თავისთავად, ძმების ფინალიც ამ ჩემპიონატის გამორჩეულ მოვლენად იქცა და ქომაგს იმედი არც მათ გაუცრუეს - ეს შეხვედრა, უდავოდ, გუშინდელი დღის გამორჩეულად ლამაზი პაექრობა გამოდგა.
სხვათა შორის, ამ წონის კვარცხლბეკზე 4-დან სამი მედალოსანი ხარაზოვის მოსწავლე იყო - ძმებთან ერთად, მედალი ილია გულბათაშვილმაც მოიპოვა.
სამწუხაროდ, გუშინდელ დღეს მხოლოდ ასეთ სასიამოვნო ამბებში არ ჩაუვლია და ჭიდაობებისთვის ლამის ტრადიციად ქცეული
ქომაგის უმსგავსი საქციელისთვის ფერსელიძე დაისაჯა - ტურნირიდან მოხსნეს და, სავარაუდოდ, დისკვალიფიკაციითაც დასჯიან. ამის შემდეგ ტურნირზე დაცვის სამსახურის დამატებითი ძალები მოიზიდეს და ჩემპიონატიც უდავიდარაბოდ ჩამთავრდა.
დარბაზში ვითარება მხოლოდ ერთხელ დაიძაბა - 85 კილოგრამის ფინალისას, როცა მაყურებელი ისევ გადმოხტა ტრიბუნიდან, მაგრამ დაცვა, უპირველესად კი, სახელოვანი ვეტერანი ფალავანი ზაურ სახვაძე მობილიზებული აღმოჩნდა და მოსალოდნელი გართულებები დროულად აღკვეთეს.
ცუდია, რომ ფედერაცია თავიდანვე არ აღმოჩნდა სათანადოდ მომზადებული ინციდენტების აღსაკვეთად და არანაკლებ ცუდია, რომ ჩვენს დარბაზებში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად უგულებელყოფილია.
მერამდენედ გვიწევს იმის გამეორება, რომ ეს დარბაზი ამხელა ტურნირისთვის შეუფერებელია, თუმცა ტრიბუნა არენისგან თუნდაც დამცავი ბადით რომ იყოს გამიჯნული, საქმეს ბევრად წაადგებოდა.
იმედია, "თბილისი-2015"-ის ბაზების რესტავრაციისას უსაფრთხოების ფაქტორი გაითვალისწინეს და რაღაც ზომები მიიღეს, თორემ ეს პრობლემა სულ უფრო აქტუალური ხდება. თუმცა გუშინდელი ინციდენტი მაინც უფრო ერთეული გამოხდომაა და თავისი მასშტაბით ახლოსაც ვერ მივა ამავე შეჯიბრების შარშანდელ ბაკქანალიასთან, როცა ჯგუფურ-ქუჩური ჩხუბი რამდენჯერმე მოხდა - საბედნიეროდ, წლეულს ასე არ ყოფილა.
ჩემპიონატის სპორტულ მხარეს რაც შეეხება, ერთი დიდი დანაკლისი მაინც მოხდა - არ იჭიდავა ევროპის ჩემპიონმა და ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანმა რევაზ ლაშხმა (66). უმეტეს წონებში მოსალოდნელი ფინალები ვიხილეთ და ჩემპიონებიც, ძირითადად, "დაგეგმილი" ლიდერები გახდნენ, სენსაციები არ მომხდარა.
ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე მათგანმა დაუმსახურებლად მოიგო და არც ძველების საწინააღმდეგო გვაქვს რამე, მაგრამ ცუდია, ახლებიდან ვერავინ რომ ვერ ავიდა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე (ვგულისხმობთ გუშინდელ დღეს, თორემ გუშინწინ ეს დოგმა ორიოდე წონაში დაირღვა) - გამოდის, კონკურენცია არ დგას სათანადო დონეზე. არადა, ახალგაზრდული ნაკრები ჩინებულ შედეგებს აჩვენებს.
66 კგ
1. საჩინო დავითაია (სენაკი)
2. არჩილ თურმანიძე (აჭარა)
3. გოგა გოგობერიშვილი (სამტრედია)
შმაგი ბოლქვაძე (აჭარა).
ლაშხის არყოფნაში დავითაიას გამარჯვება მოსალოდნელიც იყო და მანაც უპრობლემოდ გაიარა გზა ჩემპიონობამდე, თუმცა გასაკვირი არც თურმანიძის ფინალისტობაა - ეს ბიჭი კარგა ხანია, პირველნომრობისთვის იბრძვის და ლამის მუდმივად შედის სამეულში.
საჩინომ თავისი ძალა პირველივე შეხვედრიდან გამოაჩინა, როცა ზურაბ ზავრაშვილი წმინდად, 9:0 დაამარცხა. მომდევნო წრეში საინტერესო პაექრობა ელოდა მოგვარესა და თანაქალაქელ გიორგი დავითაიასთან, ვისაც შედარებით მოკრძალებულად, 2:0 მოუგო. ნახევარფინალში მძიმე ბრძოლაში დაამარცხა გოგობერაშვილი - მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით, რადგან შეხვედრა ფრედ, 5:5 დასრულდა (1:3; 4:2).
თურმანიძემ ტურნირი ცოტა რთულად დაიწყო, რადგან ხვიჩა ჭითავასთან პირველი პერიოდი 1:3 დათმო, მაგრამ მეორე 10:0 მოუგო. ამის შემდეგ ზედიზედ დაჯაბნა როინ ირემაძე (2:0; 2:0), ამირან შავაძე (10:2) და ბოლქვაძე (4:0; 5:5).
ფინალი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ერთი ხანობა თურმანიძე იგებდა. თავიდან იდენტური შეფასებები გაკეთდა - მეტოქეებმა ერთმანეთის წრიდან გაყვანისთვის თითო ქულა მიიღეს: 1:1.
თურმანიძე მალევე დაწინაურდა, როცა მეტოქე დაატრიალა - 3:1, მაგრამ დავითაიამ მშვენიერი 4-ქულიანი გდება გაუკეთა დგომში მოვლებიდან და 5:2 წინ გაიჭრა. ბათუმელებმა ეს ეპიზოდი გააპროტესტეს - ისინი მიიჩნევდნენ, რომ ორივეს 2-2 ქულა უნდა მიეღო, მაგრამ მსაჯებმა ვიდეოფირის ნახვის შემდეგ გადაწყვეტილება მაინც არ შეცვალეს და თურმანიძე კიდევ ერთი ქულით დააჯარიმეს - 6:3 დავითაიას სასარგებლოდ.
მეტოქეების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ტემპი არც ერთს არ დაუგდია (სხვა საქმეა, ილეთებს თუ მეტს ველოდით), მაგრამ დავითაია უკვე იმდენად აღარ უტევდა - აქტიურად კი ჭიდაობდა, ოღონდ უფრო დაცვაზე ზრუნავდა.
მეორე პერიოდში ამისთვის ჩოქბჯენით დასაჯეს და კრიტიკული მომენტიც დადგა - თურმანიძემ პირველ ცდაზე ხანგრძლივი ჯაჯგურის შემდეგ დაატრიალა და ანგარიში 6:5 გახდა, მაგრამ მეორედ დატრიალება ვერ შეძლო. არადა, გამარჯვებასთან ნახევარი ნაბიჯი აშორებდა - მეორედაც რომ ევარგა, დაწინაურდებოდა კიდეც.
75 კგ
1. ზურაბ დათუნაშვილი (თბილისი)
2. გიორგი დათუნაშვილი (თბილისი)
3. ილია გულბათაშვილი (თბილისი),
ნიკა კელასოვი (აჭარა).
ხარაზოვისგან არაერთხელ მომისმენია, რომ გიორგი ზურაზე მეტი თუ არა, არც რაიმეთია ნაკლები.
დარბაზში გუშინაც ბევრისგან ითქვა გიორგის მისამართით, ნიჭიერია, მაგრამ ცოტა ზარმაცი, სათანადოდ არ ვარჯიშობსო.
არადა, ევროპის ვიცე-ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი, ვისაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთი მოგება დააკლდა, მინიმუმ, ბრინჯაოს მედლამდე, ტექნიკური და აზრიანი ჭიდაობით გამოირჩევა. ის მაშინაც კი ლამაზად ჭიდაობდა, როცა ამ სახეობამ რომანტიკა სრულად დაკარგა.
ფინალში ძმებმა მართლაც ლამაზი ჭიდაობა გვაჩვენეს. შეხვედრა ზურას აქტიურობით დაიწყო და გიორგი მალე ჩოქბჯენში ჩააყენეს. ზურას მეტოქის ლეიბიდან აქაჩვა და გადაგდება არ უჭირს, რაც ახლაც დაამტკიცა - ლეიბიდან უბრალოდ კი არ წამოსწია, ხელში აიყვანა და საკმაოდ დიდხანს ამზადა ილეთი. გდება იმდენად გარდუვალი ჩანდა, დარბაზიდან იხუმრეს კიდეც, ძაან არ გადააგდო, ძმაა შენიო.
სახიფათოდ მართლაც არ დაუხეთქებია, მაგრამ უნაკლოდ კი დააგდო და 4 ქულით დაწინაურდა. თუმცა განახლდა თუ არა შეხვედრა, გიორგიმ ულამაზესი ფანდით გაქვითა ანგარიში - ნახტომში კისრულზე გადმოიღო.
მეორე პერიოდი მთლიანად ზურას უპირატესობით წარიმართა - ჯერ ილეთის უშედეგო მცდელობისას იმას გამორჩა, რომ წრიდან გაადგმევინა ფეხი და 5:4 დაწინაურდა. მალე გიორგი გააფრთხილეს და ქულით დასაჯეს, თან ჩოქბჯენშიც ჩააყენეს, საიდანაც ზურამ ორქულიანზე დაატრიალა და 8:4 მოიგო.
85 კგ
1. მათე სოფაძე (ბაღდათი, ოლიმპიური ცენტრი)
2. რობერტ კობლიაშვილი (გარდაბანი)
3. რუდოლფ ოგანეზოვი (თბილისი),
ბექა როყვა (ოზურგეთი).
ამ წონის ფინალს დაძაბულობა ნამდვილად არ აკლდა, თუმცა სანახაობრივად ყველაზე ღარიბი იყო. პირველი პერიოდი უცვლელი სცენარით წარიმართა - ჯიკაობით და ერთმანეთზე მკერდით მიწოლა; ორივე თითოჯერ დააყენეს ჩოქბჯენში, მაგრამ შანსი ვერც ერთმა ვერ გამოიყენა. სცენარი არც მეორე სამწუთეულში შეცვლილა. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ კობლიაშვილი გააფრთხილეს და ჩოქბჯენში ჩააყენეს, ქულა კი სოფაძეს მისცეს. მას ანგარიშის გაზრდაც მართებდა, თუმცა მეტოქე ვერ დაატრიალა, ოღონდ მოსაგებად ესეც ეყო.
აღსანიშნავია, რომ სოფაძე ტრავმირებული ჭიდაობდა - პირველივე პაექრობაში ალექსი ლოდიასთან წელი იტკინა, თუმცა მასაც მოუგო (2:0; 8:0), ოთარ კიკნაძესაც (7:0; 1:0), ვალერი მურვანიძესაც (2:0; 5:0) და ბექა როყვასაც (4:0; 5:0). კობლიაშვილმა ფინალამდე გიორგი ღვინიაშვილი 3:0; 5:0, იონა ფირცხალავა 3:0; 5:0 და ოგანეზოვი 1:0; 7:0 დაამარცხა.
130 კგ
1. იაკობ ქაჯაია (წყალტუბო)
2. შოთა გოგისვანიძე (ქუთაისი)
3. ბექა ჩოფლიანი (ოზურგეთი),
სანდრო დიხამინჯია (თბილისი).
ამ წონაში იაკობ ქაჯაიას გამარჯვება მოსალოდნელი იყო და სენსაცია არც მომხდარა. ალბათ, არც ისაა შემთხვევითი და ალოგიკური, მეორე ნომრად ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი შოთა გოგისვანიძე რომ იქცა.
ქაჯაიას პირველ წრეში ბექა ქურცაძე არ გამოუცხადდა, სანდრო დიხამინჯიას 4:0 მოუგო, ჭაბუკებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ზურაბ გედეხაურს კი 8:0 აჯობა. გოგისვანიძე პირველ წრეში ისვენებდა და ფინალში გასასვლელად ორი შეხვედრის მოგება დასჭირდა - ბექა ჩოფლიანს წმინდად აჯობა, 9:0, ნახევარფინალში კი ფერსელიძეს ზემოაღნიშნულ ინციდენტამდე 1:0-ს უგებდა.
ფინალში ქაჯაია თითქოს ძალას ზოგავდა და აღარ იყო ის ადრინდელი შეუჩერებელი ფალავანი, ყველას და ყველაფერს ტანკივით რომ მუსრავდა. მოგვეჩვენა, რომ რაღაც აკლდა. ყოველ შემთხვევაში, როცა მეტოქე ჩოქბჯენში ჩაუყენეს, ვერ დაატრიალა, რაც ადრე თითქმის არ ხდებოდა. ისე კი, ინიციატივას თავიდან ბოლომდე ფლობდა და გოგისვანიძეს მცირე შანსიც არ დაუტოვა - წრიდანაც გაიყვანა, აქტიურიც იყო და მეორე პერიოდში დაბლაც ჩაიყვანა - 3:0 მის სასარგებლოდ.
ალექსანდრე კოტორაშვილის ფოტო
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"