ლიცენზიანტი. ზურაბ დათუნაშვილის ახდენილი ოცნება

AutoSharing Option
ზურაბ დათუნაშვილი
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (74კგ).
დაიბადა: 1991 წლის 18 ივლისს თბილისში.
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ახალგაზრდებში (2011); ევროპის მესამე პრიზიორი ახალგაზრდებში (2011); დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის მემორიალის მესამე პრიზიორი (2012), ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებული (2012); საქართველოს ვიცე-ჩემპიონი (2012).
მწვრთნელი: ვილიამ ხარაზოვი.
ჰობი: ჭიდაობა.
ოლიმპიადის დებიუტანტი.

დებიუტანტი მწირი გამოცდილებით
ზურაბ დათუნაშვილი არა მხოლოდ მოჭიდავეთა ნაკრებებში, არამედ მთლიანად ქართულ ოლიმპიურ დელეგაციაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და გამოუცდელი სპორტსმენია - ჯერ არც ევროპის პირველობაზე უასპარეზია, არც - მსოფლიოზე, ისე მოხვდა ოლიმპიადაზე.

ის ჯერ კიდევ შარშან
ახალგაზრდულ ნაკრებში ჭიდაობდა, წლეულს კი სადებიუტო სეზონშივე მოიპოვა ლიცენზია სოფიაში. ის შეჯიბრება მისთვის მეორე იყო ეროვნულ ნაკრებში - მანამდე ისევ ბულგარეთში "დან კოლოვისა და ივან პეტროვის მემორიალზე" იჭიდავა.

სოფიის შემდეგ კიდევ ერთხელ გამოვიდა უფროსთა შორის - თვის დასაწყისში დორტმუნდში "გერმანიის დიდ პრიზზე" გამოვიდა და სულ ესაა მისი გამოცდილება, ამ მწირი სამტურნირიანი მარაგით მიდის ოლიმპიადაზე.

თითქოსდა დებიუტანტობა არ ეყოფოდა, ლონდონშიც ჩვენი გუნდიდან პირველი მას უწევს ასპარეზობა - ბერძენ-რომაელები ტურნირს 5 აგვისტოს იწყებენ. ამ დღეს 55 და 74 კილოგრამის ფალავნები გამოდიან და რადგან 55-ში მონაწილე არ გვყავს, ჩვენგან დათუნაშვილს მოუწევს გახსნის მთელი ფსიქოლოგიური სიმძიმის გადატანა.

ჯერჯერობით დათუნაშვილის ძირითადი შედეგები ახალგაზრდულ ნაკრებზე მოდის, სადაც შარშან კარგი სეზონი ჩაატარა - ევროპის ჩემპიონატზე მესამეზე გავიდა, მსოფლიოზე კი ვერცხლი მოიპოვა.

კარიერის უცნაური ზიგზაგები
მისი სპორტული კარიერა ცოტა უცნაურად წარიმართა - როგორც წესი, ბავშვების უმეტესობა ფეხბურთზე გიჟდება და დღემუდამ ბურთს დასდევს. ისიც ჯერ ფეხბურთზე მივიდა, მაგრამ ცოტა ხანში ჭიდაობაზე გადაინაცვლა.

ცხადია, საფეხბურთო ილეთები მასაც ხიბლავდა, რაღაცით ფინტებიც იზიდავდა, მაგრამ იგრძნო, რომ მის ხასიათში უფრო ჭიდაობა იჯდა, როგორც უფრო კონტაქტური, უფრო დინამიკური სპორტი, სადაც ლამაზი ილეთები ბევრად უფრო ხშირად კეთდებოდა. მას სწორედ ეს დინამიკა, საჭიდაო ილეთების სილამაზე იზიდავდა და ამიტომ მოედნიდან დარბაზში გადაინაცვლა.

საინტერესოა, რომ ორივე ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო, უფროსთა ჩარევის გარეშე. არადა, მამა მორაგბე ჰყავს და დიდი შანსი იყო, სულაც ოვალური ბურთი შეეჩეჩებინათ ხელში. დღეს ყველა მადლობელია, რომ პატარა ბავშვმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და საავიაციო ქარხნის ტერიტორიაზე ვილიამ ხარაზოვს მიაკითხა.

მებრძოლი ბიჭი
დათუნაშვილი დამოუკიდებელი, საკმაოდ მიზანსწრაფული, მტკიცე ნერვების პატრონია. ეს თუნდაც იქიდანაც გამოჩნდა, რომ არ შეუშინდა ისეთი ტიტულოვანი მეტოქის კონკურენციას, როგორიც ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ მანუჩარ კვირკველიას კონკურენციაა. წყნარად, მშვიდად აკეთებდა თავის საქმეს და ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა ნაკრებისკენ.

ბევრი მის ადგილას გატყდებოდა, მაგრამ არა ის! პირიქით - კონკურენცია სტიმულს აძლევს:

"კონკურენცია კარგია - ამ დროს უფრო იზრდები. ხოლო თუ მისი გეშინია, ვერაფერს მიაღწევ. რაც უფრო ძლიერია კონკურენტი, მასთან მოგება მეტი სტიმულია, მეტი შემართებით ჭიდაობ, ვარჯიშებზეც უფრო მოტივირებული ხარ".

დათუნაშვილის ხასიათი კარგად გამოჩნდა ახალი, საჭიდაო სამყაროსთვის უცნობი ილეთის დამუშავებაშიც. ეს უცნაური გდება, რომელიც მეტოქეზე... თავზე აკრობატულ სტილში გადახტომით, ვარდნაში კეთდება, პირველად შარშან იხილა მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობაზე, როცა ამერიკელმა ელის კოლემანმა ირანელ მეტოქეს თავბრუ დაახვია.

თბილისში დაბრუნებულმა როცა ამ გდების დამუშავება განიზრახა, დარბაზში მის სურვილს ყველა სკეპტიკურად შეხვდა, მაგრამ მან იცოდა თავისი საქმე, ჰქონდა მიზანი და დიდი სურვილიც მის განსახორციელებლად.

ამიტომ ყურადღება არ მიაქცია სკეპტიკოსებს და გულმოდგინედ შეუდგა ახალი ილეთის დამუშავებას. მარცხიც განიცადა, გაუჭირდა კიდეც, რამდენჯერმე არც გამოუვიდა, მაგრამ ხელი არ ჩაუქნევია, ვარჯიში გააგრძელა და საწადელს მაინც მიაღწია.

მართალია, ჯერ კოლემანივით დახვეწილად ვერ აკეთებს - კაცის სიმაღლეზე ახტომა კი დაამუშავა, მაგრამ ვარდნისას კომბინაციაში მეტოქის დატრიალებას ვერ ახერხებს, ცოტა დაყოვნება და ილეთის უფრო კარგად დამუშავება სჭირდება, მაგრამ სოფიაში პირველივე ცდაზე დიდწილად ამ ფანდით მოიპოვა საგზური. იქ ეს უცნაური ილეთი უნგრელ ევროპის ჩემპიონ პეტერ ბასცისთან გამოიყენა და არათუ ჩამორჩენა აღმოფხვრა, მოიგო კიდეც.

"დავინახე, რომ იმ მომენტში მეტოქე ცოტა მოხრილი იდგა. ამ ილეთის გაკეთება კი ზუსტად მაგ დროსაა მიზანშეწონილი. ამიტომ გავექანე, ავხტი და თავზეც გადავახტი. საბედნიეროდ, გამომივიდა, თუმცა სარისკო ფანდიცაა. მიმაჩნია, რომ თუ არ აგებ, გარისკვად არ ღირს" - იგონებს დათუნაშვილი.

ოლიმპიადა - ახდენილი ოცნება
ასაკის სიმცირის გამო ჯერ დათუნაშვილმა ბევრი ოცნება ვერ აიხდინა, თუმცა ოლიმპიადა გამონაკლისია. ჯერ კიდევ შარშან ბევრი ვერ იფიქრებდა ლონდონში მის წასვლას და ამას იქნებ რეალურად არც თავად ელოდა, მაგრამ არც ხელი ჩაუქნევია.

"ოლიმპიადა ჩემი ოცნება იყო და ვიცოდი, ძნელი იქნებოდა იქ მოხვედრა, მაგრამ მაინც ვფიქრობდი, რომ შანსი მქონდა. მიხარია, რომ ჩანაფიქრი გამოვიდა. ეს ჩემთვის თვისობრივად ახალი ტურნირია, მაგრამ განწყობა ისევ ისეთია, როგორც სხვა შეჯიბრებებზე - საბრძოლო. ვემზადები, როგორც სხვა დროს და არ ვფიქრობ, რომ რაღაც განსხვავებული უნდა ვიჭიდავო" - ამბობს ის.

დათუნაშვილი ამ წონაში ჯერ იქნებ ბევრს არ შეხვედრია, მაგრამ მთავარი კონკურენტების ვინაობა უკვე იცის - რუსთა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი რომან ვლასოვი, მსოფლიოს ვიცე და ევროპის სომეხი ჩემპიონი არსენ ჯულფალაკიანი და თურქი მსოფლიოს ორგზის გამარჯვებული სელჯუკ ჩები. აი, ამ სამეულს მიიჩნევს ძირითად კონკურენტად, თუმცა ანგარიშს სხვებსაც უწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიცენზიანტი. რაულ ცირეკიძე - ფორტეპიანოზე გაცვლილი შტანგა
ლიცენზიანტი. რევაზ ლაშხი - ჩემპიონი ბორჯომის ხეობიდან
ლიცენზიანტი. სოსო ჯაბიძე: ოლიმპიადის ოქროზე ბავშვობიდან ვოცნებობ
ლიცენზიანტი. გია მაჭავარიანი - ლონდონში ოლიმპიური მედლისთვის
ლიცენზიანტი. ვლადიმერ გეგეშიძე - თავისუფლიდან - ბერძნულ-რომაულამდე
ლიცენზიანტი. ირაკლი თურმანიძე
ლიცენზიანტი. ოთარ თუშიშვილი: კარიერას ლონდონში დავასრულებ
ლიცენზიანტი. ნინო სალუქვაძე - მიზანში ამოღებული ლეგენდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული