ფირუზ წულუკიძემ ანკარას ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიგო

AutoSharing Option
31 მაისს ანკარაში დაიწყო ახალგაზრდების დიდი საერთაშორისო ტურნირი "ჩემპიონები", რომელიც მუდმივად ძლიერი შემადგენლობით გამოირჩევა და სახელწოდებასაც ამართლებს - აქ მართლაც ბევრ მომავალ დიდ ჩემპიონს დაუწყია კარიერის მწვერვალისკენ სვლა.

იქ ჩვენებიც ყოველთვის კარგად გამოდიან, თუმცა გუშინდელი დღე ქართველი ახალგაზრდებისთვის არც ისე წარმატებული აღმოჩნდა - ჩვენებმა მხოლოდ ერთი ბრინჯაო მოიპოვეს, რაც ბერძენ-რომაელთა შორის მოასპარეზე ფირუზ წულუკიძემ (66) შეძლო.

ამასთან, კიდევ რამდენიმემ ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა, თუმცა წააგეს და ხელცარიელნი დარჩნენ.

მათ გუნდურ ჩათვლაში ქულები კი მოგვცეს, მაგრამ ამგვარ შეჯიბრებებში მთავარი მაინც მედალია. თან
გულდასაწყვეტია, რომ არც ისე მაღალი დონის ჭიდაობა აჩვენეს და მეტოქეებმა აჯობეს, მსაჯებს ამ კონკრეტულ წაგებებში ვერ დავადანაშაულებთ.

ფირუზ წულუკიძე ახალგაზრდებში საქართველოს ჩემპიონია, რაც ბოლო წლებში ჩვეულებრივი ამბავი გახდა - მას თანატოლებში პირველობას ვერავინ ეცილება.

ანკარაშიც მესამე ადგილისთვის მოასპარეზე ქართველებიდან ის ერთადერთი იყო, ვინც კონკურენტი ყველაფერში დაჯაბნა.

დამამშვიდებლის ფინალში მას ადგილობრივ ფალავანთან მოუწია პაექრობა და ცოტა დააკლდა, მსაჯთა მსახვრალი ხელიც არ იწვნია.

პაექრობამ რამდენჯერმე შეჩერდა თურქთა პროტესტის გამო, მეორე პერიოდში ერთ-ერთ ეპიზოდს არბიტრები ძალიან დიდხანსაც არჩევდნენ, თუმცა, საბედნიეროდ, წულუკიძის უპირატესობა იმდენად აშკარა იყო, მსაჯები ვერაფერში მიედავნენ და, პირიქით, მეტოქე დასაჯეს ქულით ცრუ პროტესტისთვის.

წულუკიძემ ყველაფერი გაუკეთა მოწინააღმდეგეს, რისი საშუალებაც მიეცა, მაგრამ განსაკუთრებით ძლიერად ჩოქბჯენიდან დატრიალებებში გამოიყურებოდა, რაც ჩვენი "აქილევსის ქუსლია" და ამ ტურნირზე სხვებისთვის სუსტ წერტილად იქცა - ჩოქბჯენიდან არც ერთხელ არ დაუკარგავს თავისი შანსი.

მეორე პერიოდის ზემოხსენებული ეპიზოდის განახლებისთანავე თურქმა ზუსტად იმ "ავაზას ნახტომით" მოუნდომა თავზე გადახტომა, რომელსაც უფროსებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი (74) აკეთებს ასე კარგად, ადგილიდან ახტომით დიდი სიმაღლეც აიღო და თავზე უნაკლოდ გადაახტა, მაგრამ წულუკიძე მომზადებული დაუხვდა და თვითონ გადაისროლა იქით.

ბათუმელმა ფალავანმა პირველ შეხვედრაშიც დამაჯერებელი შთაბეჭდილება დატოვა ისევ მასპინძელთა წარმომადგენელთან, მთლიანობაში, საკმაოდ გამართულად, ძლიერად ჭიდაობს და ცოტა გასაკვირია, უფრო მასშტაბურ წარმატებებს რატომ ვერ აღწევს.

შეგახსენებთ, რომ ის ბოლო წლებში მუდმივად შედის ეროვნული ნაკრების კანდიდატებში და უფროსებში საქართველოს პრიზიორიც სტაბილურად ხდება. ვიმედოვნებთ, შორს არაა ის დღე, როცა მთავარ გუნდში დაიმკვიდრებს ადგილს და ტავის ნიჭს ბოლომდე გამოიყენებს.

სამწუხაროდ, თურქეთი იმ ქვეყნების რიცხვში შედის, რომელთა ტერიტორიაზე გამართულ შეჯიბრებებს მსაჯთა არაობიექტურობა თან სდევს.

გასაგებ მიზეზთა გამო, ამ ტურნირის პირდაპირი რეპორტაჟისას ყველა შეხვედრის ნახვა ჭირდა, მაგრამ ჩვენებიდან ვისაც ვუყურეთ, ყველაზე უფრო თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბექა ბუჯიაშვილი (55) შეგვეცოდა - ის ნამდვილად გახდა არბიტრთა მსხვერპლი.

ჩვენმა მწვრთნელებმა ბევრი კი იკამათეს, თან ისე აქტიურად, ვიფიქრე, ჯარიმას არ გამოჰკრან ხელი-მეთქი, მაგრამ ამაოდ - ჭიდაობის სამყარო თავისი უცნაური მსაჯობით კვლავაც აუღებელ ციხე-სიმაგრედ რჩება...

ბერძენ-რომაელთაგან ბრინჯაოსთვის ხვიჩა ჭითავამ (66) და კუკური კირცხალიამ (96) იჭიდავეს, "თავისუფალთაგან" - ნიკა ტატუაშვილმა (50).

სამწუხაროდ, შანსი ვერც ერთმა ვერ გამოიყენა. მაგალითად, ჭითავამ შეხვედრის დამატებით პერიოდში გადაყვანის ჩინებული შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან, როცა მეორე პერიოდში ჩოქბჯენიდან ვერ დაატრიალა მეტოქე.

არადა, სამჯერ აქაჩა ლეიბიდან, მაგრამ ვერ გადააგდო. კირცხალიაც ყველა კომპონენტში დაჩაგრა მასპინძელმა ალი ულვი ჩეთინმა. ტატუაშვილმა კი იბრძოლა ემრე დემირცანთან, მეორე პერიოდში ორჯერ ორქულიანზეც გადაატრიალა, მაგრამ თვითონაც იოლად უთმობდა ფანდებს და ეს პერიოდი 4:6 მაინც წააგო.

დასასრულს, იმასაც გეტყვით, რომ რატომღაც თურქები ამ ტურნირს ისევ ძველი წესებით ატარებენ, რაც ცოტა გასაკვირია.

არადა, ბერძენ-რომაელებმა ახალ წესებთან ადაპტაციის მიზნით თურქეთში ძირითადი შემადგენლობა წაიყვანეს, თუმცა ამ ეტაპზე მათი ჭიდაობა არ იგეგმებოდა.

ამ გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო რამდენიმე ფალავანი ზედა წონაში გამოდის. მათ შორის - ჭითავაც.

ანკარის "ჩემპიონთა" ტურნირი 2 ივნისს დასრულდება და, იმედია, დარჩენილ ორ დღეში ჩვენები ბევრად უფრო წარმატებით იჭიდავებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული