ძიუდო: "ახალგაზრდებმა" ბიჭებიც დაახარისხეს

AutoSharing Option
ახალგაზრდა ძიუდოისტთა სამწვრთნელო დუეტმა - მინდია ბოდაველმა და ირაკლი ცირეკიძემ დაასახელეს შემადგენლობა, რომელიც 16-18 სექტემბერს ესპანურ მალაგაში ევროპის პირად-გუნდურ ჩემპიონატში იასპარეზებს.

ამ ტურნირის პირველი ორი დღე ინდივიდუალურ პირველობას დაეთმობა, რომელშიც ჩვენი მწვრთნელები კუთვნილ კვოტას ბოლომდე ითვისებენ და 10-კაციანი გუნდით იჭიდავებენ. ბუნებრივია, ამ სიაში ყველა მსურველი ვერ მოხვდა, თუმცა დანარჩენები გუნდურისთვის მიჰყავთ.

პირად პირველობაში ირაკლი კუპატაძე, დავით გეჯაძე (ორივე - 55), რობინზონ ბეგლარაშვილი (60), გიორგი კაციაშვილი (73), თამაზ კირაკოზაშვილი, გიორგი ქურდიანი (ორივე - 81), ონისე სანებლიძე (90), დავით ოზბეთელაშვილი (100) და
გურამ ქოსმენაშვილი (+100) გამოვლენ, გუნდურში კი ამათ ბაგრატ ნინიაშვილი (66), გიგა გიგაური (73), კობა მჭედლიშვილი (81), გიორგი გველესიანი (90) და ჯაბა მუმლაძე (+100) დაემატებიან.

მწვრთნელებმა ამ გუნდის ბირთვი ივლისის ბოლოს გამოავლინეს, როცა შემადგენლობის გაცხრილვა ბერლინის ტურნირზე დაასრულეს. სამაგიეროდ, ბოლო დრომდე გაურკვეველი რჩებოდა, ვის დააყენებდნენ პირადში და ვის - გუნდურში. თუმცა ეს დილემაც ძირითადად 81 კილოგრამში რჩებოდა, თორემ დანარჩენებში ადრევე გაირკვა. 81-ში მწვრთნელებს სამი რეალური კანდიდატი ჰყავდათ და გადაწყვეტილების მიღებაც ამიტომ გაუჭირდათ. მით უფრო, კირაკოზაშვილის არასტაბილური წონის გადამკიდე - ფიზიკური ტიპის შეკრებებს შორის მისი წონაც თამაშობს და ერთი პერიოდი 76-მდეც კი დავიდა. სწორედ მაშინ გახდა საჭოჭმანო, რომელ წონაში დაეყენებინათ ის, საბოლოოდ კი გადაწყვიტეს, ჰოლანდიურ შეკრებას დალოდებოდნენ და ენახათ, რა ნიშნულზე დასტაბილურდებოდა მისი წონა.

სწორედ ამის საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება, ისევ 81-ში დაეყენებინათ და ასეც მოიქცნენ, თუმცა დილემა მაინც რჩებოდა, ამჯერად ქურდიანსა და მჭედლიშვილს შორის. ახალგაზრდებში მსოფლიოს მესამეპრიზიორი მჭედლიშვილი უფრო ტიტულოვანია, თუმცა მას გაუჭირდა გუნდში მოხვედრა. ეგ კი არა, ამ წონის ბედი მწვრთნელებმა თითქოს ადრევე განსაზღვრეს, მაგრამ მოგვიანებით დამატებით შანსი კიდევ ოთხ კაცს მისცეს, რომლებიც დაუგეგმავ ტურნირზე გაუშვეს. მათ შორის მჭედლიშვილიც იყო, რომელმაც შანსი გამოიყენა კიდეც - რუმინეთში გაიმარჯვა, გერმანიაში მესამეზე გავიდა, თუმცა დასკვნითი შეკრების შემდეგ არჩევანი მაინც ქურდიანზე შეაჩერეს.

ერთი სიტყვით, შემადგენლობის დაკომპლექტება მხოლოდ ბოლო შეკრებაზე გაირკვა. მაშინ გადაწყდა კიდევ ერთი საკადრო ცვლილებაც - მუმლაძის მძიმე წონაში დაყენება. აქამდე ის 100-ში გამოდიოდა და უფროსებში საქართველოს ვიცე-ჩემპიონიცაა, თუმცა ბოლო პერიოდში წონაში მოიმატა - 108 კილომდე ავიდა. თან ჯერ ისევ მოზარდია და სულაც არაა გამორიცხული, თავისი ადგილი საბოლოოდ მძიმე წონაში იპოვოს. როგორც ამბობენ, ის ახლაც სერიოზულ კონკურენციას უწევს ქოსმენაშვილს.

ამ გუნდმა ბოლო შეკრება ყვარლის ტბაზე გაიარა, რომელსაც დღეს დაამთავრებენ, თბილისში დაბრუნდებიან, ჩემოდნებს ჩაალაგებენ და ზეგ, გამთენიისას ესპანეთში გაფრინდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული