ქართველი "ბერძენ-რომაელები" პოლონეთის ტურნირზე გამოვლენ

AutoSharing Option
აგვისტოს პირველივე კვირა ფრიად მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ფალავნებისთვის - 3-4 აგვისტოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები სომხურ ვანაძორში სარგის სარგსიანის მემორიალში გამოვლენ, ბერძენ-რომაელები კი ვარშავაში ვლადისლავ პეტლიასინსკის ხსოვნის ტურნირში იასპარეზებენ.

ორივე გუნდისთვის ეს ბოლო სასტარტო შეჯიბრებაა, რაც მის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.

"თავისუფალთა" ნაკრებზე უკვე ვწერდით და ამჯერად მხოლოდ ბერძენ-რომაელებზე შევჩერდებით.

ეს გუნდი სასწავლო-საწვრთნელ შეკრებას ახლა ბორჯომში გადის, რომელსაც 1 აგვისტოს დაასრულებს, 2-ში კი პოლონეთში გაფრინდება.

ნაკრების მთავარ მწვრთნელ ოთარ ტატიშვილს იქ მხოლოდ თვის დასაწყისში გამართული ქვეყნის თასის გამარჯვებულები მიჰყავს, რადგან საქართველოს
ჭიდაობის ფედერაციის, ცოტა არ იყოს და, საეჭვო ბრძანების თანახმად, მსოფლიოს პირველობაზე მხოლოდ იმ ტურნირის გამარჯვებულები წავლენ.

მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ჩვენები მსოფლიოს პირველობამდე სხვა შეჯიბრებაში არ გამოვლენ ანუ მწვრთნელმა ის ხალხი პოლონეთში აუცილებლად უნდა გამოსცადოს.

მით უფრო, რომ მათ ტურნირები ფორმის პიკში შესვლის გარდა, ახალ წესებთან შესაგუებლად, ადაპტაციისთვისაც სჭირდებათ.

ამდენად, ტატიშვილს იქ ბაჩანა ფუტკარაძე (55), რევაზ ლაშხი (60), საჩინო დავითაია (66), ილია გულბათაშვილი (74), გიორგი ცირეკიძე (84), ვასილ იმერლიშვილი (96) და ლევან არაბული (120) მიჰყავს.

დასასრულს, შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი 16-22 სექტემბერს ბუდაპეშტში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული