ჭიდაობა, მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდებში: უცვლელი გუნდით

AutoSharing Option
ფოტოზე: რამაზ ზოიძე
ყველას ყურადღება ჯერ კიდევ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადისკენაა მიმართული - თამაშები კი დამთავრდა, მაგრამ დადგა შეჯამების, ანალიზის, დაშვებული შეცდომების გაანალიზების დრო. თუმცა მსოფლიოს სპორტი თავისი გზით მიდის და სულ მალე - 30 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით, ფრანგულ მეიგენში ახალგაზრდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდება.

მასში თავდაპირველად "ბერძენ-რომაელები"  ჩაებმებიან. ამიტომ ჩვენგანაც საფრანგეთში პირველად ამ სტილის მოჭიდავეთა ნაკრები გაფრინდება - 28 აგვისტოს. ახალგაზრდა "ბერძენ-რომაელები"  მსოფლიოს ჩემპიონატისთვის დასკვნით შეკრებას წყალტუბოში გადიან, რომელიც მათთვის ერთგვარი საბაზო ცენტრი გახდა - ევროპის პირველობის წინაც
იქ ემზადებოდნენ და ამ ციკლის მეორე შეკრებაც იმერეთში გაიარეს.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზაზა სილაგაძემ გადაწყვიტა, საფრანგეთში მსოფლიოზეც ზუსტად ის შემადგენლობა აჭიდაოს, რომლითაც 21-26 ივნისს რუმინეთში ევროპის პირველობაზე გამოვიდა.

ბოლო წლებში დამკვიდრებული სასიამოვნო ტრადიციის თანახმად, ბუქარესტში მათ ტრიუმფალური გამოსვლა ჰქონდათ: 8 წონიდან 5-ის ფინალში გვყავდა მონაწილე, აქედან 3 მოვიგეთ, სულ კი გუნდმა 6 მედალი მოიპოვა (3 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო). ევროპის ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (50) (მართლაც საოცარი შეხვედრა შემოუბრუნა აზერბაიჯანელ აზარ ნასიბლის), ახალი თაობის ნამდვილი ტალანტი, ლამის დაუმარცხებელი რამაზ ზოიძე (66) და ასევე წაუქცეველი ხალასი ტალანტი ზვიად პატარიძე (120) გახდნენ. ფინალში ლევან ქავჟარაძე (60) და გიორგი მელია (96) დამარცხდნენ, ხოლო მესამეზე დავით ჩხარტიშვილი (55) გავიდა.

აქვე შევნიშნავთ, რომ ზედიზედ მეორე სეზონია, პატარიძე ფინალში რუსებს არ ახარებს.

ჩვენს ნაკრებს მეშვიდე მედლის მოპოვება 84 კილოგრამში შეეძლო, მაგრამ გურამ ხეცურიანი ბრინჯაოსთვის შეხვედრაში დამარცხდა. ის ტურნირი მხოლოდ თემურ ჭკუასელიძემ (74) ჩააგდო, თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ისიც და ხეცურიანიც წლეულს გადმოვიდნენ ჭაბუკებიდან.

სილაგაძემ იმთავითვე გადაწყვიტა, რომ ნაევროპალ ნაკრებში სერიოზული საკადრო გადაადგილებები არ მოეხდინა. მით უფრო, წინა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად ევროპის პირველობიდან მსოფლიომდე ლამის ორთვიანი შუალედი იყო და დასვენების საშუალება ჰქონდათ (ადრე ზოგჯერ სამ კვირაშიც კი გამართულა, თუმცა ვერ გეტყვით, წლეულს მსოფლიოს ფედერაციაში მოჭკვიანდნენ თუ ოლიმპიადის ხათრით დაუშვეს ამხელა შუალედი). მწვრთნელი ცვლილებას მხოლოდ 74 კილოგრამში ფიქრობდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ჭკუასელიძეზე შეაჩერა არჩევანი, ვინც ჭაბუკებში ევროპის შარშანდელი მესამეპრიზიორია.

რაც შეეხებათ თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს, ისინი მსოფლიოს ჩემპიონატში უკვე შემოდგომაზე, 3-4 სექტემბერს იჭიდავებენ და საფრანგეთშიც "ბერძენ-რომაელებზე"  ოდნავ გვიან გაფრინდებიან. მათ დუშეთში დაიბუდეს - ბაკურიანის შემდეგ მეორე შეკრებაც იქ გაიარეს და დასკვნითსაც იქვე ატარებენ.

ევროპის ჩემპიონატზე ნამყოფი ბირთვის შენარჩუნებას ამ ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი გოგშელიძეც გეგმავს, თუმცა არც ცვლილებებს გამორიცხავს. ოღონდ ეს არ იქნება პიროვნული შეხედულებებიდან გამომდინარე, დღეს საკონტროლო შეხვედრებს ატარებს და საბოლოო შემადგენლობას ამის მიხედვით გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ "თავისუფლებმა" ბუქარესტში, ევროპის ჩემპიონატზე 8-დან 7 მედალი მოიპოვეს, თუმცა ოქროს გარეშე დარჩნენ: 2 ვერცხლი და 5 ბრინჯაო. ევროპის ვიცე-ჩემპიონები რობერტ დინგაშვილი (55) და გივი მაჭარაშვილი (96) გახდნენ, მესამეზე კი შმაგი თოდუა (60), გიორგი სულავა (66), ტარიელ გაფრინდაშვილი (74), მექი სიმონია (84) და ზურაბ ურთაშვილი (120) გავიდნენ.

ბერძნულ-რომაული ნაკრები
50 კგ. ნუგზარ წურწუმია (ხობი)
55 კგ. დავით ჩხარტიშვილი (ოზურგეთი)
60 კგ. ლევან ქავჟარაძე (ოზურგეთი)
66 კგ. რამაზ ზოიძე (აჭარა)
74 კგ. თემურ ჭკუასელიძე (ბორჯომი)
84 კგ. გურამ ხეცურიანი (ქუთაისი)
96 კგ. გიორგი მელია (სამტრედია)
120 კგ. ზვიად პატარიძე (ქუთაისი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული