ბუდაპეშტის "დიდი პრიზი": უნგრეთი ახალგაზრდულ პრიზმაში

AutoSharing Option
ბუდაპეშტის "დიდ პრიზზე" ჩვენი ნაკრების გამოსვლის შესახებ უკვე გაცნობეთ: გიორგი კაციაშვილმა (73) ბრინჯაო მოიპოვა, ირაკლი კუპატაძემ (60) კი დათმო ბრინჯაოსთვის შეხვედრა და მეხუთეზე დარჩა.

მორიგი გამოცდა - გიორგი კაციაშვილმა ბუდაპეშტის გრან-პრიზე ბრინჯაო მოიპოვა

სამწუხაროდ, ჩვენმა გუნდმა იქ მეტის მოპოვება ვერ შეძლო, თუმცა ასეთი მწირი მონაგარი არცაა გასაკვირი, იმის გათვალისწინებით, რომ უნგრეთში ჩვენგან ახალგაზრდული ნაკრები გამოდიოდა, თავად ტურნირი კი უფროსთა ერთ-ერთი პრესტიჟული შეჯიბრება იყო. თან ჩვენებში რამდენიმე ჭაბუკებიდან ახლახან გადმოსულიც ჭიდაობდა და ასაკობრივი სხვაობა კიდევ უფრო დიდი იყო - გუნდის წევრთა
უმეტესობა 17-18 წლის მოზარდია, უნგრეთში კი მსოფლიოსა და ევროპის პირველობების ფავორიტები გამოდიოდნენ. ამიტომ უფროსებში გარეულ პატარებს ზოგს ჯანი არ ეყო ზრდასრულ მამაკაცებთან საჭიდაოდ, ზოგსაც - გამოცდილება.

ლოგიკურია, რომ ვისაც მეტი ჰქონდა გამოცდილება, მედლისთვის იმათ იჭიდავეს - კაციაშვილსაც და კუპატაძესაც ბევრი არა, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში უკვე უჭიდავიათ, რასაც ვერ ვიტყვით გუნდის უმეტესობაზე - მათ ჯერ ახალგაზრდებშიც კი არ აქვთ საკმარისი სატურნირო პრაქტიკა (იგულისხმებიან ისინი, რომლებიც წლეულს გადმოვიდნენ ჭაბუკებიდან).

ამასთან, ჩვენები იქ ფიზიკური შეკრების შემდეგ წავიდნენ. მართალია, ჰოლანდიიდან დაბრუნებულებს დასასვენებლად საკმარისი დრო ჰქონდათ, მაგრამ მათ იქ ძალიან დატვირთული, მათთვის უჩვეულო შეკრება გაიარეს და ძალების აღდგენა იოლი არ იქნებოდა. მეტიც - ვეჭვობთ, მათ რამდენიმე ანალოგიურად დატვირთული შეკრება კიდევ გაუჭირდებათ, ვიდრე მიუჩვეველი ორგანიზმი ასეთ სიძნელეებს შეეგუება. მწვრთნელებსაც სწორედ ამ ფიზიკური შეკრების ფონზე აინტერესებდათ, რამდენად შეძლებდნენ ისინი ჭიდაობას; თან შეამოწმებდნენ, რა არგო თითოეულ მათგანს ამ შეკრებამ, ვის რა ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება და ვის რა ხარვეზი აღმოაჩნდებოდა, რათა ამის მიხედვით დაგეგმონ მათი მოსამზადებელი ციკლი.

ერთი სიტყვით, ჩვენები ამ ტურნირს გამოსაცდელად იყენებდნენ და შეგნებულად შეარჩიეს უფროსთა შეჯიბრება, სადაც ეროვნული ნაკრები არ გამოდიოდა. მწვრთნელებს იმედები მეტ-ნაკლებად გაუმართლდათ.

