თავდაპირველად იმას გეტყვით, რომ ამ ნაკრებიდან ლონდონის ოლიმპიადის ორივე მედალოსანს ხელი მოეცარა - თამაშების ვიცე-ჩემპიონი რევაზ ლაშხიც (60) უმედლოდ დარჩა და - ბრინჯაოსმედალოსანი მანუჩარ ცხადაიაც (66).
ოღონდ ამჯერად ორივე ახალ წონაში გამოვიდა, თუმცა ლაშხმა თუ პირველად სცადა ბედი 66-ში, ცხადაია ადრეც ხშირად ჭიდაობდა 74-ში და წლეულს იქ საქართველოს ჩემპიონიც გახდა და ევროპის ვერცხლისმედალოსანიც.
განსხვავება იმაშიცაა,
თუმცა ჯერ ამან შედეგი ვერ მოუტანა - გენადი გოგიშვილთან დამარცხდა, რომელმაც მერე საკმაოდ კარგად მოასპარეზე უშანგი ჩიტიაშვილთან წააგო და ოლიმპიური პრიზიორიც გავარდა.
აქვე ერთსაც ვიტყვით - მათი წაგებიდან ჯერჯერობით ტრაგედიას ნუ შევქმნით. ორივემ ოლიმპიადაზე დიდი ფსიქოლოგიური სტრესი გადაიტანა და ჯერ კიდევ სარეაბილიტაციო პერიოდს გადიან.
სეზონიც ახლა იწყება და ჯერ არ არიან ფორმაში, ოღონდ ევროპის ჩემპიონატიც კარს მოგვადგა და უკვე უკან დასახევი გზაც აღარ აქვთ. მით უფრო, კონტინენტის პირველობა 19-24 მარტს თბილისში ტარდება და საკუთარი ქომაგის წინაშე გამოსვლა ორმაგად მეტს ავალებთ.
"თავისუფლებისა" თუ ძიუდოისტებისა არ იყოს, ახალმა თაობამ ბერძენ-რომაელებშიც ვაჟკაცურად იბრძოლა და ომახიანი პრეტენზია განაცხადა.
ალბათ, არც ამაშია დიდად გასაკვირი რამე. ჯერ კიდევ ოლიმპიადამდე ჩანდა, რომ ბერძენ-რომაელებს ძალიან კარგი თაობა მოესწროთ, თუმცა დროში ცოტა დააგვიანეს და სალონდონედ ლიდერებში დამკვიდრება ვერ მოასწრეს.
სამაგიეროდ, ისინი ასაკობრივ ტურნირებში იმდენად კარგად გამოდიოდნენ, უფროსებში მათი წარმატება დროის საკითხი იყო. ეტყობა, ეს დრო ახალ ოლიმპიურ ციკლში დადგა, რომელიც ბევრ საინტერესო პროცესს გვპირდება.
უმეტეს წონებში სწორედ ახალგაზრდებმა გაიმარჯვეს, თუმცა არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ჩემპიონატის აღმოჩენად სენაკელი საჩინო დავითაია (66) იქცა - რაც ამ ბიჭმა იომა და იბრძოლა, რაც მან შემართება გამოავლინა, ბარე ორ-სამ ბევრად გამოცდილსაც შეშურდებოდა.
რაც მთავარია, სწორედ მან დაამარცხა ლაშხი ძირითად დროში - 2:0; 1:0. საერთოდ, დავითაიამ ყველა შეხვედრა ორ პერიოდში მოიგო და დამატებითი არსად დასჭირვებია.
პირველ ორ შეხვედრაში თითო პერიოდი 7:1 და 7:2 მოიგო, რაც კარგად ადასტურებს, რაოდენ ტექნიკურად იჭიდავა და რამდენად ბევრი ქულა დააგროვა.
საინტერესოა, რომ ამ ორ შეხვედრაში მეტოქეებად ამირან შავაძე და არჩილ თურმანიძე ჰყავდა, რომლებიც (მეტადრე კი - თურმანიძე) თავად აცხადებდნენ ამ წონაში ლიდერობაზე პრეტენზიას.
მან ტურნირი ჩინებული სტატისტიკით მოიგო - 30:4. ის 4 ქულაც სწორედ იმ პირველ ორ ბრძოლაში დაკარგა, თორემ მერე უდანაკარგოდ გაიარა გზა ოქრომდე.
ფინალში ედნარ შავაძესაც დამაჯერებლად მოუგო - პირველ პერიოდში ჩოქბჯენში ჩინებულად დაიცვა თავი და ქულა არ დაუთმო, მეორეში კი იმავე მდგომარეობიდან მშვენივრად დაატრიალა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
საჩინო დავითაია 21 წლისაა და ორჯერ იჭიდავა ახალგაზრდებში ევროპის პირველობის ფინალში. პარალელურად, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შარშანდელი გამარჯვებულიცაა. ის რამდენიმე წელიწადია, თბილისში ვარჯიშობს თავის მოგვარე დავით დავითაიასთან.
კიდევ ერთი ახალგაზრდა, რომელმაც კარგი ჭიდაობით გამოიჩინა თავი, 20-წლამდელებში ევროპის წლევანდელი ბრინჯაოსმედალოსანი, გარდაბნელი რობერტ ქობლიაშვილია.
ამ წონაში არც ლონდონის ოლიმპიადაზე ნაჭიდავები ვლადიმერ გეგეშიძე გამოდიოდა და არც ქუთაისელი დავით ჩაკვეტაძე (ამ ბიჭის საკითხი ქართული სპორტის კიდევ ერთი პრობლემაა - რუსეთში მიდის კარიერის გასაგრძელებლად, რასაც უახლოეს დღეებში საგანგებოდ დავუბრუნდებით).
საინტერესოა, რას იზამდა ქობლიაშვილი მათთან პაექრობაში, მაგრამ ახლა თავისი შანსი კარგად გამოიყენა და დამაჯერებლად იჭიდავა.
საინტერესოა, რომ მან ახალი თაობის რამდენიმე ლიდერი დაამარცხა, რომლებიც წონის ლიდერობის ასევე დიდი ამბიციით გამოდიან - პირველივე შეხვედრაში ახალგაზრდებში მსოფლიოს წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი (ოღონდ - 74-ში) თორნიკე ძამაშვილი ორი პერიოდის ჯამში 3:0 დაჯაბნა, ნახევარფინალში კი ასევე 20-წლიანთა შორის მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონ რევაზ ნადარეიშვილსაც იმავე ანგარიშით სძლია.
ამ წონის ფინალში ოზურგეთელი ვალერი მურვანიძე გავიდა, რაც მოულოდნელ შედეგად უნდა მივიჩნიოთ, თუმცა ისიც სათქმელია, რომ წონის ყველა ლიდერი ბადის მეორე მხარეს აღმოჩნდა.
ქობლიაშვილი ფინალშიც საგრძნობ უპირატესობას ფლობდა, თუმცა მურვანიძის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მეორე პერიოდში ჩოქბჯენში კარგად დაიცვა თავი და პერიოდებში ანგარიში გაათანაბრა.
ოღონდ ისიც სათქმელია, რომ პირველ პერიოდში ვერც თვითონ დაატრიალა მეტოქე. ალბათ იმიტომ, რომ ხელი სტკიოდა. ქობლიაშვილს კი დამატებით დროში წარმატება სწორედ ჩოქბჯენში ძლიერმა ჭიდაობამ მოუტანა, რამაც მურვანიძე ფსიქოლოგიურად გატეხა და გარდაბნელმა შეხვედრა ლამაზი გდებებით დაასრულა.
ახალი თაობიდან და ოლიმპიური გუნდიდან აღსანიშნავია ზურაბ დათუნაშვილიც (74), რომელმაც ფავორიტის იმიჯი სრულად გაამართლა.
ამ წონის მსგავსად, ახალგაზრდების ფინალი გაიმართა მძიმეშიც, თუმცა ნაადრევად შეწყდა - 20-წლამდელთა შორის ევროპის წლევანდელმა ვიცე-ჩემპიონმა ლევან არაბულმა ხელი იტკინა და ბრძოლა ვეღარ გააგრძელა.
გადამწყვეტ შეხვედრაში მისი მეტოქე არა ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი და წლევანდელი ვერცხლისმედალოსანი, ქუთაისელი შოთა გოგისვანიძე იყო, არამედ მისი უფროსი ძმა სერგო გოგისვანიძე, თავად შოთა კი ნახევარფინალში არაბულთან დამარცხდა და საბოლოოდ მესამეზე გავიდა.
55-შიც ახალგაზრდების ზეობა ვიხილეთ, ძველებმა კი გადამწყვეტი უპირატესობა მხოლოდ ორ წონაში მოიპოვეს - 60-ში ლაშა გოგიტაძემ გაიმარჯვა, 96-ში - ევროპის პრიზიორმა სოსო ჯაბიძემ.
თუმცა ორივეგან ფინალში ახალგაზრდული ნაკრების წევრი გავიდა - ქემალ ხარაბაძე (60) შარშან მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი გახდა, ირაკლი ქაჯაია კი ამავე ასაკში წლეულს ევროპაზეც და მსოფლიოზეც მესამე იყო.
კვარცხლბეკი
55 კგ. 1. ედნარ შავაძე; 2). ზურაბ კეკელიძე; 3). ნიკა ცეცხლაძე, გიორგი გვენეტაძე (ოთხივე - აჭარა).
60 კგ. 1). ლაშა გოგიტაძე (ქუთაისი); 2). ქემალ ხარაბაძე; 3). რამაზ სურმანიძე (ორივე - აჭარა), ირაკლი ჭოჭუა (თბილისი).
66 კგ. 1). საჩინო დავითაია (სენაკი); 2). მარადი აბულაძე (აჭარა); 3). გოგიტა გოგიბერაშვილი (სამტრედია), ანტონ მამაგეიშვილი (ქუთაისი).
74 კგ. 1). ზურაბ დათუნაშვილი (თბილისი); 2). უშანგი ჩიტიაშვილი; 3). შმაგი გულიაშვილი (ორივე - გარდაბანი), გენადი გოგიშვილი (თბილისი).
84 კგ. 1). რობერტ ქობლიაშვილი (გარდაბანი); 2). ვალერი მურვანიძე (ოზურგეთი); 3). გიორგი ცირეკიძე (ქუთაისი), რევაზ ნადარეიშვილი (თბილისი).
96 კგ. 1). სოსო ჯაბიძე (ბაღდათი); 2). ირაკლი ქაჯაია; 3). მიხეილ ქაჯაია (ორივე - წყალტუბო), ჯონი მინაძე (თბილისი).
120 კგ. 1). სერგო გოგისვანიძე (ქუთაისი); 2). ლევან არაბული (თბილისი); 3). შოთა გოგისვანიძე (ქუთაისი), რამაზ დევაძე (აჭარა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"