ევროპის ჩემპიონატი. ახალგაზრდები: როგორ დავლაგდებით მალაგაში?

AutoSharing Option
დღეს, 16 სექტემბერს, მალაგაში ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი იწყება, რომელშიც ჩვენგან ბიჭების გუნდი სრულად იქნება წარმოდგენილი, გოგონებში კი 6 მონაწილე გვეყოლება.

55 კგ.
მსოფლიოს შარშანდელი მესამე პრიზიორი ირაკლი კუპატაძე პირველ წრეში ისვენებს, მისი პირველი მეტოქე კი ბელგიელ ვლადისლავ ლიმსა და რუმინელ ვლად ლუნკანს შორის უძლიერესი იქნება.

პირველ წრეში თავისუფალია დავით გეჯაძეც, ოღონდ მომდევნო ეტაპზე მისი მეტოქე ახლავეა ცნობილი - ფრანგი მაქსიმე მერლინი.

60 კგ.
ჩვენი ახალგაზრდა ტალანტი, ჭაბუკებში მსოფლიოს ფინალისტი და ევროპის სამგზის პრიზიორი, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული რობინზონ ბეგალარაშვილი პირველ
წრეში უნგრელ ბენცე პონგრასის ხვდება, მოგების შემთხვევაში კი უკრაინელ არტემ ლესიუკსა და ფინელ იოელ ილიტალოს შორის უმჯობესთან გაარკვევს ურთიერთობას. ამავე ჯგუფშია ჭაბუკებში იტალიელთა შარშანდელი ევროპის ჩემპიონი მანუელ ლომბარდოც, ვისაც ჩვენებურმა შარშან თბილისში, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალში მოუგო. ამჯერად მას ჩვენებური მეოთხედფინალამდე არ ხვდება.

ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში ბეგლარაშვილის მეტოქე, შესაძლოა, ჰოლანდიის სახელით მოჭიდავე თორნიკე ჭკადუა აღმოჩნდეს. თუმცა მას ჯგუფში ძლიერი მეტოქეებიც ჰყავს.

66 კგ.
ამ ასაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი და ბრინჯაოს მედალოსანი თორნიკე ნაგლიაშვილი 60-დან წლეულს ამ წონაში გადმობარგდა. ის ჩემპიონატში მეორე წრიდან ჩაებმება, სადაც ბერძენი ალექსიოს ცარმანტიდისის ძლევას შეეცდება, მეორე წრეში კი, შესაძლოა, ჭაბუკებში მსოფლიოს შარშანდელი გამარჯვებული და ოლიმპიური ფესტივალის იტალიელი მომგები ჯოვანი ესპოზიტო შეხვდეს.

73 კგ.
ეროვნულ ნაკრებში გვარიანად გამოცდილი (თებერვალში სოფიაში მსოფლიოს თასზე უფროსებში ვერცხლი მოიპოვა, მერე კი ბუდაპეშტში სულაც "დიდ პრიზზე იჭიდავა და მესამეზე გავიდა), ხოლო ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელი ბრინჯაოს პრიზიორი გიორგი კაციაშვილიც მეორე წრიდან ჩაებმება ასპარეზობაში, სადაც ჩერნოგორიელ ბალსა სინანოვიჩს დაეჭიდება, ვინც ნამდვილად არ გვგონია დაუძლეველი ზღუდე. ასევე არ ჩანს ძლიერი მეორე სავარაუდო მეტოქეც - შვეიცარიელი ნაიმ მატი ან იტალიელი ანდრეა ჯისმონდი. ამ ორი ეტაპის დაძლევა ჩვენებურს მეოთხედფინალში გაიყვანს.

81 კგ.
ამ წონაში ორი ფალავანი გვყავს, თუმცა ქართველების "ცვენაა" - უკრაინიდან რევაზ მესაბლიშვილი გამოდის, პორტუგალიიდან კი - ანრი ეგუტიძე.

ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ვერცხლის მედალოსანი, მსოფლიოს ახალგაზრდული თამაშების ფინალისტი თამაზ კირაკოზაშვილი პირველივე წრეში ბრიტანელ სტიუარტ მიკვეიტს ხვდება, ამათში მოგებულს კი მომდევნო ეტაპზე გერმანელი ტიმ გრამკოვი ელოდება.

გიორგი ქურდიანი პირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი რეიტინგის ხორვატ ლიდერ დომინიკ დრუზეტას ხვდება. ამავე ჯგუფშია მესაბლიშვილიც.

90 კგ.
ამ წონაში ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ წლეულს პირველად გვიწევს ფონს გასვლა ისეთი ჯოკერის გარეშე, როგორიც ბექა ღვინიაშვილია, თუმცა ნაკლები ტალანტი არც მისი შემცვლელი ონისე სანებლიძეა. ის პირველ პაექრობას სლოვენიელ ნარსეი ლაჩკოვიჩთან ჩაატარებს, გამარჯვების შემთხვევაში კი ლიტველ როკას ნენარტავიჩუსსა და პოლონელ ერიკ რიციაკს შორის მოგებულს შეხვდება. იგოლნიკოვთან სანებლიძის გზა მეოთხედფინალში იკვეთება.

100 კგ.
წლეულს ავსტრიული ტურნირის მომგები დავით ოზბეთელაშვილი პირველ შეხვედრას მეორე წრეში ჩაატარებს გერმანელ იოჰანეს ფრეისთან და მოგების შემთხვევაში მეოთხედფინალშიც გავა, იქ კი ყველაზე სავარაუდო მეტოქე რუსი ასლან ჯიოევი ჩანს.

+100 კგ.
გურამ ქოსმენაშვილის პირველი მეტოქე თურქი კადირ ბინგოლია, წინსვლის შემთხვევაში კი ჰოლანდიელი ხურ სპიჯკერსი ელოდება.

გოგონები,48 კგ.
სალომე მარგიანი საკმაოდ ძნელ ჯგუფშია - პირველი წრის პაექრობას ჰოლანდიელ ამბერ გერსჯესთან ჩაატარებს, ვინც ევროპის შარშანდელი ჩემპიონია, ოღონდ - ქვედა წონაში, ამათში მოგებულს კი წინ გერმანელი ევროპის პრიზიორი მირიამ შნაიდერი ელოდება. ამ ჯგუფშია ფრანგთა მსოფლიოს მედალოსანი სეფორა კორჩერიც.

52 კგ.
გოგონების ტურნირში ჩვენი ყველაზე დიდი იმედი ამ წონას უკავშირდება, რადგან აქ გამოდიან ჩვენი ქალთა ძიუდოს ჯერჯერობით ყველაზე ტიტულოვანი წევრები, ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონები: მზია ბებოშვილი და მარიამ ჯანაშვილი.

ჯანაშვილი მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატის ფინალისტია, ამ ტურნირში კი მეორე წრიდან ჩაებმება, სადაც რუს ნატალია მალიუკოვასა და ებრაელ შირ კელნერს შორის მოგებულს შეხვდება. ამ ჯგუფშია ბრიტანელი ჩელსი გილესიც, ვინც შარშან ჩვენებურმა ახალგაზრდული მსოფლიოს ნახევარფინალში დაჯაბნა. ნახევარფინალში ამ ჯგუფის გამარჯვებული პირველ ჯგუფზე გადის, სადაც ახალგაზრდებში იტალიელი ევროპის შარშანდელი გამარჯვებული და მსოფლიოს პრიზიორი ასტრიდე გნეტო გამოდის.

ბებოშვილი მუხლზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ პირველად ჭიდაობს ოფიციალურ შეჯიბრებას. ის ბადის მეორე ნახევარშია ანუ ფინალამდე ვერ შეხვდება ჯანაშვილს, პირველ შეხვედრას კი სერბ ნადეჟდა პეტროვიჩთან გამართავს.

57 კგ.
მარიამ ჯანაშვილის უმცროს დას - ხატია ჯანაშვილს წილისყრამ არ გაუმართლა, რადგან მეორე წრეში რუმინელი მსოფლიოს ფინალისტი სტეფანია ადელინა დობრე ელოდება, მანამ კი ჩვენებურმა რუსი კარინა ჩერევანიც უნდა დაჯაბნოს.

შედარებით გაუმართლა ჭაბუკებში ევროპის წლევანდელ ჩემპიონსა და ევროპული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებულ ეთერ ლიპარტელიანს, ვინც მწვრთნელებმა გამოცდილების მისაღებად ჩართეს ახალგაზრდებში, თორემ ასაკით ჯერ არ უწევს აქ ჭიდაობა. ის თავდაპირველად თურქ იაიდა სეიეს ხვდება, ვისაც, ალბათ, კარგად იცნობს, რადგან გოგოებმა დასკვნითი შეკრება თურქეთში გაიარეს.

+78 კგ.
ჭაბუკებში ევროპის წლევანდელი ფინალისტი სოფიო სომხიშვილიც გამოცდილების მისაღებად ჩართეს ახალგაზრდებში, თორემ ასაკით არც მას უწევდა აქ გამოსვლა. ის მეორე წრიდან ჩაებმება ტურნირში რუს ანა გუშჩინასთან პაექრობით.

შეგახსენებთ, რომ მალაგაში პირადგუნდური ტურნირი ტარდება. გუნდური შეჯიბრება კვირას, 18 სექტემბერს გაიმართება, დღეს კი პირადში ბიჭებიდან 55, 60, 66 და 73-ის ათლეტები იასპარეზებენ, ხოლო გოგოებიდან - 44, 48, 52 და 57-ის წარმომადგენლები.

დანარჩენ წონებში პირადი პირველობის შეჯიბრებები შაბათს, 17 სექტემბერს გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული