ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. სალიცენზიო ტურნირი: სტამბოლი ბოლო შანსია

AutoSharing Option
ხვალ, 6 მაისს, სტამბოლში მიმდინარე ოლიმპიური ციკლის ბოლო სალიცენზიო ტურნირი იწყება, თუმცა იქ ჩვენგან მხოლოდ "ბერძენ-რომაელები" გამოვლენ, რადგან "თავისუფლებმა" უკვე მოიპოვეს ყველა, ექვსივე საგზური.

"ბერძენ-რომაელებს" ჯერ მხოლოდ სამი ლიცენზია აქვთ, ანუ სტამბოლშიც სამი ფალავანი წავიდა: ევროპის ჩემპიონი, ლონდონის ოლიმპიადის ფინალისტი რევაზ ლაშხი (59), ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი რობერტ კობლიაშვილი (85) და 23-წლიანებში ევროპის ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებული იაკობ ქაჯაია (130).

ეს ის სამეულია, რომელმაც, პრაქტიკულად, უცვლელად იჭიდავა ყველა სალიცენზიო შეჯიბრებაში. ყოველ შემთხვევაში, ლაშხმა და კობლიაშვილმა
ზრენჯანინშიც იჭიდავეს და ულან-ბატორშიც, მძიმე წონაში კი ზრენჯანინში სანდრო დიხამინჯიამ იჭიდავა და მესამეზეც გავიდა, თუმცა ეს არ ეყო საგზურის მოსაპოვებლად, ქაჯაია კი მონღოლეთში გამოვიდა.

სტამბოლში მსოფლიოს სალიცენზიო ტურნირი იმართება, ანუ იქ არაევროპელებიც იჭიდავებენ, წონაში კი მხოლოდ ორი საგზური გაიცემა. ერთი სიტყვით, ჩვენები, მინიმუმ, ფინალში მაინც უნდა გავიდნენ, რიო დე ჟანეიროში წასვლის უფლება რომ მოიპოვონ. ეს არცთუ იოლი ამოცანაა, ოღონდ ამ შეჯიბრებაში უკვე ლიცენზირებული მოჭიდავეები აღარ გამოდიან.

ვნახოთ, ბეგი დარჩიას შეგირდთაგან ვინ აღმოჩნდება "სტამბოლის კაჟი".

ამ ნაკრებმა ლიცენზიები 66, 74 და 89 კგ წონაში გაინაღდა, რაც, შესაბამისად, ევროპის წლევანდელმა მესამეპრიზიორმა შმაგი ბოლქვაძემ, ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა და ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონმა რევაზ ნადარეიშვილმა შეძლეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული