U23. ბ/რ ჭიდაობა. საქართველოს ჩემპიონატი: მოჭიდავეთა მშვიდი დღე

AutoSharing Option
23-წლამდელ "ბერძენ-რომაელთა" ქვეყნის პირველობის მეორე დღემ პირველზე გაცილებით უფრო მშვიდად და უექსცესოდ ჩაიარა - არ ყოფილა ჩხუბი, გაწევ-გამოწევა, აყალმაყალი და ჩაშლილი შეხვედრები. სამაგიეროდ, ბევრი საინტერესო ორთაბრძოლა და ბევრი იმედისმომცემი ფალავანი იყო.

გუშინდელი დღე ცოტა უფრო ძლიერიც გამოდგა, რადგან "ოლიმპიური პარკის" ფრენბურთის სასახლის არენაზე ვიხილეთ უფროსებში მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი ლაშა გობაძე, ვინც ამჯერად 85 კილოგრამში გამოვიდა; ახალი თაობის უნიჭიერესი ტალანტი, ახალგაზრდებსა და ჭაბუკებში ევროპისა და მსოფლიოს ოთხ-ოთხგზის ჩემპიონი ზვიად პატარიძე (130)
და ასაკობრივ ნაკრებებში თავგამოჩენილი არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა.

ტიტულოვანთაგან ისვენებდა მხოლოდ ოლიმპიური და ევროპის მესამეპრიზიორი შმაგი ბოლქვაძე (66), ვინც ფედერაციის გადაწყვეტილებით, გათავისუფლებული იყო შეჯიბრებიდან.

დიდი მოულოდნელობები არც გუშინ მომხდარა და ძირითადად, ისევ ფავორიტებმა იმარჯვეს. მეტ-ნაკლებად გამონაკლისია 66 კილოგრამი, სადაც ბოლქვაძის არყოფნაში გზა ახალგაზრდებს გაეხსნათ.

გუშინაც გამოჩნდა რამდენიმე შედარებით უცნობი (ყოველ შემთხვევაში - უტიტულო) ფალავანი, ვინც აქამდე ასაკობრივ გუნდებში ვერ ხვდებოდა, მაგრამ გუშინ დიდი ბრძოლა გაუმართეს ლიდერებს. მართალია, საბოლოოდ კლასმა მაინც თავისი გაიტანა და ფავორიტებმა იმარჯვეს, თუმცა ნურც მათ კონკურენტებს დავუკარგავთ დიდ მონდომებას. მაგალითად, დემურ ქავთარაძეს (75), იონა ფირცხალავას (85) და სხვებს. სხვა თუ არაფერი, ფინალში გასვლაც ხომ დიდი საქმეა.

66 კილოგრამში კვარცხლბეკი მთლიანად ახალგაზრდებმა შეავსეს, მათ შორის კი ყველას ედნარ შავაძემ აჯობა, რომელმაც ფინალში თანაქალაქელი მურად მიქელაძე დაამარცხა.

75 კილოგრამის შეხვედრები დაძაბული ბრძოლით დასრულდა. სენაკელი ბაკურ გოგოლი (ის თბილისის სახელით გამოვიდა, მაგრამ სენაკელია) ასაკობრივი გუნდებიდან კარგად გვახსოვს, რასაც ვერ ვიტყვით ნორიოელ ქავთარაძეზე. თუმცა ფინალი სწორედ მისი შეტევით დაიწყო და მსაჯის სასტვენისთანავე დროის მცირე მონაკვეთში ორჯერ მოგვერდი შეასრულა, რის გამოც 4:0 დაწინაურდა. სავარაუდოდ, გოგოლი არ ელოდა მისგან ასეთ "აფეთქებას" და ეს ეპიზოდი ამიტომ გამოეპარა, თორემ ამის შემდეგ უპირატესობას მთლიანად ის დაეუფლა და ქავთარაძემ ვერაფერი შეცვალა.

გოგოლმა ყველაფერი გააკეთა - ილეთიც, წრიდანაც გაიყვანა, ჩოქბჯენშიც ჩააგდო და რამდენჯერმეც გააფრთხილებინა. ქავთარაძე შეხვედრის ბოლოს გააქტიურდა, თუმცა გოგოლიც უკვე ანგარიშის შენარჩუნებაზე ჭიდაობდა, რადგან 9:4 იგებდა. ამ ეპიზოდიდან მოყოლებული, ქავთარაძემ ჯერ 1 ქულა გაქვითა, ბოლო წამებზე კი ჩოქბჯენშიც ჩაიყვანა და ანგარიში 9:7 გახდა. იქ დაატრიალა კიდეც, მაგრამ მანამ საფინალო სასტვენმა მოუსწრო და შეხვედრაც ასე დასრულდა.

არანაკლებ დაძაბული გამოდგა გობაძის და ფირცხალავას ფინალიც 85-ში. თავიდან აქაც "მეორე ნომერმა" შეუტია - ფირცხალავამ, ვინც ჯვარედინი მოვლებიდან სცადა გადაგდება, მაგრამ მთლად სუფთად ვერ გააკეთა და მსაჯმა არც შეაფასა. მწვრთნელებმა გააპროტესტეს, მაგრამ უშედეგოდ და, წესისამებრ, ქულა გობაძეს მისცეს, ვინც 1:0 დაწინაურდა.

ეს ფინალი შედარებით გამორჩეული გამოდგა, რადგან მეტოქეებმა გახსნილი, ღია ჭიდაობა შესთავაზეს ერთმანეთს. ამიტომ ილეთებიც გაკეთდა და უფრო ტექნიკური პაექრობა წარიმართა, ვიდრე - ჩაკეტილი და ტაქტიკური. გობაძე გამოირჩევა ტექნიკური სტილით და ახლაც არ უღალატა ჩვეულებას, თუმცა დიდად არც ფირცხალავა ჩამორჩა და ერთხელ მშვენიერი 4-ქულიანი გდებაც შეასრულა. ამით 6:4 დაწინაურდა, მაგრამ მაშინვე ეტყობოდა, რომ გობაძე ამ შეხვედრას ხელიდან არ გაუშვებდა. მან მართლაც მალევე გაათანაბრა ანგარიში, რასაც მეტოქის გაფრთხილებებით ორჯერ თითო ქულაც დაუმატა და 8:6 მოიგო.

მძიმე წონაში პატარიძის გამოსვლა ძალიან დიდ ინტერესს იწვევდა. განსაკუთრებით საინტერესო მისი და 23-წლიანებში ევროპის ჩემპიონ იაკობ ქაჯაიას პაექრობა უნდა ყოფილიყო, თუმცა ადრევე გაცხადდა, რომ ქაჯაია არ იჭიდავებდა - ეტყობა, წყალტუბოელი ფალავანი საქართველოს ჩემპიონატისთვის ინახავს ძალებს, რომელიც თებერვლის შუა რიცხვებში გაიმართება.

ამ წონაში ბევრი მონაწილე არ იყო და ფინალში გასასვლელად მონაწილეებს ბევრი შეხვედრა არ ჩაუტარებიათ. იქ ბრძოლის უფლება პატარიძემ და თბილისელმა ბექა კანდელაკმა მოიპოვეს, რომლებმაც დიდი მცდელობის მიუხედავად, გდება ვერ შეასრულეს. ეს უფრო ტაქტიკური შეხვედრა გამოდგა, რომლის ბედიც მთლიანად გაფრთხილებებმა გადაწყვიტა - 2:1 გაიმარჯვა პატარიძემ, თუმცა ეს ნამდვილად არ ყოფილა იოლი მოგება.

ამდენად, უკვე ჩამთავრდა ეს ტურნირი და გამოიკვეთა ის გუნდი, რომელიც 28 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, უნგრულ სომბათჰეიში 23-წლიანთა ევროპის პირველობაზე გამოვა. თუმცა იქამდე მოსამზადებელი ეტაპებია გასავლელი და ვნახოთ, რა მოხდება.

კვარლცხბეკი
66 კგ.
1. ედნარ შავაძე; 2. მურად მიქელაძე; 3. თორნიკე მელაძე (სამივე - აჭარა), ლევან ქავჟარაძე (ოზურგეთი).

75 კგ.
1. ბაკურ გოგოლი (თბილისი); 2. დემურ ქავთარაძე (ნორიო); 3. მურთაზ ჩაბრავა (სენაკი), მინდია ბოლქვაძე (აჭარა).

85 კგ.
1. ლაშა გობაძე (აჭარა); 2. იონა ფირცხალავა (წყალტუბო); 3. კონსტანტინე ბარბაქაძე (გარდაბანი), გურამ ხეცურიანი (ქუთაისი).

130 კგ.
1. ზვიად პატარიძე (ქუთაისი); ბექა კანდელაკი (თბილისი); 3. ბექა მაკარიძე (თერჯოლა), თენგიზ ძებნიაური (თბილისი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული