პეტერ ზაიზენბახერი გოგონების გაუპატიურების საქმეზე ვენის სასამართლოში არ გამოცხადდა

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ავსტრიელი პეტერ ზაიზენბახერი არ გამოცხადდა ვენის სასამართლოში, სადაც არასრულწლოვან გოგონებთან სექსუალური ხასიათის დანაშაულის საქმეზე მოსმენა დღეს უნდა გამართულიყო. ამის შესახებ tass.ru იუწყება.

- საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილ მწვრთნელს არასრულწლოვანი გოგონების გაუპატიურება ბრალდება

"არ ვიცი, რატომ ვერ მოვიდა ის დღეს, - განაცხადა სასამართლოს დარბაზში ბრალდებულის ადვოკატმა ბერნხარდ ლეხოფერმა. - შესაძლოა თვითმფრინავზე დააგვიანა; შესაძლოა, ავად გახდა". მისი თქმით, სასამართლომდე რამდენიმე დღით ადრე ესაუბრა ზაიზენბახერს და დარწმუნებული იყო, რომ მოსმენაზე გამოცხადდებოდა. ამჟამად ყოფილი ძიუდოისტის ტელეფონი
მიუწვდომელია.

მოსამართლე კრისტოფ ბაუერმა ბრალდებულის გარეშე საქმეზე მოსმენის გამართვა საჭიროდ არ ჩათვალა და სხდომა იქამდე გადადო, სანამ ზაიზენბახერის ადგილსამყოფელი არ გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის დასაწყისში ვენის პროკურატურამ სამწლიანი გამოძიების შემდეგ ყოფილ სპორტსმენს ბრალი წაუყენა. საქმე მისი სავარაუდო ერთ-ერთი მსხვერპლის განცხადების საფუძველზე აღიძრა. 56 წლის ავსტრიელს 1990-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანების დასაწყისში ორი გოგონას გაუპატიურებას აბრალებენ. იმ პერიოდში ზაიზენბახერი ვენის ერთ-ერთ სპორტულ კლუბში მუშაობდა.

პეტერ ზაიზენბახერმა ოლიმპიური ოქროს მედლები 86 კგ-მდე წონით კატეგორიაში, 1984 წელს ლოს ანჯელესის, 1988 წელს კი სეულის თამაშებზე მოიპოვა და პირველი ძიუდოისტი გახდა ისტორიაში, ვინც გამარჯვება ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე შეძლო. პეტერი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს 2010-12 წლებში წვრთნიდა. ამჟამად კი ის აზერბაიჯანის ძიუდოისტთა ნაკრებში მუშაობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული