ლიცენზიანტი. ვლადიმერ გეგეშიძე - თავისუფლიდან - ბერძნულ-რომაულამდე

AutoSharing Option
ვლადიმერ გეგეშიძე. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (84 კგ).
დაიბადა: 10.02.1985 წ. თბილისი.
ევროპის ორგზის ჩემპიონი ჭაბუკებში (2003; 2004); ვიცე-ჩემპიონი (2002). "ოქროს დიდი პრიზის" გამარჯვებული (2010); ოლეგ კარავაევის მემორიალის მესამე პრიზიორი (2011); ოლეგ კარავაევისა და ნიკოლა პეტროვის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი (2012); საერთაშორისო ტურნირების რამდენიმეგზის მედალოსანი.
პირველი მწვრთნელი: ოთარ ტატიშვილი (დღემდე მასთან ვარჯიშობს)
ჰობი: ნადირობა.
ოლიმპიადის დებიუტანტი.

ვლადიმერ გეგეშიძემ ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზია ბოლო ტურნირზე მოიპოვა ჰელსინკში, თუმცა სეზონის მეორე ნახევარში მისი პროგრესი თვალშისაცემია.

ის საჭიდაო ოჯახიდანაა: მამა - ვეტერანი ფალავანი თამაზ გეგეშიძე საქართველოს ჭიდაობის
ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია, ხოლო უფროსი ძმა - გეგა გეგეშიძე არც ისე დიდი ხნის წინათ თავად იყო ნაკრების წევრი.

ოღონდ ისინი "თავისუფალს" ჭიდაობდნენ, ლადო კი ბერძნულ-რომაულშია. თუმცა მის ცხოვრებაში, ამის გარდა, ფეხბურთით გატაცებაც ყოფილა.

- ოჯახურ ტრადიციას თუ გავითვალისწინებთ, ალბათ, ზედმეტია იმის კითხვა, როგორ მოხვდით ჭიდაობაზე...
- მამისა და ძმის გარდა, ბაბუაჩემიც ჭიდაობდა, ოღონდ არა იმათსავით მაღალ დონეზე. თანაც, სამივე თავისუფალ ჭიდაობაში იყო და მეც თავიდან იქ მიმიყვანეს მარლენ ოსიყმაშვილთან ფალავანთა კლუბში.

რამდენიმე ტურნირიც ვიჭიდავე, ჭაბუკებში საკმაოდ სოლიდური შეჯიბრებებიც მოვიგე, მაგრამ მოგვიანებით ბერძნულ-რომაულზე გადამიყვანეს ოთარ ტატიშვილთან, ცოტა ხანს იარე, გდებებს ისწავლი და დაბრუნდი ისევ თავისუფალშიო. მეც გადავედი, მაგრამ თანდათან შემოვრჩი იქაურობას და საბოლოოდაც დავრჩი.

ოჯახს წინააღმდეგობა არ გაუწევია, თუმცა იმ პერიოდში ფეხბურთზეც დავდიოდი. მამამ მითხრა, ოღონდ იჭიდავე და სადაც გინდა, იქ იარეო. თან, მაშინ ჩემი ძმა ჯერ კიდევ ჭიდაობდა და ეტყობა, ამიტომაც არ დამაძალა "თავისუფალში" გადასვლა. ალბათ, ფიქრობდა, ერთი "თავისუფალში" იქნება და მეორე - ბერძნულ-რომაულშიო.

გეგა ჩემზე 7 წლით უფროსია და ერთმანეთში არასოდეს გვიჭიდავია, მაგრამ ხშირად მავარჯიშებდა. ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ჭიდაობას დავიწყებდი, ხან კუს ტბაზე დამატარებდა, ხან - ძალოსნობის დარბაზში და ასე შემდეგ...

რჩევებსაც მაძლევდა თავისი გამოცდილებიდან, ბევრი არ უნდა ივარჯიშო, არ უნდა გადაიწვაო. არადა, ადრე ჩემი ჩავარდნის და ტრავმების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ გადაღლა იყო - ზომაზე მეტს ვვარჯიშობდი.

შეიძლება, შუაღამეზე წავსულიყავი სავარჯიშოდ, ან ღამის 11 საათზე გამხსენებოდა, რომ ერთი თვის წინათ რაღაც დავაკელი და მაშინ მომენდომებინა ანაზღაურება. ეს უაზრობაა, ასე არ შეიძლება.

სწორედ ამას მასწავლიდა ჩემი ძმა. მოგვიანებით მეც მივხვდი, რას ნიშნავს სწორი ვარჯიში. გადამეტებულს ისევ დაკლება ჯობია, ოღონდ კარგი არც ესაა. ჩემი პრობლემა ისიცაა, რომ გამხდარი ვარ და მაღალი. ამიტომ მთელი დატვირთვა სახსრებზე მიდის და ხან მხარზე დამჭირდა ოპერაცია, ხან - ფეხზე. ძლივს დავაღწიე თავი ტრავმებს.

- სეზონი სუსტად დაიწყეთ - ევროპამდე ყველა ტურნირი წააგეთ, მაგრამ ევროპის შემდეგ საგრძნობლად მოუმატეთ და ლიცენზიაც მოიპოვეთ. ასეთ განსხვავებას რითი ახსნით?
- ტრავმებით. საქართველოს ჩემპიონატიც ამის გამო ვერ ვიჭიდავე, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ფაქტორიც - თავდაჯერება შემემატა.

მაგალითად, პეკინის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ ზოლტან ფოდორს წინა წლებში ძალიან იოლად მოვუგე, ორივე პერიოდში 6:0; 6:0 დავამარცხე, მაგრამ 2008 წელს მე შინ ვიჯექი და მის გამოსვლას ტელევიზორში ვუყურებდი. ის კი ოლიმპიადის ფინალში ჭიდაობდა.

იმ წარუმატებლობის წლებში მსოფლიოს ჩემპიონსა თუ სხვა ტიტულოვან ფალავნებთანაც მომიგია და ვხედავდი, ისინი ვერაფრით მჯობდნენ. რაღაც დიდი სხვაობა რომ ყოფილიყო და ჩემი შანსები უპერსპექტივოდ მიმეჩნია, სპორტს თავს დავანებებდი... მაგრამ ვხედავდი, მონდომებით, სწორი მიდგომით მეც შემეძლო წარმატების მოპოვება. ალბათ, ყველაფერს თავისი დრო აქვს და, ეტყობა, ეს მომენტი ახლა დადგა.

- აზარტულიც ხართ. ადრე ხშირ წაგებებს როგორ ეგუებოდით?
- იყო მომენტი, როცა თავის დანებებასაც ვაპირებდი. მართლა ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი და მაინც მუდმივად ვაგებდი.

მაშინ არ ვიცოდი, რომ თურმე ბევრი კი არა, მიზანმიმართული შრომაა საჭირო. არ ვარ ისეთი პიროვნება, მარტო შეჯიბრზე წასვლის, სხვა ქვეყნების ნახვის, აწონვისა და ამგვარების გამო დავრჩე სპორტში. თავმოყვარეობა მაქვს, რაც იმ წაგებების გამო გვარიანად მელახებოდა.

მწვრთნელები თუ ჩემიანები მეუბნებოდნენ, ამ ოლიმპიადამდე დარჩი, წასვლას ყოველთვის მოასწრებო. ჩინეთის სალიცენზიო ტურნირში წაგებაც ძალიან განვიცადე და ჰელსინკშიც რომ ვერ მომეპოვებინა, გადაწყვეტილი მქონდა, ამერიკაში მეჭიდავა "ქერბის თასზე" და წავსულიყავი სპორტიდან. იქაც იმიტომ მივდიოდი, რომ ვიზა უკვე მქონდა.

- არადა, ჰელსინკშიც ლიცენზიის მოსაპოვებლად ბეწვის ხიდზე გაიარეთ...
- ჰელსინკამდე წინა კვირას ჩინეთში ვიჭიდავეთ და ამ გადაფრენა-გადმოფრენამ დაგვტანჯა. თან სომეხი არტურ შაჰინიანი ძლიერი მოჭიდავეა - ევროპის მედალოსანი და წონაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მებრძოლია, თან - მგრძნობიარე ბიჭია, ბოლომდე იბრძვის. მადლობა ღმერთს, რომ მასთან ბოლო წამზე გამარჯვების ღირსი გამხადა და ლიცენზია მომაპოვებინა.

- ისევ ჩავარდნის პერიოდს დავუბრუნდეთ... მამა, რომელიც თქვენი დიდი გულშემატკივარია და ძალიან ემოციურად გქომაგობთ, როგორ რეაგირებდა მარცხზე?
- აი, ეგ განიცდიდა, თუ განიცდიდა! როცა ვიგებ, მაშინ პირდაპირ ეუბნებიან, მაგრამ თუ ვაგებ, ჯერ წყალს მიუტანენ, მერე - წამლებს დაალევინებენ; ამასობაში ისიც ხვდება შედეგს და მერე მთელი კვირა ვწამლობთ. ევროპის ჩემპიონატის წინ მეც ვთქვი და გეგამაც უთხრა, შინ დარჩი, ამან ჭიდაობაზე იფიქროს თუ შენზე ინერვიულოსო. არც ოლიმპიადაზე გვინდა მისი წამოსვლა, მაგრამ ვნახოთ, რა იქნება. იქ გეგა აპირებს წამოსვლას, რაც ჩემთვისაც იმედია.

ცხადია, მწვრთნელებისაც ძალიან მეიმედება, მაგრამ ოჯახის წევრი სულ სხვაა. როგორც ბიჭი, ჩემი ძმის გაზრდილი ვარ. თუ რამე მჭირდება, მას ვეუბნები და მის ხმას მაშინაც კი ვარჩევ, როცა დარბაზში ხმაურისგან არაფერი მესმის.

- გასაგებია, რომ საოლიმპიადოდ ჯერ ფორმის პიკში არ იქნებით, მაგრამ სადღეისო მოთხოვნების შესაბამისად განწყობა როგორია?
- ახლახან ფიზიკური შეკრება გავიარეთ სომხურ წახკაძორში. ფორმიდან ჯერ შორს ვართ, მაგრამ წინ გეგმის მიხედვით მივიწევთ და იმედია, ოლიმპიადისთვის ყველაფერი კარგად იქნება. ცოტა ტრავმები კი მაღონებდა - მუხლმა შემაწუხა, მაგრამ ვარჯიში არ ჩამიგდია.

განწყობაც ნორმალურია, მშვიდად ვვარჯიშობ, ნერვიულობას რა აზრი აქვს? გასაგებია, რომ ოლიმპიადა სხვაა და პასუხისმგებლობაც მეტია, მაგრამ დაძაბულობით არც ძალა მომემატება, არც წილისყრა დამიჯდება თავისით და არც - არაფერი.

მთავარია, კარგად შევხვდე ოლიმპიადას - არ გადავიღალო, არ ვინერვიულო და ლეიბზე მოვინდომო. ვინც მოინდომებს, ის მოიგებს. მაქსიმალურად უნდა ეცადო, მერე საკუთარ თავზე გული რომ არ დაგწყდეს, ხოლო თუ თავს ზევით ძალა არაა, ვერაფერს იზამ. ამიტომ ვემზადები მშვიდად და ვცდილობ, მაქსიმალურად კარგ ფორმაში შევხვდე ოლიმპიადას.

- სადღეისოდ რა კონკრეტული ამოცანა დგას თქვენი და მწვრთნელების წინაშე, რა კომპონენტში გჭირდებათ განსაკუთრებული მომზადება?
- ისევ და ისევ ფსიქოლოგიაში, კიდევ მეტი თავდაჯერებაა საჭირო. ახლა ახალი რაღაცის ძიება რომ დავიწყო, აზრი არ აქვს - დრო არ გვეყოფა. ორ თვეში კი არა, ხალხი მთელი ცხოვრება ჭიდაობს და ვერ ხვდება, რა უნდა გააკეთოს.

არ ვიტყვი, რომ განსაკუთრებულად ძლიერი ვარ, მაგრამ რა პლუსებიც მაქვს, იმაზე უნდა გავამახვილო ყურადღება. უკვე მეც ვხვდები, რა მჭირდება. ცოტა ემოციურიც ვარ და ტატიშვილს ვთხოვე კიდეც, მშვიდი ატმოსფერო შეექმნა, რომ ზედმეტი კითხვებით ან თუნდაც რჩევებით არ შემაწუხონ, არ დამტვირთონ.

ფიზიკურად კმაყოფილი ვარ, წახკაძორშიც კარგად გავიარე შეკრება. ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბეგი დარჩიაც ხვდება, რა მჭირდება და რა დოზით - ის ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან მიცნობს, ვიდრე ჭიდაობას დავიწყებდი და ზუსტად მირჩევს გრაფიკს ჩემივე სხეულის მოთხოვნებიდან გამომდინარე.

სიმაღლის, გრძელი კიდურების გამო ცოტა განსხვავებული ვარჯიშები მჭირდება და ამაში ხელს მიწყობენ.

- ტრაფარეტული შეკითხვაა, მაგრამ ოლიმპიადაზე ძირითად კონკურენტებად ვის მიიჩნევთ?
- ტრაბახში არ ჩამომართვათ, მაგრამ მთავარია, ოლიმპიადას ყოველმხრივ კარგად მომზადებული შევხვდე. არავისთან არ უნდა გამიჭირდეს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მეტოქეებს არ ვაფასებ.

იქ ბევრი ძლიერი ფალავანია - პოლონელი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი თურქი ნაზმი ავლუჯა ცოტა ბებერია, მაგრამ ძლიერი მეტოქეა; ბულგარელი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ჰრისტო მარინოვი, ბელარუსი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ალიმ სელიმოვი და სხვები.

ირანელებმა თუ მსოფლიოს პრიზიორი ჰაბიბოლა აკლაგი დააყენეს, ის უხერხული მოწინააღმდეგეა, ოღონდ ილეთებით იმდენად არ გამოირჩევა, რამდენადაც მოუხერხებელი საჭიდაო სტილით - დაბალია და ლეიბზე კიდევ უფრო დაბლა ჯდება, მუხლებში იხრება.

მაღალი რომ ვარ, მიჭირს მისი მოხელთება, ის კი თავის მოკლე ხელებს შემოგიყოფს და ვერაფრით იშორებ. ასევე სერიოზულ კონკურენტად მიმაჩნია ეგვიპტელი ოლიმპიური ჩემპიონი ქარამ იბრაგიმი, რომელმაც 96-იდან ჩამოინაცვლა.

რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ის ადრინდელივით ძლიერად ვერ ჭიდაობს, მაინც ანგარიშგასაწევია. მასე წინა ოლიმპიადაზეც ფავორიტებად ბადრი ხასაია, ალექსეი მიშინი, ავლუჯა და სხვები მიიჩნეოდნენ, მაგრამ ჩემპიონი იტალიელი ანდრეა მინგუზი გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ მეეჭვება რომ ოლიმპიადაზე საპრიზომმდე მიაღწიოს... აქამდე მსოფლიოზე და ევროპაზე არ გამოუჩენია თავი და მაინც და მაინც ოლიმპიადაზე გაისვრის ?!
mirage
12:05 15-06-2012
0
mirage, ნუ ვიქნებით პესიმისტები. ზუსტადაც, რომ ოლიმპიადაზე გაისვრის და ძალიან მაგრადაც.
ლადო, ნუ ინერვიულებ მამაშენზე, თამაზის ჩვენ მივხედავთ.
zaliko
12:40 15-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული