ჯენტლმენი ირაკლი ჭოჭუას მაგალითი - ის, რაც ნებისმიერ მედალზე ძვირფასია

AutoSharing Option
იდგა 1999 წელი და ბუქარესტში ახალგაზრდა მოჭიდავეთა მთელი პლეადა შეკრებილიყო - ტარდებოდა მსოფლიოს პირველობა 20-წლამდელ ბერძენ-რომაელთა შორის.

ეს ჯერ კიდევ ის დრო იყო, როცა ბერძნულ-რომაულისა და თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა უმთავრესი შეჯიბრებები ცალ-ცალკე ტარდებოდა, მესამე ადგილისთვის მხოლოდ ერთი ბრინჯაო გაიცემოდა, ჩვენ კი ჯერ არ ვიცოდით, რამდენი განსაცდელი გველოდა წინ (კაცმა რომ თქვას, არც ახლა ვიცით) და იმედიანად შევყურებდით მომავალს.

მათ შორის - ჭიდაობაშიც და კონკრეტულად ამ სახეობაში, სადაც ნაკრებში ვლადიმერ ადეიშვილს მომავლის გუნდი შეეკრიბა: ირაკლი ჭოჭუა, ბადრი ხასაია, ალექსანდრე დოხტურიშვილი, გიორგი
წურწუმია, გიორგი ჯობავა,
ნაკრებში კი ვერ ხვდებოდა მომავალი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, ხოლო მეორე სახელოვანი ფალავანი, მსოფლიოსა და ევროპის მომგები, ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი რამაზ ნოზაძე მაშინ ჰორიზონტზეც არ ჩანდა (მისი აღზევება 2003 წლის ახალგაზრდული მსოფლიოდან დაიწყო), მაგრამ როგორც მერე გაირკვა, თურმე კულისებში იდგა და დიდი ნახტომისთვის ემზადებოდა...

სამწუხაროდ, ამათგან ბევრი ცხოვრებამ და ბედის უკუღმართობამ შემოდგომის ფოთლებივით დაფანტა მთელ მსოფლიოში, რათა უცხოელებისთვის მოეტანათ დიდება და სახელი, თანამემამულეებისთვის კი მნიშვნელოვანი მედლები წაერთმიათ.

ნაწილი დარჩა სამშობლოში, თუმცა იმათგანაც დიდ წარმატებას ყველამ ვერ მიაღწია, ზოგი უკვალოდ ჩაიკარგა ცხოვრებასთან ჭიდილში...

თუმცა ის წლები არა მხოლოდ ჩვენი ნაკრებისთვის იყო ტალანტების სამჭედლო. კონკრეტულად ზემოაღნიშნულ ბუქარესტულ ტურნირზე ჩემპიონები გახდნენ რუსთა მომავალი მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონები ვარტარეს სამურგაშევი და ალექსეი მიშინი, ამჟამად სომხეთში მოჭიდავე ევროპის ორგზის გამარჯვებული, მსოფლიოსა და ოლიმპიადის მედალოსანი იური პატრიკეევი, იქით ამერიკელთა მომავალი ოლიმპიური პრიზიორი გარეთ ლოვნეიმ გაიმარჯვა, ხოლო ბერძენთა ევროპისა და მსოფლიოს მომავალი მედალოსანი ქსენოფონ კოუციუბასი ფინალში გავიდა, სადაც პატრიკეევთან დამარცხდა, შემდგომში ირანელთა ჯილა მსოფლიოს ჩემპიონი ჰასან რანგრაცი კი მესამეზე გავიდა...

ჩვენი ბიჭებისა არ იყოს, მაშინ ესენიც პერსპექტიულ მოჭიდავეებად მიიჩნეოდნენ, თუმცა თავს ვერავინ დადებდა, იმ რანგის მწვერვალებს თუ დალაშქრავდნენ.

თუმცა იმ ტურნირზე ერთი ისეთი ფაქტი მოხდა, სამუდამოდ რომ დაიდებს ბინას მსოფლიო ჭიდაობის ისტორიაში და ჰუმანიზმის მაგალითად დარჩება.

ორმაგად საამაყოა, რომ ეს ქართველმა ფალავანმა - ირაკლი ჭოჭუამ გააკეთა.

მაშინ ის 54 კილოგრამის ფინალში გავიდა, სადაც ცხარე ბრძოლა გაუმართა რუს ალექსეი შევცოვს. ქართველის დიდი მცდელობის მიუხედავად, რუსი მაინც დაწინაურდა, თუმცა ერთ ჩვეულებრივ საჭიდაო ეპიზოდში ჭოჭუამ მეტოქე მონდომებით დაიქნია და... ხელი მოტეხა.

ეს არ ყოფილა წინასწარ განზრხული უხეშობა - ჭოჭუას არ ახასიათებდა მსგავსი რამ, მაგრამ სპორტი დინამიური სფეროა, სადაც ტრავმებიც არცთუ იშვიათია. ჰოდა, აღნიშნული შემთხვევაც ერთი ასეთი გაუთვალისწინებელი გამონაკლისი იყო.

...შევცოვმა ტკივილისგან იყვირა, ექიმთა ჩარევის მერე ძლივს წამოდგა ფეხზე, თავის ადგილას კი დადგა ორთაბრძოლის განახლების მოლოდინში, მაგრამ ბრძოლა უკვე შეწყდა - ერთ მხარეს რუსი იდგა ფრთამოტეხილ ბეღურასავით აბუზული და ცრემლებს ვერ იკავებდა, ხოლო მოტეხილი ხელი უმწეოდ ჩამოეშვა ძირს, იქით კი მისი ტკივილით სულშეწუხებული ჭოჭუა ვერ პოულობდა ადგილს და ისიც ებრძოდა ემოციებს...

როგორც კი მისი ყვირილი გავიგონე, მაშინვე გავუშვი ხელი, მაგრამ იმ განწირულმა ხმამ შემძრა, უკვე ჭიდაობა აღარ შემეძლოო, მითხრა მოგვიანებით ჭოჭუამ.

ფორმალურად განახლებულ ორთაბრძოლაში ბრძოლა უკვე აღარ იყო - რუსს ჭიდაობა აღარ შეეძლო, ქართველი კი გარშემო უვლიდა და არც ცდილობდა შეტევას...

ადეიშვილმა თავიდან კი მოუწოდა შეგირდს შეტევისკენ, მაგრამ როცა მის რეაქციას შეხედა, მერე აღარც მას მოუბრუნდა ენა სასაყვედუროდ. იქით ვერც მსაჯი აფრთხილებდა ფალავნებს... ყველა ხვდებოდა, ჭოჭუა იმდენ ქულას აიღებდა, რამდენსაც მოისურვებდა, მაგრამ არ აკეთებდა ამას.

იმასაც ყველა ხვდებოდა, რომ ორივე დროის ამოწურვას ელოდა, თუმცა არა მხოლოდ ფალავნები, მთელი დარბაზი ამ მოლოდინში იყო, ხოლო როცა სასტვენი გაისმა, ჯენლტმენ ქართველს ოვაციაც გაუმართა.

ცხადია, ყველაზე გულწრფელი რეაქცია შევცოვისა იყო, რომელსაც ჩვენებურმა, შეიძლება ითქვას, დაუთმო ჩემპიონობა. ეს ლიტონი სიტყვები არაა, რადგან მაშინდელი საქციელისთვის შევცოვი ყოველთვის მადლობას უხდიდა ჭოჭუას და ტურნირებზე შეხვედრისას გულითადად მოიკითხავდა ხოლმე...

პაექრობის შემდეგ ერთი კი დავტუქსე, მაგრამ როგორ გინდოდა, ასეთი საქციელისთვის საყვედური გეთქვაო, ესეც ადეიშვილის სიტყვებია.

"ნუ გაუჯავრდებით ჯენლტმენ ჭოჭუას" - წერდა მაშინ გაზეთი "სარბიელი".

ეს ისტორია ახლახანს რიო დე ჟანეიროში, ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 66 კილოგრამის ფინალში მომხდარმა გამახსენა - იქ ყაზახთა სრულიად უცნობმა ფალავანმა აზამატ მუკანოვმა ატკინა ხელი იაპონელ მსოფლიოს ჩემპიონ მასაში ებინუმას, რომელიც ზუსტად ისევე დადგა ხელჩამოშვებული და ტირილის ზღვარზე მისული თავის ადგილას, როგორც - შევცოვი.

მანამ მუკანოვი საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და მოგება თითქოს დროის საკითხი იყო, ხოლო ხელმტკივანი მეტოქის ძლევა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა, თუმცა აშკარად შეანელა შეტევა. ამით კარგად ისარგებლა ებინუმამ და ტკივილების მიუხედავად, მაინც გამოცელა მეტოქე.

ჭოჭუასი არ იყოს, მუკანოვსაც ვერცხლი შერჩა, იაპონელი კი მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. თუმცა ამას მუკანოვის სახელისთვის ბევრი არაფერი დაუკლია. ის ბრაზილიაში ყაზახთა ერთადერთი მედალოსანი გახდა და სამშობლოში გმირის სადარი დახვედრა მოუწყვეს ბლომად ხალხით, ყვავილებით და სათანადო ატრიბუტიკით.

თუმცა აეროპორტში მოწყობილ ამ გრანდიოზულ ცერემონიალში ერთი უცნაური (ყოველ შემთხვევაში, ჩვენი გადასახედიდან) პრიზიც ფიგურირებდა - მგლის მოშავო-მოთეთრო ტყავი!

არ ვიცი, ყაზახებისთვის მგელს რა დატვირთვა აქვს ან უდრის თუ არა ოქროს მედალს, მაგრამ უნებურად კითხვა გამიჩნდა - ჩემპიონი რომ გამხდარიყო, მაშინ რის ტყავს აჩუქებდნენ?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
სტატი დაიწყეთ ქართველი მოჭიდავით და დაასრულეთ მუკანოვით, რაც ნამდვილად არაა ამ შემთხვევაში საინტერესო
mari
11:12 06-05-2016
0
ძალიან ბანალურად დაასრულე სტატია. ეს კითხვა რა იყო :)))))
odala
12:27 15-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული