რუს მეტოქესთან ნაჩხუბარ ზურაბ დათუნაშვილს მხოლოდ პირობითი სასჯელით დასჯიან [VIDEO]

AutoSharing Option
როგორც ეტყობა, ევროპის ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ზურაბ დათუნაშვილი, ვინც უკვე მიაშურა 80 კილოგრამ წონას, პირობითი სასჯელით გადარჩება და მის წინააღმდეგ არც მსოფლიოს ფედერაცია გაატარებს სანქციებს. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში დაგვარწმუნეს, რომ ისინი სადამსჯელო ღონისძიებებს არ მიმართავენ და ამ ფაქტზე რეაგირება ჩვენი პრეროგატივაა.

ფაქტი კი ჭიდაობის ყველა მოყვარულს მოეხსენება: ბუქარესტში "ევროპის ერთა თასზე", რუსეთის ნაკრებთან შეხვედრისას, დათუნაშვილმა და მისმა მეტოქემ, მსოფლიოს 2010 წლის მესამეპრიზიორმა (ოღონდ დათუნაშვილის მსგავსად, მანაც 75-ში მოიპოვა ეს ჯილდო) იმილ შარაფედინოვმა იჩხუბეს.

- ქართველმა მოჭიდავემ რუს სპორტსმენთან
იჩხუბა [VIDEO]


უშუალოდ ლეიბზე საქმე ჯიკაობამდე მივიდა, რაშიც ჩვენი ნაკრების სხვა წევრებიც ჩაებნენ - ისინი ტრიბუნიდან შეცვივდნენ არენაზე. ცემა-ტყეპა და მასობრივი ჩხუბი არ ყოფილა, თუმცა ჩვენების დაშოშმინებას კარგა დიდი ძალისხმევა დასჭირდა.

ვინ-ვინ და ასეთი საქციელი დათუნაშვილისგან მართლაც რომ გასაკვირია. ჩხუბი მისი უმცროსი ძმის - გიორგისგან კი გვახსოვს (თუმცა იქაც სიტუაციაში ვერ გაერკვა, რაც მერე მწარედაც ინანა, მაგრამ 6-თვიანი დისკვალიფიკაცია კი მოიხადა), თორემ ზურა ფრიად მოწესრიგებული, ვარჯიშსა და შრომაზე კონცენტრირებული, თავშეკავებული ბიჭია, ვისაც ნამდვილად ვერ დავწამებთ ჩხუბისთავობას და ავყიობას. უბრალოდ, იქ ისეთი ვითარება შეიქმნა, მანაც ვერ გააკონტროლა თავი.

როგორც ჩვენი ნაკრების მწვრთნელები ამბობენ, ეს აგრესია ჯერ კიდევ წინა წონის - 75 კილოგრამის პაექრობიდან წამოვიდა, სადაც ახალგაზრდებში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გელა ბოლქვაძემ ჭიდაობით აშკარად დაჩაგრა უფროსებში მსოფლიოს ჩემპიონი ჩინგიზ ლაბაზანოვი, მაგრამ მსაჯებმა ისე წარმართეს შეხვედრა, არც გააფრთხილეს, მის პასიურობას არაერთხელ დაუხუჭეს თვალი და საბოლოოდ მაინც რუსს მოაგებინეს.

დათუნაშვილისა და შარაფედინოვის შეხვედრაც ამ სცენარით წარიმართა - თათარი მოჭიდავე პასიურობდა, გაურბოდა ბრძოლას, მსაჯები კი არ აფრთხილებდნენ. ბუნებრივია, დათუნაშვილმა იგრძნო, არბიტრები მასაც სწირავდნენ და თავად მოინდომა საქმის გამოსწორება - თურმე მეტოქეს შეეკამათა, იჭიდავე, რას გარბიხარო. ამას შეპასუხება მოჰყვა და ასე დაიწყო ეს კონფლიქტი, რომლის მოგვარებაშიც ქართულ-რუსული მხარეები აქტიურად ჩაებნენ.

ვიცით, რომ თბილისიდან რუსეთის ნაკრების ქართველ მწვრთნელ გოგი კოღუაშვილსაც დაურეკეს და მოჭიდავეთა შერიგება სთხოვეს. ადგილზე მყოფმა მწვრთნელებმა მართლაც ყველაფერი გააკეთეს საამისოდ და მოგვიანებით რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ მამიაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ სპორტსმენები შერიგდნენ.

- მიხეილ მამიაშვილი: დათუნაშვილმა და შარაფეტდინოვმა ერთმანეთს ბოდიში მოუხადეს

ამ ამბავმა ჩვენი რუსი კოლეგების დიდი ინტერესი გამოიწვია და მეორე დღესვე რუსეთიდან ჩვენს ჭიდაობის ფედერაციაში რამდენიმე ტელეკომპანიიდან დარეკეს, რა სანქციებს გაატარებთ დათუნაშვილის წინაააღმდეგო. ქართული მხარის პოზიცია ასეთია: რაკი დათუნაშვილი არაა უდისციპლინო ფალავანი (პირიქით: როგორც ზემოთ გითხარით, ძალიან მოწესრიგებულია) და მისთვის ეს პირველი შემთხვევა იყო, სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლებიან.

კეთილი და პატიოსანი, თუმცა, აჯობებს, დათუნაშვილი სხვა დროს მსგავს შემთხვევაში თავს თუ შეიკავებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული