ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. მსოფლიოს თასი: ზვიად პატარიძეც ჩემპიონია

AutoSharing Option
ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონ ვლადიმერ ხინჩეგაშვილის (61) შემდეგ მსოფლიოს საკლუბო თასის გამარჯვებული კიდევ ერთი ქართველი გახდა, ოღონდ - ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში და ისიც სხვა ქვეყნის კლუბის შემადგენლობაში: ზემოაღნიშნული ტურნირი ამ დღეებში ბუდაპეშტში ჩატარდა, სადაც ირანული "ჟინა ჟანატის" შემადგენლობაში საკლუბო თასის გამარჯვებული ახალგაზრდებსა და ჭაბუკებში მსოფლიოსა და ევროპის ორ-ორგზის ჩემპიონი მძიმე წონაში ზვიად პატარიძე გახდა.

ქუთაისელი ფალავნისთვის ეს უფროსებში მოპოვებული პირველი ტიტულია. არადა, ჯერ 19 წლისაა და კვლავაც ახალგაზრდულ ნაკრებში ირიცხება. მართალია, წლეულს, შემოდგომაზევე მან მოიგო ყაზახეთში ბოლატ ტურლიხანოვის მემორიალი ასევე უფროსებში,
თუმცა ის რიგითი საერთაშორისო ტურნირი იყო, ეს კი ოფიციალური საკლუბო შეჯიბრებაა.

პატარიძემ ფინალამდეც მშვენივრად იჭიდავა, მაგრამ ყველაზე გამორჩეული და აღსანიშნავი ორთაბრძოლა ფინალში ჩაატარა. ფინალური პაექრობა ყოველთვის გამორჩეულია, მაგრამ ამჯერად მისი მნიშვნელობა, რანგის გარდა, იმანაც გაზარდა, რომ მეტოქედ უძლიერესი თურქი, ევროპის შვიდგზის და მსოფლიოს ჩემპიონი, რიოს ოლიმპიადის ფინალისტი რიზა კაიაალპი იდგა.

ამათ შეხვედრას ჭიდაობის ქართველი ქომაგები აქამდეც დიდი ინტერესით ელოდნენ და მოლოდინი გაუმართლდათ კიდეც. მართალია, პატარიძემ წააგო - მთელ ტურნირზე ერთადერთი შეხვედრა, მაგრამ რიზას ტოლ-სწორად ეჭიდავა, ქულა არ გააკეთებინა და მხოლოდ მინამალური სხვაობით - 1:2 დათმო. თანაც, ტრავმირებული მაჯით იჭიდავა. ამ პაექრობაში გამოჩნდა, რომ ახალგაზრდა ქართველი უკვე მზადაა უფროსებში საჭიდაოდ და რომ იმავე კაიაალპთანაც შეუძლია წარმატებით გარჯა. ერთი სიტყვით, შეხვედრამ სამომავლოდ დიდი იმედები ჩაგვისახა.

ასეა თუ ისე, პატარიძემ ფინალამდე ყირგიზ მურატ რამონოვს 3:0 მოუგო, პოლონელ რაფაკ პლონიეცს 4:1 აჯობა, რუსეთის ვიცე-ჩემპიონი ვიტალი შური კი 4:3 დაამარცხა. ნახევარფინალში ირანელ ამირ გასემიმონჯაზის 13:11 მოუგო.

ნახევარფინალში პატარიძის კლუბი "ჟინა ჟანატი" თანამემამულეებს შეხვდა -"ბიმეხ რაზის", რომელიც კარგად გვახსოვს ხინჩეგაშვილის და "თავისუფალთა" წინა ტურნირიდან: ისინი იმ შეჯიბრების წინა ორი გათამაშების გამარჯვებულები იყვნენ და ახლაც ფინალში გავიდნენ, მაგრამ ხინჩეგაშვილით გაძლიერებულ ამერიკულ "ტიტან მერკურთან" წააგეს. ამ კლუბს "ბერძენ-რომაელთა" შორისაც შეეძლო ფინალში გასვლა, მაგრამ პატარიძემ და მისმა თანაგუნდელებმა არ დაანებეს, 6:2 მოუგეს.

საკვალიფიკაციო ეტაპზე "ჟინა ჟანატი" C ჯგუფში მოხვდა, სადაც ჯერ ყირგიზულ კლუბს მშრალად აჯობა - 8:0, მერე პოლონელებს 7:1 მოუგო, რუსები კი 6:2 დაამარცხა. სხვათა შორის, რუსთა რიგებში მძიმე წონაში ზურაბ გედეხაურიც გამოდიოდა, თუმცა ქართული პაექრობა არ შედგა - რუსებმა მის ნაცვლად შური აჭიდავეს.

როგორც გითხარით, ნახევარფინალში "ჟინა ჟანატი" თანამემამულე "ბიმეხ რაზის" შეხვდა და 6:2 მოუგო, ფინალში კი თურქულ კლუბს 5:3 სძლია.

ამავე ტურნირში საქართველოს კიდევ ერთი წარმომადგენელი - მიხეილ ქაჯაია (97) გამოდიოდა სერბული კლუბის შემადგენლობაში, ვინც ჩინებულდ იასპარეზა - 5-დან ოთხ შეხვედრაში იმარჯვა და მხოლოდ ერთხელ წააგო. მან ხორვატ ვიეკოსლავ ლუბურიჩს წმინდად, 8:0 მოუგო, ბელორუს ალექსანდრ ჰრაბოვიკს 5:1 სძლია, ამის შემდეგ კი ირანული "რაზის" წევრ მაჰდი ალიარიფიზაბადისთან 3:4 დამარცხდა. ნახევარფინალში ისევ მოიგო რუს კანტემირ მაგამედოვთან - 2:1, VII ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში კი უნგრელი ივან ნემეტი 3:0 დაამარცხა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /

პ ა ტ ა რ ი ძ ე -

მინიმუმ 3 ოლიმპიადა და 5 მსოფლიო!!!
glaxuna
15:31 12-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული