საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 იანვარს, ქართულ ჭიდაობას განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის სტატუსი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს.
ჭიდაობა სპორტის უძველესი სახეობაა, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში. მისი, როგორც სპორტის ეროვნული სახეობის სიძველეზე მეტყველებს "ალავერდის" კედელზე შესრულებული ჭიდაობის სცენაც. სცენაზე აღბეჭდილი პერსონაჟთა სახეები, სამოსი და მოძრაობის პლასტიკა, ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს ქართულ ტრადიციულ საჭიდაო ხელოვნებაზე. მსგავსი შეჯიბრება საქართველოში თან სდევდა რელიგიურ დღესასწაულებს.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, ქართული ჭიდაობა ჩვენი ერის იდენტობის
განმსაზღვრელი და თვითმყოფადობის გამოხატულებაა. სწორედ ამიტომ ქართულ ჭიდაობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს მიანიჭა.