კიევის საერთაშორისო ტურნირი: 7 მედალი უჩემპიონოდ

AutoSharing Option
კიევში ამ უქმეებზე ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირში ჩვენმა "ბერძენ-რომაელებმა" 7 მედალი მოიპოვეს, თუმცა, სამწუხაროდ, არც ერთი არაა ოქრო - 3 ვერცხლია და 4 ბრინჯაო. ვიცე-ჩემპიონები გოგა აფრიამაშვილი (71), ვლადიმერ გეგეშიძე (85) და ვასილ იმერლიშვილი (98) გახდნენ, მესამეზე კი არჩილ თურმანიძე (66), გიორგი ჯავახია (71), გიორგი დათუნაშვილი (75) და თორნიკე ძამაშვილი (80) გავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ ესაა კიევის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი - "გამოჩენილ უკრაინელ მოჭიდავეთა და მწვრთნელთა მემორიალი", რომელიც წლეულს XX
-ედ ტარდება. ის საკმაოდ ძლიერი შეჯიბრებაცაა, რადგან მასში 20-მდე გუნდი გამოდის, მათ შორის - ბრაზილია, კუბა, ირანი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, უნგრეთი, აშშ, თავად უკრაინა და სხვა ძლიერი ნაკრებები.

აფრიამაშვილმა პირველ წრეში მოლდოველ დანიელ კატარაგას 2:2-ზე, დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა, უკრაინელ ოლეგ ანტონოვს პირველივე წრეში წმინდად, 8:0 მოუგო, ნახევარფინალში კი თანაგუნდელ ჯავახიას ორი პერიოდის ჯამში 3:2 (2:0; 1:2) მოუგო. ქართველმა ფალავანმა ფინალიც წარმატებით დაიწყო ირანელ აზიმ გარმსირისთან და პირველი პერიოდი 2:0 მოუგო, მაგრამ მეორეში მეტოქემ ვითარება რადიკალურად შეცვალა და 5:1 მოიგო. საბოლოოდ, აფრიამაშვილი 3:5 დამარცხდა.

ჯავახიამ ბრინჯაოს მედალი იმავე ანტონოვთან წმინდა მოგებით (7:0; 1:0) მოიპოვა, აფრიამაშვილთან წაგებამდე კი ალჟირელ აკრემ ბურჯემლაინს (4:0; 3:0) და უკრაინელ ბოჰდან კაბინს აჯობა წმინდად - 8:0.

გეგეშიძემ ფინალამდე ორი უკრაინელი დაჯაბნა - ანტონ ოლეინიკი (2:0; 9:0) და იური შკრიუბა (4:4; 4:3). ფინალში გავიდა მასპინძელთა მთავარი იმედიც და შარშანდელი სეზონის ტრიუმფატორი, ევროპული თამაშების ვიცე და მსოფლიოს ჩემპიონი ჟან ბელენიუკი. გეგეშიძემ ფინალში კი იბრძოლა, თუმცა მაინც დამარცხდა - 1:2; 1:3.

იმერლიშვილმა პირველ წრეში უკრაინელი მიკოლა კრისოვი ჩამოიშორა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ირანელ დავუდ გინირანგს ორი პერიოდის ჯამში 4:0 მოუგო. ფინალში რუსთაველი ფალავანი მასპინძელთა ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონსა და მსოფლიოს შარშანდელ მესამეპრიზიორ დიმიტრი ტიმჩენკოსთან 0:6; 1:7 დამარცხდა.

ძამაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი ირანელ იოუსეფ აკბარის 4:1; 2:1 მოუგო. სამწუხაროდ, ნახევარფინალში მორიგი ირანული ბარიერი ვეღარ დასძლია - მომავალ ჩემპიონთან, მაჰდი ფალაჰამიდაბადისთან 2:4; 2:2 წააგო, ბრინჯაოსთვის ორთაბრძოლაში კი ზუსტად ასეთივე ანგარიშით თავად მოუგო უკრაინელ ანდრეი ბილუხს.

თურმანიძე კიევში წასასვლელად აჭარამ დააფინანსა და გაამართლა იმედები - მასპინძელ სერჰი ჰარკუხას პირველი პერიოდი 6:6 დაუმთავრა, მაგრამ მეორე 9:1 მოუგო, თუმცა მერე ისევ მასპინძელთა მომავალ ჩემპიონ დენის დემიანკოვთან ორ პერიოდში 0:2 წააგო. სანუგეშოში ჯერ მოლდოველ მაქსიმ მამულატს წმინდა მოგებით (8:0) გადაუღობა მედლისკენ მიმავალი გზა, ბრინჯაოსთვის პაექრობაში კი ირანელი ვაჰიდ მირფანტოლაჰი დაჯაბნა მძიმე ბრძოლაში - 4:5; 6:0.

დათუნაშვილმა მასპინძელ ვიტალი კუჩერენკოს ჯამში 1:0 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც კუჩერენკოს რევანში მისმა გუნდელმა დმიტრო არაბაჯიმ აიღო - 0:4; 3:3. სანუგეშოში ქართველს უკრაინელი დმირტო პინკოვი ტრავმის გამო არ გამოუცხადდა.

ბრინჯაოს მედლისთვის გოდერძი დავითაძემ (59) და ლევან არაბულმაც (130) იჭიდავეს, მაგრამ წააგეს. დავითაძემ ეს პაექრობა უკრაინელ დმიტრო ციმბალიუკთან 0:6; 4:6 დათმო, არაბულმა - ირანელ არიატაპენ მეჰდიზადესთან (0:2; 4:4). დავითაძემ კიევში ოთხი შეხვედრა გამართა და ყველა - უკრაინელებთან. თავდაპირველად კონსტანტინ ბალიცკის 1:0; 2:1 მოუგო, მერე ევგენი მიაგკისთან 2:0; 5:0 დამარცხდა, დამამშვიდებლის პირველ წრეში კი ანდრეი მარტინიუკს 4:4-ზე დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.

არაბულმა ძირითად ბადეში უკრაინელ ნიკოლა კუჩმინს 2:0; 3:1 მოუგო, მაგრამ ისევ მასპინძელ იჰორ დიდიკთან 0:2; 1:4 წააგო.

გიორგი დავითაია პირველივე წრეში უკრაინელ არტურ პოლიტაევთან დამარცხდა. "თავისუფალთა" ერთადერთი მონაწილე გვყავდა - თავისი ხარჯით წასული თორნიკე ალადაშვილი (86), ვინც ბრაზილიელ ჟაუდე ადრიანს ჯამში 5:3 კი მოუგო, მაგრამ წააგო ირანელ რეზა ბაიათთან და ვერც სანუგეშოში გადაერთო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული