კიევის ტურნირი: ქართველების 2-2 ვერცხლი და ბრინჯაო

AutoSharing Option
შაბათს კიევში დაწყებული საერთაშორისო ტურნირის პირველ დღეს ქართველმა ბერძენ-რომაელებმა 4 მედალი მოიპოვეს - 2 ვერცხლი და ამდენივე ბრინჯაო. ვიცე-ჩემპიონები გოგა აფრიამაშვილი (71) და ვასილ იმერლიშვილი (98) გახდნენ, მესამეზე კი გიორგი ჯავახია (71) და თორნიკე ძამაშვილი (80) გავიდნენ.

აფრიამაშვილმა პირველ წრეში მოლდოველ დანიელ კატარაგას 2:2-ზე, დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა, უკრაინელ ოლეგ ანტონოვს პირველივე წრეში წმინდად, 8:0 მოუგო, ნახევარფინალში კი თანაგუნდელ ჯავახიას ორი პერიოდის ჯამში 3:2 (2:0; 1:2) მოუგო. ქართველმა ფალავანმა ფინალიც წარმატებით დაიწყო ირანელ აზიმ გარმსირისთან და პირველი პერიოდი 2:0 მოუგო, მაგრამ
მეორეში მეტოქემ ვითარება რადიკალურად შეცვალა და 5:1 მოიგო. საბოლოოდ აფრიამაშვილი 3:5 დამარცხდა.

ჯავახიამ ბრინჯაოს მედალი იმავე ანტონოვთან წმინდა მოგებით (7:0; 1:0) მოიპოვა, აფრიამაშვილთან წაგებამდე კი ალჟირელ აკრემ ბურჯემლაინს (4:0; 3:0) და უკრაინელ ბოჰდან კაბინს აჯობა წმინდად - 8:0.

იმერლიშვილმა პირველ წრეში უკრაინელი მიკოლა კრისოვი ჩამოიშორა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ირანელ დავუდ გინირანგს ორი პერიოდის ჯამში 4:0 მოუგო. ფინალში რუსთაველი ფალავანი მასპინძელთა ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონსა და მსოფლიოს შარსანდელ მესამე პრიზიორ დიმიტრი ტიმჩენკოსთან 0:6; 1:7 დამარცხდა.

ძამაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი ირანელ იოუსეფ აკბარის 4:1; 2:1 მოუგო. სამწუხაროდ, ნახევარფინალში მორიგი ირანული ბარიერი ვეღარ დასძლია - მომავალ ჩემპიონთან, მაჰდი ფალაჰამიდაბადისთან 2:4; 2:2 წააგო, ბრინჯაოსთვის ორთაბრძოლაში კი ზუსტად ასეთივე ანგარიშით თავად მოუგო უკრაინელ ანდრეი ბილუხს.

შაბათს ჩვენებიდან ბრინჯაოს მედლისთვის გოდერძი დავითაძემაც (59) იჭიდავა, მაგრამ უკრაინელ დმიტრო ციმბალიუკთან 0:6; 4:6 წააგო და მეხუთეზე დარჩა. დავითაძემ კიევში ოთხი შეხვედრა გამართა და ყველა - უკრაინელებთან. თავდაპირველად კონსტანტინ ბალიცკის 1:0; 2:1 მოუგო, მერე კი ევგენი მიაგკისთან 2:0;5:0 დამარცხდა. დამამშვიდებლის პირველ წრეში ჩვენებურმა ანდრეი მარტინიუკს 4:4-ზე დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.

შეგახსენებთ, რომ ესაა კიევის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი - "გამოჩენილ უკრაინელ მოჭიდავეთა და მწვრთნელთა მემორიალი", რომელიც წლეულს მეოცედ ტარდება. ის საკმაოდ ძლიერი შეჯიბრებაცაა, რადგან მასში 20-მდე გუნდი გამოდის. მათ შორის - ბრაზილია, კუბა, ირანი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, უნგრეთი, აშშ, თავად უკრაინა და სხვა ძლიერი ნაკრებები.

დღეს კიევში კიდევ რამდენიმე ჩვენებური იჭიდავებს. 66 კილოგრამში ორი ჩვენებური გამოვა და პირველ შეხვედრას ორივე მასპინძელბთან ჩაატარებს: არჩილ თურმანიძე (66) სერჰი ჰარკუშას დაეჭიდება, გიორგი დავითაია - არტურ პოლიტაევს. გიორგი დათუნაშვილიც (75) მასპინძელთან - ვიტალი კუჩერენკოსთან იჭიდავებს, როგორც ჩვენი დანარჩენი ორი მონაწილე: ვლადიმერ გეგეშიძე (85) ანტონ ოლეინიკს ხვდება, მძიმე წონაში კი ლევან არაბული - მიკოლა კუჩმის.

დღეს იჭიდავებს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირში ჩვენი ერთადერთი მონაწილეც - თორნიკე ალადაშვილი (86), ვინც ბრაზილიელ ჟაუდე ადრიანს დაეჭიდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული