ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ხარისხობრივად გოგონების ნაკრებმა ბიჭებზე უკეთესი შედეგი აჩვენა - თითო ოქრო-ვერცხლი მოიპოვა, ბიჭებმა კი რაოდენობრივად გაუსწრეს - 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო დაისაკუთრეს.
ფინურ ვანტააში ჩატარებულ ამ ტურნირში საქართველოს ნაკრებმა ჯამში 6 მედალი მოიპოვა (1 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო) და გუნდურ ჩათვლაში მეექვსე ადგილზე გავიდა. თუმცა, ცალ-ცალკე თუ განვიხილავთ, გოგონები მეოთხეზე არიან, ბიჭები - მეშვიდეზე. ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი (57) გახდა, ვიცე-ჩემპიონები - სოფიო სომხიშვილი (+70) და საბა გრიგალაშვილი (60), მესამე
ალბათ, ბიჭების ასეთი გამოსვლა იმ სიძნელეებითაცაა განპირობებული, რაც გუნდს ფინეთში წასვლისას გადახდა - სტამბოლის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის გამო ნაკრები ანკარაში გადაამისამართეს და ორი დღე იქ ელოდა ფინეთში გაფრენას.
აწონვის დღეს დილით ძლივძლივობით მოხერხდა მთავარ მწვრთნელ ირაკლი ცირეკიძის და პირველ დღეს მოჭიდავეთა გაგზავნა. დანარჩენების რეგისტრაციაც ცირეკიძემ გააკეთა, სხვებმა კი აწონვასაც ძლივს ჩაუსწრეს.
სტრესი, სავარჯიშო პროცესის ჩავარდნა, ლოდინი და ამით გამოწვეული ფსიქოლოგიური გადაღლა - ეს ყველაფერი ამ გუნდს გადახდა, რასაც, შეუძლებელია, დაღი არ დაესვა მოზარდებისთვის. ამ სიძნელეებს გოგონები ნაწილობრივ გადაურჩნენ, რადგან ისინი დასკვნით შეკრებას თურქეთში გადიოდნენ. მართალია, ტერაქტის ღამეს მათი რეისიც გადაიდო სტამბოლში, მაგრამ მეორე დილით მაინც ადრიანად გაფრინდნენ და ფინეთშიც დროულად ჩავიდნენ.
შედეგად, დასვენებაც მოასწრეს და ძალების აღდგენაც. ბიჭებს ესეც ეტყობოდათ - თითქოს გადაღლილები იყვნენ, აკლდათ აღმაფრენა, ჟინი, შემართება...
რა მოსდით მსაჯებს?
ეს ჩემპიონატი, გოგონების მორიგი წარმატების გარდა, მსაჯთა თუ საკუთრივ ჩვენი ბიჭების შეცდომებით დაგვამახსოვრებს თავს. სამწუხაროდ და სავალალოდ, ერთი პერიოდის სტაბილურობის შემდეგ ბოლო ორი სეზონია, მსაჯობის დონე თანდათან სულ უფრო უარესდება, მაგრამ რაც ვანტააში ვიხილეთ, ასეთი კრიზისულიც იშვიათად ყოფილა. გასაგებია, რომ აქ არ მსაჯობენ ოლიმპიური კატეგორიის არბიტრები და თავის გამოჩენის შანსს გაცილებით დაბალი რანგის მსაჯებს აძლევენ, მაგრამ ასე გაგრძელებაც არ შეიძლება. მინიმუმ ორ სპორტსმენზე - ოთარ ტალახაშვილსა (55) და ბაჩანა სარქისაშვილზე (73) მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსაჯებმა დაგვიტოვეს უმედლოდ, თორემ შეცდომები სხვებთან, თუნდაც მედალოსნებთან მიმართებაშიც ბლომად იყო.
მაგალითად, სომხიშვილის ფინალში იყო ძალიან საკამათო ეპიზოდი, თორემ ვინძლო, მეორე ოქროც გვქონოდა.
სიმპტომური შეცდომები ქართულ ძიუდოში?
სამწუხაროდ, მსაჯთა ცალკეული შეცდომები ძალიან ბევრი იყო, თუმცა ჩვენი სპორტსმენებიც ბლომად სცოდავდნენ. განსაკუთრებით - ბიჭები, რომლებთანაც ბევრია პრეტენზია ტექნიკურსა და, უპირველესად, ტაქტიკურ ჭიდაობაზე. ტექნიკური თვალსაზრისით, უნაკლონი არც გოგონები ყოფილან - ეს რომ არა, გაცილებით მეტ მედალს მოიპოვებდნენ, მაგრამ ისინი გაცილებით მრავალფეროვნად ჭიდაობენ და ბევრ ისეთ ილეთს იყენებენ (ყოველ შემთხვევაში, ცდილობენ მაინც), რასაც ბიჭები (უფროსებიც კი) იგნორირებას უკეთებენ.
გოგონები დაბლაჭიდში ბევრად შედეგიანად ჭიდაობენ. იგრძნობა, რომ მათთვის ეს ერთ-ერთი მთავარი საჭიდაო კომპონენტია და ბიჭებისგან განსხვავებით (ეროვნული ნაკრების ჩათვლით), "მიდი, იჭიდავე" მოძახილი არ სჭირდებათ.
ფინალში ეთერ ლიპარტელიანი არ მოეშვა იტალიელ ნიკოლე დ ისანტოს, როცა ვაზარზე გამოცერა და გდებისთანავე ბოჭვა დაიწყო. არადა, მსაჯმა იმ გდებაზე თავიდან იპონი აჩვენა, მაგრამ ეს მაინც ბოჭავდა, არ ეშვებოდა. რამდენიმე წამში ილეთი ვაზარად გადააკეთეს, ოღონდ ბოჭვაზე დროის ათვლაც დაიწყეს და მალე მეორე ვაზარიც აღნიშნეს. არადა, ლიპარტელიანს ხელი რომ გაეშვა და ამდგარიყო, ვაზარის უპირატესობა კი შერჩებოდა, მაგრამ შეხვედრა გაგრძელდებოდა და ვინ იცის, რა მოხდებოდა. მით უფრო, იუკო უკვე დაკარგული ჰქონდა.
თუმცა ვიმეორებ - დაბლაჭიდში ჭიდაობის დეფიციტი არა მხოლოდ ამ ახალგაზრდული ნაკრების, არამედ ზოგადად, ჩვენი ვაჟთა ჭიდაობის ნაკლია, რისი გამოსწორებაც ბავშვობიდანვე უნდა დავიწყოთ.
მედალოსანი ბიჭები
იმის თქმა ნამდვილად არ გვინდა, თითქოს კარგად მხოლოდ მედალოსნებმა იჭიდავეს. პირიქით - უმედლოთაგანაც ბევრი შეგვეცოდა წაგებისთვის. იმავე ტალახაშვილმა, სარქისაშვილმა, სოსო ებილაშვილმა (81) და კიდევ რამდენიმემ საკმაოდ კარგი ჭიდაობა აჩვენა. რაც მთავარია, დაამტკიცეს, რომ ღირს მათზე აქცენტის გაკეთება. საბა გრიგალაშვილს თავიდან თითქოს გაუჭირდა ხორვატ რობერტ კლაჩართან და მხოლოდ გაფრთხილებებით მოუგო, მაგრამ მისი ჯავრი იტალიელ პატრიკ კალა ლესინაზე იყარა, ვისაც სამივე სინჯის გდება ჩაუტარა და წმინდად დაამარცხა. აზერბაიჯანელი ელჩინ ჰუსეინოვიც დააიპონა, ნახევარფინალში კი ესპანელ როსენდო ლაინო რამირესთანაც დიდი უპირატესობა ჰქონდა - 2 იუკო და ვაზარი აართვა. სამწუხაროდ, ფინალში ჩვენებური ვერაფერს გახდა რუს კონტანტინ სიმეონიდისთან.
მამიაშვილი ორი იპონით ჩაერთო ჩემპიონატში - რუმინელი რაზვან ბურდუსელი და სერბი სტეფან ზუპარიჩი დაამარცხა. ავსტრიელ მატიას ჩიზეკთანაც შეიძლებოდა მოგება, მაგრამ რაღაც მომენტში თავი ვერ გააკონტროლა და გაფრთხილებებით წააგო, სანუგეშოში კი აზერბაიჯანელ მურად ფატიევს ასევე გაფრთხილებით აჯობა, ფრანგი კემცი ბენგუსმი დააიპონა, ჰოლანდიელ ხორის ბოეს კი იპონამდე ვაზარიც აართვა.
ჩიქოვანი მხოლოდ რუსთა მომავალ ჩემპიონ ჯაფარ კოსტოევთან დამარცხდა - იუკოთი, მანამ კი სლოვენიელ ჟერნეი ჟარკსაც ასეთივე ანგარიშით აჯობა. სანუგეშოში უნგრელი ჩაბა ტოტი და სერბი დარკო ბრასნოვიჩი დააიპონა, ხოლო ბრინჯაოსთვის შეხვედრაში მეორე უნგრელი პეტერ არვაი იუკოთი დაჯაბნა.
ნიკა დონღვანიც მოხსნეს ბელორუს დზმიტრი კაკლოუსთან, მანამ კი ბალკანელები დაამარცხა: ბოსნიელი ვასილი ვუჯიჩიჩი - იუკოთი, ნახევარფინალში ხორვატი ფილიპ მილჯევიჩი კი ვაზარის შემდეგ იპონზე დააგდო. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ფრანგ ტანოუ კეიტას ვაზარით მოუგო.
მედლამდე ერთი მოგება დააკლდა ებილაშვილს - რუმინელ ედუარდ სერბანთან და ბელორუს ივან დუბინასთან ვაზარით მოგებების შემდეგ ბოსნიელ ტონი მილეტიჩთან გაფრთხილებებით წააგო. სანუგეშოშიც ორჯერ იმარჯვა - იტალიელ ლორენცო ტანგანელისთან და ჰოლანდიელ ტომ ბონეჩანსკერთან, თუმცა გადამწყვეტი ორთაბრძოლა წააგო ფრანგ ენიელ კაროლისთან.
ოქრო-ვერცხლის დუეტი
ეთერ ლიპარტელიანმა შარშან თბილისში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი მოიგო და ძალიან შთამბეჭდავადაც იჭიდავა, წლეულს კი წონა შეიცვალა, თუმცა ამას მისი ჭიდაობის ხარისხზე ცუდად არ უმოქმედია. შედეგიც შესანიშნავი მიიღო: 4-დან 3 შეხვედრა წმინდად მოიგო. ვაზარით მხოლოდ ხორვატ ივა ობერანის აჯობა, რუმინელ ლინკა მოროსანუს, ფრანგ კამილე ტანდოს და ფინალში იტალიელ დ ისანტოს კი იპონით მოუგო. მისი ჭიდაობა ძველებურად მრავალფეროვანია და უაღრესად ჟინიანი, მიზანსწრაფული, შემტევი და შეუპოვარი. სწორედ ამან მოუტანა გამარჯვება, თორემ ფინალში როცა იუკო დაკარგა, ბევრი მის ადგილას ხელებს ჩამოყრიდა. სანაცვლოდ, შეუტია და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.
როგორ მოიქცა, რამდენად ჭკვიანურად და ტაქტიკურად გამართლებულად იმ მომენტში, როცა იტალიელი დააგდო და შებოჭვა დაუწყო, ამაზე უკვე ვწერდით და აქ აღარ გავიმეორებ.
სომხიშვილი ახალი თაობის ერთ-ერთი ტალანტია და ეს იმედები სრულად გაამართლა. ლატვიელი ანა ლებედევა, გერმანელი ანა ჰოლვაგე და რუსი დარია ვლადიმიროვა იოლად დააიპონა. ფინალში ფრანგ რომანე დიცკოსთანაც იყო გდება, რომლის შეფასებაც სხვანაირად შეიძლებოდა, მაგრამ...
საკმაოდ კარგად, ტექნიკურად და მრავალფეროვნად იჭიდავა ყიფშიძემაც, რომელმაც დამამშვიდებელში მიყარ-მოყარა მეტოქეები, მაგრამ ბრინჯაოსთვის შეხვედრაში უფრო გამოცდილმა სერბმა ანდრეა სტოჟადინოვამ აჯობა.
ამჯერად უმედლოდ დარჩნენ ჩვენი გუნდის სხვა მონაწილეები - ნინო მგელაძე (52), თინათინ რევაზიშვილი (57), ევროპის შარშანდელი მესამეპრიზიორი მარიამ ჭანტურია (63), სალომე მჭედლიშვილი (70) და მარიამ ცერცვაძე (+70), თუმცა ბევრმა მათგანმა მაინც დამაიმედებლად იჭიდავა.
ბიჭების გუნდური გამარჯვება
ბიჭებმა საკუთარი თავის სრული რეაბილიტაცია გუნდურში შეძლეს, რომელიც ერთი ამოსუნთქვით მოიგეს. შეიძლება ითქვას, გადაურბინეს ყველას. თავად განსაჯეთ - 4 შეხვედრაში გამართული 20 ორთაბრძოლიდან მხოლოდ ერთი წააგეს ნახევარფინალში რუმინეთთან და ისიც იმიტომ, რომ გოჩა ღვაჭლიანი შებოჭვიდან გაქცევისას გაითიშა, სხვებს კი "მშრალად" მოუგეს: თავიდან აზერბაიჯანს და თურქეთს 5:0 მოუგეს, რუმინეთს 4:1 აკმარეს, ფინალში კი უნგრელებზე მთელი თავით მაღლა დადგნენ და მათაც 5:0 აჯობეს.
მთელმა გუნდმა შესანიშნავად იჭიდავა და აქ უკვე არაფერი ეტყობოდათ დაღლილობისა. არადა, პირადში ჭიდაობის შემდეგ თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ პირიქით - ყველა ძალიან ენერგიულად ჭიდაობდა, რაც კიდევ უფრო გვიმყარებს თავში გამოთქმულ ვარაუდს ანკარაში დაყოვნებასთან დაკავშირებით.
ძნელია გამარჯვებული გუნდიდან ვინმეს გამოყოფა, რადგან ყველამ მართლა კარგად იჭიდავა, თუმცა ზაალიშვილის გამორჩევა მაინც შეიძლება. როგორც რინერია უფროსებში, დაახლოებით ისეა ის თავის ასაკში. ლამის ცალი ხელით მოიგო ხუთივე შეხვედრა, 2 წუთიც არ დასჭირვებია საამისოდ. მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გუშინწინ პირადში ოქრო ხელიდან გააგდო, რასაც, ალბათ, ძალიანაც განიცდის, ერთ მომენტში ისე შემოიდო თავზე ხელები.
ზაალიშვილის გარდა, აღსანიშნავია მამიაშვილი, საგანგებოდ გუნდურისთვის წაყვანილი ლაშა ბექაურიც (60), თუმცა კიდევ ვიმეორებთ - ამ გუნდში ვინმეს გამორჩევა უსამართლობაა.
ამჯერად ვერ გაგვახარეს გოგონებმა, რომლებიც ასევე ჩაებნენ გუნდურ პირველობაში, მაგრამ პირველივე პაექრობა დაძაბულ ბრძოლაში 2:3 წააგეს იტალიასთან.
ვაჟები
50 კგ
1). როვშან ალიევი (აზერბაიჯანი); 2). კსანად ფეზკო (უნგრეთი); 3). რაშხან ბახჩისალიევი (აზერბაიჯანი), კარუნ ტლიშევი (რუსეთი).
55 კგ
1). ახმად იუსიფოვი (აზერბაიჯანი); 2). დზმიტრი მუზჰაილა (ბელორუსი); 3). ბიაჯიო დ ანჯელო (იტალია), კრის ლამერსი (გერმანია).
60 კგ
1). კონსტანტინ სიმეონიდისი (რუსეთი); 2). საბა გრიგალაშვილი (საქართველო); 3). როსენდრო ლაიმე რამირესი (ესპანეთი), ყაზბეგ ნაგუჩევი (რუსეთი).
66 კგ
1). არტიომს გალაკტიონოვსი (ლატვია); 2). მატიას ჩიზეკი (ავსტრია); 3). ალექსანდრე მამიაშვილი (საქართველო), იეჰონათან ელბაზი (ისრაელი).
73 კგ
1). ზელიმ ტკაევი; 2). დიმიტრი ხარიტონოვი (ორივე - რუსეთი); 3). უგო მეტიფი (საფრანგეთი), დილან რეხისტერი (ისრაელი).
81 კგ
1). ნიკიტა მათლაშევსკი (უკრაინა); 2). ოსკარ მაკინენი (ფინეთი); 3). ენიელ კაროლი (საფრანგეთი), ტონი მილეტიჩი (ბოსნია-ჰერცეგოვინა); 5). სოსო ებილაშვილი (საქართველო).
90 კგ
1). ჯაფარ კოსტოევი (რუსეთი); 2). მატიას მადსენი (დანია); 3). გიორგი ჩიქოვანი (საქართველო), იევჰენ ვეჰერა (უკრაინა).
+90 კგ
1). რიხარდ სიპოცსი (უნგრეთი); 2). დზმიტრი კაკლოუ (ბელორუსი); 3). ნიკა დონღვანი (საქართველო), ვასილი ვუჯიჩიჩი (ბოსნია-ჰერცეგოვინა).
გოგონები
40 კგ
1). ჩარლენე ქვილგი (საფრანგეთი); 2). ჯენტე ვერსტრაეტენი (ბელგია); 3). დილან დოგანი (თურქეთი), ლიდია მარინი (რუმინეთი).
44 კგ
1). მრეია ლაპურტა გომესი (ესპანეთი); 2). ჟუსტინ გაბერი (საფრანგეთი); 3). ოლგა ბორისოვა (რუსეთი), ლოის პეტიტი (ბელგია).
48 კგ
1). დარია ბილოდიდი (უკრაინა); 2). ირენა ხუბულოვა (რუსეთი); 3). მაშა ბალჰაუსი (გერმანია), ანდრეა სტოჟადინოვი (სერბეთი); 5). ნატალია ყიფშიძე (საქართველო).
52 კგ
1). ნადეჟდა პეტროვიჩი (სერბეთი); 2). ალექსანდრა მაროტი (უნგრეთი); 3). ნორა ბანენბერგი (გერმანია), ხორიენ ვისერი (ჰოლანდია).
57 კგ
1). ეთერ ლიპარტელიანი (საქართველო); 2). ნიკოლე დ ისანტო (იტალია); 3). კაია კაიზერი (სლოვენია), შანონ ვან დე მეებერგი (ჰოლანდია).
63 კგ
1). ანია ობრადოვიჩი (სერბეთი); 2). ნადია სიმეოლი (იტალია); 3). ლარა კლიბა (ხორვატია), იოვანა ობრადოვიჩი (სერბეთი).
70 კგ
1). მადინა ტაიმაზოვა (რუსეთი); 2). პატრიცია სამპაიაო (პორტუგალია); 3). ჩლოე ნუნი (ბრიტანეთი), ზალა პეცოლერი (სლოვენია).
+70 კგ
1). რომანე დიკო (საფრანგეთი); 2). სოფიო სომხიშვილი (საქართველო); 3). სამირა ბუიზგარნე (გერმანია), ჰელენა ვუკოვიჩი (სერბეთი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"