ქართველთაგან ორმა სპორტსმენმა მოსინჯა ძალები. საჩხერელ ირაკლი გაბრიჭიძეს ატაცში ორი ცდა გაუცუდდა, მესამეზე კი 142-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა, რამაც ამ მოძრაობაში მას მცირე ბრინჯაოს მედალი მოუტანა.
პირველ-მეორე ადგილებზე აქ, შესაბამისად, პიოტრ ასაიონაკი (ბელორუსი, 152 კგ) და რაზმიკ უნანიანი (რუსეთი, 146 კგ) გავიდნენ.
ქუთაისელმა ზურიკო თავაძემ მხოლოდ მოკრძალებული 138 კილოგრამი აიტაცა. მომდევნო ორი მისვლა უშედეგო აღმოჩნდა.
აკვრაში ირაკლი გაბრიჭიძეს სამივე ცდაზე (165 და 169 კგ) მოეცარა
მისგან განსხვავებით, თავაძემ ერთი ცდა გამოიყენა - 165 კილოგრამი აკრა, ორჭიდში 303 კილოგრამით მეოთხე იყო, არადა, დიდ ბრინჯაოსაც მიუახლოვდა - ბელორუსმა ასაიონაკმა ორჯერ ვერ აკრა 175 კილო. აი, მესამე ცდა კი წარმატებული გამოდგა და 328 კილოგრამით ვერცხლის მედალი დაიმსახურა.
ორჭიდში ერთი კილოთი აჯობა მას უნანიანმა, რომელმაც აკვრის მესამე ცდის გამოყენებაზე უარი თქვა, რადგან ოქრო განაღდებული ჰქონდა (329=146+183). 310 კილოგრამით (142+168) მესამე ადგილი კატალინ ფლორიან ბეჟენარუს (რუმინეთი) ერგო.
25 სექტემბერს ტალინის ფიცარნაგზე 23-წლამდელებში ქუთაისელი გიორგი ლომთაძე (77 კგ) გავა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"