23-წლამდელ ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე ცნობილია

AutoSharing Option
23-წლამდელ ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი უხელმძღვანელებს, რომელმაც უკვე დაასახელა ამ ტურნირზე წასაყვანი შემადგენლობა. თავშივე ვიტყვით, რომ მწვრთნელი შესარჩევი ტურნირის შედეგებს დაეყრდნო და ყველა ჩემპიონი მიჰყავს.

ამასთან, კვოტას სრულად იყენებს და ორ წონაში ორ-ორი მონაწილე გვეყოლება. ესენია 81 და 90 კილოგრამები, სადაც ჩემპიონებს - ლევან გუგავას (81) და უშანგი მარგიანს (90) კობა მჭედლიშვილი (81) და ახალი თაობის გამორჩეული ტალანტი, ოლიმპიადის ტატამმოვლილი ბექა ღვინიაშვილი (90) დაემატნენ. ამ დუეტს შესარჩევი შეჯიბრება არ უჭიდავია, თუმცა ღვინიაშვილის ფაქტორი
გასაგებია – მისი დონის ფალავანს არც სჭირდება შესარჩევი და ასეთ კოზირზე უარს არავინ იტყოდა.

სამაგიეროდ, ცოტა უცნაური ჩანს მჭედლიშვილის გამოჩენა, რადგან შესარჩევზე ამ წონაში მეორეზე გიორგი კაციაშვილი გავიდა, რომელმაც, ფინალში წაგების მიუხედავად, მთლიანად ტურნირზე კარგად იჭიდავა და დიდი სხვაობა არც ჩემპიონთან იყო. ამიტომ მოსალოდნელი იყო ევროპაზე მისი დაყენება, თუმცა, როგორც გუჯეჯიანმა გვითხრა, თურმე, მწვრთნელებმა წლევანდელი გამოსვლებიდან გამომდინარე, მჭედლიშვილსაც ადრევე დაუბევეს ადგილი და ამიტომ გაათავისუფლეს შესარჩევიდან.

გუჯეჯიანმა ისიც გვითხრა, რომ კაციაშვილი ამიერიდან კარიერას 81 კილოგრამში გააგრძელებს და 73-ში არ დაბრუნდება. თუ შესარჩევზე ნაჩვენები ჭიდაობის ხარისხით ვიმსჯელებთ, კაციაშვილს არც ახალ წონაში უნდა გაუჭირდეს თავის დამკვიდრება.

გუჯეჯიანს კიდევ ერთი ახალგაზრდა ტალანტის – რობინზონ ბეგლარაშვილის შესახებაც დავეკითხეთ, რომელმაც ასევე ახალ წონაში – 66-ში იჭიდავა. როგორც მწვრთნელმა გვითხრა, მას ჯანმრთელობის მხრივ გარკვეული პრობლემები აწუხებს და ახლა ამიტომ არ დააკლებინეს, მისთვის წონის შეცვლა კი არ იგეგმება. თუმცა ისიც დასძინა, რომ მომავალში გამორიცხული არც ახალ წონაში გადანაცვლებაა, მაგრამ ეს სამუშაო პროცესზეა დამოკიდებული, გაჩნდება თუ არა ამის საჭიროება, დღეისათვის კი მისთვის წონის შეცვლა დღის წესრიგში არ დგას.

დაგვეთანხმებით, ისრაელში განსაკუთრებით საინტერესო ღვინიაშვილის გამოსვლა იქნება, თუმცა შედეგზე მეტად მისი ჭიდაობის ხარისხია დამაინტერესებელი. ცხადია, ჩემპიონობაც კარგია, მაგრამ ღვინიაშვილს ისეთ ტურნირებზე გაუმარჯვია, მისგან მედალი რა გასაკვირია, მაგრამ საინტერესოა, როგორ ფორმაშია ნაოლიმპიადევს და როგორ დაუბრუნდება 90 კილოგრამს, სადაც, ორი აზრი არ არსებობს, დიდი წარმატებები ელოდება.

ასევე ძალიან საინტერესო იქნება თუშიშვილის გამოსვლაც იმ თვალსაზრისით, რას უნდა ველოდოთ მისგან სამომავლოდ. ბუნებრივია, დანარჩენთა გამოსვლაც ყურადსაღებია, რადგან ამით ისინი უფროსთა ასპარეზის, ეროვნული ნაკრებისკენ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ნაბიჯს დგამენ – იქ გამოსვლა გარკვეული დივიდენდი იქნება მაღალ მიღწევებში სპორტში მათ შანსებზე.

ევროპის 23-წლიანთა ჩემპიონატი 11-12 ნოემბერს თელ ავივში ჩატარდება. ჩვენებს იქ წასვლამდე ერთი შეკრების გავლა კი სურთ თბილისში, მაგრამ ეს ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული და ვნახოთ, რამდენად შეძლებს ამას ფედერაცია.

ისრაელში ერთი მონაწილე გოგოებშიც გვეყოლება – ჭაბუკებში ევროპის პირველი ჩემპიონი ქართველ ქალ მოჭიდავეთა შორის და ახალგაზრდებში მსოფლიოს ფინალისტი მარიამ ჯანაშვილი (52). ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ გია თენაძეს იქ სხვა მონაწილე არ მიჰყავს, რადგან დანარჩენები ჯერ პატარები არიან ამ ასაკში საჭიდაოდ, ხოლო ჯანაშვილის წინა თაობაში მედლის მოპოვების რეალური კანდიდატი არავინაა.

ჯანაშვილი ამ დღეებში ესპანურ მალაგაში მიემგზავრება, სადაც 31 ოქტომბრიდან 4-დღიან ერთობლივ კემპში მიიღებს მონაწილეობას. შემდეგ ის თბილისში დაბრუნდება და თელ ავივში გადაფრინდება, სადაც უკვე მასპინძელთა ნაკრებთან ერთად გაივლის რამდენიმედღიან ერთობლივ შეკრებას. თენაძის თქმით, ეს ჯანაშვილისთვის აუცილებელია, რადგან ის უკვე ადგილზე ვეღარ იზრდება, ვერ ვითარდება. ის უკვე იმდენად გაიზარდა, რომ აქ შესაფერისი სპარინგ-პარტნიორები აღარ ჰყავს, აქაურები მას გაზრდაში ვერ ეხმარებიან და ამიტომ სჭირდება უცხოეთში ერთობლივ შეკრებებზე წასვლა.

U-23
60 კგ.
თემურ ნოზაძე
66 კგ. თორნიკე ნაგლიაშვილი
73 კგ. გიგა გიგაური
81 კგ. ლევან გუგავა, კობა მჭედლიშვილი
90 კგ. ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი
100 კგ. ლაშა ტაველური
+100 კგ. გურამ თუშიშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული