჯიში, სადაც ჩვენები "ფიზიკაში" ევროპის რამდენიმეგზის ჩემპიონის, მსოფლიოს სამგზის ფინალისტისა და ოლიმპიადის მედალოსან ხენკ ხროლის მწვრთნელთან ივარჯიშებენ.

წვრთნის შემოთავაზებული ვარიანტი ჩვენში დამკვიდრებული სავარჯიშო სისტემისგანაც ძირეულად განსხვავდება. ჩვენები ვარჯიშს დილის 11 საათზე იწყებენ, რაც 2 საათი გრძელდება. ამას სადილი მოჰყვება, მერე დაახლოებით 2-საათიანი დასვენებაა და 17 საათზე ისევ 2-საათიანი ვარჯიში იწყება.

ჰოლანდიელების შემოთავაზებული გრაფიკი ასეთია: ვარჯიში დაიწყოს 14 საათზე, რაც 2.5 საათი გაგრძელდება, მერე სადილი და 18 საათზე ისევ ვარჯიში. ასეთი განრიგის არსი ისაა, რომ ორგანიზმი მუდმივად იყოს ისეთსავე დაძაბულ რეჟიმში, როგორც უშუალოდ შეჯიბრების დღესაა. კიდევ ვიმეორებთ - ჩვენებს სურთ, შეადარონ ამერიკული და ევროპული მოტივი და რომელიც უფრო მისაღები აღმოჩნდება, იმაზე შეჯერდებიან.

ჩვენები თბილისში ივნისში დაბრუნდებიან, 12-ში კი აქ დაიწყებენ ერთობლივ შეკრებას, სადაც უცხოელებსაც მოელიან. მაგალითად, გერმანელთა ჩამოსვლა გადაწყვეტილია. შეკრებაში მონაწილეობა ფრანგებს, აზერბაიჯანელებს და სხვებსაც სურდათ, თუმცა ვნახოთ, საბოლოოდ ვინ გვესტუმრება.

ჰოლანდიური შეკრების მიმდინარეობისას ავსტრიაში საერთაშორისო ტურნირი იმართება ახალგაზრდებში, რომელშიც 4 ჩვენებური იასპარეზებს. აქედან 3 მათგანი 100 კილოგრამში გამოვა: ზემოხსენებული მუმლაძე, ზაურ კენჭაძე და დავით ოზბეთელაშვილი, ერთი კი მძიმე წონაში გამოვა - ნიკა სისვაძე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული