ძიუდო. ახალგაზრდული ნაკრებები: გოგონებმა ბიჭებს დაასწრეს

AutoSharing Option
ძიუდოისტთა ახალგაზრდული გუნდები აგრძელებენ მზადებას თანატოლთა ევროპის პირად-გუნდური ჩემპიონატისთვის, რომელიც 16-18 სექტემბერს ესპანურ მალაგაში ჩატარდება. აქედან პირველი ორი დღე პირად პირველობას დაეთმობა, 18-ში კი გუნდური შეჯიბრება გაიმართება.

ბიჭების ნაკრებმა 5 სექტემბერს დაიწყო დასკვნითი შეკრება ყვარელში, სადაც მზადების წინა ციკლიც ჩაატარეს. მინდია ბოდაველის და ირაკლი ცირეკიძის განკარგულებაში 15 ძიუდოისტია პირადში და ვინ - გუნდურში. მწვრთნელები საბოლოო შემადგენლობას იმ კვირის დასაწყისში დაასახელებენ, რადგან 14-ში უკვე ესპანეთში მიფრინავენ.

გოგონები ორიოდ კვირის წინ გაემგზავრნენ ტრაბზონში და იქ მასპინძელთა ნაკრებთან ერთად გადიან დასკვნით შეკრებას. ისინი
ესპანეთში თურქეთიდანვე გადაფრინდებიან, შეკრების შემდეგ სამშობლოში არ დაბრუნდებიან.

მათმა მთავარმა მწვრთნელმა გია თენაძემ ადრევე გამოაცხადა ევროპის პირველობაზე წასაყვანი შემადგენლობა, რადგან მას ამოსარჩევი კონტინგენტიც არ ჰყავს დიდი და გადაწყვეტილების მიღებაც ბევრად ადვილი იყო. ეგ კი არა, მწვრთნელმა ექსპერიმენტის უფლებაც მისცა თავს და ახალგაზრდების ევროპის ჩემპიონატზე ჭაბუკთა ნაკრების ორ წევრს აჭიდავებს. ესენია: ჭაბუკებში ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი (57) და ფინალისტი სოფიო სომხიშვილი (+70).

ცხადია, თენაძემ ძალიან კარგად იცის, რომ მათთვის უფროსებში ჭიდაობა ჯერ ადრეა, მაგრამ ამ გოგოებს დიდი პერსპექტივა აქვთ, რის გამოც შანსის მიცემა ნამდვილად ღირს - ეს დიდი სკოლა იქნება მათთვის, ძალიან დიდ გამოცდილებას მიიღებენ და თავის დროზე ახალგაზრდებში გაცილებით უფრო თავდაჯერებულები გადავლენ.

ამათ გარდა, ევროპის ჩემპიონატში იჭიდავებენ სალომე მარგიანი (48), ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელი პირველობის ფინალისტი მარიამ ჯანაშვილი, ჭაბუკებში ევროპის შარშანდელი ჩემპიონი მზია ბებოშვილი (ორივე - 52) და ხატია ჯანაშვილი (57).

ისე კი,  სპარინგებისთვის ტრაბზონში ნინო მგელაძე (52), თიკო რევაზიშვილი (57), ჭაბუკებში ევროპის შარშანდელი მესამეპრიზიორი მარიამ ჭანტურია (63, თუმცა შარშან მან ეს მედალი 57-ში მოიპოვა), მარიამ ცერცვაძე და სალომე მაყიშვილიც (ორივე - +70) წაიყვანეს. ეს გუნდიც 14 სექტემბერს გაემგზავრება ესპანეთში.

პირად პირველობაში 16 სექტემბერს პირად პირველობაში ბიჭებიდან 55, 60, 66 და 73 კილოგრამი წონების, ხოლო გოგონებიდან - 44, 48, 52 და 57-ის წარმომადგენლები იჭიდავებენ. მეორე დღეს ბიჭები 81, 90, 100 და +100 წონებში შეეცდებიან მედლების მოპოვებას, გოგონები - 63, 70, 78 და +78-ში. როგორც გითხარით, 18-ში გუნდური ტურნირია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული