შეგახსენებთ, რომ ჩვენი გაზეთის წინა ნომერში ძიუდოისტთა ასაკობრივი ნაკრების ერთ-ერთმა მწვრთნელმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჩვენი ბიჭების ცუდი გამოსვლის ერთ სავარაუდო მიზეზად სწორედ ეს ფაქტორი დაასახელა.
- პრემიებსა და ფულზე ფიქრის ცუდი გავლენა ქართველ ძიუდოისტებზე
თუმცა არ იფიქროთ, მწვრთნელი წარუმატებლობას ამას აბრალებდეს - სულაც არა, მან საკუთარ შეცდომებზეც ისაუბრა და შედეგზე პასუხისმგებლობაც მთლიანად
მან სინანულით აღნიშნა, რომ ამ თემაზე არაერთხელ საუბრის მიუხედავად, მიზანს ვერა და ვერ მიაღწია - მოზარდები მაინც ისეთივე გატაცებით საუბრობდნენ ძვირად ღირებულ მანქანებზე, პრემიებზე, ფულზე და არა შეჯიბრებაზეო.
სამწუხაროდ, ეს პრობლემა ქართულ ძიუდოში მთელი სიმწვავით დგას, მაგრამ აქამდე თუ მხოლოდ ეროვნული ნაკრების "პრეროგატივა" მეგონა, ჩემთვის სრულიად მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ თურმე ახალგაზრდებშიც იგივე მიდგომაა. ახლა უკვე აშკარაა - "მეფეც შიშველია" და "არც დანიის სამეფოში" არ არის ყველაფერი რიგზე. ეს უკვე მენტალური პრობლემაა, რასაც გლობალურად სჭირდება მიდგომა, მცდელობა, თორემ კიდევ არაერთხელ წაგვაკვრევინებს ფეხს...
მავანი შემოგვედავება, ცუდი რა არის იმაში, ახალგაზრდა კაცი ფულის შოვნაზე, ცხოვრების მოწყობაზე თუ ფიქრობსო...
მომავალზე ფიქრი კარგია და ღმერთმანი, ამის საწინააღმდეგო მართლაც არაფერი გვაქვს, მაგრამ ცუდი და დამღუპველია თავად მიდგომა - ჩვენები ფიქრობენ ფულზე და არა შედეგზე; სპორტსმენმა მხოლოდ შედეგზე უნდა იფიქროს და გასიგრძეგანებული ჰქონდეს, რომ ამის გარეშე ფული და პრემია არ მოვა, მხოლოდ წარმატება თუ მოიტანს მას.
მარტივი ჭეშმარიტებაა - აქცენტი რომ მედლებზე გააკეთონ, მით მეტ ჯილდოს მოიპოვებენ და, შესაბამისად, ანაზღაურებაც მოიმატებს, ახლა კი პრემიებზე წინასწარ ფიქრით ფსიქოლოგიურად "იწვებიან", კონცენტრაციას ვერ აკეთებენ და მარცხიც ხშირია.
სწორედ ეს მიმაჩნია რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე ჩვენი ძიუდოისტების არასახარბიელო გამოსვლის ერთ-ერთ მიზეზად (ვიმეორებ - არა ერთადერთად) და არა ის, რომ თურმე ლიდერის ტვირთს ვერ გაუძლეს, ან საზოგადოება ფავორიტებად რომ მიიჩნევდა მათ.
როცა ახალგაზრდებიც კი წინასწარ ასე ნერვიულობენ პრემიებზე, სავარაუდოდ, ჭაბუკებშიც არ იქნება ნაკლები განწყობა. შესაძლოა, ასაკიდან გამომდინარე, ისინი ჯერ ღიად ვერ ავლენენ ამას, მაგრამ დადგება დრო და აუცილებლად გამოავლენენ. თან ყველაზე ცუდია, ისინიც ასეთივე მენტალიტეტით რომ იზრდებიან.
უკვე ცხადია, ამ პრობლემამ ღრმად გაიდგა ფესვი ქართულ ძიუდოში და ეს მომავალშიც დაგვაზიანებს.
ბუნებრივია, პრემიების საკითხი მნიშვნელოვანია სპორტის სხვა სახეობებშიც, მაგრამ ამ მხრივ ძიუდო რომ ყველაზე შორს წავიდა, ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის, სხვებიც გამოთქვამდნენ და ამაზე არც ახლა წყდება ლაპარაკი. მეტიც - კულუარებში იმდენად აქტიურად საუბრობენ, სავარაუდოდ, სულ მალე ის ავანსცენაზეც დაიქუხებს.
აქ ლაპარაკი ძირითადად იმაზეა, რომ ინფლაცია არაა გათვალისწინებული. არადა, თავის დროზე ხელისუფლებამ ათვლის წერტილად 100 000 დოლარი აიღო, როცა კურსი 1,7-ზე იყო. სპორტსმენები სწორედ იმას ამბობენ, რომ ინფლაცია უნდა იყოს გათვალისწინებული და 100 000 დღევანდელი კურსით უნდა გადაიანგარიშონ, ხელისუფლება კი სათანადო განკარგულებას იშველიებს და ამბობს, რომ მასში პირდაპირ წერია ეროვნული ვალუტა - 170 000 ლარი და არა უცხოური ვალუტა.
თუმცა სპორტის სხვა სახეობებში საპრეტენზიო მხოლოდ ეს ერთი სეგმენტი აქვთ - ინფლაციის გათვალისწინება, ძიუდოისტების ფინანსური პრეტენზიები და მიზნის მიღწევის გზები კი (ყოველ შემთხვევაში, მათი უმეტესობისთვის) გაცილებით მრავალფეროვანია: ფედერაციაში გუნდურად მისვლა საპრემიო თანხის გაზრდის მოთხოვნით; სპონსორებთან იმის გარკვევა, ფედერაციისთვის გადმორიცხული თანხიდან რამდენი ერგებათ პირადად მათ; მიიღებდნენ თუ არა დამატებით პრემიებს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოპოვებული ყოველი წარმატებისთვის. განსაკუთრებით - გუნდურ სახეობებში, და სხვა...
რიოში წასვლამდე, თვით ფიცის დადების ცერემონიალზეც კი ეს იყო მათი მთავარი საფიქრალ-საზრუნავი...
ბუნებრივია, სხვა სახეობების წარმომადგენლებიც გამოთქვამდნენ ამაზე უკმაყოფილებას, მაგრამ არა ასე მასობრივად. ისინი არც ფედერაციებში მისულან ულტიმატუმებით და არც სპონსორებთან დაუწყიათ საქმეების გარკვევა, სავარჯიშო დარბაზში თავდახრილნი მუშაობდნენ ანუ აკეთებდნენ თავიანთ უმთავრეს საქმეს - ვარჯიშობდნენ, ძიუდოისტებთან კი ზემომოყვანილი ფაქტები ძირითადად მაის-ივნისში ხდებოდა ანუ მაშინ, როცა მეტოქეთა შესწავლით უნდა ყოფილიყვნენ დაკავებულნი. შედეგად, სხვა სახეობებმა რიოში ოქროს მედლები მოიპოვეს, ამათ კი ტირილით დატოვეს ოთხწლედის უმთავრესი სპორტული ფორუმი...
ბუნებრივია, ძიუდოისტებსაც აქვთ უფლება, მოითხოვონ მეტი, მოითხოვონ პირობების გაუმჯობესება, თუნდაც იმავე ინფლაციის გათვალისწინება, მაგრამ ისინი ისე ითხოვდნენ, 170 000 ლარი ცოტაა და მოგვიმატეთო, თითქოს ის თანხა უკვე ჯიბეში ედოთ და მას მოპოვება არ სჭირდებოდა. თან მათგან ამ თემაზე მუდმივად დავამ ვაჭრობის სახე მიიღო.
ამასთან, ისეც ნუ გამოვიყვანთ, ამ ქვეყანაში თითქოს მარტო ძიუდოისტები შრომობდნენ და მხოლოდ ისინი ვერ იღებდნენ შესაბამის ანაზღაურებას...
გაგრძელება გაზეთ "ლელოს" შემდეგ ნომერში
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
"ბატონო ირაკლი (სტატიის ავტორს), ძალიან ბევრი შენიშვნა მაქვს თქვენ სტატიაზე და მთავარი ის არის რომ საბოლოოდ უნდა ქონდეთ ძიუდოისტებს თუ სხვა სპორტის სახეობების წარმომადგენლებს პრემიები თუ არა ვერ გავიგე".
არა მგონია, სტატიიდან მაგ კითხვაზე პასუხის მიღება ძნელი იყოს, ხოლო თუ მაინც ვერ გაიგეთ, როგორ გგონია, ეგ უფრო ვისი პრობლემაა - ჩემი თუ თქვენი? ერთს მაინც რომ დაეწერა ანალოგიური, კიდევ ჩავთვლიდი, რომ გაუგებრად მიწერია, ახლა კი...
მოკლედ, წიგნების კიტხვას თავად გირჩევთ - უკეთ გამოუტანთ აზრს ნაწერიდან, მე კი პრემიის მნიშვნელობა მოტივაციაზეც კარგად ვიცი და საპირისპირო ეფექტზეც. ეგ რომ ვიცი, იმიტომაც დავწერე ეს წერილი.
შენი სიტყვები, პათოსი ძალიან ჰგავს ნაკრების წევრთა სიტყვებს. ასე მგონია, მაგათი ახლობელი ხარ რომელიმესი. მე გთავაზობ, თვითონ გამოხვიდე მონიტორიდან და რაზეც პრეტენზია გაქვს, არ მეთანმხები, ამაზე გაზეთიდან ილაპარაკო - გინდ სენ მოიტანე საპირისპირო წერილი, გინდ ინტერვიუს ჩავიწერ, ადგილს დაგითმობთ ყველა ვარიანტში. ბოლო-ბოლო, ცინცხალი ამბები თუ გაინტერესებს, იმასაც გეტყვი, ვის რას უთვლიდა საერთაშორისო ფედერაცია ოლიმპიადის დღეებში და ვინ ვერ გამოიყენა იმხელა შანსი, მანამ კი მომეცი უფლება, თუნდაც სავარაუდოდ დავწერო რაღაც.