დამაიმედებელი დუეტი
ალბათ, მათ ყველაზე ნაკლები პრეტენზია (ზემოთქმულიდან გამომდინარე, ეს სიტყვა გადამეტებული თუ არ იქნება) კაციაშვილთან ექნებათ, რომელმაც უფროსებში უკვე მეორე გამოცდა ჩააბარა: იანვრის ბოლოს სოფიაში "ევროპის ღია კონტინენტურ თასზე" ფინალში გავიდა. მართალია, მანამდე იყო ვერცხლის მედალი საქართველოს ჩემპიონატზე ასევე უფროსებში, მაგრამ იქ წონის ლიდერები - ლაშა შავდათუაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი არ გამოდიოდნენ.

ახალგაზრდებში ევროპის მესამეპრიზიორმა კაციაშვილმა ამჯერად ხუთი შეხვედრიდან ოთხი იპონით მოიგო და მხოლოდ ნახევარფინალში დამარცხდა. ისიც არა ვინმე შემთხვევით მეტოქესთან, არამედ სლოვენიელ ევროპის ჩემპიონ როკ დრაქშიჩთან.

თავდაპირველად ჩვენებურმა რუმინელი ალექსანდრუ რაიკუ დააიპონა, ვისაც სლოვენიელი მარტინ ჰოჯაკი და შვედი ფრედერიკ გურლაიც ზედ მიაყოლა. აღსანიშნავია, რომ კაციაშვილი ჰოჯაკთან შარშან ევროპის ახალგაზრდული პირველობის მეოთხედფინალში დამარცხდა, ახლა კი დამაჯერებელი რევანში აუღო. თამამად შეიძლება ითქვას, გასაქანი არ მისცა უფროსებში უკვე ჭიპმოჭრილ მეტოქეს და იპონამდეც რამდენჯერმე სცადა ბრუნი, კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა მთელი შეხვედრის განმავლობაში და დამსახურებულად დააიპონა.

ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ჩვენებურს 2 წუთიც არ დასჭირვებია გერმანელ იგორ ვანდტკესთან მორიგი იპონისთვის - ქამარში კარგად ჩაავლო და გარეფეხით გადააგდო.

კაციაშვილმა საკმაოდ მაღალი დონის ტექნიკური ჭიდაობაც აჩვენა და კარგი არსენალიც გამოავლინა. ფიზიკურადაც ურიგოდ არ გამოიყურებოდა, თუმცა ზოგიერთ ეპიზოდებში უჭირდა ილეთის შედეგიანად დასრულება - სავარაუდოდ, ესეც ასაკობრივი სხვაობის გამო, თორემ თავის ტოლებში ეს ხარვეზი არ ექნებოდა. ამის მიუხედავად, მაინც ყველა საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ მომავალ ოლიმპიურ ციკლში ამ წონაში მძაფრ კონკურენციას შექმნის. ოღონდ გავითვალისწინოთ, რომ ახალგაზრდებიდან მარტო ის არაა და თან საკითხავია, თავად თუ შეინარჩუნებს წონას...

კიდევ ერთი სპორტსმენი, ვინც დამაკმაყოფილებელი შთაბეჭდილება დატოვა, ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელი ბრინჯაოსმედალოსანი კუპატაძეა. მანაც საკმაოდ მებრძოლი ხასიათი გამოავლინა და ურიგოდ არ უასპარეზია.

თავიდან ორი შეხვედრა მოიგო წმინდად - სლოვაკ მარეკ პენტკასთან და პერუელ ხუან პოსტიგოსთან, რის შემდეგაც საქართველოდან წასულ ოთარ ბესტაევთან გაფრთხილებებით წააგო, ვინც ახლა ყირგიზეთის სახელით გამოდის. დამამშვიდებელში კუპატაძე ფრანგებს შეხვდა - ვინსენტ მანქოს ვაზარი გაუქვითა და მორიგი წმინდა გამარჯვება მიითვალა, ცედრიკ რევოლთან კი წააგო.

პატარა ტალანტები დიდებში
ალბათ, მწვრთნელებისთვისაც და ქომაგებისთვისაც ყველაზე მოულოდნელი რობინზონ ბეგლარაშვილისა (60) და ონისე სანებლიძის (90) ნაადრევი მარცხი იქნებოდა. თუმცა ორივე წლეულს გადმოვიდა ჭაბუკებიდან და არა გვგონია, რამდენიმე წლით უფროს კაცებთან მარცხის გამო მათი ჩამოწერა მართებული იყოს. ჭაბუკებში მსოფლიოს ვერცხლ-ბრინჯაოსა და ევროპული ბრინჯაოს მფლობელი ბეგლარაშვილიც და ჭაბუკებში მსოფლიოსა და ევროპის ბრინჯაოსმედალოსანი სანებლიძეც კვლავაც ახალი თაობის ტალანტებად რჩებიან, რომლებსაც უფროსებში არაერთი შანსი მიეცემათ.

ბეგლარაშვილმა რუმინელი ვლად ლუნკანი იპონით დაამარცხა, მერე კი წააგო აზერბაიჯანელთა მსოფლიოს მედალოსან ილგარ მუშკიევთან. სანებლიძემ უკრაინელი არტემ გულიაევი გაფრთხილებით დაამარცხა, შემდეგ კი ფრიად მოულოდნელად წააგო სამხრეთაფრიკელ ზაკ პიონტეკთან.

კირაკოზაშვილი წონებს შორის
ერთი შეხედვით, ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელი ჩემპიონისა და მსოფლიოს ფინალისტ თამაზ კირაკოზაშვილის (81) ნაადრევი მარცხიც მოულოდნელი ჩანს, თუმცა გავითვალისწინოთ, ვისთან წააგო - რუსთა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონთან, ოლიმპიურ პრიზიორთან, ამ ტურნირის მომავალ ჩემპიონ ივან ნიფონტოვთან.

მანამდე ჩვენებურმა პოლონელ დამიან სტეპიენს ვაზარით მოუგო, მეტი კი არ დასცალდა. არადა, კარგი იქნებოდა, უფრო მეტად გვენახა საქმეში და მეტად გამოგვეცადა ახალ წონაში. კირაკოზაშვილი გამორჩეულ ყურადღებას იქცევს ამ თაობაში. ამერიკულ-ჰოლანდიური ფიზიკური ვარჯიშებიც თუ ვინმეს დაეტყო ვიზუალურად, სწორედ მას, მაგრამ იქნებ "ძაღლის თავიც" აქაა დამარხული - იმდენად დაიკუნთა, წონაც მოემატა (ცხადია, ამაში ასაკიც თავის წვლილს შეიტანდა) და 73-ში დაკლება უკვე უჭირს.

ახლა მწვრთნელებისთვის პრობლემაა, სად მოუძებნონ მას ადგილი - 73-ში ბევრ ენერგიას ხარჯავს დაკლებაზე, მაგრამ ჯერჯერობით ვერც 81-ს მოერგო საფუძვლიანად. თუმცა ადაპტაციას დროც სჭირდება და იმედია, სწორი, გეგმაზომიერი წვრთნით ამ მტკივნეულ პროცესს რაც შეიძლება უმტკივნეულოდ გადაატანინებენ, სხვა მხრივ კი მშრომელ, წესიერ და მუყაით სპორტსმენთან აღმზრდელებს პრეტენზიები არა აქვთ.

გამოსაცდელი დუეტი
კიდევ ორი სპორტსმენი, ვინც მწვრთნელებმა უნგრულ ტატამზე უფროსებში "გასარევად" და შესაჩვევად შეუშვეს, დავით ოზბეთელაშვილი (100) და გურამ ქოსმენაშვილია (+100). მათ თანატოლთა ტურნირებში კარგი გამოსვლით დაიმსახურეს ბუდაპეშტში ჭიდაობა, მაგრამ აშკარაა - ჯერ უფროსებთან საჭიდაოდ მზად არ არიან. უბრალოდ, კბილი კი მოუსინჯეს მათ.

ჩვენებმა ბუდაპეშტში ზუსტად ერთნაირი გზა განვლეს: ორივე პირველივე წრეში წმინდად დამარცხდა იაპონელებთან: ოზბეთელაშვილმა შოჰეი შიმოვადასთან წააგო, ქოსმენაშვილმა - კაცუმა უედასთან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბექაც ახალგაზრდა გადავიდა დიდებში მაგრამ თქვენც იცით რაც გააკეთა
GOCHA
15:15 03-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული