ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები შეკრებაზე სომხეთში გაემგზავრა

AutoSharing Option
გუშინ შუადღისას სომხეთში გაემგზავრა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები, რომელიც 20 მარტის ჩათვლით მაღალმთიან კურორტ წახკაძორის ოლიმპიურ ბაზაზე გაივლის შეკრებას.

ბექა როყვამ
და ვლადიმერ გეგეშიძემ იქ გაფართოებული შემადგენლობა წაიყვანეს, გუნდი კი მხოლოდ ფიზიკურად დაიტვირთება, ანუ ეს მთლიანად ფიზიკური მომზადებისთვის განკუთვნილი შეკრება იქნება. სომხეთიდან დაბრუნებისთანავე ნაკრები უნგრულ სომბათჰეიში გაემგზავრება იმრე პოლიაკის მემორიალში საჭიდაოდ, რომელიც 24-26 მარტს ჩატარდება, იქ წასაყვანი შემადგენლობა კი საბოლოოდ სწორედ წახკაძორში გადაწყდება.

ბუნებრივია, მწვრთნელებისთვის ძირითადი ბირთვი უკვე ცნობილია, მაგრამ ზოგან გარკვეული საკადრო კითხვები ჯერ ისევ რჩება და სომხურ
შეკრებას სწორედ ამ დილემის გადასაჭრელად გამოიყენებენ.

ამით ჩვენმა ნაკრებმა უკვე დაიწყო ევროპის ჩემპიონატისთვის მიზანმიმართული მზადება. მით უფრო, საქართველოს ჩემპიონატიც უკვე მოილიეს და გამოავლინეს კონტინენტის პირველობაზე წამსვლელი ხალხი (შეგახსენებთ, რომ ამ უფლებას ქვეყნის ჩემპიონები იღებენ). მართალია, მათ უკვე გაიარეს ერთი შეკრება ბორჯომში, მაგრამ ის ქვეყნის პირველობისთვის მოსამზადებელი უფრო იყო, ახლა კი საევროპედ მიზანმიმართული მზადება დაიწყეს.

ბარემ აქვე გეტყვით, რომ იმავე პერიოდში სომბათჰეიში უფროსების პარალელურად, 23-წლამდელებიც წავლენ, რომლებიც 28 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით იქ თანატოლთა ევროპის ჩემპიონატში გამოვლენ.

წახკაძორში ზეგ ჩვენი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებიც გაემგზავრებიან, სადაც ამ გუნდის მთავარ მწვრთნელ გიორგი იანტბელიძეს 16 კაცი მიჰყავს - ყოველი წონის პირველ-მეორე ნომრები. ისინიც მხოლოდ ფიზიკური მომზადებისთვის განკუთვნილ შეკრებას გაივლიან, სამშობლოში კი 23 მარტს დაბრუნდებიან და აქვე გააგრძელებენ მზადებას. მათთვის უახლოესი საერთაშორისო ტურნირი 8-9 აპრილს ბულგარეთში გასამართავი დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის სახელობის საერთაშორისო ტურნირია, სადაც, სავარაუდოდ, ჩვენი ძირითადი შემადგენლობა იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატს 2-7 მაისს სერბული ნოვი სადი უმასპინძლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული