გუშინ, 12 ივლისს, სპორტკომპლექს "არენაში" დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შესარჩევი ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელშიც ქვეყნის თითქმის ყველა უძლიერესმა ფალავანმა მიიღო მონაწილეობა.
ტიტულოვანთაგან არ გამოსულა ევროპის ჩემპიონი, ლონდონის ოლიმპიადის ფინალისტი რევაზ ლაშხი (66).
ამ ტურნირის ჩატარება საერთაშორისო კალენდრის ხარვეზებმა განაპირობა - ამ პერიოდში არ ტარდება არც ერთი მნიშვნელოვანი შეჯიბრება, რომელიც მსოფლიოსთვის შესარჩევად გამოადგებოდათ. მით უფრო, წლეულს კალენდარი ისედაც აერიათ - ევროპული თამაშების გამო გაზაფხულზე ევროპის ჩემპიონატი არ ჩატარდა, ის ივნისში გაიმართა, რამაც ევროპიდან მსოფლიომდე მოსამზადებელი პერიოდი
ამ შეჯიბრებას ბევრ რამეზე უნდა გაეცა პასუხი და მართლაც საინტერესო გამოდგა. უმეტეს წონაში ისევ ძველმა ლიდერებმა გაიმარჯვეს, ანუ საქართველოს ჩემპიონებმა შეინარჩუნეს წონებში ლიდერობა. თუმცა ახალი ჩემპიონებიც გამოერივნენ. მაგალითად, 59 კილოგრამში ამჯერად მურად მიქელაძემ გაიმარჯვა, 66-ში - შმაგი ბოლქვაძემ, 71-ში - გოგა აფრიამაშვილმა.
ქომაგთა განსაკუთრებულ ყურადღებას მძიმე წონა იქცევდა, სადაც სულ 5 მონაწილე გამოდიოდა. ამიტომ შეჯიბრება წრიული ტურნირით ჩატარდა, სადაც ყველას ბოლო წლებში წონის უპირობო ლიდერმა იაკობ ქაჯაიამ აჯობა: სანდრო დიხამინჯიას ორი სეტის ჯამში 4:0 მოუგო, მამუკა დარჩიას და ბექა კანდელაკს პირველივე სეტში წმინდად აჯობა, 8:0, გადამწყვეტი კი ასევე დაუმარცხებლად მოასპარეზე შოთა გოგისვანიძესთან შეხვედრა გამოდგა, რომელშიც 1:0 იმარჯვა.
98 კილოგრამში ოჯახური ფინალი გაიმართა, სადაც იაკობის ბიძაშვილებმა, ძმებმა მიხეილ და ირაკლი ქაჯაიებმა იჭიდავეს. მიხეილმა 2:0 იმარჯვა და შეინარჩუნა წონის ლიდერობა.
85-ში იგივე გააკეთა მათე სოფაძემ, რომელმაც დაძაბულ ფინალში რობერტ კობლიაშვილს 1:1, 1:0 მოუგო.
ძველი ლიდერია მომდევნო ორ წონაშიც - 75-სა და 80-ში, ოღონდ 75-ში ძმები ზურაბ და გიორგი დათუნაშვილები ფინალში არ შეხვედრიან ერთმანეთს, 80-ში კი ლაშა გობაძემ ლიდერობის შესანარჩუნებლად გადამწყვეტი პაექრობა მთავარ მოცილეს, ევროპის მედალოსან გიორგი ცირეკიძეს 0:1; 5:0 მოუგო.
დათუნაშვილები ბადის სხვადასხვა მხარეს მოხვდნენ, მაგრამ გიორგი პირველივე პაექრობაში 1:1-ზე დამარცხდა გელა ბოლქვაძესთან. ძმის წაგების გამო ზურაბმა რევანში ფინალში აიღო - 5:0.
როგორც გითხარით, საწყის სამ წონაში ახალი ლიდერი გვყავს. ვნახოთ, როგორ გამოიჩენენ ისინი თავს ნაკრებში, ჩვენ კი დავძენთ, რომ ყველაზე მოულოდნელი 66 კილოგრამში საჩინო დავითაიას ნაადრევად წაგება იყო - პირველივე პაექრობა ანტონ მამაგეიშვილთან 0:2; 1:2 დათმო. მას არც სანუგეშოში გადასვლის საშუალება მიეცა, რადგან ამ წონაში სულ 7 მონაწილე იყო, მამაგეიშვილი კი ამ მოგებით ნახევარფინალში გავიდა, სადაც მომავალ ჩემპიონ შმაგი ბოლქვაძესთან 0:4; 0:1 წააგო და ბრინჯაოც ავტომატურად მიენიჭა, რადგან დამამშვიდებელში სხვა მონაწილე არ იყო.
ამ ტურნირზე მნიშვნელოვანი ახალგაზრდების კარგი გამოსვლაც იყო. მაგალითად, გელა ბოლქვაძე შარშან ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი გახდა, წლეულს კი მესამეზე გავიდა, შმაგი ბოლქვაძე და გობაძე იმავე ტურნირზე შარშან მესამენი იყვნენ...
ბუნებრივია, ჩემპიონები მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრების მთავარი პრეტენდენტები არიან, თუმცა იქ წასვლამდე მათ ჯერ კიდევ მოუწევთ ლიდერობის დამტკიცება საერთაშორისო ტურნირებში. ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ სექტემბერში მსოფლიოს ჩემპიონატზეც, ძირითადად, ის გუნდი იასპარეზებს, რომელიც ივნისში ბაქოში პირველ ევროპულ თამაშებზე ვიხილეთ. თუმცა დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
თუმცა ყველაზე მთავარი - იმედია, ისინი ამ ტურნირზე "სუფთა სისხლით", ანუ ზედმეტი პრეპარატების გარეშე ჭიდაობდნენ და მსოფლიოს პირველობაზე ისეთივე სურათს არ ვიხილავთ, როგორიც ბაქოში ვნახეთ.
მსოფლიოს ჩემპიონატი 7-12 სექტემბერს ლას ვეგასში გაიმართება და იქ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზიებიც გაიცემა - წონაში 6-6 საგზური, დანარჩენებს კი შემდგომ სალიცენზიო ტურნირებში მოუწევთ ბედის ძიება.
კვარცხლბეკი
59 კგ
1. მურად მიქელაძე (აჭარა), 2. ლაშა გოგიტაძე (ქუთაისი), 3. რამაზ სურმანიძე (ოზურგეთი), ბაჩანა ფუტკარაძე (აჭარა).
66 კგ
1. შმაგი ბოლქვაძე (აჭარა), 2. არჩილ თურმანიძე (აჭარა), 3. ანტონ მამაგეიშვილი (ქუთაისი), გიორგი დავითაია (სენაკი).
71 კგ
1. გოგა აფრიამაშვილი (ადიგენი), 2. უჩა შავაძე (აჭარა), 3. თორნიკე ჯანგავაძე (ქუთაისი), გიორგი ფოცხვერაშვილი (გარდაბანი).
75 კგ
1. ზურაბ დათუნაშვილი (თბილისი), 2. გელა ბოლქვაძე (აჭარა), 3. გიორგი დათუნაშვილი, ილია გულბათაშვილი (ორივე - თბილისი).
80 კგ
1. ლაშა გობაძე (აჭარა), 2. გიორგი ცირეკიძე (ქუთაისი), 3. ზურაბ ცინცაძე (ოზურგეთი), მურთაზ ჩაბრავა (სენაკი).
85 კგ
1. მათე სოფაძე (ბაღდათი), 2. რობერტ კობლიაშვილი (გარდაბანი), 3. შალვა ხაჩიძე (ბორჯომი), იონა ფირცხალავა (წყალტუბო).
98 კგ
1. მიხეილ ქაჯაია (წყალტუბო), 2. ირაკლი ქაჯაია (წყალტუბო), 3. კუკური კირცხალია, გიორგი ჯინჭველაშვილი (ორივე - თბილისი).
130 კგ
1. იაკობ ქაჯაია (წყალტუბო), 2. შოთა გოგისვანიძე (ქუთაისი), 3. სანდრო დიხამინჯია, ბექა კანდელაკი (ორივე - თბილისი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"