ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. საქართველოს თასი: მორიგი საჭიდაო სპექტაკლის მოლოდინში

AutoSharing Option
ამ უქმეებზე დიღომში მდებარე ძიუდოს აკადემია კვლავაც გადაიქცევა მოჭიდავეთა მექად.

მოგეხსენებათ, იქ წინა შაბათ-კვირას თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს თასის გათამაშება ჩატარდა, რაც მაღალი დონის ტურნირი გამოდგა. ამჯერად კი ანალოგიურ შეჯიბრებაში ბერძენ-რომაელები იასპარეზებენ.

ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის - ოთარ ტატიშვილის მოთხოვნით, რასაც ფედერაციაც სრულად ეთანხმება, ტურნირში ქვეყნის ყველა უძლიერესმა ფალავანმა უნდა იასპარეზოს ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონების - ზურაბ დათუნაშვილის (74), ვლადიმერ გეგეშიძის (84) და მესამეპრიზიორ გურამ ფერსელიძის (96) ჩათვლით.

ასევე იქნებიან ლონდონის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი რევაზ ლაშხი (60) და მესამეპრიზიორი მანუჩარ ცხადაია (74).

ყოველ
შემთხვევაში, სამწვრთნელო შტაბისთვის გათავისუფლების მოთხოვნით ჯერ არავის მიუმართავს, ხოლო ტატიშვილის თქმით, ის თითიდან გამოწოვილი მიზეზით არც აპირებს ვინმეს დასვენებას.

ბუნებრივია, ტრავმებისგან დაზღვეული არავინაა და ამ ორიოდ დღეში ღმერთმა ყველა დაიფაროს, მაგრამ თუ ვინმე ტრავმის მომიზეზებით მოინდომებს გათავისუფლებას, მართლაც სერიოზული პრობლემა უნდა აწუხებდეს.

ასეთმა მიდგომამ "თავისუფალთა" ზემოაღნიშნულ ტურნირში გაამართლა და მაყურებელმა მართლაც ძლიერი შეჯიბრება მიიღო საჩუქრად, რასაც წინა წლებში ამაოდ ელოდა.

მაშინაც არაერთხელ დაგვიწერია, რომ ჩვენივე ვარსკვლავების ხალიჩაზე რეალურად ნახვის სხვა საშუალება ადგილობრივ ქომაგებს არც აქვთ, მაგრამ ისინი შიდა პირველობებს მუდამ თავს არიდებდნენ (ცხადია, ფედერაციისა და ნაკრების ხელმძღვანელთა ხელშეწყობით). მივესალმებით, ეს მიდგომა თუ ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრება.

ტატიშვილის კიდევ ერთი მკაცრი მოთხოვნა პირადი წონის გაკონტროლებაა და ამიტომ ყველას საკუთარ წონაში ავალებს ჭიდაობას.

ამჯერად არ იქნება ადრე ასე ჩვეულებრივი ამბავი, როცა ზედა წონებში გამოდიოდნენ, ხოლო ვისაც ბევრის დაკლება უწევს, მათთვის ფედერაცია 2-კილოგრამიან შეღავათს აწესებს, ოღონდ თან აფრთხილებს, რომ სამომავლოდ არც ამას დაუშვებს...

საქართველოს თასი მსოფლიოს პირველობისთვის მთავარი შესარჩევი შეჯიბრებაა და ლიდერთა გამოსვლა, თანაც - თავის წონაში, ამიტომაა ასე მნიშვნელოვანი. იმავე "თავისუფალთა" ტურნირიდან გამომდინარე, ამან გაამართლა.

შეჯიბრება 29 ივნისს, 12 საათზე დაიწყება და იმ დღეს 4 წონითი კატეგორიის წარმომადგენლები იჭიდავებენ: 55, 66, 84 და 120-ის, დანარჩენებს კი 30 ივნისს იხილავს ქომაგი.

იმედია, ძიუდოს აკადემიაში ახლაც ისეთივე დაძაბულ ტურნირს ვიხილავთ, როგორიც "თავისუფალთა" შეჯიბრება იყო, თუმცა მისი გათვალისწინებით ფედერაციას ორ რეკომენდაციას მივცემთ: კატეგორიულად გააფრთხილონ სპორტსმენები, რომ ხალიჩაზე თუ მის გარეთ კინკლაობისთვის მკაცრად დაისჯებიან (მაშინ იყო 1-2 ასეთი ინციდენტი, რაც ნამდვილად არ უხდება სპორტულ შეჯიბრებას); მაგიდის მსაჯებს ზარი ან რამე ხმოვანი ხელსაწყო დაუდგან, რათა დროის ამოწურვისას ლეიბის მსაჯს სიტყვიერად არ ეძახდნენ ამის შესახებ.

წინა ტურნირზე ამანაც გამოიწვია გარკვეული ვნებათაღელვები, რადგან დარბაზის ხმაურში იმათ ხშირად არ ესმოდათ ეს შეძახილები და ფალავნებიც აგრძელებდნენ ჭიდაობას, რაც ზედმეტი დაძაბულობის მიზეზი ხდებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა ქნეეს?
Anjela
14:05 29-06-2013
0
რა ქნეს ბიჯებმა ვინმემ ხომ არ იციით?/
საბა
14:05 29-06-2013
0

სიახლეები პოპულარული