ქართული ჭიდაობა 2013: ჟამი ფიქრისა და განსჯისა

AutoSharing Option
2013 წელი ქართული ჭიდაობისთვის განსაკუთრებით ნაყოფიერი გამოდგა.

აიგო ახალი საჭიდაო არენები, ჩატარდა მაღალი დონის შეჯიბრებები ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.

ბოლოს კი ჭიდაობის გულშემატკივარმა სეზონის დასკვნითი შეჯიბრება - "საქართველოს ფალავნობა 2013" იხილა თბილისის ცირკის არენაზე.

ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გელა ბერუაშვილი, "ლელოს" თხოვნით, აჯამებს წლის მონაგარს.

- ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად მოსვლისთანავე უმთავრეს მიზნად ქართული ჭიდაობის პოპულარიზაცია დავისახეთ და საამისოდ მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ვზრუნავდით და ვზრუნავთ. აუცილებლობად მიგვაჩნია ქართული ჭიდაობის სექციების ამოქმედება მთელ საქართველოში, კვალიფიციური მწვრთნელების ხელმძღვანელობით.

სპორტის სხვა სახეობების
დარად, ქვეყნის ჩემპიონატში გამარჯვებული ფალავნებისთვის ხელფასის დანიშვნა ჩვენც უნდა შევძლოთ.

გვაქვს სხვა გეგმებიც, თუმცა ჯერჯერობით დაფინანსება მწირია. ხელისუფლებას უკვე წარვუდგინეთ ქართული ჭიდაობის განვითარების სახელმწიფო პროგრამა.

მუდამ ვგრძნობთ სპორტის სამინისტროს თანადგომას და ამ შემთხვევაშიც გვაქვს მხარდაჭერის იმედი. პროგრამის დაფინანსების შემთხვევაში, გაისად გაცილებით შთამბეჭდავ ნაბიჯებს გადავდგამთ.

- 2013 წლის ქართული ჭიდაობის ყველაზე სერიოზულ წარმატებად, ალბათ, ახალი საჭიდაო არენების აგებას მიიჩნევთ...
- რასაკვირველია, აქამდე ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ერთ წელიწადში ამდენი ახალი კეთილმოწყობილი ღია საჭიდაო სარბიელი აშენდებოდა ჩვენს ქვეყანაში.

შეგახსენებთ, რომ ინიციატივა პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილისგან მოდის. იგი თავდაპირველად დაგვპირდა, რომ საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" დახმარებით 20 არენას აგვიშენებდა, მაგრამ როცა პირადად ნახა, თუ როგორი ანშლაგებით ტარდებოდა შეჯიბრებები, დაგეგმილი სარბიელების რაოდენობა 70-მდე გაზარდა.

17 სარბიელი უკვე გავხსენით, ცოტა ხანში დავიწყებთ მშენებლობის მეორე ეტაპს. 2014 წელსაც ბევრი შეჯიბრება იგეგმება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამიტომ მოვუწოდებ მუნიციპალიტეტებს, გუნდების მისავლინებლად ბიუჯეტში შესაბამისი თანხები გამოჰყონ.

- არენების აგების ადგილებს რა კრიტერიუმით არჩევთ?
- არენებს ვაშენებთ დიდ სოფლებში, ოღონდ იქ, სადაც ჭიდაობის სიყვარული ტრადიციულად მოსდგამთ. 2013 წელს ასპარეზობებმა უამრავი მაყურებლის თანდასწრებით ჩაიარა.

- როგორი შთაბეჭდილება დატოვა სპორტსმენთა ოსტატობის დონემ?
- ისეთი დაძაბული, საინტერესო პაექრობები ვიხილეთ, ძნელია, უკმაყოფილო დარჩენილიყო ვინმე. ძალიან მომეწონა პაატა ღვინიაშვილის, გიორგი და ზურაბ ნოზაძეების, ლაშა გიუნაშვილის და სხვების ჭიდაობა. ისინი ხშირად მონაწილეობდნენ შეჯიბრებებში და მეტწილად იმარჯვებდნენ კიდეც.

ამასთან, ვაკვირდებოდი, რომ უფროსების შერკინებათა დასრულების მერე ყოველთვის რჩებოდნენ ბავშვები ნახერხზე და დიდხანს განაგრძობდნენ ხალისიან ჭიდაობას. ეს არის დასტური იმისა, რომ იქ "კიდევაც დაიზრდებიან" ფალავნები.

- თბილისელებმაც იხილეს საინტერესო პაექრობები...
- 26 მაისს, რუსთაველის პროსპექტზე, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებების პროგრამაში ქართულ ჭიდაობაში საჩვენებელი შეჯიბრებებიც ჩატარდა. სახელდახელოდ მოწყობილ არენას უამრავი მაყურებელი მოაწყდა, ცნობილი "საჭიდაო" ავაჟღერებინეთ მუსიკოსებს და პუბლიკა დიდად კმაყოფილი დარჩა.

- ხშირად სოფლად შეჯიბრებებს ადგილობრივი ჩვეულებრივი გულშემატკივრებიც კი მსაჯობდნენ...
- ახლა ეროვნული კატეგორიის არბიტრები მსაჯობდნენ ყველგან. ასეთ დროს მაყურებლის ეჭვი მცდარ გადაწყვეტილებაზე ნაკლებია. ამასთან, შესაბამის ფორმაში გამოწყობილი არბიტრი ღონისძიებას უფრო სრულყოფილ იერს აძლევს. იგეგმება მსაჯთა კადრების მომზადება-გადამზადებაც.

- რეგიონული ფედერაციების ეფექტურობაზე რას იტყვით?
- რეგიონული ორგანიზაციები კი დავაფუძნეთ, მაგრამ მწირი დაფინანსების გამო ნაკლებეფექტურია მუშაობა. თვით ჩვენი ფედერაციის სათავო ოფისიც კი ორ ოთახშია შეკედლებული. სამწუხაროდ, მხოლოდ სახელმწიფოს იმედად ვართ. სამარცხვინოა, რომ სპონსორები არ ინტერესდებიან ქართული ჭიდაობით.

ერთადერთი აქამდე ბატონი დავით ზეიკიძე და მისი კომპანია გვედგა გვერდში. იმედია, სპონსორები მომავალში მაინც გამოჩნდებიან.

- ქართული ჭიდაობის საერთაშორისო ასპარეზზე გატანისთვის რა კეთდება?
- ვმუშაობთ. მოგეხსენებათ, მსოფლიოს არაერთი ქვეყანა იწონებს თავს ეროვნული ჭიდაობით (ირლანდია, შვედეთი, აზერბაიჯანი, შუა აზიის ქვეყნები). ზოგიერთი ჰგავს კიდეც ქართულ ჭიდაობას.

გვინდა, იმ ფედერაციებთან დავამყაროთ ურთიერთობა, ერთობლივად ჩავატაროთ საერთაშორისო შეჯიბრებები. უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებსაც აქვთ სურვილი, გახსნან ქართული ჭიდაობის შემსწავლელი ჯგუფები. ვცდილობთ, მათ ხელი შევუწყოთ, გავუგზავნოთ თუნდაც საჭიდაო ჩოხები.

- ბოლოს უმთავრეს შეჯიბრებას, "2013 წლის ფალავნობასაც" შევეხოთ...
- "ფალავნობის" მაღალ დონეზე ჩასატარებლად ყველაფერი გავაკეთეთ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, აგრეთვე, დავით ზეიკიძის კომპანიის თანადგომით. დაწესდა სოლიდური საპრიზო ფონდი, აბსოლუტური ფალავანი დაჯილდოვდა ძვირად ღირებული ავტომანქანით.

შეჯიბრების თბილისის ცირკის არენაზე გამართვით შევძელით, აღგვედგინა ტრადიცია. აბსოლუტური ფალავანი დამსახურებულად გახდა ქარელელი ფალავანი პაატა ღვინიაშვილი, რომელმაც 2013 წელს ნახერხმოყრილ სარბიელზე ბევრჯერ მოიპოვა პირველობა და შეიძლება ითქვას, რომ მას ქართული ჭიდაობის სიყვარული და ერთგულება დაუფასდა.

მჯერა, რომ 2014 წელი უფრო საინტერესო და ნაყოფიერი იქნება. ქართული ჭიდაობა ჩვენი ეროვნული საგანძურია და მისი პოპულარიზაციისათვის ძალას არ დავიშურებთ!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სახელმწიფომ ქართული ჭიდაობის გაძლიერებისთვის სახსრები არ უნდა დაიშუროს და ასევე შეძლებულმა ქველმოქმედებმაც!...
არტაგი
21:31 26-12-2013
0

სიახლეები პოპულარული