გამოცდა ჩემპიონთა ტრიოსთვის - ახალგაზრდა "ბერძენ-რომაელები" ყაზახურ ტურნირში გამოვლენ

AutoSharing Option
ახალგაზრდა "ბერძენ-რომაელთა" შორის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები დღეს, 8 ოქტომბერს, ყაზახეთში მიფრინავენ, სადაც 10-11 ოქტომბერს ქალაქ სემეიში ბოლატ ტურლუხანოვის მემორიალში იასპარეზებენ.

ესაა უფროსთა ტურნირი, თუმცა ის ჩვენი ეროვნული ნაკრების გეგმაში არ შედიოდა. ამიტომ იქ ახალგაზრდების წაყვანა გადაწყდა. მით უფრო, რომ ისინი ამ შემოდგომითვე აუცილებლად ჩაებმებიან ქვეყნის მთავარ გუნდში მოსახვედრად გაჩაღებულ კონკურენციაში.

ყაზახეთში რამაზ ზოიძე (66), გელა ბოლქვაძე (74) და ზვიად პატარიძე (120) გამოვლენ, ტრიოს კი ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზაზა სილაგაძე უხელმძღვანელებს.

მას ამჯერად ვერ მიჰყავს ახალგაზრდული მსოფლიოს მეოთხე ჩემპიონი ნიკოლოზ
კახელაშვილი
(96), რომელმაც ბრაზილიურ სალვადორში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ცხვირის ოპერაცია გაიკეთა, რადგან სასუნთქი გზების გართულებები ჭიდაობაშიც სერიოზულად უშლიდა ხელს. ის ჯერაც სარეაბილიტაციო პერიოდს გადის და მწვრთნელმა არ დატვირთა.

დაგვეთანხმებით, წარმოდგენილი სამეულიდან ყველა იმდენად ძლიერია, დღესვე შეუძლია ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა, თუმცა ბათუმელ ბოლქვაძეს იქ სერიოზული კონკურენტიც ელოდება - ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე ბრინჯაოსთვის ნაჭიდავები ევროპის ვიცე-ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი.

საქართველოს ჩემპიონატზე ძალიან საინტერესო იქნება ხელვაჩაურელ ზოიძის და ევროპის ჩემპიონის, ოლიმპიურ ვერცხლისმედალოსან რევაზ ლაშხის პაექრობაც - ვნახოთ, როგორ ფორმაშია ნაკრების ძველი ლიდერი, ვისაც მიზეზთა გამო მთელი წელიწადი გაუცდა.

ასევე საინტერესოა, რამდენად შეძლებს კონკურენციის დაძლევას მძიმე წონაში ქუთაისელი პატარიძე. არადა, იქ სხვებთან ერთად იაკობ ქაჯაია გვყავს, თუმცა ჩვენი მძიმეწონოსნები ამ ბოლოს ვერაფრით გვახარებენ.

პატარიძე გამორჩეული მოვლენაა, ზოგადად, მსოფლიოს ჭიდაობაში - ზედიზედ მესამე სეზონია, მას ოფიციალური შეჯიბრება არ წაუგია. შარშან მან ჭაბუკებში მოიგო დუბლი, ანუ ევროპის ჩემპიონიც გახდა და მსოფლიოსიც, წლეულს კი ახალგაზრდებში გადმოინაცვლა და იქ გაიმეორა ეს მიღწევა. თან ევროპის ჩემპიონატზე იმდენად კარგად იჭიდავა, საერთაშორისო ფედერაციის საიტმა ფრიად საპატიო ტიტული უბოძა - "ახალგაზრდა ლომი" უწოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული